გადაწყვეტილება №20970/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20970/2/2023
21 თებერვალი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 3.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20970/2/2023).
დავის საგანი:
1. შეძენილ ბენზინზე გაწეული ხარჯის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვა;
2. სალაროს ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 24.04.2023 წლის №021-20 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 31.08.2023 წლის №21449 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 335 750 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 204 837
დღგ - 32 659
მოგების გადასახადი - 1 568
საშემოსავლო გადასახადი - 170 610
ჯარიმა - 101 763
საურავი - 29 150
პროცედურული გარემოებები
საწარმოს საქმიანობაა გზებისა და ავტობანების მშენებლობა.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.03.2021 წლიდან 1.11.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 24.04.2023 წლის №8842 ბრძანება და №021-20 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში
შემოსავლების სამსახურის 31.08.2023 წლის №21449 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. შეძენილ ბენზინზე გაწეული ხარჯის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვა
ფაქტების აღწერა
შესამოწმებელ პერიოდში მომჩივანს შეძენილი აქვს 10 512 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) ბენზინი (რეგულარი, სუპერი და პრემიუმი). თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით (2022 წლის 8 დეკემბრის წერილი), კომპანიის სახელზე შესამოწმებელ პერიოდში ავტოსატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებული/რეგისტრაციიდან მოხსნილი არ ყოფილა.
მომჩივანს შემოწმების პროცესში არ წარუდგენია შესაბამისი სააღრიცხვო დოკუმენტაცია (მათ შორის, ბენზინის ძრავიანი ავტომობილის იჯარით აღების შესაბამისი დოკუმენტაცია ან/და საწვავის ჩამოწერის აქტები). აქვე აღსანიშნავია, რომ აღნიშნული საქონლის შეძენაზე მიღებული სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით განსაზღვრული დღგ-ის თანხები ჩათვლილია აქვს სრულად.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე, 163-ე, 164-ე და 97-ე, და 982 მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დღგ და განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე, 163-ე, 164-ე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
შემოსავლების სამსახურმა ყურადღება გაამახვილა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, შპს „-------“ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი აქვს 10 512 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) ბენზინი (რეგულარი, სუპერი და პრემიუმი), თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს 2022 წლის 8 დეკემბრის წერილის მიხედვით, შპს „-------“ სახელზე შესამოწმებელ პერიოდში ავტოსატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებული/რეგისტრაციიდან მოხსნილი არ ყოფილა. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების ეტაპზე არ არის წარმოდგენილი შესაბამისი სააღრიცხვო დოკუმენტაცია (მათ შორის, ბენზინის ავტომობილის იჯარით აღების შესაბამისი დოკუმენტაცია ან/და საწვავის ჩამოწერის ფაქტები). აქვე აღსანიშნავია, რომ აღნიშნული საქონლის შეძენაზე მიღებული სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით განსაზღვრული დღგ-ის თანხები გადასახადის გადამხდელის მიერ ჩათვლილია სრულად. შემოწმების მიერ აღნიშნული ოპერაცია დაკვალიფიცირდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად და დაექვემდებარა მოგების და დამატებული ღირებულების გადასახადებით დაბეგვრას.
ამასთან, გადასახადის გადამხდელს არც შემოწმების და არც დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან, ხოლო გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მოგების გადასახადი დარიცხულია საწვავის გამო, რომლებიც ჩაითვალა რეალიზებულად. ამ რაოდენობის საწვავის გახარჯვა შესრულებული სამუშაოების მოცულობებიდან გამომდინარე შესაძლებელია, მით უმეტეს, რომ საზოგადოებას იჯარით, ჰყავდა აყვანილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები და საწვავიც სრულად გახარჯულია ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში. დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში დარიცხვას ეთანხმება სრულად გარდა საწვავის ნაწილისა, სადაც მოხდა ჩათვლილი სპეც. ფაქტურების შესაბამისი დღგ-ის თანხის გაუქმება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად: 1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
შემოწმებისას დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს შეძენილი აქვს 10 512 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) ბენზინი (რეგულარი, სუპერი და პრემიუმი). თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს 2022 წლის 8 დეკემბრის წერილის მიხედვით, კომპანიის სახელზე შესამოწმებელ პერიოდში ავტოსატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებული/რეგისტრაციიდან მოხსნილი არ ყოფილა. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების ეტაპზე არ არის წარმოდგენილი შესაბამისი სააღრიცხვო დოკუმენტაცია (მათ შორის, ბენზინის ძრავიანი ავტომობილის იჯარით აღების შესაბამისი დოკუმენტაცია ან/და საწვავის ჩამოწერის აქტები). აქვე აღსანიშნავია, რომ აღნიშნული საქონლის შეძენაზე მიღებული სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით განსაზღვრული დღგ-ის თანხები გადასახადის გადამხდელის მიერ ჩათვლილია სრულად. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებისას გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები მოგების გადასახადში და დღგ-ში.
მომჩივანი ზოგადად საუბრობს და არ წარმოადგენს დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებულ შესაბამის მტკიცებულებებს, რაც შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. სალაროს ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციის, დებიტორ-კრედიტორული დავალიანებისა და საბანკო ამონაწერების მონაცემის ანალიზის საფუძველზე გაანგარიშდა ფულადი სახსრების მოძრაობა. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი 2023 წლის 23 თებერვლის წერილობითი ახსნაგანმარტების მიხედვით, 2022 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებებისა და სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი განსაზღვრულია ნული ლარით. შემოწმების ეტაპზე ფულადი სახსრების ანალიზით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის, გამოვლინდა ნაღდი ფულის ნაშთი 608 699 ლარი, რომელიც დაკვალიფიცირდა სალაროზე პასუხისმგებელ პირზე, დირექტორზე, გაცემულ ხელფასად. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციის, დებიტორ-კრედიტორული დავალიანების, საბანკო ამონაწერების მონაცემის ანალიზის და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი 2023 წლის 23 თებერვლის წერილობითი ახსნა-განმარტების (2022 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებებისა და სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი განსაზღვრულია ნული ლარით) საფუძველზე გაანგარიშდა ფულადი სახსრების მოძრაობა, რის შედეგად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის გამოვლინდა ნაღდი ფულის ნაშთი 608 699 ლარი, რომელიც დაკვალიფიცირდა სალაროზე პასუხისმგებელ პირზე, დირექტორზე, გაცემულ ხელფასად.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა განმარტა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის გამოვლენილი ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა მართლზომიერია.
ამასთან, ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარდგენილი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადახდის წყაროსთან დაკავებულ გადასახადს, რომელიც დარიცხულია თანხებზე, რომლებიც საბანკო ანგარიშებიდანაა გატანილი არ ეთანხმება, ვინაიდან აღნიშნული თანხები გადახდილია ხელზე სხვადასხვა მეწარმეებისათვის, რომლებიც მომსახურეობას უწევდნენ შესამოწმებელ პერიოდში, მის მიერ მოხდება აღნიშნული პირების მოძიება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმებისას დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი 2023 წლის 23 თებერვლის წერილობითი ახსნა-განმარტების მიხედვით, 2022 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებებისა და სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი განსაზღვრულია ნულოვანი მაჩვენებლით. შემოწმების ეტაპზე ფულადი სახსრების ანალიზით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის, გამოვლინდა ნაღდი ფულის ნაშთი 608 699 ლარი, რომელიც დაკვალიფიცირდა სალაროზე პასუხისმგებელ პირზე, საწარმოს დირექტორზე, გაცემულ ხელფასად.
მომჩივანი ზოგადად საუბრობს და არ წარმოადგენს დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებულ შესაბამის მტკიცებულებებს, რაც შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ გაანგარიშებული ფულის ნაშთის საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის თანახმად, საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად ჩათვლა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართებულია. ამდენად, საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
დავის საგანს წარმოადგენს:
1. შეძენილ ბენზინზე გაწეული ხარჯის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვა;
2. სალაროს ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში
შემოსავლების სამსახურის 31.08.2023 წლის №21449 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 982(1-ა); 159; 101; 154;