ბრძანება N 17583

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 29.07.2024
№ დოკუმენტი 17583
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 17583

29 ივლისი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-----------ის“ (ს/ნ ---------------)

(ფაქტ. მის.: --------------------------;

იურ. მის.: ----------------------------)

2024 წლის 11 ივლისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 25 ივლისის სხდომაზე (ოქმი №80) განიხილა შპს „-----------ის“ (ს/ნ ---------------) 2024 წლის 11 ივლისის №90677/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 29 მაისის №072-5 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელს საჩივარში არგუმენტები/მტკიცებულებები არ აქვს წარმოდგენილი.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 დეკემბრის №31255 და 2024 წლის 20 თებერვლის №3655 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „-----------ის“ (ს/ნ ---------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2024 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 21 მაისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 29 მაისის №12562 ბრძანება და ამავე თარიღის №072-5 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 799 599 ლარი, მათ შორის, გადასახადი 428 601 ლარი, ჯარიმა 213 785 ლარი, საურავი 157 213 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

შპს „-------ის“ ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა -----ის მასალით. 2023 წლის 14 დეკემბერს გადამხდელს ჩაბარდა შეტყობინება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ. წარმოდგენილი იქნა მხოლოდ ცნობები საბანკო ანგარიშების შესახებ. ინფორმაციის არასრულად წარმოდგენაზე გადამხდელი დაჯარიმდა ამავე კოდექსის 279-ე მუხლის შესაბამისად. გარდა ამისა, გადამხდელის მიერ არ იქნა მოწოდებული საბუღალტრო მონაცემები, არც სხვა საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია. საგადასახადო შემოწმება განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, კერძოდ, გადამხდელის მიერ გამოწერილი და მიღებული ანგარიშფაქტურებით, ზედნადებები, საბაჟო დეკლარაციებით გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა როგორც ერთობლივი შემოსავალი, ასევე ხარჯები. ასევე, ინვენტარიზაციით დადგინდა, რომ გადამხდელს სმფ-ს ნაშთი არ გააჩნია. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, საარქივო სამმართველოდან გამოთხოვილი საბაჟო დეკლარაციების და მათი დანართების, ასევე სხვა ელექტრონულ მასალებზე (მათ შორის, სასაქონლო ზედნადებები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები) დაყრდნობით და რეპორტალზე წარდგენილ ანგარიშგებებში ასახული ინფორმაციის საფუძველზე განსაზღვრულ იქნა შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება, ხოლო აღნიშნულის და დოკუმენტით რეალიზებული საქონლის შესაბამისად განხორციელდა თითოეული იდენტიფიცირებადი საქონლის ფასნამატის განსაზღვრა შესაბამისი პერიოდების მიხედვით, ხოლო არაიდენტიფიცირებად საქონელზე, ან ისეთ საქონელზე რომლის შესაბამისი სარეალიზაციო დოკუმენტი გამოწერილი არ ყოფილა, განსაზღვრულ იქნა ფასნამატი შესაბამისი საქონლის ჯგუფიდან გამომდინარე. მიღებული ფასნამატებით განსაზღვრულ იქნა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის სარეალიზაციო შემოსავალი, რომელსაც გამოაკლდა გაწეული ხარჯის ღირებულება, ასევე გათვალისწინებული იქნა ფინანსურ ანგარიშგებებში მითითებული დებიტორ-კრედიტორის ნაშთები და გაანგარიშებულ იქნა თავისუფალი ფულადი სახსრები, რომელიც ჩათვლილ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საჩივარში არ არის მითითებული სადავო საკითხები. გადასახადის გადამხდელს 2024 წლის 12 ივლისს გაეგზავნა №21-04/------წერილი, რათა დაეზუსტებინა საჩივარი და მიეთითებინა არგუმენტები დარიცხვის უსწორობასთან დაკავშირებით. მომჩივანი წერილს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო მიმდინარე წლის 15 ივლისს და დაზუსტებული საჩივარი წერილით განსაზღვრულ ვადაში არ წარმოუდგენია.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესშიც არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-----------ის“ (ს/ნ ---------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელს საჩივარში არგუმენტები/მტკიცებულებები არ აქვს წარმოდგენილი.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №31255 და №3655 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2024 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №12562 ბრძანება და №072-5 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 799 599 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით 2023 წლის 14 დეკემბერს გადამხდელს ჩაბარდა შეტყობინება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ. წარმოდგენილი იქნა მხოლოდ ცნობები საბანკო ანგარიშების შესახებ. ინფორმაციის არასრულად წარმოდგენაზე გადამხდელი დაჯარიმდა ამავე კოდექსის 279-ე მუხლის შესაბამისად. გარდა ამისა, გადამხდელის მიერ არ იქნა მოწოდებული საბუღალტრო მონაცემები, არც სხვა საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია. საგადასახადო შემოწმება განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, კერძოდ, გადამხდელის მიერ გამოწერილი და მიღებული ანგარიშფაქტურებით, ზედნადებები, საბაჟო დეკლარაციებით გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა როგორც ერთობლივი შემოსავალი, ასევე ხარჯები. ასევე, ინვენტარიზაციით დადგინდა, რომ გადამხდელს სმფ-ს ნაშთი არ გააჩნია. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“ );