ბრძანება N 18045

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 05.08.2024
№ დოკუმენტი 18045
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 18045

05 აგვისტო 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------“-ის (ს/ნ-------------)

(მის.:---------------------------------)

2024 წლის 17 ივლისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 25 ივლისის სხდომაზე (ოქმი №80) განიხილა შპს „----------“-ის (ს/ნ-------------) 2024 წლის 17 ივლისის №90759/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 18 ივნისის №002-110 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ შემოწმების მიერ ფულის მოძრაობის გაანგარიშებისას ხარჯად არ იქნა გათვალისწინებული ტენდერებით გაწეული სამუშაოებისთვის ფიზიკური პირებისგან ფაქტობრივად შეძენილი მასალების ღირებულება.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ 2023 წლის ნოემბრის თვეში საწარმოს დეკლარირებული აქვს მანქანის გაყიდვით მიღებული თანხა 10 000 ლარი დღგ-ის ჩათვლით. აცხადებს, რომ აღნიშნული დეკლარაცია დაკორექტირდა 2024 წლის თებერვალში, რადგან მყიდველმა ამ დროს გადაუხადა თანხა და გადამხდელმა არ იცოდა რომ დადეკლარირება უნდა მომხდარიყო გაყიდვის დროს.

3. გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ არ იქნა გათვალისწინებული საწარმოს ბალანსზე მყოფ მანქანებზე გამოწერილი საპატრულო ჯარიმები.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 4 მარტის №4783 და 26 მარტის №6601 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“-ის (ს/ნ-------------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურის მიზნებისთვის 2024 წლის 8 თებერვლის ჩათვლით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 20 მაისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 18 ივნისის №14233 ბრძანება და ამავე თარიღის №002-110 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 155 436 ლარი, მათ შორის, გადასახადი 93 251 ლარი, ჯარიმა 50 169 ლარი და საურავი 12 016 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

1. შემოწმების მიერ, შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის შესახებ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები და სხვა ხელთ არსებული მასალები, რომლის მიხედვით გაანგარიშდა ფულის მოძრაობა და განისაზღვრა ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც გადამხდელს სალაროში უნდა უფიქსირდებოდეს. 2024 წლის 8 თებერვალს ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, შედეგად კომპანიის სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი არ გამოვლინდა. ამასთან, შპს „----------“-ს (ს/ნ-------------)შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს გაცემული დივიდენდები, არ არსებობს გადამხდელის მიერ სალაროს ნაშთის გამოყენების მიზნობრიობის შესახებ მონაცემები. შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე (მე-5 და მე-9 ნაწილი), 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით, გამოვლენილი ფულის ნაშთი ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. გადასახადის გადამხდელის მიერ, შემოწმების ფარგლებში წარმოდგენილ იქნა ამონაწერები სს -------- ბანკიდან. აღნიშნულის დამუშავების შედეგად ირკვევა, რომ კომპანიას გაწეული აქვს მომსახურებები თვითმმართველი ერთეული -------ის მუნიციპალიტეტისთვის, შპს „-----თვის“ (ს/ნ --------), ფ/პ ----------სათვის (პ/ნ ----------), ფ/პ ---------სათვის (პ/ნ -----------), რომლის ფარგლებშიც უნაღდო ანგარიშსწორებით მიღებული აქვს 70 315 ლარი და არ აქვს ასახული შესაბამისი პერიოდის დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციებში. ამასთან, 2023 წლის ნოემბრის საანგარიშო პერიოდში საწარმოს რეალიზებული აქვს სპეც-ტექნიკა და არ აქვს ასახული დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციაში. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე და 1601 მუხლების საფუძველზე, კომპანიას დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

3. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების ფარგლებში წარმოდგენილ იქნა ამონაწერები სს ------- ბანკიდან. აღნიშნულის დამუშავების შედეგად, ირკვევა, რომ კომპანიის ბიზნეს ბარათით შეძენილია საქონელი პირადი მოხმარებისათვის, კერძოდ: აფთიაქებში, კვების ობიექტებში და მარკეტებში, ასევე გადახდილია პატრულის ჯარიმები. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე და 982 მუხლების შესაბამისად, კომპანიას დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს, გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გაანგარიშდა ფულის მოძრაობა და განისაზღვრა ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც გადამხდელს სალაროში უნდა უფიქსირდებოდეს. 2024 წლის 8 თებერვალს ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, შედეგად კომპანიის სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი არ გამოვლინდა. ამასთან, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს გაცემული დივიდენდები, არ არსებობს გადამხდელის მიერ სალაროს ნაშთის გამოყენების მიზნობრიობის შესახებ მონაცემები. შემოწმების მიერ გამოვლენილი ფულის ნაშთი ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

აგრეთვე, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ, შემოწმების პროცესში წარდგენილია დავის წარმოების ეტაპზე საჩივარზე თანდართული ცხრილი, სადაც გაშიფრულია ფორმა 2-ებით გათვალისწინებული დანახარჯები და შედარებულია დოკუმენტურ შეძენასთან. რაც გათვალისწინებულია შემოწმების ეტაპზე, კერძოდ, ფულადი სახსრების ნაშთის გაანგარიშებისას ხარჯად გათვალისწინებულ იქნა გამოვლენილი სხვაობის (მცირე კორექტირებით - 12 000 ლარი, რაზეც მიღებული იყო სასაქონლო ზედნადები) 75%.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ ფულის მოძრაობის გაანგარიშების შედეგად გამოვლენილი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადში ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერია. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, რომლის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

ამავე კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ კომპანიას 2023 წლის ნოემბრის საანგარიშო პერიოდში რეალიზებული აქვს სპეც-ტექნიკა, რაც არ აქვს ასახული შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციით დგინდება, რომ შემოწმების მიერ, ავტომობილის რეალიზაციის თარიღად მიჩნეულია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაფორმების მომენტი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა და შესაბამისად, დღგ-ში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერია. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8-91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოგების გადასახადის განაკვეთია 15 პროცენტი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ კომპანიის ბიზნეს ბარათით შეძენილია საქონელი პირადი მოხმარებისათვის, კერძოდ: აფთიაქებში, კვების ობიექტებში და მარკეტებში, ასევე გადახდილია პატრულის ჯარიმები, რომელიც შემოწმებით განხილულ იქნა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშრებელ ხარჯად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ შემოწმების მიერ ნაღდი ფულის ნაშთის გაანგარიშებისას გათვალისწინებულია მოგების გადასახადით დაბეგრილი თანხა სრულად 6 630 ლარი, მათ შორის საპატრულო ჯარიმები, ღირებულებით 1 721 ლარი. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ მოგების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები მართლზომიერია. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მესამე სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------“-ის (ს/ნ-------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ შემოწმების მიერ ფულის მოძრაობის გაანგარიშებისას ხარჯად არ იქნა გათვალისწინებული ტენდერებით გაწეული სამუშაოებისთვის ფიზიკური პირებისგან ფაქტობრივად შეძენილი მასალების ღირებულება. ასევე შემოწმების მიერ არ იქნა გათვალისწინებული საწარმოს ბალანსზე მყოფ მანქანებზე გამოწერილი საპატრულო ჯარიმები. არ ეთანხმება დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №4783 და №6601 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურის მიზნებისთვის 2024 წლის 8 თებერვლის ჩათვლით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №14233 ბრძანება და №002-110 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 155 436 ლარი.

სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით შემოწმების მიერ, შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის შესახებ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები და სხვა ხელთ არსებული მასალები, რომლის მიხედვით გაანგარიშდა ფულის მოძრაობა და განისაზღვრა ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც გადამხდელს სალაროში უნდა უფიქსირდებოდეს. 2024 წლის 8 თებერვალს ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, შედეგად კომპანიის სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი არ გამოვლინდა. ასევე,მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს გაცემული დივიდენდები, არ არსებობს გადამხდელის მიერ სალაროს ნაშთის გამოყენების მიზნობრიობის შესახებ მონაცემები. შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე (მე-5 და მე-9 ნაწილი), 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით, გამოვლენილი ფულის ნაშთი ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად.გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

ამასთან,გადასახადის გადამხდელის მიერ, წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად ირკვევა, რომ კომპანიას გაწეული აქვს მომსახურებები , რომლის ფარგლებშიც უნაღდო ანგარიშსწორებით მიღებული აქვს თანხები,რომელიც არ აქვს ასახული შესაბამისი პერიოდის დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციებში. ასევე, 2023 წლის ნოემბრის საანგარიშო პერიოდში საწარმოს რეალიზებული აქვს სპეც-ტექნიკა და არ აქვს ასახული დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციაში. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე და 1601 მუხლების საფუძველზე, კომპანიას დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

ასევე ირკვევა,რომ გადასახადის გადამხდელს კომპანიის ბიზნეს ბარათით შეძენილია საქონელი პირადი მოხმარებისათვის, ასევე გადახდილია პატრულის ჯარიმები. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე და 982 მუხლების შესაბამისად, კომპანიას დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

გადაწყვეტილება

საქმეში არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მესამე სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“.9„ბ“); 97(1 „ბ“); 982(1 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“.2 „ა“ და „ბ“); 159(1); 163(1 და მე-2); 164(1); 168(1);