ბრძანება N 11417
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 11417
25 მაისი 2026
ბრძანება
შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
(ფაქტ. მის.:„-------“)
2026 წლის 29 აპრილის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 7 მაისის სხდომაზე (ოქმი №37) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) 2026 წლის 29 აპრილის №102046/1/2026 საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის პირველი აპრილის №227-9 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გაანგარიშებულ ფასნამატს. აცხადებს, რომ შემოწმებას უნდა გამოეყენებინა აუდირებული დოკუმენტური ფასნამატი ან მხოლოდ საქონლის ერთი ჯგუფის (ვარდების ჯგუფი) მიხედვით, არაორდინალური ფასების/ფასნამატებისა და ურთიერთდამოკიდებულ პირებთან ოპერაციების მონაწილეობის გარეშე გამოანგარიშებული დოკუმენტური ფასნამატი. განმარტავს, რომ დოკუმენტური რეალიზაციის ხვედრითი წილი რპთ-ში საშუალოდ მხოლოდ 8,26%-ია, ხოლო ყველაზე მაღალი არის ვარდზე (თითქმის 12%). მიუთითებს, რომ შემოწმების მიერ ფასნამატის გაანგარიშებისას მონაწილეობს არაორდინალური ფასნამატები, კერძოდ, ვარდის საშუალო ფასნამატის გაანგარიშებაში მონაწილეობას იღებს 101%, 112%, 294%-იანი ფასნამატები, ხოლო მიხაკის შემთხვევაში 355%, 733%, 770%, 959%-იანი ფასნამატები. აღნიშნავს, რომ ყველა ჯგუფში ფასნამატის გაანგარიშებაში მონაწილეობს ურთიერთდამოკიდებულ პირთან განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაციები (რომელთა ხვედრითი წილი 2023-2025 წლების დოკუმენტურ რეალიზაციაში არის 13,6%) და ორ მეწარმესთან განხორციელებული ოპერაციები (რომელთა ხვედრითი წილი დოკუმენტურ რეალიზაციაში შეადგენს 57%-ს). მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებებზე, რომლის მიხედვით, ყვავილებზე დოკუმენტური ფასნამატი შეადგენს 10-17%-ს, ხოლო ვარდზე გავრცელებულია 12%-იანი აუდირებული ფასნამატი. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს გამოყენებულ იქნეს აუდირებული დოკუმენტური ფასნამატი, ხოლო თუ მიზანშეწონილად ჩაითვლება საკუთარი დოკუმენტური ფასნამატის გამოყენება, მეთოდური მითითების მოთხოვნების გათვალისწინებით, გაანგარიშდეს ყველაზე იდენტიფიცირებადი, საერთო რაოდენობაში ყველაზე მეტი ხვედრითი წილის და მეტი დოკუმენტური რეალიზაციის მქონე საქონლის, კერძოდ, ვარდის ფასნამატი და გავრცელდეს დანარჩენ პროდუქციაზე.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას, კერძოდ, შემოსავლებსა და ხარჯებს შორის სხვაობის სახელფასო განაცემად დაკვალიფიცირებას. მიაჩნია, რომ აღნიშნული სხვაობა უნდა დაიბეგროს მოგების გადასახადით. ასევე, მიაჩნია, რომ სხვაობის თანხის სახელფასო განაცემად დაკვალიფიცირების შემთხვევაში აღნიშნული თანხა უნდა განხილულიყო დასარიცხ თანხად, კერძოდ, აგროსვას არ უნდა დაქვემდებარებოდა, რადგან კომპანია ვერ დარიცხავდა იმ სახელფასო თანხას, რომელიც რეალურად არ გააჩდა. განმარტავს, რომ ვინაიდან, თანხა არ არის სახეზე და გახარჯულია, მაგრამ გახარჯვის კავშირი ეკონომიკურ საქმიანობასთან არ დგინდება, სხვაობა უნდა დაკვალიფიცირდეს როგორ გაწეული ხარჯი, რომელიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 18 თებერვლის №3659 და 23 მარტის №6163 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „--------“ (ს/ნ „--------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის 13 იანვრიდან 2026 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2026 წლის 19 თებერვლის ჩათვლით პერიოდი. შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 31 მარტს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის პირველი აპრილის6 №7483 ბრძანება და ამავე თარიღის №227-9 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 281 019 ლარი, მათ შორის, გადასახადი 172 757 ლარი, ჯარიმა 86 845 ლარი, საურავი 21 417 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
1. გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა ყვავილებითა და სხვა მცენარეებით. შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვა შეადგენს 849 528 ლარს (დღგ-ის გარეშე). გადასახადის გადამხდელს, შესამოწმებელ პერიოდში, შეძენილი აქვს 1 043 982 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) სარეალიზაციო საქონელი, კერძოდ, სხვადასხვა სახეობის ყვავილები, საიდანაც 770 093 ლარს (დღგ-ის ჩათვლით) შეადგენდა ვარდი, გერბერი 92 441 ლარს (დღგ-ის ჩათვლით), მიხაკი 87 444 ლარს (დღგ-ის ჩათვლით), ქრიზანთემა 55 873 ლარს (დღგ-ის ჩათვლით), ლისიანთუსი 10 090 ლარს (დღგ-ის ჩათვლით), ვინტკალა 13 543 ლარს (დღგ-ის ჩათვლით), ხოლო 14 496 ლარს (დღგ-ის ჩათვლით) სხვა დანარჩენი სახეობები. გადამხდელმა შემოწმების პროცესში არ წარმოადგინა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სამეურნეო ოპერაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია. 2026 წლის 19 თებერვლის №3674 ბრძანების საფუძველზე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2026 წლის 19 თებერვალს ჩატარდა სმფ-ების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის პროცედურა, რომლითაც დადგინდა, რომ სმფის ნაშთი შეადგენდა საბაზრო ღირებულებით 5 964 ლარს (დღგ-ის ჩათვლით). ამასთან, გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა მიმდინარე კონტროლის პროცედურები, კერძოდ, 2025 წლის 20 ივნისს და 2026 წლის 19 თებერვალს. ასევე, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება სამართალდარღვევები, კერძოდ, 2023 წლის 9 ნოემბერს და 2025 წლის 25 ივლისს დაჯარიმებულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების გამო. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დამუშავდა საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაციები, შეძენები და საგადასახადო მონიტორინგის მიერ მოწოდებული სმფ-ების ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის ჩატარებისა და საკონტროლო შესყიდვის პროცედურების შესახებ ინფორმაცია. შემოწმებამ ფასნამატის გაანგარიშების მიზნით შეისწავლა გადამხდელის დოკუმენტური რეალიზაციები და მეთოდური მითითებების ფარგლებში განხორციელდა შეძენილი სმფ-ის ჯგუფებად დაყოფა, კერძოდ, ვარდზე, გერბერზე, ქრიზანთემაზე, მიხაკზე, ლისიანთუსზე და ვინტკალაზე გავრცელდა საკუთარი ჯგუფის ფასნამატები წლების მიხედვით (აღნიშნულ ნაწილში რპთ 779 474 ლარი), ხოლო სხვა დანარჩენ ჯგუფებზე გამოყენებულ იქნა ზემოხსენებული ჯგუფების წლიური საშუალო ფასნამატი (აღნიშნულ ნაწილში რპთ 11 132 ლარი). ასევე, გაანგარიშებაში გათვალისწინებულ იქნა 2025 წლის 19 ივნისის საქონლის ჩამოწერის პროცედურა, რომლის მიხედვით ჩამოიწერა 99 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) საბაზრო ღირებულების საქონელი. შემოწმებით განსაზღვრული ფასნამატის და ინვენტარიზაციით დადგენილი საქონლის ფაქტობრივი ნაშთის გათვალისწინებით გაანგარიშდა საცალოდ რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავლები, რაც შეადგენს 1 176 368 ლარს (დღგ-ის გარეშე), რომელსაც დაემატა დოკუმენტურად დადასტურებული შემოსავალი 107 738 ლარი (დღგ-ის გარეშე). დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად. ყოველივე ზემოაღნიშნულის და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, შემოწმებით დამატებით დადგენილი დღგ-ის ბრუნვა 434 578 ლარი (დღგ-ის გარეშე) დაიბეგრა დღგ-ით. შედეგად, გადასახადის გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე, დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
2. შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავლის, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი პირველადი დოკუმენტაციის მიხედვით (განმარტება სალაროს ნაშთის შესახებ, ასევე, შედარების აქტები დებიტორულ დავალიანებებზე) შესწავლილ იქნა საწარმოს ნაღდი ფულის მოძრაობა და დადგინდა შესამოწმებელი პერიოდის ფულადი სახსრების ნაშთი 400 000 ლარის ოდენობით. შესამოწმებელ პერიოდში ნაღდი ფულის ნაშთის ცვლილებაზე (ზრდა/შემცირება) გავლენის მოხდენის მიზნებისთვის დამატებით დოკუმენტაცია/ინფორმაცია საწარმოს უფლებამოსილ პირს არ წარმოუდგენია. შემოწმების შედეგად დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთი 400 000 ლარი, (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლისა და აღნიშნულ საკითხზე არსებული შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითების შესაბამისად, განხილულ იქნა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადამხდელმა შემოწმების პროცესში არ წარადგინა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სამეურნეო ოპერაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სმფ-ების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის პროცედურის მიხედვით, სმფ-ის ნაშთი შეადგენს საბაზრო ღირებულებით 5 964 ლარს (დღგ-ს ჩათვლით). შემოწმებამ ფასნამატის გაანგარიშების მიზნით შეისწავლა გადამხდელის დოკუმენტური რეალიზაციები და მეთოდური მითითებების ფარგლებში განხორციელდა შეძენილი სმფ-ის ჯგუფებად დაყოფა, კერძოდ, ვარდზე, გერბერზე, ქრიზანთემაზე, მიხაკზე, ლისიანთუსზე და ვინტკალაზე გავრცელდა საკუთარი ჯგუფის ფასნამატები წლების მიხედვით, ხოლო სხვა დანარჩენ ჯგუფებზე გამოყენებულ იქნა ზემოთხსენებული ჯგუფების წლიური საშუალო ფასნამატი. ასევე, გაანგარიშებაში გათვალისწინებული იქნა 2025 წლის 19 ივნისის საქონლის ჩამოწერის პროცედურა, რომლის მიხედვით ჩამოიწერა 99 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) საბაზრო ღირებულების საქონელი. შემოწმებით განსაზღვრული ფასნამატისა და ინვენტარიზაციით დადგენილი საქონლის ფაქტობრივი ნაშთის გათვალისწინებით გაანგარიშდა საცალოდ რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავლები, რაც შეადგენს 1 176 368 ლარს (დღგ-ის გარეშე), რომელსაც დაემატა დოკუმენტურად დადასტურებული შემოსავალი 107 738 ლარი (დღგ-ის გარეშე). დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად. ამასთან, შესწავლილი იქნა საწარმოს ნაღდი ფულის მოძრაობა და დადგინდა შესამოწმებელი პერიოდის ფულადი სახსრების ნაშთი 400 000 ლარის ოდენობით, ხოლო სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტთან, აუდირებული ფასნამატის გამოყენებასთან, დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, მეთოდური მითითების შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდით ფასნამატის გაანგარიშებისას, პირველ რიგში გამოიყენება დოკუმენტური ფასნამატი, შემდეგ მიმდინარე კონტროლის შედეგად დადგენილი ფასნამატი (ინვენტარიზაცია, საკონტროლო შესყიდვა და ა.შ.), ხოლო ზემოაღნიშნული მონაცემების არარსებობის შემთხვევაში გამოიყენება აუდირებული ფასნამატი. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა დოკუმენტური რეალიზაცია, რომლის მიხედვით შესაძლებელი იყო ფასნამატის გაანგარიშება. ამასთან, გადამხდელის არგუმენტთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებებში დაფიქსირებული ფასნამატების გამოყენებასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტი განმარტავს, რომ ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებებში მითითებული აუდირებული ფასნამატი გაანგარიშებულია იმ გადამხდელებზე, რომლებსაც სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები იმპორტის გზით შემოაქვთ და რეალიზაციას ახორციელებენ დიდი რაოდენობით, საბითუმოდ, ხოლო მოცემულ შემთხვევაში შპს ,,--------“ ახორციელებს საქონლის ადგილობრივ შეძენას.
იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას დადგენილი წესით, ხოლო მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, კერძოდ, შემოწმების მიერ შეძენილი სმფების ჯგუფებად დაყოფა, კერძოდ, ვარდზე, გერბერზე, ქრიზანთემაზე, მიხაკზე, ლისიანთუსზე და ვინტკალაზე საკუთარი ჯგუფის ფასნამატების გავრცელება, ხოლო სხვა დანარჩენ ჯგუფებზე ზემოხსენებული ჯგუფების წლიური საშუალო ფასნამატის გამოყენება, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა და ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის შედეგად დადგენილი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „--------“ (ს/ნ „--------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადამხდელი არ ეთანხმება გაანგარიშებულ ფასნამატს.
2.მომჩივანი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას.
ფაქტობრივი გარემოებები
1.გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა.შემოწმებით დამატებით დადგენილი დღგ-ის ბრუნვა 434 578 ლარი (დღგ-ის გარეშე) დაიბეგრა დღგ-ით. შედეგად, გადამხდელს, სსკ-ის 159-ე მუხლის საფუძველზე, დაერიცხა დღგ და ჯარიმა.
2.დადგინდა შესამოწმებელი პერიოდის ფულადი სახსრების ნაშთი 400 000 ლარის ოდენობით. შესამოწმებელ პერიოდში ნაღდი ფულის ნაშთის ცვლილებაზე გავლენის მოხდენის მიზნებისთვის დამატებით დოკუმენტაცია/ინფორმაცია საწარმოს უფლებამოსილ პირს არ წარმოუდგენია. შემოწმების შედეგად დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთი 400 000 ლარი,სსკ-ის 101-ე მუხლისა და აღნიშნული განხილულ იქნა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(5),101,154,163,164.