ბრძანება N 20282
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 20282
16 სექტემბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-----“ (ს/ნ -----) (მის.: -----)
2025 წლის 30 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 27 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი N 71) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ -----) 2025 წლის 30 ივლისის N 97243/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის პირველი ივლისის N 071-7 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი მიუთითებს, რომ შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდზე შემოწმებით დადგენილ 390 000 ლარის შემოსავალზე დარიცხული საშემოსავლო გადასახადი არ შეესაბამება რეალობას, რადგან კომპანიის ანგარიშიდან განაღდებული თანხების გაცემა მოხდა ხელზე, სარემონტო მომსახურების ანაზღაურების სანაცვლოდ. გარდა ამისა, გადამხდელი აცხადებს, რომ თანხის დიდი ნაწილი გახარჯულია საწვავების შესაძენად. შესაბამისად ითხოვს, დარიცხული საშემოსავლო გადასახადის შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 2 მაისის N 8571 და 17 ივნისის N 12663 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----“ (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნებისთვის 2025 წლის 2 მაისის ჩათვლით პერიოდი. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 30 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის პირველი ივლისის N 14437 ბრძანება და ამავე თარიღის N 071-7 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 133 428 ლარი, მათ შორის, გადასახადი 85 734 ლარი, ჯარიმა 44 610 ლარი, საურავი 3 083 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულება განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 01 მაისის N 8311 ბრძანების საფუძველზე, 2025 წლის 2 მაისს ჩატარდა შპს „-----“-ის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის მონიტორინგი, რომლის შედეგებზე დაყრდნობით შედგენილ ოქმში დაფიქსირდა ნულოვანი ნაშთი. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული პირველადი დოკუმენტების (სასაქონლო ზედნადებები, ა/ფაქტურები), სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული ტენდერების საიტზე არსებული ინფორმაციისა (ხელშეკრულებები, მიღებაჩაბარებები) და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის (საბანკო ამონაწერები) გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, გაანგარიშებული იქნა განკარგვადი თანხა. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა ფიზიკური პირებისგან მიღებული მომსახურების (სარემონტო მომსახურება) ხელშეკრულებები და მიღება/ჩაბარებები, რომლის შესწავლა/ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ ფიზიკურ პირებს არ უფიქსირდებათ მსგავსი მომსახურების გაწევა, საგადასახადო ორგანოში არ არის წარდგენილი სარემონტო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები. ასევე, საქმიანობის კოდში მითითებულია განსხვავებული საქმიანობები. კერძოდ, ,,საბითუმო ვაჭრობა ხე-ტყის მასალით" და ,,საქალაქო და საგარეუბნო სამგზავრო სახმელეთო ტრანსპორტი". შესაბამისად, აღნიშნულ პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებები არ იქნა გათვალისწინებული შემოწმების პროცესში. ზემოაღნიშნული ინფორმაციის გათვალისწინებით, გაანგარიშებული განკარგვადი თანხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის, 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში – შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტში ასახულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შემოწმებამ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურის და შესაბამისი ოქმის (დაფიქსირდა ნულოვანი ნაშთი), პირველადი დოკუმენტების, სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული ტენდერების საიტზე არსებული ინფორმაციისა და გადამხდელის წარდგენილი დოკუმენტაციის (საბანკო ამონაწერები, ფიზიკურ პირებთან დადებული ხელშეკრულებები, მიღება/ჩაბარების აქტები) გათვალისწინებით გაიანგარიშა საწარმოს განკარგვადი თანხა, რომელიც დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის თანახმად, შემოწმების პროცეში გათვალისწინებულ იქნა გადამხდელის წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტაცია. ასევე, საწარმოს არ უფიქსირდება საწვავის შეძენა და არც ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარუდგენია. შესაბამისად, ფულადი სახსრების მოძრაობის გაანგარიშებისას აღნიშნული ხარჯების გათვალისწინება არ მომხდარა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-----“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. N 11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
მომჩივანი ითხოვს, დარიცხული საშემოსავლო გადასახადის შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
დადგენილია, რომ ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმებამ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურის და შესაბამისი ოქმის (დაფიქსირდა ნულოვანი ნაშთი), პირველადი დოკუმენტების, სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული ტენდერების საიტზე არსებული ინფორმაციისა და გადამხდელის წარდგენილი დოკუმენტაციის (საბანკო ამონაწერები, ფიზიკურ პირებთან დადებული ხელშეკრულებები, მიღება/ჩაბარების აქტები) გათვალისწინებით გაიანგარიშა საწარმოს განკარგვადი თანხა, რომელიც დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
გადაწყვეტილება:
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის, 101-ე და 154-ე მუხლები.