გადაწყვეტილება №21773/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 22.03.2024
№ დოკუმენტი 21773/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21773/2/2024

22 მარტი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 15.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 1.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21773/2/2024).

 

დავის საგანი:

არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაანგარიშებული ფასნამატით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 16 ოქტომბრის №081-267 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 12 დეკემბრის №31227 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 205 286 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 131 830

დღგ - 54 820

საშემოსავლო გადასახადი - 77 010

ჯარიმა - 65 427

საურავი - 9 029

 

ფაქტების აღწერა

საწარმო გადასახადის და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2018 წლის 12 ოქტომბერს. კომპანიის საქმიანობაა სასოფლო-სამეურნეო დანადგარებისა და სამუშაო ხელსაწყოების შეძენარეალიზაცია. საწარმო საქმიანობას ახორციელებს იჯარით აღებულ ფართში, რომელიც მდებარეობს ---------- მდებარე ბაზრობის ტერიტორიაზე.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 სექტემბრის №21879 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 სექტემბრამდე. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 29 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შემოწმებით დგინდება, რომ შიდა აღრიცხვის მასალები არ არსებობს, რის საფუძველზეც განისაზღვრებოდა თითოეული საქონლის ჩამოწერა, მათ შორის, არ არის ნაწარმოები ბუღალტერია. გასვლითი საგადასახადო შემოწმების ფარგლებში აუდიტორების მხრიდან განხორციელდა ობიექტის დათვალიერება და გადასახადის გადამხდელთან ერთად განხორციელდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღწერა, ასევე ფასების ფიქსაცია. შედეგად, დაფიქსირდა 173 821 ლარის თვითღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი ნაშთი. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, მომჩივნის მიერ მიწოდებული ახსნა-განმარტებების, სმფ-ების ფაქტობრივი აღწერის და ფიქსაციის საფუძველზე განისაზღვრა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება სასაქონლო კატეგორიების მიხედვით. 2020 და 2021 წლების საანგარიშო პერიოდებზე გავრცელდა გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატი (საშუალოდ 25%), ხოლო 2022 და 2023 წლების საანგარიშო პერიოდებზე გავრცელდა ფასების ფიქსაციით დადგენილი ფასნამატი. კომპანიის მიერ დეკლარირებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებსა და შემოწმებით დადგენილ ბრუნვებს შორის გამოვლენილია სხვაობა. 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე და 2021 წლიდან მოქმედი 159-ე, 160-ე მუხლების შესაბამისად, საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმებით განხორციელდა ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზი, დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ახსნაგანმარტებების გათვალისწინებით მიღებული ნაშთი განსხვავდება ფაქტობრივი ნაშთისაგან. აღნიშნული თანხა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 16 ოქტომბრის №25593 ბრძანება და №081-267 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 15 ნოემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 12 დეკემბრის №31227 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, მე-8, 49-ე, 61-ე, 73-ე, მე2, 160-ე, 161-ე, 159-ე, 160-ე, 163-ე, 164-ე, 101-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე, საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე და იმის გათვალისწინებით, რომ საწარმოს არ გააჩნდა შიდა აღრიცხვის მასალები, რის საფუძველზეც განისაზღვრებოდა თითოეული საქონლის ჩამოწერა, მათ შორის, არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, ხოლო საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტებით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, განმარტავს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად. კერძოდ, 2020-2021 წლების საანგარიშო პერიოდებზე გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატის, ხოლო 2022-2023 წლების საანგარიშო პერიოდებზე ფასების ფიქსაციით დადგენილი ფასნამატის გავრცელება და შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.

ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიას გააჩნია როგორც არაიდენტიფიცირებადი, ასევე იდენტიფიცირებადი გაყიდვები/ოპერაციები. ამ შემთხვევაში მომჩივანი მოითხოვს იმას, რომ საშუალო ფასნამატის გამოთვლაში ამთვლელ წერტილად ჩაითვალოს იდენტიფიცირებადი შესყიდვების შედეგად მიღებული ფასნამატის მაჩვენებელი, რომელსაც შემმოწმებელი თავადვე აფიქსირებს და ეთანხმება მოცემულ საქმეში, მაგრამ შემდეგ რატომღაც სადავო გახადა, არადა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები ფასნამატის რეალურობასა და რაციონალურობაზე მიუთითებს. აღსანიშნავია, რომ იდენტიფიცირებადი შესყიდვებისა და ტრანზაქციების ხვედრითი წილი არის 39,89%, ჯამში 490 209,60 ლარის, რაც შესაძლებელია არაიდენტიფიცირებადთან შედარებით იყოს უმნიშვნელოდ ნაკლები, მაგრამ ეს ნამდვილად არ უნდა ჩაითვალოს საშუალო ფასნამატის გამოთვლაზე უარის თქმის საფუძვლად. რაც შეეხება დოკუმენტაციას, მათ აუცილებლად წარმოადგენენ საჩივარში დანართის სახის, რათა მოხდეს რეალური გადასახადის დადგენა და არა ზედაპირული შეფასებით ფაქტების კონსტატაცია.

შემმოწმებელმა განაცხადა, რომ საწარმოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო დანადგარებისა და სამუშაო ხელსაწყოების შეძენა-რეალიზაცია. საქმიანობას ახორციელებს იჯარით აღებულ ფართში, რომელიც მდებარეობს ---------- მდებარე ბაზრობის ტერიტორიაზე. რეალურად სავაჭრო ობიექტი არ არის რაიმე სახის მაღალსტანდარტული ბრენდირებისა და სისტემის დაწესებულება. შესაბამისად, დიდ სავაჭრო სივრცეში არსებული ჩვეულებრივი სისტემის მქონე სავაჭრო დაწესებულებაა, რომელიც ხშირ შემთხვევაში დივიდენდის მიღების მიზნით მომხმარებელს სთავაზოს მისთვის მისაღებ ფასებს და პირობებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ამა თუ იმ პროდუქციის ფასი შეიძლება შეიცვალოს ინდივიდუალურად პოტენციური მყიდველის სურვილის შესაბამისად. ამავდროულად, საინტერესოა და აღსანიშნავია ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, შემმოწმებელმა განმარტა, რომ 2020 და 2021 წლების საანგარიშო პერიოდზე გავრცელდა გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატი (საშუალოდ 25%), ხოლო 2022 და 2023 წლების საანგარიშო პერიოდებზე გავრცელდა ფასების ფიქსაციით დადგენილი ფასნამატი, რომელიც სრულიად არ შეესაბამება რეალობას და არის პრაქტიკულად უსაფუძვლო. მსგავსი სახის მაღაზიებში ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა დოკუმენტზე ფასების მარკები არის ფორმალური ხასიათის და პროდუქტზე მიკრული ფასების მარკებით ფასნამატის გამოთვლა ყოველგვარი სხვა პრაქტიკული მტკიცებულებისა თუ არგუმენტების გარეშე არის არასწორი და არაგონივრული, მითუმეტეს წინა წლების ფასნამატი არ აღემატებოდა 25%-ს, ხოლო ბოლო წლებში უფრო მეტი მსგავსი ტიპის მაღაზიაა ქალაქში, კონკურენციაც გაიზარდა და ფასები მომატების ნაცვლად იკლებს და შესაბამისად, რა თქმა უნდა ფასნამატიც 25%-ზე უფრო ნაკლებია და არა ისეთი უკიდეგანოდ დიდი, როგორსაც შემმოწმებელი გვთავაზობს თავისი თეორიით. მსგავსი ტიპის მაღაზიებში ხშირად ხდება ფასის რადიკალური ცვლილება, იქ არსებული კონკურენციიდან გამომდინარე და ხშირ შემთხვევაში შეიძლება ფასის 50 პროცენტის დაკლებაც კი გახდეს აუცილებელი პოტენციურ მყიდველზე, რათა პროდუქტი გახდეს მისთვის საინტერესო და ხელმისაწვდომი. იდეაში, ---------- მდებარე ნებისმიერ სავაჭრო ჯიხურსა თუ დაწესებულებაში მუშაობს მსგავსი სავაჭრო სისტემა. როგორც წესი, იდენტურ სავაჭრო ნაკვეთებზე ბრენდირებული ან/და საერთაშორისო ქსელის მქონე მაღაზიები არ გვხვდება და „მყიდველის“ მოსაზიდად ყველა მაღაზიაში საკმაოდ ხშირად იცვლება პროდუქციის ფასები, რათა მოხდეს მათი რეალიზაცია და თუნდაც მინიმალური დივიდენდის მიღება, პროდუქციის ხასიათი ამ შემთხვევაში უმნიშვნელოა და ეს მოცემულობა ნებისმიერ პროდუქციაზე ვრცელდება და ამ ყველაფრის მტკიცება საკმაოდ მარტივია, ნებისმიერ მაღაზიაში შესვლით და ფასის დაკლების მოთხოვნით, რომელზეც აუცილებლად მიიღებთ თანხმობას. შესაბამისად, როგორც შემმოწმებელი ამბობს, 2022 და 2023 წლების საანგარიშო პერიოდებზე ფასების ფიქსაციით დადგენილი ფასნამატის ასეთი ზედაპირული გამოანგარიშება არის არარეალური და ის უფრო დეტალურად არის შესასწავლი.

მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ თუკი არ მოხდება მისი თეორიის გადახედვა და გადამხდელზე დაკისრებული გადასახადი დარჩება უცვლელი, ის არის იმდენად დიდი და არარეალური, რომ საწარმოს სამეწარმეო საქმიანობა და მისი მომავალი დადგება საფრთხის ქვეშ.

მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 601 მუხლებზე და ითხოვს მიეცეს საშუალება საკითხი გაიარონ უფრო არსობრივად და დეტალურად. ამ შემთხვევაში მომჩივნის თეორია აღმოჩნდება რეალური და რაციონალური, რაშიც იგი დარწმუნებულია ცალსახად. შესაბამისად, მიღებული ნაშთი რომელიც განსხვავდება ფაქტობრივი ნაშთისაგან და რომელიც ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად, შემცირდება.

ერთის მხრივ, გასაგებია შემმოწმებლის პოზიცია და სურვილები, მაგრამ მეორეს მხრივ, მოცემულ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მომჩივანს აქვს ისეთი მტკიცებულებები, რომელიც ქმნის მისი პოზიციის სისწორის განცდას და შესაბამისად, ითხოვს პოზიციის გაზიარებას.

მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს გასაჩივრებული აქტები და მიეცეს საშუალება, რომ შემმოწმებლისა და გადასახადის გადამხდელის სპეციალისტების მიერ დეტალურად იქნას შესწავლილი და გავლილი ზემოთხსენებული საკითხები, რათა მოხდეს რეალური გადასახადის დადგენა და გამოიცეს ახალი საგადასახადო მოთხოვნა თანდართულ დოკუმენტებთან ერთად.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:

ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით, შემოწმებით დგინდება, რომ შიდა აღრიცხვის მასალები არ არსებობს, რის საფუძველზეც განისაზღვრებოდა თითოეული საქონლის ჩამოწერა, მათ შორის, არ არის ნაწარმოები ბუღალტერია. გასვლითი საგადასახადო შემოწმების ფარგლებში აუდიტორების მხრიდან განხორციელდა ობიექტის დათვალიერება და გადასახადის გადამხდელთან ერთად განხორციელდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღწერა, ასევე ფასების ფიქსაცია. შედეგად დაფიქსირდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი ნაშთი თვითღირებულებით 173 821 ლარი. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემების მონაცემების, გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ახსნა-განმარტებების და სმფ-ების ფაქტობრივი აღწერის და ფიქსაციის საფუძველზე განისაზღვრა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება სასაქონლო კატეგორიების მიხედვით. 2020 და 2021 წლების საანაგარიშო პერიოდზე გავრცელდა გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატი (საშუალოდ 25%), ხოლო 2022 და 2023 წლების საანგარისო პერიოდებზე გავრცელდა ფასების ფიქსაციით დადგენილი ფასნამატი (49%). გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ დღგ-ის დასაბეგრ ბრუნვებსა და შემოწმებით დადგენილ ბრუნვებს შორის გამოვლინდა სხვაობა. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა დღგ. ამასთან, შემოწმებით გაკეთდა ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზი. დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტებების გათვალისწინებით მიღებული ნაშთი განსხვავდება ფაქტობრივი ნაშთისაგან. აღნიშნული თანხა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად. შესაბამისად, მომჩივანს დაერიცხება საშემოსავლო გადასახადი.

აუდიტის დეპარტამენტი მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი ინფორმაციით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებს ნაშთი შეადგენდა 382 977 ლარს. მას შემდეგ რაც მოხდა ობიექტის ადგილზე დათვალიერება, ეჭვის ქვეშ დადგა მომჩივნის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სინამდვილე. ამიტომ მოხდა, გადასახადის გადამხდელთან ერთად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და გასაყიდი ფასების დაფიქსირება. აღნიშნული ფასები ნაკარნახევია საწარმოს დირექტორის მიერ და არ არის პროდუქციის მარკებზე დაფიქსირებული ფასები (ძირითადად არ იყო ფასის მაჩვენებლები).

ამასთან, საჩივარზე თანდართულ ცხრილებთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ აღნიშნული არ შეიცავს ისეთ მონაცემებს, რაც შემოწმების პროცესში არ იყო ცნობილი. შესაბამისად, აღნიშნული ცხრილები ვერ ცვლის შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და არ წარმოადგენს დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დაგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაანგარიშებული ფასნამატით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

2023 წლის 12 დეკემბრის №31227 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

შიდა აღრიცხვის მასალები არ არსებობს, რის საფუძველზეც განისაზღვრებოდა თითოეული საქონლის ჩამოწერა, მათ შორის, არ არის ნაწარმოები ბუღალტერია. გასვლითი საგადასახადო შემოწმების ფარგლებში აუდიტორების მხრიდან განხორციელდა ობიექტის დათვალიერება და გადასახადის გადამხდელთან ერთად განხორციელდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღწერა, ასევე ფასების ფიქსაცია. შედეგად დაფიქსირდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი ნაშთი თვითღირებულებით 173 821 ლარი. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემების მონაცემების, გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ახსნა-განმარტებების და სმფ-ების ფაქტობრივი აღწერის და ფიქსაციის საფუძველზე განისაზღვრა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება სასაქონლო კატეგორიების მიხედვით. 2020 და 2021 წლების საანაგარიშო პერიოდზე გავრცელდა გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატი (საშუალოდ 25%), ხოლო 2022 და 2023 წლების საანგარისო პერიოდებზე გავრცელდა ფასების ფიქსაციით დადგენილი ფასნამატი (49%). გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ დღგ-ის დასაბეგრ ბრუნვებსა და შემოწმებით დადგენილ ბრუნვებს შორის გამოვლინდა სხვაობა. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა დღგ. ამასთან, შემოწმებით გაკეთდა ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზი. დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტებების გათვალისწინებით მიღებული ნაშთი განსხვავდება ფაქტობრივი ნაშთისაგან. აღნიშნული თანხა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად. შესაბამისად, მომჩივანს დაერიცხება საშემოსავლო გადასახადი. აუდიტის დეპარტამენტი მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი ინფორმაციით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებს ნაშთი შეადგენდა 382 977 ლარს. მას შემდეგ რაც მოხდა ობიექტის ადგილზე დათვალიერება, ეჭვის ქვეშ დადგა მომჩივნის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სინამდვილე. ამიტომ მოხდა, გადასახადის გადამხდელთან ერთად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და გასაყიდი ფასების დაფიქსირება. აღნიშნული ფასები ნაკარნახევია საწარმოს დირექტორის მიერ და არ არის პროდუქციის მარკებზე დაფიქსირებული ფასები (ძირითადად არ იყო ფასის მაჩვენებლები).

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 154(1„ა“); 159(1„ა“); 275;