გადაწყვეტილება №20146/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.10.2023
№ დოკუმენტი 20146/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20146/2/2023

26 ოქტომბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 3.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20146/2/2023).

 

დავის საგანი:

1. განკარგვადი თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად მიჩნევა;

2. დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება;

3. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 11.04.2023 წლის №002-47 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 9.06.2023 წლის №12982 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 311 269 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 183 039

დღგ - 122 493

საშემოსავლო გადასახადი - 60 546

ჯარიმა - 91 520

საურავი - 36 710

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა შერეული საქონლით თბილისში, სარაჯიშვილის ქ. №20-ში მდებარე მარკეტში.

აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.01.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 11.04.2023 წლის №002-47 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 9.06.2023 წლის №12982 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

1. განკარგვადი თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად მიჩნევა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებულმა დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა სულ 1 058 502 ლარი. გადასახადის გადამხდელს რეგისტრაციის დღიდან შემოწმების დაწყების თარიღამდე არ უფიქსირდება საქონლის რეალიზაციის დამადასტურებელი არცერთი დოკუმენტი (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ან/და სასაქონლო ზედნადები). საწარმოს არ უფიქსირდება სასაწყობე ფართის ქონის ან იჯარით აღების ფაქტები, შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ადგილობრივი მომწოდებლებიდან საქონლის შეძენას და რეალიზაციას ახდენდა დასაწყობების გარეშე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საწარმოს მიერ მიღებული შემოსავლები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. 2020-2022 წლების შემოსავლის გაანგარიშებისას გამოყენებულ იქნა გადასახადის გადამხდელთან 2021 წელს და 2023 წელს ჩატარებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებებისას (საკონტროლო შესყიდვები და სმფ-ის ინვენტარიზაცია) გამოვლენილი საბაზრო ფასების გათვალისწინებით განსაზღვრული ფასნამატი (20-22%). გამომდინარე იქიდან, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას და სალაროში არ ფიქსირდება მიწოდების შედეგად მიღებული/მისაღები თანხები, აღნიშნული ოპერაციით მიღებული განკარგვადი თანხა ჩაითვალა თითოეული საანგარიშო პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე (---------- (პ/ნ ----------)) ხელფასის სახით განაცემად და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, შემოწმებით დადგენილი გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო დავის ეტაპზე არ არის წარმოდგენილი მისი პოზიციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი სადავო საკითხის ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

20 მ2 ფართი, სადაც ფუნქციონირებს შპს „----------“ და სადაც ახდენდა საცალო ვაჭრობას საზ. კვების პროდუქტებით, სასმელებითა და თამბაქოს ნაწარმით, მდებარეობს----------. ამ ფართს მესაკუთრე ---------- საკუთარ სარგებლობაში არ იყენებდა და მან ეს ფართი დროებით სარგებლობაში გადასცა თავის ნათესავ ---------- სრულიად უსასყიდლოდ და ქირის გადახდის გარეშე. შპს „----------“-ის ფუნქციონირების პერიოდში მას არავითარი შემოსავალი ხელფასის სახით და არავითარი მატერიალური სარგებელი არ მიუღია. მომჩივანს წარმოდგენილი აქვს ---------- განცხადება უძრავი ქონების შესახებ.

წარმოდგენილი აქვს უძრავი ქონების მეპატრონის ---------- ხელწერილი, რაც ადასტურებს რომ არ არის ქირის გადამხდელი და ---------- არავითარი განაცემი ხელფასის სახით ან სხვა სარგებელი არ მიუღია (საჭიროების შემთხვევაში შეუძლია მოწმედ მოიყვანოს მეზობლები ან/და ახლო ნათესავები).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს, გაუქმდეს დარიცხული საშემოსავლო გადასახადი 60 546 ლარის ოდენობით. აგრეთვე, მიუთითებს, რომ კომპანიას არ ჰყოლია დაქირავებული თანამშრომელი, ვისზეც გაწერდა ხელფასს, მთლიან საქმიანობას აწარმოებდა ---------- და არ ჰქონდა ხელფასი დანიშნული.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

დადგენილია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, ხოლო ამ მეთოდით მიღებული განკარგვადი თანხა ჩაითვალა თითოეული საანგარიშო პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე (---------- (პ/ნ ----------)) ხელფასის სახით განაცემად.

ვინაიდან მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე არგუმენტი/მტკიცებულება, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზით გაირკვა, რომ რეალიზაცია ხორციელდება 100%-ით დოკუმენტის გარეშე, გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული წლიური ფასნამატი ჩამორჩება 23.03.2021 წელს და 14.03.2023 წელს განხორციელებული საკონტროლო შესყიდვით გამოვლენილ ფასნამატებს. კერძოდ, 2020-2022 წლებში დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვა ნაკლებია შესაბამისი საანგარიშო პერიოდებში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე. გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია მოწესრიგებული ბუღალტრული აღრიცხვა და საქონლის მოძრაობის მონაცემები. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არ ფიქსირდება მონაცემები დეფექტური ან მიწოდებისთვის უვარგისი საქონლის ჩამოწერაზე. ასევე, არ დაფიქსირებულა დაუძლეველის ძალის მიერ (ხანძარი, წყალდიდობა და ა.შ) დაზიანებული საქონლის ჩამოწერის შემთხვევები. შესამოწმებელ პერიოდში ჩატარებულია მიმდინარე კონტროლის ღონისძიებები. კერძოდ, დაქირავებული ფიზიკური პირების აღრიცხვა და საკონტროლო შესყიდვა. გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, შესაბამისად, შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის, 49- ე მუხლის პირველი ნაწილის „ე" ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელის შემოსავალი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, 2020-2022 წლების შემოსავლის გაანგარიშებისას გამოყენებულ იქნა გადასახადის გადამხდელთან 2021 წელს და 2023 წელს ჩატარებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებებისას (საკონტროლო შესყიდვები და სმფ-ის ინვენტარიზაცია) გამოვლენილი საბაზრო ფასების გათვალისწინებით განსაზღვრული ფასნამატი (20-22%). გაანგარიშდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება წლების მიხედვით, რომელიც შეძენის წილის პროპორციულად ჩაიშალა სახეობების ჯგუფების მიხედვით (სულ 5 ჯგუფი). აღნიშნული ფასნამატები ჯგუფების მიხედვით გავრცელდა თითოეული წლის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე. გაანგარიშდა საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი და გაიზარდა 2020-2022 წლების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.

გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

შემოწმების პროცესში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 14.03.2023 წლის №4809 ბრძანებით განხორციელდა გადასახადის გადამხდელის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზების პროცედურა. სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი სმფ-ის ნაშთების ანალიზით გამოვლინდა დანაკლისი საბაზრო ღირებულებით 154 554 ლარი (დღგ-ის ჩათვლით). აღნიშნული სმფ-ები მიჩნეულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში (2020-2022 წლებში) რეალიზებულად და გადასახადის გადამხდელთან ჩატარებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებებისას (საკონტროლო შესყიდვები და სმფ-ის ინვენტარიზაცია) გამოვლენილი საბაზრო ფასების გათვალისწინებით ჯგუფების მიხედვით განსაზღვრული ფასნამატით (20-22%) ჩართულ იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებაში. შედეგად, გაიზარდა 2020-2022 წლების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, შემოწმებით დადგენილი გარემოებებზე, და აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო დავის ეტაპზე არ არის წარმოდგენილი მისი პოზიციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი სადავო საკითხის ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის მიერ შეცდომით და უცოდინარობის გამო ჩათვლილი იქნა შპს გეოდისტრიბუციის მიერ მიწოდებული საქონელი (თამბაქოს სხვადასხვა ნაწარმი) 12 669 ლარის ოდენობით, რომელიც ფაქტობრივად არ მიუღია. ასევე, ფ/პ რომან გასანოვის ს/ქ კვერცხი 1 485 ლარის ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს, შემცირდეს დარიცხული დღგ-ის თანხა 14 154,3 ლარის ოდენობით, რაც გამოწვეულია შეცდომით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზით გაირკვა, რომ რეალიზაცია ხორციელდება 100%-ით არადოკუმენტურად, გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული წლიური ფასნამატი ჩამორჩება 23.03.2021 წელს და 14.03.2023 წელს განხორციელებული საკონტროლო შესყიდვით გამოვლენილ ფასნამატებს. კერძოდ, 2020-2022 წლებში დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვა ნაკლებია შესაბამისი საანგარიშო პერიოდებში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე. გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია მოწესრიგებული ბუღალტრული აღრიცხვა და საქონლის მოძრაობის მონაცემები. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არ ფიქსირდება მონაცემები დეფექტური ან მიწოდებისთვის უვარგისი საქონლის ჩამოწერაზე. ასევე, არ დაფიქსირებულა დაუძლეველის ძალის მიერ (ხანძარი, წყალდიდობა და ა.შ) დაზიანებული საქონლის ჩამოწერის შემთხვევები. შესამოწმებელ პერიოდში ჩატარებულია მიმდინარე კონტროლის ღონისძიებები. კერძოდ, დაქირავებული ფიზიკური პირების აღრიცხვა და საკონტროლო შესყიდვა. გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, შესაბამისად, შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. გადასახადის გადამხდელის შემოსავალი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, 2020-2022 წლების შემოსავლის გაანგარიშებისას გამოყენებულ იქნა გადასახადის გადამხდელთან 2021 წელს და 2023 წელს ჩატარებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებებისას (საკონტროლო შესყიდვები და სმფ-ის ინვენტარიზაცია) გამოვლენილი საბაზრო ფასების გათვალისწინებით განსაზღვრული ფასნამატი (20- 22%). გაანგარიშდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება წლების მიხედვით, რომელიც შეძენის წილის პროპორციულად ჩაიშალა სახეობების ჯგუფების მიხედვით (სულ 5 ჯგუფი). აღნიშნული ფასნამატები ჯგუფების მიხედვით გავრცელდა თითოეული წლის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე. გაანგარიშდა საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი და გაიზარდა 2020-2022 წლების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 14.03.2023 წლის №4809 ბრძანებით განხორციელდა გადასახადის გადამხდელის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზების პროცედურა. სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი სმფ-ის ნაშთების ანალიზით გამოვლინდა დანაკლისი საბაზრო ღირებულებით 154 554 ლარი (დღგ-ის ჩათვლით). აღნიშნული სმფ-ები მიჩნეულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში (2020-2022 წლებში) რეალიზებულად და ჩართულ იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებაში.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია არსებული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.

ვინაიდან დავის განხილვის ეტაპზე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საგადასახადო შემოწმების შედეგების მიხედვით გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით 91 520 ლარი. აუდიტის დეპარტამენტის 11.04.2023 წლის №002-47 საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია საურავი 36 710,45 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 275-ე მუხლზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ითხოვს, დარიცხული ჯარიმა-საურავის გაუქმებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოწმების შედეგად განსაზღვრულია, რომ მომჩივნის მიერ დეკლარირებული გადასახადებით დაბეგვრის ობიექტი განსხვავებულია საგადასახადო შემოწმებით დადგენილი მონაცემებისგან.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სანქციებისგან, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. განკარგვადი თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად მიჩნევა;

2. დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება;

3. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებულმა დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა სულ 1 058 502 ლარი. გადასახადის გადამხდელს რეგისტრაციის დღიდან შემოწმების დაწყების თარიღამდე არ უფიქსირდება საქონლის რეალიზაციის დამადასტურებელი არცერთი დოკუმენტი (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ან/და სასაქონლო ზედნადები). საწარმოს არ უფიქსირდება სასაწყობე ფართის ქონის ან იჯარით აღების ფაქტები, შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ადგილობრივი მომწოდებლებიდან საქონლის შეძენას და რეალიზაციას ახდენდა დასაწყობების გარეშე. მომჩივნის საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, ხოლო ამ მეთოდით მიღებული განკარგვადი თანხა ჩაითვალა თითოეული საანგარიშო პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად.

2. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზით გაირკვა, რომ რეალიზაცია ხორციელდება 100%-ით არადოკუმენტურად, გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული წლიური ფასნამატი ჩამორჩება 23.03.2021 წელს და 14.03.2023 წელს განხორციელებული საკონტროლო შესყიდვით გამოვლენილ ფასნამატებს. კერძოდ, 2020-2022 წლებში დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვა ნაკლებია შესაბამისი საანგარიშო პერიოდებში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე. გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია მოწესრიგებული ბუღალტრული აღრიცხვა და საქონლის მოძრაობის მონაცემები. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არ ფიქსირდება მონაცემები დეფექტური ან მიწოდებისთვის უვარგისი საქონლის ჩამოწერაზე. ასევე, არ დაფიქსირებულა დაუძლეველის ძალის მიერ (ხანძარი, წყალდიდობა და ა.შ) დაზიანებული საქონლის ჩამოწერის შემთხვევები. შესამოწმებელ პერიოდში ჩატარებულია მიმდინარე კონტროლის ღონისძიებები. კერძოდ, დაქირავებული ფიზიკური პირების აღრიცხვა და საკონტროლო შესყიდვა. გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, შესაბამისად, შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. გადასახადის გადამხდელის შემოსავალი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, 2020-2022 წლების შემოსავლის გაანგარიშებისას გამოყენებულ იქნა გადასახადის გადამხდელთან 2021 წელს და 2023 წელს ჩატარებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებებისას (საკონტროლო შესყიდვები და სმფ-ის ინვენტარიზაცია) გამოვლენილი საბაზრო ფასების გათვალისწინებით განსაზღვრული ფასნამატი (20- 22%). გაანგარიშდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება წლების მიხედვით, რომელიც შეძენის წილის პროპორციულად ჩაიშალა სახეობების ჯგუფების მიხედვით (სულ 5 ჯგუფი). აღნიშნული ფასნამატები ჯგუფების მიხედვით გავრცელდა თითოეული წლის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე. გაანგარიშდა საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი და გაიზარდა 2020-2022 წლების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანებით განხორციელდა გადასახადის გადამხდელის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზების პროცედურა. სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი სმფ-ის ნაშთების ანალიზით გამოვლინდა დანაკლისი საბაზრო ღირებულებით 154 554 ლარი (დღგ-ის ჩათვლით). აღნიშნული სმფ-ები მიჩნეულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში (2020-2022 წლებში) რეალიზებულად და ჩართულ იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებაში.

3. შემოწმების შედეგად განსაზღვრულია, რომ მომჩივნის მიერ დეკლარირებული გადასახადებით დაბეგვრის ობიექტი განსხვავებულია საგადასახადო შემოწმებით დადგენილი მონაცემებისგან. ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სამივე სადავო საკითხთან დაკავშირებით, არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5,9); 101(1); 154(1„ა“); 275; 269(7).

(2021 წლამდე მოქმედი): 160(ა); 161(1„ა“)