ბრძანება N 18163
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 18163
12 აგვისტო 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------ის“ (ს/ნ --------------)
(ფაქტ. მის.: ----------------------;
იურ. მის.: ------------------------)
2026 წლის 25, 26 თებერვლის, 18, 19 და 24 მარტის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 6 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №70) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „-------ის“ (ს/ნ --------------) 2026 წლის 25 თებერვლის №675961 (რეგ.: №---/21-14), 26 თებერვლის №31587/21, 18 მარტის №677876 (რეგ.: №---/21), 19 მარტის №677914 (რეგ.: №---/21), 24 მარტის №678300 (რეგ.: №---/21-14) და №678299 (რეგ.: №---/21) საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 2 თებერვლის №081-3 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით გამოვლენილი განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა. აღნიშნავს, რომ შპს „----ს“ სს „-------ში“ გახსნილი აქვს საკრედიტო ხაზი, რომლის პირობების თანახმად, აუთვისებელ თანხაზე საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 0,5%-ს, წლიური ასათვისებელი თანხა შეადგენდა 250 000 აშშ დოლარს. საწარმოს ამ პერიოდში არ ესაჭიროებოდა კრედიტი. შპს „---“ -------ზე აშენებდა სასტუმროს, რისთვისაც ესაჭიროებოდა ფინანსური რესურსი. აღნიშნული კომპანიის მოთხოვნით, შპს „------ის“ მიერ აღებულ იქნა კრედიტი (წლიური 8,40%). მხარეთა შეთანხმებით, შპს „----ის“ დირექტორმა --------ძემ საწარმოდან მასზე საქვეანგარიშოდ გაცემული თანხებიდან შპს „----ს“ სესხის სახით გადასცა 759 000 ლარი (წლიური 12%), რაზედაც შპს „----ის“ მიერ ------ძეზე გაცემულ იქნა სალაროს შემოსავლის ორდერები. მხარეთა შეთანხმებით და სს „-------თან“ კონსულტაციის შედეგად, შპს „----ის“ მიერ აღებული სესხი გარკვეული პერიოდის შემდეგ უნდა გადასულიყო შპს „---ზე“, რომელიც გააგრძელებდა სესხის გადახდას. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შპს „-----ის“ მიერ დაკორექტირებულ იქნა სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობა, სადაც ჩანს, რომ სალაროს ნაშთი 2025 წლის პირველი თებერვლის მდგომარეობით შეადგენს 196 611,91 ლარს. ამასთან,აღნიშნული ნაშთი საწარმოს მიერ გამოყენებულია კომპანიის საჭიროებისთვის და 2025 წლის 31 მაისს სალაროს ნაშთი შეადგენს სულ 60 322,64 ლარს.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 23 ივლისის №16552 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------ის“ (ს/ნ --------------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „-------ის“ (ს/ნ --------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, ფულის ნაშთის ხელფასად განხილვის საფუძველით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, შპს „---ზე“ გაცემულ სესხთან დაკავშირებით შედგენილი ხელშეკრულება);
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 23 ივლისის №16552 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2026 წლის 30 იანვრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, დამატებით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 2 თებერვლის №081-3 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2026 წლის 23 აპრილის №8991 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2026 წლის 14 ივლისის №27343/2/2026 გადაწყვეტილებით, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 23 აპრილის №8991 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 14 ივლისის №27343/2/2026 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
გადაანგარიშების ეტაპზე წარმოდგენილი დოკუმენტაციით მიხედვით, შპს „----“ 2024 წლის პირველი ივნისიდან 2025 წლის 21 მაისამდე პერიოდებში 759 000 ლარის ოდენობით სესხი (სალაროდან) გასცა შპს „----ზე“. გადამხდელმა წარმოადგინა სესხის ხელშეკრულებები და შპს „----ის“მიერ გაცემული სალაროს შემოსავლის ორდერები. აღნიშნული სესხის დაბრუნება მოხდა მოკლე პერიოდში ეტაპობრივად (საგადასახადო შემოწმების შემდეგ) 2025 წლის პირველი სექტემბრიდან 2025 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდებში. შემოწმების პროცესში წარმოდგენილ იქნა შპს „-----ის“ ახსნაგანმარტება, სადაც გადამხდელი აღნიშნავს, რომ სალაროში დაგროვილი ფულადი ნაშთის ხარჯვა მოხდა დირექტორის მიერ პირადი საჭიროებისათვის. ასევე, ჩატარებული ანალიზით დგინდება, რომ ---- ბანკში საკრედიტო ხაზიდან მიღებული თანახები არც თანხობრივად და არც თარიღებში ედრება შპს „---ში“ სალაროდან სესხად მიღებულ თანხებს. შემოწმების დროს, შპს „----ს“ ბუღალტრულად უფიქსრდებოდა ანგარშვალდებულ პირზე გატანილი თანხები და ამავდროულად, ბუღალტერიაში ჰქონდა გაუნაწილებელი მოგება. ამასთანავე, შემოწმების დროს შპს „----ს“ და შპს „----ს“ არ ჰქონდათ მოგების გადასახადის დეკლარაციის დანართი №3-ში შესაბამის პერიოდებში მიღებული სესხის შესახებ ინფორმაცია წარდგენილი და ასევე, არ ჰქონდათ saras.gov.ge-ზე ატვირთული შესაბამისი ინფორმაცია. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და დოკუმენტაცია/ინფორმაცის შესწავლის შედეგად, ვერ დადასტურდა გადამხდელის პოზიცია. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები გადაანგარიშების ეტაპზე არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივრებში განმარტავს, რომ საკრედიტო ხაზიდან მიღებული თანხების და სესხის გაცემის თარიღები არ ემთხვევა, ვინაიდან სესხის ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა მიღებული სესხის თანხის სრულად იმავე დღეს და იმავე ოდენობით გაცემას, შპს „-----ზე“ თანხის გაცემა ფიქსირდება მშენებლობის პროცესში საჭიროებისამებრ. სესხის მიმღები პირი აქტიური საწარმოა, რომელსაც სჭირდებოდა შესაბამისი ფინანსური რესურსი, სესხის მიმღები პირის მიერ სესხის მიღება დასტურდება მოგების გადასახადის შესაბამის გრაფაში, ხოლო გაცემული სესხის ფაქტი ასევე დასტურდება შპს „----ის“ მიერ ჩაბარებული 2024 წლის ფინანსური ანგარიშგებით. ბუღალტრული პროგრამა საშუალებას იძლევა დადგინდეს, სესხის მიღების პერიოდების მიხედვით შპს „---ი“ საჭიროებდა თუ არა ფინანსურ რესურსს სამშენებლო მიზნებისთვის. თარიღების მიხედვით ასახულია სალაროსა და საბანკო ანგარიშებზე არსებული ხელმისაწვდომი ნაშთი და სესხად მიღებული თანხის მიზნობრივი ხარჯვა. ზემოთხსენებულ სასესხო პერიოდში შპს „---ს“ ფორმირებული კაპიტალი არ გაუზრდია, რაც ადასტურებს სესხის თანხების აუცილებლობას სამშენებლო საქმიანობის შეუფერხებლად წარმოებისთვის.
გადამხდელი ასევე აღნიშნავს, რომ 2025 წლის 31 ოქტომბერს შპს „----ის“ დამფუძნებლის მიერ სალაროდან გატანილია 400 000 ლარი დივიდენდის სახით, შესაბამისად, ბიუჯეტში შეტანილია მოგების გადასახადი 74 303,41 ლარი და დივიდენდის საშემოსავლო გადასახადი 21 052,63 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხით განხორციელდა ---- ბანკის საკრედიტო ხაზის ვალდებულების დაფარვა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საქმის ზეპირი განხილვისას წარმოდგენილ, ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაში მითითებულ მომჩივნის პოზიციაზე, რომლის თანახმადაც, მხარეებს შორის სესხის ხელშეკრულება არსებობს, პროცენტი დარიცხულია. შპს „----მ“ სესხი აიღო სს ----- ბანკში, აღნიშნული თანხით გადაფარა შპს „-------ის“ მიმართ არსებული სესხი. აღნიშნულის შემდეგ, შპს „----მ“ დაფარა სს --- ბანკის სესხი. თანხა ნაღდი ანგარიშსწორებით არ დაბრუნებულა, სესხი აღებულია ბანკიდან და უკვე დაფარულია, მიზნობრიობაში მითითებულია მიმდინარე ხარჯების დაფარვა და აღნიშნულში შედის კრედიტის დაფარვაც.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივრებზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება სესხის გაცემისა და უკან დაბრუნების ფაქტი, შემოწმებით გამოვლენილი განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული საშემოსავლო გადასახადი დაუქვემდებაროს კორექტირებას (შემცირებას).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------ის“ (ს/ნ --------------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივრებზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება სესხის გაცემისა და უკან დაბრუნების ფაქტი, ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული საშემოსავლო გადასახადი დაუქვემდებაროს კორექტირებას (შემცირებას);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით გამოვლენილი განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის №16552 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გადასახადის გადამხდელის საჩივარი. კერძოდ ფულის ნაშთის ხელფასად განხილვის საფუძველით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები,ხოლო ამ ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);შემოსავლების სამსახურის №16552 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, დამატებით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა №081-3 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომლის №8991 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის №27343/2/2026 გადაწყვეტილებით, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის №8991 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
გადაწყვეტილება
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივრებზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება სესხის გაცემისა და უკან დაბრუნების ფაქტი, შემოწმებით გამოვლენილი განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული საშემოსავლო გადასახადი დაუქვემდებაროს კორექტირებას (შემცირებას).
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“.2 „ა“ და „ბ“);