გადაწყვეტილება №118315/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 24.03.2023
№ დოკუმენტი 118315/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№118315/2/2022

24 მარტი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: სს „-------“ (ს/ნ „-------“ )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 24.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება სს „-------“ -ს 28.11.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18315/2/2022).

 

დავის საგანი:

მოგების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 10.05.2022 წლის №081-80 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 16.11.2022 წლის №28839 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 39 849 360 ლარი.

მათ შორის:

მოგების გადასახადი - 19 780 163

ჯარიმა - 9 890 081

საურავი - 10 179 116

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ინვესტიციების მოზიდვა საქართველოში, კომპანიების დაფუძნება და ოპერირება, რომლებიც ახორციელებენ სასტუმროს, კაზინოს, სარესტორნო, სატრანსპორტო და სხვა მომსახურებებს.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 31.05.2022 წლამდე პერიოდის, გარდა აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 29 მაისის №14293 ბრძანებით მოცული საკითხებისა, საგადასახადო შემოწმება. 2019 წლის საანგარიშო პერიოდის შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 6 მაისის საგადასახადო შემოწმების შუალედურ აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

- გადასახადის გადამხდელს დაფუძნების დღიდან განხორციელებული აქვს მრავალმილიონიანი ინვესტიცია, მაგრამ შემოწმების მომენტისათვის, დამფუძნებელს არ აქვს გატანილი დივიდენდი. გადასახადის გადამხდელის მიერ, 2018 წლის დეკემბრის თვეში განხორციელდა 134 735 828.29 ლარის ღირებულების თურქული კომპანიის N1 -ს აქციების შეძენა თურქეთის საფონდო ბირჟაზე

კომპანია N2-ის დახმარებით, რომელიც ასევე წარმოადგენს ურთიერთდამოკიდებულ პირს. გადასახადის გადამხდელმა 2019 წელს მოახდინა აღნიშნული აქციების რეალიზაცია 22 648 240.62 ლარად, შედეგად მიღებულმა ზარალმა შეადგინა 112 087 587.67 ლარი.

შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის დამფუძნებლების ურთიერთკავშირი თურქული კომპანიის N1-ს დამფუძნებლებთან, აქციონერებთან და ურთიერთდამოკიდებულ პირებთან.

შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ 2018 წლის მდგომარეობით N1-ს აქციების 25%-ის მფლობელი არის თურქული კომპანია N3 , ხოლო ამ უკანასკნელის ძირითად პარტნიორს წარმოადგენს "------" . ამავდროულად, თურქული კომპანია N1-ს აქციების ღირებულება შეადგენდა 2018 წლის დასაწყისში 0.74 თურქულ ლირას, ხოლო 2019 წლის დასაწყისში 0.94 თურქული ლირას და შემოწმების მომენტისათვის საგრძნობლად არ შეცვლილა. გადასახადის გადამხდელმა აქციები იყიდა 2018 წლის დეკემბერში, როცა აქციების ფასმა მიაღწია პიკს, ხოლო რეალიზაცია განახორციელა დაბალ ფასად.

მოძიებული ინფორმაციების მიხედვით, თურქული ოფიციალური სამსახურების მხრიდან ჩატარებულია ღონისძიებები 2018-2019 წლებში თურქული კომპანია N1-ს აქციების შეძენარეალიზაციასთან დაკავშირებით, რის შედეგად გამოიკვეთა გადასახადის გადამხდელის ურთიერთდამოკიდებული პირების მიერ განხორციელებული ფინანსური ოპერაციები.

ზემოაღნიშნული ფაქტების და გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 97-ე და 98-ე მუხლების საფუძველზე, გაწეულ ხარჯსა და საბაზრო ღირებულებას შორის სხვაობა დაიბეგრა მოგების გადასახადით. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 10.05.2022 წლის №11796 ბრძანება და №081-80 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 16.11.2022 წლის №28839 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 73- ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლზე, 98-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოგების გადასახადში განხორციელებული დარიცხვა გამოწვეულია 2018-2019 წლებში კომპანიის მიერ თურქული კომპანია N1-ს აქციების შეძენარეალიზაციასთან დაკავშირებული ზარალით. საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი არ შეიცავს დასაბუთებას საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებთან დაკავშირებით.

რაც შეეხება სადავო საკითხის ირგვლივ არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს, შემოწმებამ სადავოდ გახადა კომპანიის მიერ აქციების შეძენა-რეალიზაციისას წარმოშობილი სხვაობა, რომელიც უკავშირდება სტამბოლის საფონდო ბირჟაზე N1-ს აქციების ფასის ვარდნას. დადგენილია და სადავო არ არის, რომ N1-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრების და ამავდროულად საკონტროლო პაკეტის აქციების მფლობელების მხრიდან ადგილი ჰქონდა არაკეთილსინდისიერ ქმედებებს, კერძოდ ვალდებულებების დასაფარად კაპიტალის ზრდის შედეგად მობილიზებული დამატებითი სახსრები მათი მხრიდან მიმართული იქნა დაკავშირებულ მხარეებთან დადებულ გარიგებებზე, ნაცვლად კომპანიის კრედიტორული დავალიანების დაფარვისა. სწორედ აღნიშნულმა გარემოებამ მოახდინა უარყოფითი ზეგავლენა აქციების ფასზე. აღნიშნული შედეგიდან გამომდინარე, კომპანია ამჟამად აწარმოებს სამართლებრივ დავას სტამბოლის კომერციული დავების სასამართლოში საწარმოს და მის ყოფილ აქციონერებთან, დამდგარი ზიანის ანაზღაურების მიზნით. აღნიშნულის დასტურად წარმოადგენს აპოსტილით დამოწმებული სასამართლო დავის მასალებს (დანართი №6).

N1-ს ხელმძღვანელების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ასევე მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ კომპანიას მიღებული აქვს თურქეთის კაპიტალის ბაზრის მარეგულირებლის წერილი და ფულადი ჯარიმა, რომლითაც დასტურდება, რომ კომპანიის გამოშვებული კაპიტალის 160 000 000 ლირიდან 250 000 000 ლირამდე გაზრდით მიღებული სახსრების მნიშვნელოვანი ნაწილი გამოყენებულ იქნა არამიზნობრივად. კერძოდ, კრედიტორული დავალიანების დაფარვის ნაცვლად, აღნიშნული გამოყენებული იქნა დაკავშირებულ მხარეებთან უძრავი ქონებების შესაძენად, რის გამოც უნდა მოხდეს, ინვესტორებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება, სამართლებრივი პირობების დაცვით. შესაბამისად, სადავო არ არის, რომ გადასახადის გადამხდელი ასევე წარმოადგენს N1-ს ინვესტორს და მასაც მიადგა მატერიალური ზიანი N1ხელმძღვანელობის არასწორი გადაწყვეტილებების გამო. დანართის სახით წარმოადგენს აღნიშნულ წერილს (დანართი №4) და წერილის ნოტარიულ თარგმანს წარმოადგენს დავის მიმდინარეობისას.

საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებულია, რომ საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისათვის გამოყენებული იქნა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, ასევე ამავე კოდექსის 97-ე, 98-ე მუხლები და გაწეულ ხარჯსა და საბაზრო ღირებულებას შორის სხვაობა დაიბეგრა მოგების გადასახადით, თუმცა კონკრეტულად რა შეფასება მიეცა ოპერაციას საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებული არ არის. საგადასახადო შემოწმების აქტიდან გამომდინარე სავარაუდოა, რომ შემმოწმებლის მიერ შეფასება გაკეთებულია საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის საფუძველზე, თუმცა კანონმდებლობის ზუსტად რომელი ნორმის საფუძველზე განისაზღვრა ვალდებულებები, გაურკვეველია. შესაბამისად, გაურკვეველია რომელი ოპერაცია გახადა სადავოდ შემმოწმებელმა, აქციების შეძენის, თუ ამავე აქციების რეალიზაციის ოპერაცია.

შემმოწმებლის მიერ სადავოდ არ უნდა გამხდარიყო აქციების შეძენაზე გაწეული ხარჯის კავშირი კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობასთან ან აქციების შეძენაზე გაწეული ხარჯის შესაბამისობა აქციების საბაზრო ფასთან, ვინაიდან გაწეული ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრის დრო უკავშირდება დანახარჯების გაწევის მომენტს, ხოლო აქციების შეძენის ოპერაცია განხორციელდა 2018 წელს, რომელიც საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, წარმოადგენს ხანდაზმულ პერიოდს. კერძოდ, საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი ნორმის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის ათვლისთვის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტია განმსაზღვრელი. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი საგადასახადო ვალდებულების დაკისრება და შესაბამისად წარმოშობა ხდება იმ გარემოებათა წარმოქმნის მომენტიდან, რომლებიც ითვალისწინებს გადასახადის გადახდას. განსახილველ შემთხვევაში კი, მოგების გადასახადის გადახდას ითვალისწინებს და ამ გადასახადით დაბეგვრის ვალდებულება წარმოიშვება არაეკონომიკური ხარჯის ფაქტობრივად გაწევის მომენტში - წილის ნასყიდობის საფასურის ანაზღაურების მომენტში, ვინაიდან 136-ე მუხლის მე-14 ნაწილი, მოგების გადასახადით დაბეგვრის მომენტს, ხარჯების გაწევას უკავშირებს და თუ, საგადასახადო ორგანო, კომპანიას ედავება დანახარჯების გაწევის არა ეკონომიკურობაზე, აღნიშნულის მოგების გადასახადით დაბეგვრის დრო უკავშირდება დანახარჯების გაწევას, რომელიც მიმდინარე საგადასახადო შემოწმებისთვის წარმოადგენს ხანდაზმულ პერიოდს და ყოველგვარ სამართლებრივ საფუძვლებს სცდება ქმედება, ხანდაზმული პერიოდის საგადასახადო ვალდებულებების დარიცხვის თაობაზე. შესაბამისად, საგადასახადო ორგანო მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხორციელებინა აქციების შეძენის ოპერაციის ან აქციებში გადახდილი ფასის ეჭვქვეშ დაყენება და დამატებითი თანხების დარიცხვა.

იმ შემთხვევაში თუ შემმოწმებლის მიერ სადავოდ მიჩნეული იქნა აქციების სარეალიზაციო ფასი, აღნიშნული ასევე სამართლებრივად დაუსაბუთებელია. აღსანიშნავია, რომ არარეზიდენტ პირთან დადებული გარიგებები, თუ ეს პირი არ წარმოადგენს კომპანიასთან ურთიერთდამოკიდებულებაში მყოფ ან ოფშორში რეგისტრირებულ პირს, საგადასახადო ორგანოს მხრიდან საგადასახადო ვალდებულებების დარიცხვის საფუძველი ვერ გახდება. ხოლო არარეზიდენტ ურთიერთდამოკიდებულ პირთან განხორციელებულ გარიგებებს არეგულირებს საგადასახადო კოდექსის 126-1291 მუხლებით საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციისთვის განსაზღვრული დებულებები. შესაბამისად, თუ აქციების რეალიზაცია განხორციელდა კომპანიასთან ურთიერთდამოკიდებულებაში მყოფ პირზე, საგადასახადოს ორგანოს უნდა ეხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 126-1291 მუხლებით დადგენილი მეთოდოლოგიით და აქციების რეალიზაციის პერიოდის მიხედვით არსებულ საბაზრო ფასსა და კომპანიის მიერ მიღებულ შემოსავლებს შორის, დადებითი სხვაობის დადგენის შემთხვევაში, აღნიშნული სხვაობის დაბეგვრა უნდა მომხდარიყო ტრანსფერფრაისინგის შესაბამისი დასკვნის საფუძველზე. ამ შემთხვევაში ყოველგვარ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებულია საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, რამდენადაც კომპანიის მიერ აქციების რეალიზაცია განხორციელებულია საფონდო ბირჟაზე, კომპანიისთვის უცნობია აღნიშნული აქციების შემძენი მხარე, ოპერაცია არ განხორციელებულა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის და ვერც აქციების სარეალიზაციო ფასი გახდებოდა სადავო. შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს არ გააჩნდა აღნიშნულ ოპერაციაზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის სამართლებრივი საფუძვლები.

როგორც კომპანიის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილი ინფორმაციიდან ჩანს, აქციების შეძენის მომენტში (2018 წლის ოქტომბერში) ერთი აქციის საშუალო ფასმა შეადგინა 5.92 თურქული ლირა. შემმოწმებელი აქტში თავადვე ადასტურებს, რომ თურქული კომპანია N1-ს აქციების ღირებულებამ 2018 წლის დეკემბერში მიაღწია პიკს, 2018 წლის დასაწყისში შეადგენდა 0.74 თურქულ ლირას, ხოლო 2019 წლის დასაწყისში 0.94 თურქულ ლირას და დღემდე საგრძნობლად არ შეცვლილა. როგორც ჩანს, შემმოწმებელი სადავოდ არ ხდის, რომ აქციების ფასმა განიცადა მკვეთრი ვარდნა. მაშინ გაუგებარია თუ რის საფუძველზე ფასდება აქციების ფასებს შორის სხვაობა კომპანიის მიერ გაწეულ არაეკონომიკურ ხარჯად. აქციების შეძენისა და რეალიზაციის მომენტში არსებულ ფასებთან დაკავშირებით წარმოადგენს საბროკერო კომპანიიდან ამონაწერს (დანართი №5).

გადასახადის გადამხდელის მიერ გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია სტამბულის საფონდო ბირჟიდან (დანართი №9) N1-ს აქციების ფასის თაობაზე, როგორც მათი შესყიდვის (15.10.2018), ასევე რეალიზაციების (21.01.2019 და 29.01.2019) თარიღებში. სს N1 აქციათა ბაზრის დეპარტამენტის მიერ მათთვის მიწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ N1-ს აქციების შეძენის დღეს, 2018 წლის 15 ოქტომბერს აქციების ფასი შეადგენდა 6.00 თურქულ ლირას, ხოლო მათი რეალიზაციების თარიღებში 2019 წლის 21 და 29 იანვარს 0.76 და 0.97 ლირას. მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულება წარმოადგენს უტყუარ დასტურს საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის არამართებულობასთან დაკავშირებით.

როგორც საგადასახადო შემოწმების აქტში, ასევე შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 16 ნოემბრის №28839 ბრძანებაში გაკეთებულია მითითება სს "------"სა და N1-ს ურთიერთდამოკიდებულებაზე, თუმცა, თუ როგორ მოახდინა აღნიშნულმა გავლენა საგადასახადო ორგანოს შეფასებაზე გაუგებარია და არც შემოსავლების სამსახურის ბრძანებაში არ არის დასაბუთებული ურთიერთდამოკიდებულების გავლენა ოპერაციის შეფასებაზე. შემმოწმებელი არ მიუთითებს თუ რა გავლენა შეიძლებოდა მოეხდინა გარიგების ფასზე სს "-------"-სა და N1-ს შორის ურთიერთდამოკიდებულების არსებობას, მაშინ როდესაც N1 არ წარმოადგენს გარიგების მონაწილე მხარეს და განსახილველ ოპერაციაში გარიგების საგანი იყო N1-ს აქციები. შესაბამისად, არც შემოწმების აქტით და არც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ ხდება მხარეთა ურთიერთდამოკიდებულების გავლენის დასაბუთება ოპერაციაზე და აღნიშნულის მითითება მოკლებულია სამართლებრივ საფუძვლებს.

საგადასახადო შემოწმების აქტი ასევე შეიცავს მითითებას, რომ მოძიებული ინფორმაციების მიხედვით, თურქული ოფიციალური სამსახურების მხრიდან ჩატარებულია ღონისძიებები 2018-2019 წლებში, რის შედეგად გამოიკვეთა სს "-------"-ს ურთიერთდამოკიდებული პირების მიერ განხორციელებული ფინანსური ოპერაციები. მათთვის უცნობია, თუ რა ინფორმაციაზე საუბრობს აუდიტის დეპარტამენტი, იყო თუ არა ეს ინფორმაცია ოფიციალური წყაროების მეშვეობით მიღებული, შესაბამისი ორგანოების მხრიდან დადგენილია თუ არა ისეთი ინფორმაცია, რამაც გავლენა მოახდინა მიმდინარე სადავო საკითხზე. შესაბამისად, ცხადია, რომ აქტი არ შეიცავს არანაირ დასაბუთებას და სრულიად ბუნდოვანი, გაურკვეველი ინფორმაცია გახდა საგადასახადო ორგანოს მხრიდან საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საფუძველი. აქტში მითითებული ზემოაღნიშნული ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, კომპანიამ 2022 წლის 25 მაისს მიმართა აუდიტის დეპარტამენტს წერილობით, თუმცა დღეის მდგომარეობით, ინფორმაცია მოწოდებული არ არის. დანართის სახით წარმოადგენს აუდიტის დეპარტამენტიდან ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით წარდგენილ წერილს (დანართი №7).

აღსანიშნავია, რომ შემმოწმებლის შეფასების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილი, თუმცა დაუსაბუთებელია აღნიშნული მუხლის გამოყენება და გაუგებარია, თუ რომელ ოპერაციას შეუცვალა საგადასახადო ორგანომ კვალიფიკაცია და რა შეფასება მიეცა კონკრეტულ ოპერაციას. შესაბამისად, უცნობია ფორმისა და შინაარსის შეუსაბამობად რა მიიჩნია შემმოწმებელმა. საგადასახადო ორგანოს მიერ აღნიშნული მუხლი გამოყენებულია ისე, რომ დასაბუთებას არ შეიცავს საგადასახადო შემოწმების აქტი, მაშინ, როდესაც საგადასახადო კოდექსის 73- ე მუხლის მე-9 ნაწილის გამოყენებაზე არსებობს სასამართლო პრაქტიკა, რომლითაც განსაზღვრულია აღნიშნული ნორმის გამოყენების საფუძვლები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის (საქმე N-------)) გადაწყვეტილებით განმარტებულია, რომ ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ სამეურნეო ოპერაცია თავისი არსით ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილი არ იძლევა მართლზომიერი გარიგების კვალიფიკაციის შეცვლის შესაძლებლობას, ის ეხება ბათილ, ნების ნაკლის მქონე გარიგებებს, მათ შორის თვალთმაქცურ და მოჩვენებით გარიგებებს და არა მართლზომიერ გარიგებებს, რომელთა შინაარსიც შეესაბამება მისივე ფორმას. ოპერაციის შინაარსის და ფორმის შესაბამისობა ურთიერთობის მარეგულირებელი კანონმდებლობით დგინდება. მხარეთა რეალური ნების შესწავლის გარეშე არ დაიშვება გარიგების კვალიფიკაციის შეცვლა. დაუშვებელია მხარის რეალური ნების იგნორირება, თუ არ არის საკმარისად დიდი ალბათობა იმისა, რომ მხარე თვალთმაქცობს ან ცდება თავისი ნების გამოხატვაში. ფორმა წარმოადგენს მხარეთა შეთანხმების კანონმდებლობით დადგენილ შინაარსს, ხოლო შინაარსი კი მხარეთა რეალურ ნებას. ამასთან, ოპერაციის ფორმისა და შინაარსის შეუსაბამობის, კვალიფიკაციის შეცვლის საჭიროების მტკიცების ტვირთი აკისრია აღნიშნულის შესახებ აქტის გამომცემ ორგანოს. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით უნდა იკვეთებოდეს/დასტურდებოდეს ისეთი გარემოების არსებობა, რომელიც მიუთითებს ნების გამოვლენის ნაკლზე, ეკონომიკური რეალობის, შინაარსის და სამართლებრივი ფორმის შეუსაბამობაზე, რაც განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო შემოწმების აქტით, შემოწმების მასალებით და ფაქტობრივი გარემოებებით არ დასტურდება.

გარდა ზემოაღნიშნულისა, მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს ასევე, შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საანგარიშო პერიოდი. კერძოდ, შემოწმების შედეგად მოგების გადასახადში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია 2019 წლის ივნისის საანგარიშო პერიოდში, მაშინ როდესაც, კომპანიის მიერ აქციების რეალიზაცია განხორციელებულია 2019 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდში და შემოწმების შედეგად ვალდებულების განსაზღვრის მომენტი რის საფუძველზე იქნა განსაზღვრული სრულიად გაუგებარია.

ამდენად, შემოსავლების სამსახურს არ უმსჯელია ოპერაციის დაბეგვრის მართებულობაზე, არ შეუფასებია ოპერაცია, უგულებელყო მათ მიერ წარდგენილი არგუმენტები და მტკიცებულებები და მათთვის კვლავ გაურკვეველია შემოწმებისა და შემოსავლების სამსახურის შეფასება სადავოდ გამხდარი ოპერაციის თაობაზე. მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ ვალდებულებების განსაზღვრისას უხეშად იქნა დარღვეული სამართლებრივი ნორმები, ხოლო საგადასახადო შემოწმების აქტი და შემოსავლების სამსახურის ბრძანება არ შეიცავს დასაბუთებას საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის შინაარსისა და მართებულობის თაობაზე.

ასევე, შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 16 ნოემბრის №28839 ბრძანებაში მითითებულია, რომ დაფუძნების დღიდან გადასახადის გადამხდელს განხორციელებული აქვს მრავალმილიონიანი ინვესტიცია, მაგრამ დამფუძნებელს არ აქვს გატანილი დივიდენდი. მათთვის გაურკვეველია შემოსავლების სამსახურის მითითება აღნიშნულზე, რამდენადაც, შემოსავლების სამსახური არ მიუთითებს რა გავლენა მოახდინა აღნიშნულმა ფაქტმა სადავო ოპერაციაზე და იმ გარემოებით, რომ კომპანიის მიერ ასევე ხორციელდება მრავალმილიონიანი ინვესტიციები, რომელი სამართლებრივი ნორმა დაარღვია კომპანიამ ან რომელი სამართლებრივი ნორმა ადგენს ვალდებულებას დივიდენდის განაწილების პერიოდის შეზღუდვის თაობაზე. ამდენად, შემოსავლების სამსახური არ ასაბუთებს აღნიშნული მითითების გავლენას სადავო ოპერაციაზე, რაც მოკლებულია შესაბამის სამართლებრივ საფუძვლებს.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 16 ნოემბრის №28839 ბრძანებას და საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრულ ვალდებულებებს, მიაჩნია რომ ვალდებულებები განსაზღვრულია არასათანადოდ მოკვლეული გარემოებებით და სამართლებრივი ნორმების უხეში დარღვევით. ამდენად, ითხოვს დამატებით დარიცხული თანხების სრულად გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია:

ა) განაწილებული მოგება;

ბ) გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის;

გ) უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა. საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ, 2018 წლის დეკემბრის თვეში, განხორციელდა 134 735 828.29 ლარის ღირებულების თურქული კომპანიის N1 აქციების შეძენა თურქეთის საფონდო ბირჟაზე კომპანია N2 ის დახმარებით.

თურქული კომპანია N1-ს აქციების ღირებულება 2018 წლის დასაწყისში შეადგენდა 0.74 თურქულ ლირას, ხოლო 2019 წლის დასაწყისში 0.94 თურქულ ლირას. გადასახადის გადამხდელმა აქციები იყიდა 2018 წლის დეკემბერში, როცა აქციების ფასმა მიაღწია პიკს, ხოლო რეალიზაცია განახორციელა 2019 წლის ივნისის თვეში, რომლის შედეგად მიღებულმა ზარალმა შეადგინა 112 087 587.67 ლარი.

საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე დადგენილია, რომ დაფუძნების დღიდან გადასახადის გადამხდელს განხორციელებული აქვს მრავალმილიონიანი ინვესტიცია, ამავე დროს საწარმოს არ გაუნაწილებია დივიდენდი.

აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, გადასახადის გადამხდელის მიერ აქციების შესყიდვა და მისი რეალიზაცია, ამ ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, წარმოადგენს ერთ ოპერაციას, რომელიც დაიწყო 2018 წლის დეკემბერში და დასრულდა 2019 წლის ივნისის თვეში და რომლის მიზანი არ ყოფილა მოგების მიღება. აღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები მოგების გადასახადში განისაზღვრა, როგორც აქციების შეძენაზე გაწეულ ხარჯსა და მის საბაზრო ღირებულებას შორის სხვაობა, ხოლო ხარჯი მიკუთვნებულია 2019 წლის ივნისის საანგარიშო პერიოდს.

აღნიშნულიდან გამოდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელს გაწეული აქვს ხარჯი, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ეკონომიკურ საქმიანობასთან. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

 

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრულ ვალდებულებებს, მიაჩნია რომ ვალდებულებები განსაზღვრულია არასათანადოდ მოკვლეული გარემოებებით და სამართლებრივი ნორმების უხეში დარღვევით.

ითხოვს დამატებით დარიცხული თანხების სრულად გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გამოიკვეთა გადასახადის გადამხდელის ურთიერთდამოკიდებული პირების მიერ განხორციელებული ფინანსური ოპერაციები.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 97-ე და 98-ე მუხლების საფუძველზე, გაწეულ ხარჯსა და საბაზრო ღირებულებას შორის სხვაობა დაიბეგრა მოგების გადასახადით.

გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელს გაწეული აქვს ხარჯი, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ეკონომიკურ საქმიანობასთან. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

96 ("ა"),97(1),982(1 "ბ")