გადაწყვეტილება №22096/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22096/2/2024
21 მაისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ ------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 4.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -----ს 29.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22096/2/2024).
დავის საგანი:
არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების ოდენობა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 9.10.2023 წლის №040-21 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 26.12.2023 წლის №32765 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 512 588,65 ლარი.
მათ შორის: გადასახადი - 302 503
დღგ - 172 648
საშემოსავლო გადასახადი - 129 855
ჯარიმა - 150 139
საურავი - 59 946,65
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 28.09.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.02.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
კომპანია შესამოწმებელ პერიოდში ახორციელებს გაყინული ხორცპროდუქტების და ცხიმების შეძენა-რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე (მცირედი ნაწილის იმპორტი). გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია შესამოწმებელ პერიოდში დაბეგვრის ობიექტის დადგენა, კერძოდ გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას წარმოუდგინა საანგარიშო პერიოდის ბუღალტრული აღრიცხვა, სადაც ჩამოწერებს ახორციელებს უმეტესად თვის ბოლოს ჯამური თანხით.
შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და გადამხდელის შემოსავლები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. გადასახადის გადამხდელს 2020 წელს დოკუმენტური რეალიზაცია არ ჰქონდა განხორციელებული. 2021 წელს გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი იყო 14%, ხოლო საცალო 10%, 2022 წელს გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი იყო 21%, საცალო - 4%. 2020, 2021, 2022 და 2023 წლებში საცალოდ რეალიზებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თვითღირებულებაზე (სახეობების მიხედვით, შეძენების წილის პროპორციულად) გავრცელდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციით და შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემების (სასაქონლო ზედნადებები) საფუძველზე დათვლილი ფასნამატი 17,5%. გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა ინვენტარიზაცია 2023 წლის ივნისის თვეში, ფაქტობრივი ნაშთი იყო 0 ლარი, ხოლო 1.03.2023 წლამდე სმფ-ის საბოლოო ნაშთი იყო 932 530 ლარი, 2023 წლის იანვრიდან ივნისამდე პერიოდებში განხორციელებული იყო საქონლის მოძრაობა და ამ პერიოდისთვის სმფ-ის საბოლოო ნაშთი უნდა ყოფილიყო 670 516 ლარის ოდენობით, ვინაიდან ფაქტობრივად არ იყო ნაშთი, მოხდა წინა პერიოდებში გადანაწილება (რეალიზაციად აღიარება) შესაბამისი ფასნამატების გათვალისწინებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
გადასახადის გადამხდელი შემოსავლების მიღებას და ხარჯების გაწევას ახორციელებს როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით. მოცემულ პირობებში, გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება როგორც საკასო შემოსავალი, ისე საკასო ხარჯი. შემოწმებით გაანგარიშდა საწარმოს არაგონივრული ნაშთები „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ №9 დანართის შესაბამისად (საკასო შემოსავლის და შესაბამისად სალაროს ნაშთის გაანგარიშებისას შემოწმების მიერ გათვალისწინებული იქნა არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი შემოსავლები 1 131 866,8 ლარი), საწარმოს არაგონივრული ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს განისაზღვრა 519 422,25 ლარით, სალაროს ნაშთი შემცირებულია საანგარიშო პერიოდების მიხედვით დამფუძნებლის მიმართ არსებული ვალდებულებით. კერძოდ, 602 215,68 ლარის ოდენობით (შემოწმებით საწარმოს დამფუძნებლის მიმართ ვალდებულება არ გააჩნია).
შედეგად, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, გაიზარდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 9.10.2023 წლის №040-21 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 26.12.2023 წლის №32765 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ და „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტებზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 101- ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, კომპანია ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს კანონმდებლობით დადგენილი წესით და წარმოდგენილი პირველადი დოკუმენტებით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. ამასთან, ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი ნაშთი არ გააჩნია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, და შემოწმების ხელთ არსებული დოკუმენტაცია/ინფორმაციით ვერ დგინდება დაბეგვრის ობიექტი, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით განხორციელდა მართლზომიერად. ხოლო, რაც შეეხება არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გამოყენებულ ფასნამატს, შემოწმების მიერ 2020, 2021, 2022 და 2023 წლებში საცალოდ რეალიზებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თვითღირებულებაზე (სახეობების მიხედვით, შეძენის წილის პროპორციულად) გავრცელდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციით და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების (სასაქონლო ზედნადებები) საფუძველზე დათვლილი ფასნამატი 17,5%. ამასთან, ინვენტარიზაციის შედეგებიდან გამომდინარე, სმფ-ის ნაშთი, რომელიც გადამხდელს უნდა ჰქონოდა (თუმცა ფაქტობრივად არ ჰქონდა) გადანაწილდა პერიოდებში და მოხდა მისი რეალიზაციად აღიარება შესაბამისი ფასნამატების გათვალისწინებით, შესაბამისად, გადამხდელს განესაზღვრა დღგ. ზემოაღნიშნული მეთოდით დადგენილი შემოსავლის გათვალისწინებით, შემოწმებამ განსაზღვრა საწარმოს არაგონივრული ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, რომელიც დაკვალიფიცირდა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება შემოწმების მიერ ფასნამატის განსაზღვრას, თუმცა საჩივარში არ არის მითითებული კონკრეტული არგუმენტები, რომელიც გაამყარებდა მომჩივნის პოზიციას. ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხებთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის მოექცა ნამდვილად უსამართლოდ ვინაიდან კატეგორიულად ითხოვდა დასწრებას დავების პროცესზე და ჩნდება ერთი დიდი კითხვის ნიშანი, ვინაიდან ფაქტია სასურველად მიიჩნიეს მომჩივნის დაუსწრებლად განეხილათ სადავო საკითხები და არ მისცეს საშუალება პროცესზე პოზიციის დაფიქსირების, აღნიშნული ქმედება მომჩივნისთვის არის უსამართლო და აღმაშფოთებელი, შესაბამისად მოითხოვს დაესწროს საქართველოს ფინანასთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს სხდომას! ვინაიდან შეძლოს თავისი პოზიციის დაფიქსირება!
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო შემოწმების აქტში აღნიშნულია, რომ გადასახადის გადამხდელმა შემოწმების პროცესში წარადგინა საანგარიშო პერიოდის ბუღალტრული აღრიცხვა, სადაც ჩამოწერებს ახორციელებს უმეტესად თვის ბოლოს ჯამური თანხით. შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია შესამოწმებელ პერიოდში დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრა.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, ფასნამატის გაანგარიშებისას რეალიზაციას შეუპირისპირდა ბოლო შეძენების თვითღირებულებები. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი გადასახადის გადამხდელს დაფიქსირებული ჰქონდა ბუღალტრულად. აუდიტის დეპარტამენტში წარმოდგენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მასალების მიხედვით სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთი დადგენილი იყო 0 ლარი. ინვენტარიზაციის მასალები ხელმოწერილია მომჩივნის წარმომადგენლის მიერ.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის განხილვაში დისტანციურად ჩართვის თაობაზე მომჩივნის ინფორმირების მიზნით, საბჭოს აპარატის მიერ 2.04.2024 წელს 10:48 საათზე განხორციელდა სატელეფონო ზარი საჩივარში მითითებულ ტელეფონის ნომერზე --------. მომჩივნის წარმომადგენელის განმარტებით საბჭოს სხდომაზე ჩართვას ვერ მოახერხებდა რაიონში ყოფნის გამო. 4.04.2024 წელს აღნიშნულ ტელეფონის ნომერზე სატელეფონო კომუნიკაციისას (10:12 საათზე) მომჩივნის წარმომადგენელმა კვლავ განმარტა, რომ მდგომარეობა არ შეცვლილა და რაიონიდან არ დაბრუნებულა, ვერ ახერხებდს საბჭოს სხდომაზე ჩართვას.
საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულია მართლზომიერად. ამასთან, ვინაიდან განკარგვადი თანხების შესახებ საგადასახადო ორგანოსთვის ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარდგენილი არ არის, საბჭო მიიჩნევს, რომ აღნიშნული თანხის სახელფასო განაცემად ჩათვლა მართლზომიერია და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების ოდენობა.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.02.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია შესამოწმებელ პერიოდში დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და გადამხდელის შემოსავლები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.
გადასახადის გადამხდელი შემოსავლების მიღებას და ხარჯების გაწევას ახორციელებს როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით. მოცემულ პირობებში, გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება როგორც საკასო შემოსავალი, ისე საკასო ხარჯი. შემოწმებით გაანგარიშდა საწარმოს არაგონივრული ნაშთები , შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს განისაზღვრა 519 422,25 ლარით, სალაროს ნაშთი შემცირებულია საანგარიშო პერიოდების მიხედვით დამფუძნებლის მიმართ არსებული ვალდებულებით. კერძოდ, 602 215,68 ლარის ოდენობით (შემოწმებით საწარმოს დამფუძნებლის მიმართ ვალდებულება არ გააჩნია). შედეგად, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, გაიზარდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №040-21 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის №32765 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულია მართლზომიერად. ამასთან, ვინაიდან განკარგვადი თანხების შესახებ საგადასახადო ორგანოსთვის ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარდგენილი არ არის, საბჭო მიიჩნევს, რომ აღნიშნული თანხის სახელფასო განაცემად ჩათვლა მართლზომიერია და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“.9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“);