გადაწყვეტილება №26506/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№26506/2/2026
20 თებერვალი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-----ი“ (ს/ნ -----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,13.02.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ის 21.01.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26506/2/2026).
დავის საგანი:
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 24.10.2025 წლის №081-274 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 22.12.2025 წლის №28011 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 426 077.49 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 239 064.39
დღგ - 67 561.99
საშემოსავლო გადასახადი - 171 502.40
ჯარიმა - 119 532
საურავი - 67 481.10
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს საცალო ვაჭრობა გაციებული/გაყინული თევზით. საქონლის შეძენა ძირითადად ხორციელდება იმპორტის გზით -----დან, მცირე რაოდენობა შეძენილია ადგილობრივ ბაზარზე. რეალიზაცია მთლიანად ხორციელდება ადგილობრივ ბაზარზე.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 5.05.2023 წლიდან 1.06.2025 წლამდე პერიოდის, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 23 ოქტომბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
- საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 16 ივნისის №12506 ბრძანების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის ობიექტზე (მისამართი: ქ. ---ი, ---ის ქუჩა N--),ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რის შედეგადაც დადგინდა, რომ 2025 წლის 16 ივნისის მდგომარეობით, კომპანიას ნაშთი არ ერიცხება. შემოწმების შედეგად, კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვით ვერ დგინდება რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, რაოდენობა და სარეალიზაციო ფასი. ვერ ხერხდება შეძენილი და რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მოძრაობის ანალიზი, ჩამოწერები ხორციელდება თვის ბოლოს, ღირებულებით.
საგადასახადო კოდექსის 136-ე, 73-ე მუხლის პირველი და მე-5 ნაწილის შესაბამისად, შემოსავლები გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, ანალიზი ჩაუტარდა კომპანიის მიერ შეძენილ, რეალიზებულ და ნაშთად არსებულ საქონელს, რის შედეგადაც გამოყოფილ იქნა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის რაოდენობა კილოგრამებში. შემოწმების მიერ, განხორციელდა საქონლის (თევზის) სახეობების მიხედვით დაყოფა, რაზეც გავრცელდა შესაბამისი პერიოდის დოკუმენტური საშუალო შეწონილი ფასი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე, დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის რაოდენობა ჩაითვალა რეალიზებულად შეძენების თვეების შესაბამისად, სარეალიზაციო თვეებს შორის სასაქონლო ნაშთების გათვალისწინებით, რამაც გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების გაზრდა. შედეგად, დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
- გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბუღალტრო პროგრამისა და სხვა მონაცემების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, შედგა ფულადი სახსრების მოძრაობის ერთიანი ანგარიში, რომლითაც დადგინდა, რომ კომპანიას შემოწმების ბოლოსთვის გააჩნია ნაღდი ფულის ნაშთი 681 910 ლარის ოდენობით. გამოვლენილი ნაღდი ფულის ნაშთი, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის თანახმად, 2024 წლის ივნისის თვის საანგარიშო პერიოდში (აღნიშნული პერიოდიდან კომპანიას არ უფიქსირდება სამეურნეო ოპერაციები) ჩაითვალა დირექტორზე ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 24 ოქტომბრის №23526 ბრძანება და №081-274 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 22.12.2025 წლის №28011 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
გადასახადის გადამხდელის 2026 წლის 14 იანვრის ელექტრონულად წარდგენილი №--/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის მიერ, 2026 წლის 21 იანვრის №--21-04 წერილით, კუთვნილებისამებრ გამოიგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, საჩივრების ზეპირ განხილვაზე გადასახადის გადამხდელის განმარტებაზე, რომ კომპანიის ფასნამატი შეადგენს დაახლოებით 10-15%-ს, რაზეც შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებასა და მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომ შემოწმების მიერ თევზის თითოეულ კატეგორიაზე/სახეობაზე (მაგ: დორადო, ორაგული, სიბასი და ა.შ.) გავრცელებულ იქნა გადასახადის გადამხდელის საშუალო დოკუმენტური ფასი (თითოეული თვის ჭრილში, გადასახადის გადამხდელს თევზის ყველა სახეობაზე უფიქსირდება დოკუმენტური რეალიზაცია, გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური რეალიზაციიდან გამომდინარე, 2023 წლის დორადოს დოკუმენტური ფასნამატი საშუალოდ შეადგენს 30%-ს, სიბასი დაახლოებით 40%-მდე და ა.შ.).
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივრებში, მათ შორის საჩივრების ზეპირ განხილვაზე, ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნია, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, კერძოდ, შემოწმების მიერ დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის რაოდენობის გაანგარიშება, საქონლის (თევზის) სახეობების მიხედვით დაყოფა და შესაბამისი პერიოდის დოკუმენტური საშუალო შეწონილი ფასის გავრცელება, რამაც გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა, ხოლო ფულადი სახსრების მოძრაობის შედეგად გაანგარიშებული ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა განხორციელდა მართლზომიერად. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. თევზი განეკუთვნება დაბალ ვადიან, მალფუჭებად საქონელს და მალფუჭებადი სტატუსიდან, ასევე, მაღალი კონკურენციიდან გამომდინარე, საქონელი იყიდებოდა სხვადასხვა ფასებში, როგორც მაღალი, ასევე დაბალი ფასნამატით. რეალიზაციას ახდენდა საბითუმო ფასად, მყიდველების დაახლოებით 80%-ს საბუთი არ სჭირდებოდა, პროდუქციის გაფუჭებისა და კომპანიის მიერ ზარალის თავიდან აცილების მიზნით, იძულებული იყო საქონელი გაეყიდა სასაქონლო ზედნადების გარეშე საბითუმო ფასად, რომელიც პროგრამულად საცალო რეალიზაციად არის გატარებული. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდამ გამოიწვია სალაროში ფულის ნაშთის გაზრდა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმებით დადგინდა, რომ კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვით ვერ დგინდება რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, რაოდენობა და სარეალიზაციო ფასი. ვერ ხერხდება შეძენილი და რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მოძრაობის ანალიზი, კომპანია ჩამოწერებს ახორციელებს თვის ბოლოს, ღირებულებით. ასევე, ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად, 2025 წლის 16 ივნისის მდგომარეობით, კომპანიას ნაშთი არ ერიცხება. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, გაანგარიშდა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის რაოდენობა კილოგრამებში, განხორციელდა საქონლის (თევზის) სახეობების მიხედვით დაყოფა, რაზეც გავრცელდა შესაბამისი პერიოდის დოკუმენტური საშუალო შეწონილი ფასი. დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის რაოდენობა ჩაითვალა რეალიზებულად შეძენების თვეების შესაბამისად, სარეალიზაციო თვეებს შორის სასაქონლო ნაშთების გათვალისწინებით, რამაც გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა. ასევე, ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის შედეგად განსაზღვრული ნაღდი ფულის ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
მომჩივანი შემოსავლების სამსახურში წარდგენილის ანალოგიურად აღნიშნავს, რომ არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, საქონელს ყიდდა სხვადასხვა ფასებში, როგორც მაღალი, ასევე დაბალი ფასნამატით და რომ რეალიზაციას ახდენდა საბითუმო ფასად, მყიდველების დაახლოებით 80%-ი საბუთს არ საჭიროებდა, პროდუქციის გაფუჭებისა და ზარალის თავიდან აცილების მიზნით, იძულებული იყო საქონელი გაეყიდა სასაქონლო ზედნადების გარეშე საბითუმო ფასად, რომელიც პროგრამულად საცალო რეალიზაციად არის გატარებული. არ ეთანხმება დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის და ფულის ნაშთის გაზრდას.
აუდიტის დეპარტამენტი 23.01.2026 წლის №---21-14 წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში წარმოადგენს დარიცხვის ფაქტობრივ გარემოებებში დაფიქსირებულის ანალოგიურ გარემოებებს/პოზიციებს.
მომჩივნის არგუმენტებთან დაკავშირებით საყურადღებოა შემოსავლების სადავო ბრძანებაში დაფიქსირებული აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტება, რომ შემოწმების შედეგად, თევზის თითოეულ კატეგორიაზე/სახეობაზე (მაგ: დორადო, ორაგული, სიბასი და ა.შ.) გავრცელებულ იქნა გადასახადის გადამხდელის საშუალო დოკუმენტური ფასი (თითოეული თვის ჭრილში, გადასახადის გადამხდელს თევზის ყველა სახეობაზე უფიქსირდება დოკუმენტური რეალიზაცია და რომ დოკუმენტური რეალიზაციიდან გამომდინარე, 2023 წლის დორადოს დოკუმენტური ფასნამატი საშუალოდ შეადგენს 30%-ს, სიბასი დაახლოებით 40%-მდე და ა.შ.).
მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, მაგრამ არც შემოსავლების სამსახურში წარუდგენია და არც ამჟამად წარმოადგენს ისეთ არგუმენტს ან/და მტკიცებულებას, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი გახდებოდა.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის მონაწილეობით, რომელმაც წარმოადგინა საჩივარში დაფიქსირებულის ანალოგიური არგუმენტები. ამასთან აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელი ახდენს თევზის რეალიზაციას, რომელიც მალფუჭებადია, შენახვის ვადა 14 დღეა და რომ არ გაფუჭებულიყო, ასევე დიდი კონკურენციის გამო, ყიდდა საბითუმო ფასად და დაბალ ფასშიც, შემმოწმებლის მიერ აღებული იქნა სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული ფასი, რამაც გამოიწვია შემოსავლების გაზრდა და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა. სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული საშუალო შეწონილი ფასი იქნა გავრცელებული შემოწმების მიერ მთელ საქონელზე, თუმცა დოკუმენტური რეალიზაციაზე 20-30% მოდის, ხოლო საბითუმო 70-80%-ია. სამი სახის თევზი ქონდა შემოტანილი, დორადოს და ორაგულს ბაზარზე როგორც იყიდებოდა, ისე ახდენდა ჩამოწერასაც, საგადასახადო ორგანოსათვის არ მიუმართავს, ანუ როგორც კი სასაქონლო ზედნადებით ან ბაზარზე გაიყიდებოდა ჩამოწერას ახორციელებდა. შემოწმების მიერ არ იქნა აღიარებული ბაზრის ფასი და სასაქონლო ზედნადებების საშუალო შეწონილი ფასი იქნა გამოყენებული, რამაც გამოიწვია დარიცხვა.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელი საქონლის (თევზის) იმპორტს ახორციელებდა და მცირე ნაწილია ადგილობრივი შეძენები, ქონდა დოკუმენტური რეალიზაცია, რამაც საშუალება მისცა დაედგინა საშუალო დოკუმენტური ფასი. თევზი მალფუჭებადი საქონელია, ამდენად შეძენის შესაბამის თვეში ჩაითვალა რეალიზებულად თავისივე დოკუმენტური ფასების (სახეობების) მიხედვით, რადგან ძირითადად იყო გაციებული (არა გაყინული) თევზი. რაც შეეხება საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას, გადასახადის გადამხდელს პროგრამულად ქონდა ჩამოწერები, მაგრამ ვერ დგინდებოდა რა სახეობა რა ფასად იყო, ჩამოწერები ხორციელდებოდა თვის ბოლოს, ღირებულებით, ხოლო ჩამოწერების თაობაზე საგადასახადო ორგანოსათვის მიმართვა არ დგინდებოდა.
საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას და მიიჩნევს, რომ ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, კერძოდ, დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის რაოდენობის გაანგარიშება, საქონლის (თევზის) სახეობების მიხედვით დაყოფა და შესაბამისი პერიოდის დოკუმენტური საშუალო შეწონილი ფასის გავრცელება, ხოლო ფულადი სახსრების მოძრაობის შედეგად გაანგარიშებული ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა მართებულია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმესთან არსებული მასალების, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 5.05.2023 წლიდან 1.06.2025 წლამდე პერიოდის, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით ირკვევა,რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №12506 ბრძანების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის ობიექტზე ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რის შედეგადაც დადგინდა, რომ 2025 წლის 16 ივნისის მდგომარეობით, კომპანიას ნაშთი არ ერიცხება. შემოწმების შედეგად, კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვით ვერ დგინდება რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, რაოდენობა და სარეალიზაციო ფასი. ვერ ხერხდება შეძენილი და რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მოძრაობის ანალიზი, ჩამოწერები ხორციელდება თვის ბოლოს, ღირებულებით.საგადასახადო კოდექსის 136-ე, 73-ე მუხლის პირველი და მე-5 ნაწილის შესაბამისად, შემოსავლები გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, ანალიზი ჩაუტარდა კომპანიის მიერ შეძენილ, რეალიზებულ და ნაშთად არსებულ საქონელს, რის შედეგადაც გამოყოფილ იქნა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის რაოდენობა კილოგრამებში. შემოწმების მიერ, განხორციელდა საქონლის (თევზის) სახეობების მიხედვით დაყოფა, რაზეც გავრცელდა შესაბამისი პერიოდის დოკუმენტური საშუალო შეწონილი ფასი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე, დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის რაოდენობა ჩაითვალა რეალიზებულად შეძენების თვეების შესაბამისად, სარეალიზაციო თვეებს შორის სასაქონლო ნაშთების გათვალისწინებით, რამაც გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების გაზრდა. შედეგად, დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
ამასთან,გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბუღალტრო პროგრამისა და სხვა მონაცემების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, შედგა ფულადი სახსრების მოძრაობის ერთიანი ანგარიში, რომლითაც დადგინდა, რომ კომპანიას შემოწმების ბოლოსთვის გააჩნია ნაღდი ფულის ნაშთი 681 910 ლარის ოდენობით. გამოვლენილი ნაღდი ფულის ნაშთი, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის თანახმად, 2024 წლის ივნისის თვის საანგარიშო პერიოდში ჩაითვალა დირექტორზე ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №23526 ბრძანება და №081-274 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.რომლის №28011 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.გადასახადის გადამხდელის ელექტრონულად წარდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის მიერ წერილით, კუთვნილებისამებრ გამოიგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საქმესთან არსებული მასალების, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5„ა“.9„ბ“); 101(1); 154(1„ა“); 158(1); 159(1„ა“); 163(1.2); 164(1);