ბრძანება N 18232
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 18232
12 აგვისტო 2026
ბრძანება
შპს „--------“ (ს/ნ „--------“)
(მის.: „--------“)
2026 წლის 14 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 23 ივლისს (ოქმი №66) და 6 აგვისტოს (ოქმი №70) გამართულ სხდომებზე განიხილა შპს „-------“ (ს/ნ „--------“) №103440/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 12 ივნისის №005-117 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. აცხადებს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტში არ არის მითითებული რომელი კონკრეტული სააღრიცხვო დოკუმენტები არ არსებობდა და რატომ გახდა შეუძლებელი დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრა ჩვეულებრივი წესით. ამასთან, არ ეთანხმება კომპანიის განკარგვადი ფულადი სახსრების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. აცხადებს, რომ აღნიშნული დასკვნა არ ეფუძნება არცერთ მტკიცებულებას, კერძოდ, არ არსებობს შრომითი ხელშეკრულება, ხელფასის დარიცხვის დოკუმენტები ან სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა შრომითი შემოსავლის მიღებას. ასევე, საგადასახადო შემოწმების აქტში არ არის წარმოდგენილი გაანგარიშების მეთოდოლოგია, რომლის საფუძველზეც განსაზღვრული იქნა დღგ-ისა და საშემოსავლო გადასახადის ოდენობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 11 მაისის №10416 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ „--------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის 5 დეკემბრიდან 2026 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 10 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 12 ივნისის №12962 ბრძანება და №005-117 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით განესაზღვრა სულ 350 051 ლარი, მათ შორის, გადასახადი 209 377 ლარი, ჯარიმა 104 688 ლარი და საურავი 35 986 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
შპს „-------“ დაფუძნების თარიღია 2023 წლის 5 დეკემბერი, იმავე თარიღშია რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად. აქვს არაკვალიფიციურის სტატუსი. საქმიანობის სფეროა ლობიოს იმპორტი და რეალიზაცია. იმპორტს ახორციელებდა უზბეკეთიდან. არ აწარმოებს აღრიცხვას. გადამხდელის სახელზე რეგისტრირებულია საკონტროლო სალარო-აპარატი. გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, დეკლარირებული ბრუნვაა 502 831 ლარი, სალარო აპარატზე ამორტყმული ჩეკების - 593 340 ლარი. იმპორტირებული საქონლის შეძენის ღირებულებაა სულ 505 468 ლარი. ბიუჯეტში გადახდილია 91 045 ლარი, ხოლო უკან დაბრუნებული 0 ლარი. გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა საბანკო ამონაწერი, სადაც ფიქსირდება მომსახურების საკომისიოები. არ აქვს დოკუმენტური და საცალო რეალიზაცია. შემოტანილ საქონელს ყიდდა საბითუმოდ. გადამხდელი აღარ საქმიანობს 2024 წლის მაისის შემდგომ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით შემოწმებით გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი. ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით დამუშავებულ იქნა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული საბაჟო შეძენები. გადამხდელის განცხადებით ნაშთი არ გააჩნია. დადგინდა რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, რომელზეც გავრცელდა მსგავს სმფ-ზე დადგენილი აუდირებული ფასნამატი 85%. დაანგარიშდა რეალიზებული საქონლიდან მისაღები შემოსავლები. დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი კი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე, 161-ე, 163-ე და 164-ე მუხლების მიხედვით გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არ ფიქსირდება ხელფასების გაცემა, არც გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საბანკო ამონაწერში. შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა საბანკო ამონაწერში არსებული ყველა ხარჯი. გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტებით დებიტორ-კრედიტორი არ ყავს. ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გაანგარიშებულ იქნა კომპანიის განკარგვადი ფულადი სახსრები, რომელზეც გადასახადის გადამხდელს არ აქვს მინიჭებული კვალიფიკაცია. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილის, 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე აღნიშნული თანხა ჩაითვალა შემოწმების ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გამოვლენილ სხვაობაზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა ჩანიშნული იყო გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით 2026 წლის 23 ივლისს 12:15 სთ-ზე. გადასახადის გადამხდელის 2026 წლის 23 ივლისის №103606/1/2026 განცხადების საფუძველზე საკითხის განხილვა გადაიდო 2026 წლის 6 აგვისტოს, თუმცა წარმომადგენელი არ გამოცხადდა, ასევე, არ ყოფილა წარმოდგენილი საჩივრის განხილვის გადადების თაობაზე განცხადება.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. შემოწმებით დამუშავებულ იქნა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული საბაჟო შეძენები. გადამხდელის განცხადებით ნაშთი არ გააჩნია. დადგინდა რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, რომელზეც გავრცელდა მსგავს სმფ-ზე დადგენილი აუდირებული ფასნამატი 85%. დაანგარიშდა რეალიზებული საქონლიდან მისაღები შემოსავლები. დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი კი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად და გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ამასთან, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გაანგარიშებულ იქნა კომპანიის განკარგვადი ფულადი სახსრები, რომელზეც გადასახადის გადამხდელს არ აქვს მინიჭებული კვალიფიკაცია. აღნიშნული თანხა ჩაითვალა შემოწმების ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება. შესაბამისად, მართლზომიერია შემოწმებით დადგენილ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე მსგავს სმფ-ზე დადგენილი აუდირებული ფასნამატის (85%) გავრცელება. ასევე, მართლზომიერია შემოწმების მიერ გაანგარიშებული განკარგვადი ფულადი სახსრების კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“ (ს/ნ „--------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.მომჩივანი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანის დაფუძნების თარიღია 2023 წლის 5 დეკემბერი, იმავე თარიღშია რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად. აქვს არაკვალიფიციურის სტატუსი. საქმიანობის სფეროა ლობიოს იმპორტი და რეალიზაცია.მომჩივანის დეკლარირებული ბრუნვაა 502 831 ლარი, სალარო აპარატზე ამორტყმული ჩეკების - 593 340 ლარი.გადამხდელის განცხადებით ნაშთი არ გააჩნია. დადგინდა რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, რომელზეც გავრცელდა მსგავს სმფ-ზე დადგენილი აუდირებული ფასნამატი 85%. დაანგარიშდა რეალიზებული საქონლიდან მისაღები შემოსავლები. დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი კი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად.სსკ-ის 160-ე, 161-ე, 163-ე და 164-ე მუხლების მიხედვით გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.
გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არ ფიქსირდება ხელფასების გაცემა, არც გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საბანკო ამონაწერში.გაანგარიშებულ იქნა კომპანიის განკარგვადი ფულადი სახსრები, რომელზეც გადამხდელს არ აქვს მინიჭებული კვალიფიკაცია. სსკ-ის 73-ე მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილის, 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე აღნიშნული თანხა ჩაითვალა შემოწმების ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გამოვლენილ სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(5),101,154,164.