გადაწყვეტილება №22088/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22088/2/2024
14 მაისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ----------ი (ს/ნ ------------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,18.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------ის 28.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22088/2/2024).
დავის საგანი:
შემოწმების შედეგად დადგენილი ფასნამატის ოდენობა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 28.11.2023 წლის №052-25 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 17.01.2024 წლის №541 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 369 570.25 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 243 965.75
დღგ - 110 159
საშემოსავლო გადასახადი - 133 806.75
ჯარიმა - 92 742
საურავი - 32 862.5
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა ტანსაცმლით, ----------.
აუდიტის დეპარტამენტის 15.08.2023 წლის №20177 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.07.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 24.11.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა რომ:
მეწარმე საქონლის იმპორტს ახორციელებს და საკუთარი ავტომობილით ახდენს აღნიშნული საქონლის რეალიზაციას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ე.წ. ბაზრობებზე და სტაციონალური ობიექტი არ გააჩნია. გადამხდელის განცხადებით, იგი ახორციელებს საქონლის საბითუმოდ რეალიზაციას, თუმცა რეალიზაციის არცერთი დოკუმენტი შესამოწმებელ პერიოდში გამოწერილი არ აქვს, რის მიხედვითაც შესაძლებელი იქნებოდა მყიდველის/მყიდველების იდენტიფიცირება. გადამხდელის მიერ, 2022 წლის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 4,32%-ს. გადამხდელის ახსნა-განმარტებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სმფ-ის ნაშთი შეადგენდა 247 096 ლარს, ხოლო ფასნამატი 15%-ს.
გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა დადგენილი წესით, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, დეკლარირებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთების და შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი სასაქონლომატერიალური ფასეულობების საფუძველზე დადგენილია რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თვითღირებულება, რაზეც გავრცელდა მსგავსი მეწარმეების აუდირებული ფასნამატი 54.34%-ის ოდენობით. სხვაობის თანხა შემოწმების შედეგად დადგენილსა და დეკლარირებულს შორის, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის შესაბამისად ჩართულია დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
ასევე, გაანგარიშდა 2022 წლის საანგარიშო პერიოდის ერთობლივი შემოსავლის ოდენობა, შემოწმების მიერ დაკორექტირდა გამოქვითვას დაქვემდებარებული ხარჯების ნაწილი. სხვაობის თანხა შემოწმების შედეგად დადგენილსა და დეკლარირებულს შორის საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის შესაბამისად ჩართულია შესაბამისი პერიოდების ერთობლივ შემოსავალში. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 28.11.2023 წლის №29421 ბრძანება და ამავე თარიღის №052-25 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 24.12.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 17.01.2024 წლის №541 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური განმარტავს, ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით და შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმებას შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული საცალო ფასნამატის გამოყენება, რამაც გამოიწვია ერთობლივი შემოსავლის და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა, მართლზომიერია. ასევე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებული მსგავსი ობიექტის აუდირებული საცალო ფასნამატის გამოყენებას არ ეთანხმება. მის საქმიანობას წარმოადგენდა საბითუმო ვაჭრობა ტანსაცმლით, კერძოდ -------ი. მეწარმეს სტაციონარული ობიექტი არ გააჩნდა, მხოლოდ საკუთარი ავტომობილით ახდენდა საქონლის რეალიზაციას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ ბაზრობებზე. ამის დასტურად საკმარისი იყო ენახათ მეწარმის სახელზე გამოწერილი შიდა გადაზიდვის ზედნადებები, რომელთა დასრულების ადგილადაც, ძირითადად შემთხვევაში მითითებული იყო თბილისი, -------ის ტერიტორია.
არანაირი საფუძველი და მტკიცებულება არ არსებობდა იმის დასადასტურებლად, რომ მეწარმე ახორცილებდა საცალო ვაჭრობას. მეწარმეს არ გააჩნდა სტაციონარული ობიექტი. ასევე, შიდა გადაზიდვის ზედნადებების ნაწილი, განსაკუთრებით ის ზედნადებები სადაც საქონელი დიდი რაოდენობით (20 000-ზე მეტი შარვალი) იყო მითითებული, დასრულებული იყო ------ის ტერიტორიაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით უსაფუძვლო იყო იმის მტკიცება, რომ მეწარმე ახდენდა საცალო ვაჭრობას. შემმოწმებლებს შეეძლოთ გამოეთხოვათ ------ის ადმინისტრაციისაგან ინფორმაცია ახდენდა თუ არა ოდესმე -------ის ტერიტორიაზე საცალო ვაჭრობას ან ჰქონდა თუ არა ------ის ტერიტორიაზე რაიმე სახის ობიექტი. აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემდეგ დარწმუნდებოდნენ რომ ის საქონელი, რომელიც გადატანილია -----ის ტერიტორიაზე გათვალისწინებული იყო საბითუმო რეალიზაციისათვის -----ის მოვაჭრეებისთვის. სწორედ ამიტომ ფასნამატი, რომელიც აღებული აქვთ შემმოწმებლებს არასამართლიანია და არ ასახავს რეალობას.
საჩივარში ყურადღება გამახვილებული იყო, იმ საკითხზე, რომ ბრძანების ჩაბარების შემდგომ, შესაძლებელი იყო აუდიტის დეპარტამენტს მოეთხოვა სმფ-ების ინვენტარიზაციის ჩატარება, რის შემდეგაც შემმოწმებლები გაარკვევდნენ, როგორც ფასნამატის ოდენობას, ასევე იმას, ახდენდა თუ არა მეწარმე საბითუმო ან საცალო ვაჭრობას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვდა რომ შემმოწმებლებს გამოეყენებინათ საბითუმო ფასნამატი, რომელზეც თავდაპირველად იყო საუბარი, კერძოდ სანამ აქტი გაეგზავნებოდა, რამდენიმე დღით ადრე შემმოწმებლებთან გასაუბრების შემდეგ გაიგო, რომ მიწოდებული ფასნამატი 15% არ იქნა გათვალისწინებული და აპირებდნენ მსგავსი ობიექტების აუდირებული საბითუმო ფასნამატის გამოყენებას (28%). მიუხედავად იმისა, რომ მეწარმეს რეალურად 15% აქვს ფასნამატი, (ხშირ შემთხვევაში 15%-ზეც ნაკლებია), რთული იყო აღნიშნული ფასნამატის დამტკიცება, (ინვენტარიზაცია, რომ ჩატარებულიყო მარტივად დამტკიცდებოდა), სამართლიანი იქნებოდა, ზემოთ თქმული, აუდირებული საბითუმო ფასნამატი გამოყენებულიყო შემოწმების პროცესში, რაც მეტ-ნაკლებად სამართლიანად მოახდენდა გადასახადების დარიცხვას და ჯარიმა/საურავის დაკისრებას.
შემოსავლების სამსახურში არ მიეცა საშუალება მონაწილეობა მიეღო საჩივრის განხილვის პროცესში, რითაც წაერთვა საშუალება პოზიცია უკეთ დაეფიქსირებინა განხილვის პროცესში. რაც შეეხება, შემოსავლების სამსახურის ბრძანებას, არ ეთანხმება იმ ნაწილში, რომ თითქოს არ იყო წარდგენილი საკმარისი გარემოებები და მტკიცებულებები პოზიციის გასამყარებლად.
ზემოთ აღნიშნა, რომ მეწარმეს არ გააჩნდა სტაციონარული ობიექტი. ასევე, მის სახელზე გამოწერილია უამრავი შიდა გადაზიდვის ზედნადებები, რომელთა ნაწილში, განსაკუთრებით იმ ზედნადებებში სადაც საქონელი დიდი რაოდენობით (20 000-ზე მეტი შარვალი) არის მითითებული ტრანსპორტირების დაწყების ადგილად აღნიშნულია ბათუმი (გეზი), ხოლო დასრულების ადგილად თბილისის ------ის ტერიტორია. აღნიშნულის გათვალისწინებით შემმოწმებლების მიერ უსაფუძვლო იყო იმის მტკიცება, რომ მეწარმე ახდენდა საცალო ვაჭრობას, ვინაიდან მინიმუმ საწყობი ან არასტაციონარული ობიექტი უნდა ჰქონოდა -----ის ტერიტორიაზე, რომ ვაჭრობის პროცესის ორგანიზება მოეხდინა, სხვა შემთხვევაში ამ რაოდენობის საქონლის რეალიზაცია ავტომობილიდან არარეალურია. ამის დასადასტურებლად, შემმოწმებლებს მარტივად შეეძლოთ გამოეთხოვათ -----ის ადმინისტრაციისაგან ინფორმაცია ახდენდა თუ არა ოდესმე -------ი ------ის ტერიტორიაზე საცალო ვაჭრობას ან ჰქონდა თუ არა -------ის ტერიტორიაზე ოდესმე რაიმე სახის ობიექტი. აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემდეგ დარწმუნდებოდნენ რომ ის საქონელი, რომელიც გადატანილი იქნა ------ის ტერიტორიაზე გათვალისწინებული იყო საბითუმო რეალიზაციისათვის ------ის მოვაჭრეებისთვის. ასევე, არის შიდა გადაზიდვის ზედნადებები, რომლებიც სრულდება მეწარმის საცხოვრებელ მისამართზე, -------ი, რაც იმის დასტურია, რომ მეწარმეს სასაწყობე ობიექტიც არ გააჩნდა და გასაყიდ საქონელს დროებით ასაწყობებდა საკუთარ საცხოვრებელ მისამართზე. სწორედ ამიტომ ფასნამატი, რომელიც აღებული აქვთ შემმოწმებლებს არასამართლიანია და არ ასახავს რეალობას.
მოგახსენებთ, რომ საწყის ეტაპზევე შემმოწმებლებმა აცნობეს, რომ არ აპირებდნენ მის მიერ მიწოდებული ფასნამატის გათვალისწინებას და უნდა გამოეყენებინათ მსგავსი ობიექტის აუდირებული საბითუმო ფასნამატი (28%-მდე), რასაც მეტწილად თავადაც ეთანხმებოდა, თუმცა ბოლო ეტაპზე, გაურკვეველი მიზეზით შეცვალეს აღნიშნული გადაწყვეტილება და გამოიყენეს საცალო ფასნამატი. გაურკვეველია თუ რის საფუძველზე აიღეს შემმოწმებლებმა მსგავსი აუდირებული ობიექტის საცალო ფასნამატი, ვინაიდან მათ არ ჰქონდათ მტკიცებულება იმისა, რომ მეწარმე ახდენდა საცალო რეალიზაციას. ამ გადაწყვტილების გასამყარებლად არგუმენტაციაც კი არაა წარმოდგენილი შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებაში.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით ითხოვს, რომ შემმოწმებლებმა გამოიყენონ მსგავსი ობიექტის აუდირებული საბითუმო ფასნამატი და მის მიხედვით მოხდინონ გადასახადებისა და ჯარიმა/საურავის დარიცხვა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
მომჩივნის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას განმარტა, რომ სადავოს წარმოადგენს საქონლის საცალოდ რეალიზაციის აუდირებული ფასნამატის გავრცელება. მეწარმეს არ გააჩნდა სტაციონარული ობიექტი, არ აწარმოებს ბუღალტერიას და სამწუხაროდ არ აქვს საქონლის რეალიზაციის დოკუმენტები. ასევე, შიდა გადაზიდვის ზედნადებების ნაწილი, განსაკუთრებით ის ზედნადებები სადაც საქონელი დიდი რაოდენობით (20 000-ზე მეტი შარვალი) იყო მითითებული, დასრულებული იყო -----ის ტერიტორიაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით უსაფუძვლო იყო იმის მტკიცება, რომ მეწარმე ახდენდა საცალოდ ვაჭრობას. მიუხედავად იმისა, რომ მეწარმეს რეალურად 15% აქვს ფასნამატი, (ხშირ შემთხვევაში 15%-ზეც ნაკლებია), რთული იყო აღნიშნული ფასნამატის დამტკიცება, (ინვენტარიზაცია, რომ ჩატარებულიყო მარტივად დამტკიცდებოდა), სამართლიანი იქნებოდა, აუდირებული საბითუმო ფასნამატი გამოყენებულიყო შემოწმების პროცესში, რაც მეტ-ნაკლებად სამართლიანად მოახდენდა გადასახადებისა და ჯარიმა/საურავის დარიცხვას.
მომჩივნის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები მითითებულია შემოწმების აქტშიც, კერძოდ მეწარმე ახორციელებს საქონლის იმპორტს და საკუთარი ავტომობილით ახდენს აღნიშნული საქონლის რეალიზაციას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ე.წ. ბაზრობებზე და სტაციონალური ობიექტი არ გააჩნია. გადამხდელის განცხადებით, იგი ახორციელებს საქონლის საბითუმოდ რეალიზაციას, თუმცა აღნიშნული რეალიზაციის დოკუმენტი შესამოწმებელ პერიოდში გამოწერილი არ აქვს, რის მიხედვითაც შესაძლებელი იქნებოდა მყიდველის/მყიდველების იდენტიფიცირება. გადამხდელის მიერ, 2022 წლის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 4,32%-ს. გადამხდელის ახსნა-განმარტებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სმფ-ის ნაშთი შეადგენდა 247 096 ლარს, ხოლო ფასნამატი 15%-ს.
გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა დადგენილი წესით, საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით და საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, დეკლარირებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთების და შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საფუძველზე დადგენილია რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თვითღირებულება, რაზეც გავრცელდა მსგავსი მეწარმეების აუდირებული ფასნამატი 54.34%-ის ოდენობით.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას, მიაჩნია, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით და შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, ამასთან, იმ ფაქტის გათვალისწინებით რომ მომჩივანი ვერ ადასტურებს საქონლის საბითუმოდ რეალიზაციას, აცხადებს რომ არ გააჩნია აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები არაპირდაპირი მეთოდის და დადგენილი ფასნამატის გამოყენებით, განსაზღვრულია მართებულად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოწმების შედეგად დადგენილი ფასნამატის ოდენობა.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის №20177 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.07.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 24.11.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა რომ,გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა დადგენილი წესით,საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, დეკლარირებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთების და შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი სასაქონლომატერიალური ფასეულობების საფუძველზე დადგენილია რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თვითღირებულება, რაზეც გავრცელდა მსგავსი მეწარმეების აუდირებული ფასნამატი 54.34%-ის ოდენობით. სხვაობის თანხა შემოწმების შედეგად დადგენილსა და დეკლარირებულს შორის, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის შესაბამისად ჩართულია დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
ასევე, გაანგარიშდა 2022 წლის საანგარიშო პერიოდის ერთობლივი შემოსავლის ოდენობა, შემოწმების მიერ დაკორექტირდა გამოქვითვას დაქვემდებარებული ხარჯების ნაწილი. სხვაობის თანხა შემოწმების შედეგად დადგენილსა და დეკლარირებულს შორის საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის შესაბამისად ჩართულია შესაბამისი პერიოდების ერთობლივ შემოსავალში. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №29421 ბრძანება და №052-25 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №541 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას, მიაჩნია, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით და შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, ამასთან, იმ ფაქტის გათვალისწინებით რომ მომჩივანი ვერ ადასტურებს საქონლის საბითუმოდ რეალიზაციას, აცხადებს რომ არ გააჩნია აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები არაპირდაპირი მეთოდის და დადგენილი ფასნამატის გამოყენებით, განსაზღვრულია მართებულად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“); 80 (1); 100 (1); 102(1 „ა“); 159(1 „ა“);