ბრძანება N 9772
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 9772
04.05.2023
ი/მ „----------“ (ს/ნ ----------)
(მის.: ----------)
2023 წლის 13 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 18 აპრილის სხდომაზე (ოქმი №41) განიხილა ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 13 იანვრის №78016/1/2023 საჩივარი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 23 დეკემბრის №007-362 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდით. მიუთითებს, რომ 2019-2022 წლების საანგარიშო პერიოდებზე მეწარმის მიერ დეკლარირებული ფასნამატი თანხვედრაშია დოკუმენტურ და ინვენტარიზაციით დადგენილ ფასნამატთან, შესაბამისად, შემოწმების აქტი მოკლებულია დასაბუთებას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შესაძლებლობასა და მართლზომიერებაზე. ასევე მიუთითებს, რომ ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი მონაცემები შეიცავს მთელ რიგ უზუსტობას როგორც საბაზრო ფასის განსაზღვრისას, ასევე თვითღირებულებების კომპონენტებში და ითხოვს აღნიშნული მონაცემების სისწორის შემოწმებას გადამხდელის უშუალო მონაწილეობით.
2. გადამხდელი ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 11 თებერვლის №3231 და 15 დეკემბრის №31631 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 19 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 23 დეკემბრის №32581 ბრძანება და ამავე თარიღის №007-362 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 146 067 ლარი, მათ შორის გადასახადი 90 662 ლარი, ჯარიმა 45 303 ლარი, საურავი 10 102 ლარი.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
ი/მ „----------“ საქმიანობის სახეს წარმოადგენს სხვადასხვა სამეურნეო საქონლით (სამშენებლო-სარემონტო მასალები) ვაჭრობა. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესყიდვას ახორციელებს ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე. გადასახადის გადამხდელს ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები აქვს პროგრამა ორისში, თუმცა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამით და ინფორმაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, კერძოდ არ ხდება კონტროლი ოპერაციის დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე სასაქონლომატერიალური ფასეულობების მოძრაობის ნაწილში. საცალო რეალიზაციების შემთხვევაში სმფ-ების ჩამოწერა ხორციელდება საანგარიშო პერიოდის ბოლოს და ვერ ხდება ჩამოწერილი და საცალოდ რეალიზებული პროდუქციის იდენტიფიცირება და დაკავშირება. გადამხდელს უფიქსირდება, როგორც დოკუმენტური, ასევე საცალო რეალიზაციები. დოკუმენტური რეალიზაციის წილი მთლიან ბრუნვაში შეადგენს 33%. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 21 ივნისის №15683 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ „----------“ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. საინვენტარიზაციო კომისიის მიერ განხორციელდა გადამხდელის კუთვნილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მხოლოდ ფაქტიური ნაშთის აღწერა. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, 2019-2021 წლების საანგარიშო პერიოდებზე შემოწმება დაეყრდნო მეწარმის მიერ წარდგენილ საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში დაფიქსირებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყის და საბოლოო ნაშთებს, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს აღებულ იქნა მეწარმესთან ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი სმფ-ების ნაშთი. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებულმა ფასნამატმა შეადგინა 25%, რაც შესაბამისობაშია დოკუმენტურ ფასნამატთან, ხოლო ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა 23.55%- იანი ფასნამატი. ზემოაღნიშნული მონაცემების საფუძველზე განისაზღვრა მეწარმის დასაბეგრი შემოსავლები, კერძოდ 2019-2021 წლების საანგარიშო პერიოდზე არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავლები თანხვედრაშია პირის მიერ დეკლარირებულ მონაცემებთან, ხოლო 2022 წლის საანგარიშო პერიოდზე გადასახადის გადამხდელი მიერ დაფიქსირებული რპთ არ ედრება შემოწმების მიერ დადგენილ მონაცემებს, რამაც გამოიწვია მეწარმის დასაბეგრი შემოსავლების გაზრდა აღნიშნულ პერიოდზე. შედეგად, გამოვლენილი სხვაობებით გაიზარდა პირის მიერ 2022 წლის საანგარიშო პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
ამასთან, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ 2021 წლის ერთობლივ შემოსავალში დაფიქსირებული თანხა არ ედრება იმავე პერიოდის დღგ-ის დეკლარირებულ ბრუნვას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 და 102-ე მუხლების გათვალისწინებით, გაიზარდა მეწარმის 2021 წლის ერთობლივი შემოსავალი. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე): ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხევდით, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომ გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი ბუღალტრული პროგრამით და ინფორმაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, არ ხდება კონტროლი ოპერაციის დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მოძრაობის ნაწილში, ამასთან, საცალო რეალიზაციების შემთხვევაში სმფ-ების ჩამოწერა ხორციელდება საანგარიშო პერიოდის ბოლოს და ვერ ხდება ჩამოწერილი და საცალოდ რეალიზებული პროდუქციის იდენტიფიცირება და დაკავშირება. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები.
საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 21 ივნისის №15683 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ „----------“ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რის საფუძველზეც განხორციელდა გადამხდელის კუთვნილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მხოლოდ ფაქტიური ნაშთის აღწერა. 2019-2021 წლების საანგარიშო პერიოდებზე შემოწმება დაეყრდნო მეწარმის მიერ წარდგენილ საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში დაფიქსირებულ სასაქონლომატერიალური ფასეულობების საწყის და საბოლოო ნაშთებს, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს აღებულ იქნა მეწარმესთან ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი სმფ-ების ნაშთი. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებულმა ფასნამატმა შეადგინა 25%, რაც შესაბამისობაშია დოკუმენტურ ფასნამატთან, ხოლო ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა 23.55%-იანი ფასნამატი. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2022 წლის საანგარიშო პერიოდზე გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება და აღნიშნულის მიხედვით გაანგარიშებული შემოსავალები არ ედრება შემოწმების მიერ დადგენილ მონაცემებს, კერძოდ 2022 წლის საანგარიშო პერიოდზე შემოწმების მიერ გაიზარდა რპთ და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ რპთ-ს და შემოწმების მიერ დადგენილ რპთ-ს შორის სხვაობაზე გავრცელდა ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატი. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ დღგ-ს და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები მართლზომიერია.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, −იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, −იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, −იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
22 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, −იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდით.
2. გადამხდელი ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელთან ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რის საფუძველზეც განხორციელდა გადამხდელის კუთვნილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მხოლოდ ფაქტიური ნაშთის აღწერა. 2019-2021 წლების საანგარიშო პერიოდებზე შემოწმება დაეყრდნო მეწარმის მიერ წარდგენილ საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში დაფიქსირებულ სასაქონლომატერიალური ფასეულობების საწყის და საბოლოო ნაშთებს, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს აღებულ იქნა მეწარმესთან ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი სმფ-ების ნაშთი. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებულმა ფასნამატმა შეადგინა 25%, რაც შესაბამისობაშია დოკუმენტურ ფასნამატთან, ხოლო ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა 23.55%-იანი ფასნამატი. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2022 წლის საანგარიშო პერიოდზე გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება და აღნიშნულის მიხედვით გაანგარიშებული შემოსავალები არ ედრება შემოწმების მიერ დადგენილ მონაცემებს, კერძოდ 2022 წლის საანგარიშო პერიოდზე შემოწმების მიერ გაიზარდა რპთ და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ რპთ-ს და შემოწმების მიერ დადგენილ რპთ-ს შორის სხვაობაზე გავრცელდა ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატი.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 100(1); 102(1„ა“); 159(1„ა“ „ბ“); 168(1); 272; 275,