ბრძანება N7527

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.04.2023
№ დოკუმენტი 7527
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N7527

06.04.2023

შპს „----------“ (ს/ნ----------)

(მის.: -------------)

2022 წლის 7 ოქტომბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 9 მარტის სხდომაზე (ოქმი №23) განიხილა შპს „---------“ (ს/ნ ----------) №17965/2/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 8 სექტემბრის №047-31 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

მომჩივნის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებულ საგადასახადო ვალდებულებებს. კერძოდ საშუალო შეწონილი მეთოდით განსაზღვრული ფასის მიხედვით დარიცხვას. გადამხდელის განმარტებით, შემოწმების მიერ არ იქნა გათვალისწინებული ტერიტორიის ფაქტორი. კერძოდ, იმის გათვალისწინებით, ობიექტი ფუნქციონირებდა ქ. ზესტაფონში, სხვადასხვა ქალაქებში საქონლის გატანა ტერიტორიის მიხედვით აძვირებდა ფასს. ასევე, ვინაიდან საცალო გაყიდვა ხდებოდა ადგილზე, საცალო გაყიდვის ფასად აღებული უნდა იყოს ზედნადებებში მითითებული ყველაზე დაბალი ფასი სახეობების მიხედვით. ითხოვს საცალოდ რეალიზებული საქონლის ფასნამატის ხელახალ გადაანგარიშებას სახეობების მიხედვით. ასევე, ითხოვს სარეალიზაციო ფასად აღებულ იქნას ზედნადებებით გაყიდული საქონლის ყველაზე დაბალი ფასი.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 11 თებერვლის №3295 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 30 აგვისტოს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 8 სექტემბრის №23225 ბრძანება და ამავე თარიღის №047-31 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 101 637 ლარი, მათ შორის, გადასახადი 61 469 ლარი, ჯარიმა 30 738 ლარი, საურავი 9 430 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს საქმიანობის საგანს წარმოადგენს პლასტმასის საფუთავების და სხვადასხვა ზომის ბოთლის წარმოება და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს აღნიშნული საქონელი რეალიზებული აქვს როგორც დოკუმენტით, ასევე დოკუმენტის გარეშე. აგრეთვე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2022 წლის 5 აპრილს საწარმოში ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. გადასახადის გადამხდელის უფლებამოსილი პირის (დირექტორის) წერილობითი განმარტებით დგინდება, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს ბუღალტრული აღრიცხვა, აღნიშნულიდან გამომდინარე საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შემოსავლის გაანგარიშებისთვის გამოყენებული იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები. პირველადი დოკუმენტების ანალიზისას, გადამხდელის თანამონაწილეობით, შეძენილი ნედლეულისგან შეიქმნა 12 ჯგუფი (პრეფორმებისა და გაბერილი ბოთლების მიხედვით), რომელიც წარმოადგენდა საწარმოებლად საჭირო საქონლის ძირითად ნაწილს, საქონლის მოძრაობის შესწავლის შედეგად საქონლის ჯგუფებიდან შეძენილ, დოკუმენტით რეალიზებულ და ინვენტარიზაციით ფაქტობრივად დათვლილ ბოთლების კაფსულებს შორის გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდში წარმოებულად და რეალიზებულად თითოეული ჯგუფის დოკუმენტურად დადასტურებული საშუალო შეწონილი ფასის მიხედვით, შესაბამისად გაანგარიშებული იქნა დოკუმენტების გარეშე რეალიზებული საქონლისგან მიღებული შემოსავალი, რომელიც დაემატა დოკუმენტურ რეალიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, გაანგარიშებული იქნა შესამოწმებელი პერიოდის დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა, რაც დეკლარირებულ ბრუნვას აღემატება 186 914 ლარით (დღგ-ის გარეშე). აღნიშნული თანხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის და 159-ე მუხლის შესაბამისად დამატებით დაიბეგრა დღგ-ით, საწარმოს ასევე დაერიცხა ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

საწარმოს სამეურნეო ოპერაციები ბუღალტრულად არ აქვს აღრიცხული. შემოწმების შედეგად გამოვლინდა შემოსავალი 125 000 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე, ანგარიშვალდებული პირის მიმართ არსებული დავალიანების შემცირების გათვალისწინებით), რომელიც არ ჰქონდა აღრიცხული. ხოლო შემოწმებით დამატებით დადგენილი შემოსავლის საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება საწარმოს დირექტორს შემოწმების მიმდინარეობისას არ წარმოუდგენია. შესაბამისად შემოწმებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით დამატებით დადგენილი შემოსავალი ჩაითვალა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაბეგრილ იქნა გადახდის წყაროსთან ამავე კოდექსის 154-ე და 81-ე მუხლების შესაბამისად. საწარმოს დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლების შესაბამისად.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

ამავე კოდექსის 161-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ა.ა“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელის უფლებამოსილი პირის (დირექტორის) წერილობითი განმარტებით დგინდება, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, აღნიშნულიდან გამომდინარე საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები. შემოსავლების გაანგარიშებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ შემოწმების ეტაპზე გადამხდელის მონაწილეობით შედგა 12 ჯგუფი (პრეფორმებისა და გაბერილი ბოთლების მიხედვით), რომელიც წარმოადგენდა საწარმოებლად საჭირო საქონლის ძირითად ნაწილს. საქონლის მოძრაობის შესწავლის შედეგად საქონლის ჯგუფებიდან შეძენილ, დოკუმენტით რეალიზებულ და ინვენტარიზაციით ფაქტობრივად დათვლილ ბოთლების კაფსულებს შორის გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდში წარმოებულად და რეალიზებულად თითოეული ჯგუფის დოკუმენტურად დადასტურებული საშუალო შეწონილი ფასის მიხედვით.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი საჩივარში ასახული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებულ საგადასახადო ვალდებულებებს. კერძოდ საშუალო შეწონილი მეთოდით განსაზღვრული ფასის მიხედვით დარიცხვას.

ითხოვს საცალოდ რეალიზებული საქონლის ფასნამატის ხელახალ გადაანგარიშებას სახეობების მიხედვით. ასევე, ითხოვს სარეალიზაციო ფასად აღებულ იქნას ზედნადებებით გაყიდული საქონლის ყველაზე დაბალი ფასი.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს საქმიანობის საგანს წარმოადგენს პლასტმასის საფუთავების და სხვადასხვა ზომის ბოთლის წარმოება და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს აღნიშნული საქონელი რეალიზებული აქვს როგორც დოკუმენტით, ასევე დოკუმენტის გარეშე.

(დირექტორის) წერილობითი განმარტებით დგინდება, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს ბუღალტრული აღრიცხვა, აღნიშნულიდან გამომდინარე საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

საწარმოს სამეურნეო ოპერაციები ბუღალტრულად არ აქვს აღრიცხული. შემოწმების შედეგად გამოვლინდა შემოსავალი.შესაბამისად შემოწმებით დამატებით დადგენილი შემოსავალი ჩაითვალა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაბეგრილ იქნა გადახდის წყაროსთან.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი საჩივარში ასახული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:136,160,161,159,163,73,154