გადაწყვეტილება №26038/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№26038/2/2025
21 ნოემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“ )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,14.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“-ის 17.10.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26038/2/2025).
დავის საგანი:
1. არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე განსაზღვრული ფასნამატი;
2. გაანგარიშებული ფულის ნაშთის უსწორობა და დაბეგვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 9.07.2025 წლის №039-19 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 24.09.2025 წლის №20781 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 918 292.59 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 580 847.73
დღგ - 263 942.13
საშემოსავლო გადასახადი - 316 905.60
ჯარიმა - 290 424.10
საურავი - 47 020.76
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა იმპორტირებული საქონლით (ძირითადად ტანსაცმლით) ვაჭრობა ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 28.11.2023 წლიდან 1.04.2025 წლამდე პერიოდის, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 30 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 8 ივლისის № 15437 ბრძანება და 9 ივლისის №039-19 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 24.09.2025 წლის №20781 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე განსაზღვრული ფასნამატი
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 25 მაისს №17181 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ გადასახადის გადამხდელთან დაკავშირება ვერ განხორციელდა, შედეგად, სალაროს ნაღდი ფულის ნაშთი განისაზღვრა ნულით. ვინაიდან, შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, შესაბამისად არ არის წარდგენილი არანაირი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, საგადასახადო კოდექსის 49-ე და 136-ე მუხლების, ასევე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, გაანგარიშდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, საქონლის კატეგორიების მიხედვით, რომელზეც გავრცელდა ახლომდებარე ტერიტორიაზე, ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიის აუდირებული ფასნამატი, რომელმაც საშუალოდ შეადგინა 56%.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გაანგარიშდა შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოში საჩივრის განხილვა ჩანიშნული იყო მომჩივნის მონაწილეობით 2025 წლის 11 სექტემბერს 16:45 საათზე, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია დავის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 160-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომ შემოწმების პროცესში საქონლის თვითღირებულება, რომელზეც მოხდა აუდირებული ფასნამატის გავრცელება, გაანგარიშდა საინვოისო ღირებულების შესაბამისად და არა საბაჟოზე აფასებული ღირებულებიდან. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე, მისივე დოკუმენტური ფასნამატის გამოყენებასთან დაკავშირებით, აღნიშნავს, რომ ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან დოკუმენტური რეალიზაცია მთლიან ბრუნვაში შეადგენდა 5%-ზე ნაკლებს და დოკუმენტური რეალიზაციიდან შეუძლებელი იყო ფასნამატის განსაზღვრა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
სადავო აქტების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ შემმოწმებელმა ფასნამატი გამოიყენა იმპორტის დროს საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის აფასებულ ღირებულებებზე, რაც დაუშვებელია, ვინაიდან საქონლის თვითღირებულება არის მისი საინვოისო ღირებულება და არა აფასებული ღირებულება, რომელიც გამოიყენება მხოლოდ საბაჟო მიზნებისათვის, იმპორტის გადასახდელების განსაზღვრისათვის. შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები და დამატებით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დღგ. კერძოდ, აღებულ იქნა სხვა მსგავსი კომპანიის მიერ მიღებული ბრუნვები. მათთვის უცნობია რომელი კომპანიის ბრუნვები იქნა აღებული, რამდენად არის აღნიშნული კომპანიის საქმიანობა მათი იდენტური, ვისგან იძენს და რა ხარისხის საქონელს ყიდის აღნიშნული კომპანია და ა.შ. შემოწმების პროცესში და არც შემოსავლების სამსახურში დავის ეტაპზე აღნიშნული ინფორმაცია არ მიწოდებიათ, იმ მოტივით, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის საგადასახადო საიდუმლოება. ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არარის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
ასევე გაუგებარია თუ, რატომ აიღო შემმოწმებელმა სხვა კომპანიის ფასნამატი და არ გამოიყენა საცალო რეალიზაციაზე დოკუმენტალური ფასნამატი. არსებობს არაერთი გადაწყვეტილება, სადაც გაცილებით ნაკლები აუდირებული ფასნამატი იქნა გამოყენებული, მაგალითად შპს „N1“- ის საგადასახადო შემოწმებისას, რომელიც ვაჭრობს იდენტური საქონლით, შემოწმების მიერ, ამ უკანასკნელზე გავრცელდა ფასნამატი 26%. თუ ერთი და იგივე პერიოდში, ერთი და იგივე საქონლის ვაჭრობისას ერთ გადასახადის გადამხდელზე ვრცელდება 26%-იანი ფასანამატი, მაშინ რატომ ვრცელდება მეორე გადამხდელზე გაცილებით უფრო მაღალი ფასანამატი.
არსებობს ასევე სხვა არაერთი გადაწყვეტილება სადაც აუდირებული ფასნამატი შეადგენს 12%-ს. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილზე მითითებით აღნიშნავს, რომ საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას.
2. გაანგარიშებული ფულის ნაშთის უსწორობა და დაბეგვრა
ფაქტების აღწერა
შემოწმების შედეგად, საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით, ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან, ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების მოთხოვნების შესაბამისად და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაცია/დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, გაანგარიშდა კომპანიის ფულადი სახსრების მოძრაობა, განულებულ იქნა დებიტორული და კრედიტორული დავალიანებები, ასევე, გათვალისწინებულ იქნა ბიუჯეტში გადახდილი თანხები და საანგარიშო პერიოდის ბოლოს დარჩენილი ფულადი ნაშთი 1 267 622 ლარი ჩაითვალა დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების თანახმად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
დაფიქსირებულია პირველი სადავო საკითხის ნაწილში.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების პროცესში ფულის ნაშთი გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, შემოსავალში გათვალისწინებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავალი, ხარჯში კი ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი და ბიუჯეტში გადახდები, ხოლო დარჩენილი ფულის ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
როგორც აღნიშნა, არასწორად იქნა გაანგარიშებული კომპანიის ფასნამატი, რამაც განაპირობა არასწორი/ვირტუალური ფულის ნაშთის დადგენა. ასევე, არასწორი ვირტუალური ფულის ნაშთის ე.წ. „აგროსვა“ და არარსებული ფულის 20%-ის ნაცვლად 25%-ით დაბეგვრა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 25 მაისს №17181 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული პროცედურის, სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მასალების მიხედვით დადგინდა, რომ ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს 0 ლარს. ამდენად, კომპანიის საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, გაანგარიშდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, საქონლის კატეგორიების მიხედვით, რომელზეც გავრცელდა ახლომდებარე ტერიტორიაზე, ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიის აუდირებული ფასნამატი. შესაბამისად, გაანგარიშდა შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ. ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაცია/დოკუმენტაციაზე დაყრდნობით გაანგარიშდა კომპანიის ფულადი სახსრების მოძრაობა, განულდა დებიტორული და კრედიტორული დავალიანებები, გათვალიწინებულ იქნა ბიუჯეტში გადახდილი თანხები და საანგარიშო პერიოდის ბოლოს დარჩენილი ფულადი ნაშთი ჩაითვალა დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად, რომელიც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციასთან დაკავშირებით, საყურადღებოა შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაში დაფიქსირებული აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაცია, რომ შემოწმების პროცესში საქონლის თვითღირებულება, რომელზეც მოხდა აუდირებული ფასნამატის გავრცელება გაანგარიშდა საინვოისო ღირებულების შესაბამისად და არა საბაჟოზე აფასებული ღირებულებიდან. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა მისივე დოკუმენტური ფასნამატის გამოყენებასთან დაკავშირებით, ვერ იქნა გაზიარებული, ვინაიდან დოკუმენტური რეალიზაცია მთლიან ბრუნვაში შეადგენდა 5%-ზე ნაკლებს და დოკუმენტური რეალიზაციიდან შეუძლებელი იყო ფასნამატის განსაზღვრა.
საბჭო მიუთითებს, რომ საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტს წარმოადგენს დასაბეგრი შემოსავალი, სადაც სადავო შემთხვევაში ჩართული იქნა კომპანიის მიერ მიღებული შემოსავალი დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯის გამოკლებით. აღნიშნული წარმოადგენს ფიზიკური პირის მიერ მიღებულ შემოსავალს. საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა განისაზღვრება საშემოსავლო გადასახადის და ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების მიზნებისთვის დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის დარიცხვამდე აყვანილი თანხიდან განხორციელდა მართლზომიერად.
აღსანიშნავია, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის არცერთ ეტაპზე არ წარუდგენია და არც ამჟამად წარმოდგენს ისეთ არგუმენტს ანდა მტკიცებულებას, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი გახდებოდა.
ამასთან, როგორც შემოსავლების სამსახურში, ასევე დავების განხილვის საბჭოში დავის განხილვისას, მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა საჩივრის განხილვის პროცესს და დამატებით წარმოედგინა არგუმენტაცია/მტკიცებულებები, თუმცა მომჩივანი არ დაესწრო დავის განმხილველ სხდომებს.
საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.მომჩიანი არ ეთანხმება მიღებულ გადაწყვეტილებას.
2.მომჩივანი აღნიშნავს,რომ არასწორად იქნა გაანგარიშებული კომპანიის ფასნამატი, რამაც განაპირობა არასწორი/ვირტუალური ფულის ნაშთის დადგენა. ასევე, არასწორი ვირტუალური ფულის ნაშთის ე.წ. „აგროსვა“ და არარსებული ფულის 20%-ის ნაცვლად 25%-ით დაბეგვრა.
ფაქტობრივი გარემოებები
1.საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ გადამხდელთან დაკავშირება ვერ განხორციელდა, შედეგად, სალაროს ნაღდი ფულის ნაშთი განისაზღვრა ნულით.სსკ-ის 49-ე და 136-ე მუხლების, ასევე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, გაანგარიშდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, საქონლის კატეგორიების მიხედვით, რომელზეც გავრცელდა ახლომდებარე ტერიტორიაზე, ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიის აუდირებული ფასნამატი, რომელმაც საშუალოდ შეადგინა 56%. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გაანგარიშდა შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადამხდელს დაერიცხა დღგ და განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
2.შემოწმების შედეგად,გაანგარიშდა კომპანიის ფულადი სახსრების მოძრაობა, განულებულ იქნა დებიტორული და კრედიტორული დავალიანებები, ასევე, გათვალისწინებულ იქნა ბიუჯეტში გადახდილი თანხები და საანგარიშო პერიოდის ბოლოს დარჩენილი ფულადი ნაშთი ჩაითვალა დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად და სსკ-ის 101-ე და 154-ე მუხლების თანახმად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(9),101,154,163,164.