ბრძანება N 10875

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 15.05.2026
№ დოკუმენტი 10875
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 10875

15 მაისი 2026

ბრძანება

შპს „------“ (ს/ნ „------“)

(მის.: „------“ )

2026 წლის 23 აპრილის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 8 მაისის სხდომაზე (ოქმი №38) განიხილა შპს „-------” (ს/ნ „-------”) 2026 წლის 23 აპრილის №101954/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 26 მარტის №007-59 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხი:

მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, მ.შ. ფასნამატის ოდენობას. აცხადებს, რომ საწარმო თანამშრომლობს სხვადასხვა წვრილ კომპანიასთან, რომელთაგანაც იღებს სხვადასხვა დასახელების საქონლის შეკვეთას. ჩინეთში წარმომადგენლის დახმარებით ახორციელებს საქონლის შესყიდვას და ტრანსპორტირებას. იქიდან გამომდინარე, რომ ერთ დეკლარაციაში შეიძლება იყოს რამოდენიმე კომპანიის საქონელი, ამის გამო განბაჟებას ახორციელებს თავად კომპანია, განბაჟებულ საქონელს ფასნამატის სახით უმატებს 5%-ს და ისე აწვდის მომხმარებელს. ამ 5%-ში შედის კომპანიის მომსახურების საფასური, რასაც უხდიან დამკვეთები საქონლის ჩამოტანაში და ეს თანხა წარმოადგენს კომპანიის მოგებას, საიდანაც ნაწილდება თანამშრომლების ხელფასები, იჯარა და სხვადასხვა ხარჯი. ამასთან, მომჩივანი დამატებით განმარტავს, რომ საგადასახადო მიზნებისთვის შემოსავლის საბაზრო ღირებულებით დათვლა შესაძლებელია მხოლოდ უსასყიდლო მიწოდებისას. მოცემულ შემთხვევაში მიწოდება არ მომხდარა უსასყიდლოდ, მხარის მიერ მიცემულ ახსნა-განმარტებაშიც მითითებულია, რომ მიწოდება იყო სასყიდლიანი და მოგება განისაზღვრა თვითღირებულებაზე 5% ნამატით.

მომჩივანი მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქმის წარმოების მასალების მიღების შემდგომ, დამატებით წარმოადგენს დაზუსტებულ საჩივარსაც.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 6 ნოემბრის №24558 და 20 იანვრის №521 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------” (ს/ნ „-------”) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2024 წლის პირველი აგვისტოდან 2025 წლის პირველ ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 17 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 25 მარტის №6605 ბრძანება და 26 მარტის №007–59 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 211 698 ლარი, მათ შორის გადასახადი 116 820 ლარი, ჯარიმა 83 408 ლარი და საურავი 11 469 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

საწარმო 2024 წლის 14 აგვისტოს რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად და მინიჭებული აქვს არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი. გადამხდელის საქმიანობაა იმპორტირებული საქონლის რეალიზაცია. კერძოდ, იმპორტით შემოაქვს შერეული საქონელი (მანქანის ზეთები, ტანსაცმელი, ელ.სკუტერი, ჭურჭელი) ჩინეთიდან და ირანიდან. საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებდა, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით, გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული ჰქონდა ჩინეთიდან და ირანიდან შერეული საქონლის (მანქანის ზეთები, ტანსაცმელი, ტრენაჟორები, ჭურჭელი) იმპორტი, სულ ღირებულებით - 1 048 584 ლარი. გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში წარდგენილი ჰქონდა დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაციები, სადაც საქონლის რეალიზაციით დასაბეგრი 18%-იანი ბრუნვა დაფიქსირებული იყო 688 997 ლარის ოდენობით. შემოწმების პროცესში გადამხდელთან ჩატარდა გასაუბრება, მან წარმოადგინა ახსნა-განმარტება, სადაც განმარტავდა, რომ აღნიშნული საქონლის რეალიზაციას ახდენდა საცალოდ 3-დან 5%-მდე ფასნამატით, რეალიზაცია ხდებოდა სრულად ნაღდი ანგარიშსწორებით. მისივე ახსნა-განმარტებით, კომპანიას საქონლის საბოლოო ნაშთი არ გააჩნდა. ვინაიდან გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტერიას, შემოწმებისათვის ვერ იქნა წარმოდგენილი სმფ-ების რაოდენობრივი და სახეობრივი გაშიფვრა. შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნის საფუძველზე. სმფ-ების ჩამოწერა/რეალიზაცია არ იყო აღრიცხული საქონლის სახეობებისა და რაოდენობის ჭრილში, ვერ ხერხდებოდა კონკრეტული ოპერაციების მიმდინარეობის კონტროლი. საწარმოს გამოწერილი ჰქონდა ერთი რეალიზაციის სასაქონლო ზედნადები ღირებულებით - 4 983 ლარი (რაც შეადგენდა საერთო ბრუნვის 5%-ზე ნაკლებს), არ იყო გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ან/და სხვა პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტები, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა დოკუმენტური ფასნამატების დადგენა. შემოწმებით გადამხდელის მიერ იმპორტირებული საქონელი დაიყო ჯგუფებად და დოკუმენტის გარეშე რეალიზაციის თვითღირებულებაზე, 1 043 472 ლარზე, გავრცელდა მსგავსი საქმიანობის მქონე პირებთან დადგენილი აუდირებული ფასნამატები და ჩაითვალა რეალიზებულად. კერძოდ, ავტომობილის ზეთები 25%, ელ. სკუტერი 30%, ესთეთიკა 47.55%, საყოფაცხოვრებო საქონელი/ჭურჭელი 40%, ტანსაცმელი 52,7%, განათება 56%. შემოწმების შედეგად განსაზღვრულმა დღგით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 1 383 238 ლარი. შემოწმებით დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად. შედეგად, გამოვლინდა სხვაობები დეკლარირებულ მონაცემებთან, რომელიც დაიბეგრა დღგ-ით. ასევე, გადამხდელს დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს წარმოდგენილი ჰქონდა საშემოსავლო და მოგების გადასახადის ყოველთვიური ნულოვანი დეკლარაციები. შემოწმების შედეგად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი და სხვა მონაცემების ურთიერთშეჯერების საფუძველზე შედგა ფულადი სახსრების მოძრაობის ერთიანი ანგარიში. შესამოწმებელ პერიოდებში მიღებულ იქნა ფულის ნაშთი - 380 471 (აგროსილი 475 587) ლარის ოდენობით, რომელიც „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების გათვალისწინებით, დაკვალიფიცირდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დირექტორისთვის გადახდილ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციასთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნავს, რომ მიღებული მოგებიდან იხდიდა ხელფასებს და სხვადასხვა ხარჯს, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას არ უფიქსირდებოდა გაცემული ხელფასები ან/და დივიდენდი. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით გაწეული ხარჯი შეადგენდა 9 184 ლარს, რომელიც შემოწმების პროცესში გათვალისწინებულია. ამასთან, შემოწმების პროცესში სხვა დამატებითი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.

რაც შეეხება საქმის წარმოების სრული მასალების მიწოდებასთან დაკავშირებით მომჩივნის პრეტენზიას, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ საკონტაქტო პირმა შემოწმების ჯგუფს არ გაუგზავნა უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (მინდობილობა), რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მასთან შემოწმების მასალების გაგზავნა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, ვინაიდან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერია. ამასთან, დოკუმენტის გარეშე რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე მსგავსი საქმიანობის მქონე პირებთან დადგენილი აუდირებული ფასნამატების გავრცელება, რამაც გამოიწვია დამატებითი შემოსავლის განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ასევე, შესამოწმებელ პერიოდში შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი და სხვა მონაცემების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიღებული ფულის ნაშთი, ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, წარმოადგენს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა მართლზომიერია.

ამასთან, მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „--------” (ს/ნ „--------”) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, მ.შ. ფასნამატის ოდენობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმო 2024 წლის 14 აგვისტოს რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად და მინიჭებული აქვს არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი. გადამხდელის საქმიანობაა იმპორტირებული საქონლის რეალიზაცია.

ვინაიდან გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტერიას, შემოწმებისათვის ვერ იქნა წარმოდგენილი სმფ-ების რაოდენობრივი და სახეობრივი გაშიფვრა. სმფ-ების ჩამოწერა/რეალიზაცია არ იყო აღრიცხული საქონლის სახეობებისა და რაოდენობის ჭრილში, ვერ ხერხდებოდა კონკრეტული ოპერაციების მიმდინარეობის კონტროლი.საწარმოს გამოწერილი ჰქონდა ერთი რეალიზაციის სასაქონლო ზედნადები,არ იყო გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ან/და სხვა პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტები, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა დოკუმენტური ფასნამატების დადგენა.

შემოწმებით გადამხდელის მიერ იმპორტირებული საქონელი დაიყო ჯგუფებად და დოკუმენტის გარეშე რეალიზაციის თვითღირებულებაზე, 1 043 472 ლარზე, გავრცელდა მსგავსი საქმიანობის მქონე პირებთან დადგენილი აუდირებული ფასნამატები და ჩაითვალა რეალიზებულად.

შემოწმებით დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად.შედეგად, გამოვლინდა სხვაობები დეკლარირებულ მონაცემებთან, რომელიც დაიბეგრა დღგ-ით. ასევე, გადამხდელს დაერიცხა ჯარიმა.

შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს წარმოდგენილი ჰქონდა საშემოსავლო და მოგების გადასახადის ყოველთვიური ნულოვანი დეკლარაციები. შემოწმების შედეგად, შედგა ფულადი სახსრების მოძრაობის ერთიანი ანგარიში. შესამოწმებელ პერიოდებში მიღებულ იქნა ფულის ნაშთი,რომელიც „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების გათვალისწინებით, დაკვალიფიცირდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დირექტორისთვის გადახდილ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან სსკ-ის 154-ე მუხლის საფუძველზე. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(5,9),101,105,154,163,164.