ბრძანება N 5983

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 27.03.2023
№ დოკუმენტი 5983
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 5983

27.03.2023

ი/მ ---------- (ს/ნ ----------)

(ფაქტ. მის.:----------

იურ. მის.: ----------)

2023 წლის 9 იანვრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის პირველი მარტის სხდომაზე (ოქმი №20) განიხილა ი/მ ----------

(ს/ნ----------) 2023 წლის 9 იანვრის №77873/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 15 დეკემბრის №002-227 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხი: გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 11 თებერვლის №3291 და 7 დეკემბრის №30808 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ----------ის (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2022 წლის 6 ივლისის ჩათვლით. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 13 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 15 დეკემბრის №31581 ბრძანება და ამავე თარიღის №002-227 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 1 138 560 ლარი, მათ შორის, გადასახადი 641 743 ლარი, ჯარიმა 281 457 ლარი, საურავი 215 360 ლარი.

სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

გადამხდელის საქმიანობის სახეა ორცხობილების და მშრალი ნამცხვრების წარმოება, ხანგრძლივი შენახვის ცომეული საკონდიტრო ნაწარმის ნამცხვრების წარმოება. კერძოდ, ქ. ------------- მდებარე ობიექტში აწარმოებს დაახლოებით 20 სახეობის ნამცხვარს (--------, და სხვა). გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, დარღვეული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 136-ე მუხლების მოთხოვნები. შესამოწმებელ პერიოდში დაჯარიმებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლით ზედნადების გარეშე პროდუქციის ტრანსპორტირებისათვის და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით ორჯერ (დაქირავებულ პირთა რეესტრის არასწორად შევსებისთვის). ასევე შესამოწმებელ პერიოდში პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით და საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა 12 მზა პროდუქციის კალკულაცია, რომელშიც ასახულია თუ რა რაოდენობის ნედლეულია საჭირო თითოეული პროდუქციის საწარმოებლად. აღნიშნული კალკულაციების დამუშავების შედეგად დადგინდა, რა რაოდენობის ნედლეული იყო საჭირო რეალიზებული მზა პროდუქციის საწარმოებლად შესამოწმებელ პერიოდში. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა სასაქონლომატერიალური ფასეულობების და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია, რომლის შედეგადაც დადგინდა ინვენტარიზაციის დროს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი. შეძენილი სმფების და გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული კალკულაციებით განსაზღვრული გამოსავლიანობის გათვალისწინებით გაანგარიშდა შესამოწმებელ პერიოდში წარმოებული მზა პროდუქციის რაოდენობა, რომელიც აღემატება გადამხდელის მიერ დოკუმენტურად რეალიზებული მზა პროდუქციის მოცულობას. შემოწმების მიერ მზა პროდუქციის წარმოების გაანგარიშებისას გათვალისწინებულია თუ რომელი მზა პროდუქცია რა რაოდენობით იყო რეალიზებული შესამოწმებელ პერიოდში და დარჩენილი ნედლეული წარმოებაში ჩართულია რეალიზებული მზა პროდუქციის სახეობების პროპორციულად. შემოწმების მიერ დადგენილმა შემოსავალმა გადააჭარბა გადამხდელის მიერ დეკლარირებულ შემოსავალს, ასევე, გაიზარდა საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა კომპანიის დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა. შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც. გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ შემოწმების ეტაპზე ვერ განხოციელდა შესაბამისი კომუნიკაცია შემოწმებასთან და ვერ მიაწოდა ინფორმაცია პროდუქციის კალკულაციებთან, ფასნამატთან, სხვადასხვა ხარჯებთან დაკავშირებით. შესაბამისად არასწორად არის გაანგარიშებული დასარიცხი თანხები, ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას და მიუთითებს, რომ წარადგენს პროდუქციის კალკულაციებს და ხარჯების დამადასტურებელ დოკუმენტებს. ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აღნიშნული სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, სადავო საკითხი შეისწავლოს, როგორც გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების, ასევე, ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირის მიმართ დადგენილი მონაცემების მიხედვით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ი/მ ---------- (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, სადავო საკითხი შეისწავლოს, როგორც გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების, ასევე, ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირის მიმართ დადგენილი მონაცემების მიხედვით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელის საქმიანობის სახეა ორცხობილების და მშრალი ნამცხვრების წარმოება. გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა სასაქონლომატერიალური ფასეულობების და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია, რომლის შედეგადაც დადგინდა ინვენტარიზაციის დროს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი. შეძენილი სმფების და გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული კალკულაციებით განსაზღვრული გამოსავლიანობის გათვალისწინებით გაანგარიშდა შესამოწმებელ პერიოდში წარმოებული მზა პროდუქციის რაოდენობა, რომელიც აღემატება გადამხდელის მიერ დოკუმენტურად რეალიზებული მზა პროდუქციის მოცულობას. შემოწმების მიერ მზა პროდუქციის წარმოების გაანგარიშებისას გათვალისწინებულია თუ რომელი მზა პროდუქცია რა რაოდენობით იყო რეალიზებული შესამოწმებელ პერიოდში და დარჩენილი ნედლეული წარმოებაში ჩართულია რეალიზებული მზა პროდუქციის სახეობების პროპორციულად. შემოწმების მიერ დადგენილმა შემოსავალმა გადააჭარბა გადამხდელის მიერ დეკლარირებულ შემოსავალს, ასევე, გაიზარდა საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა კომპანიის დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, დღგ

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;73(5);100;102;160;161;158;159;163;164