გადაწყვეტილება №24759/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.03.2025
№ დოკუმენტი 24759/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24759/2/2025

10 მარტი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.02.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 15.02.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24759/2/2025).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 29.03.2024 წლის №6980 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 24 ივნისის №001-122 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 27 იანვრის №678 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 741 811.43 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 370 508

დღგ - 22 907

მოგების გადასახადი - 267 748

საშემოსავლო გადასახადი - 79 853

ჯარიმა - 173 801

საურავი - 197 502.43

 

ფაქტების აღწერა

საწარმოს საქმიანობაა მეორადი მატარებლის ვაგონების და ვაგონის დეტალების შესყიდვარეალიზაცია როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე იმპორტის გზით.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 24 თებერვლის №4756 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 22 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

- ადგილობრივად გადასახადის გადამხდელი შეძენას ახორციელებს ----------, რასთან დაკავშირებითაც მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლის საფუძველზეც საწარმოს ჩათვლილი აქვს დღგ-ის თანხა. საქონლის დასახელებაში მითითებულია ჯართი. გადასახადის გადამხდელი აღნიშნულ ვაგონებს შლის და ყიდის დეტალებად. ძირითადად უფიქსირდება ექსპორტი. შესაბამისად, არ განიხილავს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად. ამასთან, კომპანია ადგილობრივ ბაზარზე მიწოდებულ საქონელსაც განიხილავს ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციად. შემოწმებით გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში მიღებული ჩათვლილი დღგ-ის თანხები დაანგარიშდა პროპორციის გამოყენებით. კერძოდ, მთლიანი რეალიზაციის და ექსპორტის გზით რეალიზებულ თანხებს შორის თანაფარდობით. შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე და 174-ე მუხლების საფუძველზე, მომჩივანს შეუმცირდა ჩასათვლელი დღგ-ის თანხა. საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

- გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს წარუდგინა ბუღალტრული პროგრამა, თუმცა იგი არ არის წარმოებული კანონმდებლობით დადგენილი წესით. შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით და საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. შემოწმება დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებს, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას და საბანკო ამონაწერებს, რომელთა ანალიზის საფუძველზე გაანგარიშდა საწარმოს მიერ მიღებული შემოსავალი და ხარჯები. შემოწმებით გაანგარიშებული შემოსავლების და გაწეული ხარჯების ანალიზის საფუძველზე, სალაროს საბოლოო ნაშთმა შეადგინა 1 545 931 ლარი. გადასახადის გადამხდელის ახსნაგანმარტებით, კომპანიას არ გააჩნია დებიტორ-კრედიტორები. ამავე ახსნა-განმარტებით, გადასახადის გადამხდელმა მოითხოვა აღნიშნული სალაროს ნაშთის დივიდენდად განხილვა. საგადასახდო შემოწმებით სალაროს ნაშთი განხილულ იქნა დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად და საგადასახადო კოდექსის 981 და 130-ე მუხლების საფუძველზე, დაიბეგრა მოგების და საშემოსავლო გადასახადებით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №33598 ბრძანება და №001-272 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 735 164.12 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 23 თებერვალს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 8 ნოემბრის №27532 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 23.12.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 16.02.2024 წლის №21693/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 8 ნოემბრის №27532 ბრძანება და საჩივარი დაუბრუნდა ამავე სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და 2024 წლის 29 მარტის №6980 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა იგი. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტაციის გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). ამასთან, კომპანია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდა შემოწმებით სს „----------“ შეძენილ ჯართზე მიღებული დღგ-ის ჩათვლის შემცირების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №001-272 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული ჯარიმისგან. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 29.03.2024 წლის №6980 ბრძანება 20.06.2024 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 26.07.2024 წლის №23323/2/2024 გადაწყვეტილებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განუხილველი დატოვა საჩივარი მისი წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო.

შემოსავლების სამსახურის 29.03.2024 წლის №6980 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 18.06.2024 წლის დასკვნა, 24.06.2024 წლის №14722 ბრძანება და №001-122 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დაკისრებული ჯარიმა 11 393 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 741 811.43 ლარი.

კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 16 სექტემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 8 ოქტომბრის №21893 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 1.12.2024 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 13.12.2024 წლის №24375/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 8 ოქტომბრის №21893 ბრძანება და საჩივარი დაუბრუნდა ამავე სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და 2025 წლის 27 იანვრის №678 ბრძანებით არ დააკმაყოფილა იგი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე, შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დღგ-ის ნაწილში დაკისრებული ჯარიმა, სულ 11 393 ლარი. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის განმარტებით, ფულის ნაშთის დივიდენდად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ ვალდებულებებთან მიმართებით, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შესწავლილ იქნა სადავო საკითხი, მათ შორის, საწარმოს მიერ შეძენილი და რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, რომელთა შორის ზუსტი კავშირი ვერ იდენტიფიცირდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხის დამატებით შესწავლა/გამოკვლევის შედეგად არ გამოვლინდა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

საქმეში არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიის საქმიანობაა მეორადი მატარებლის ვაგონების და ვაგონის დეტალების შესყიდვარეალიზაცია, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე ექსპორტის გზით. ადგილობრივად გადასახადის გადამხდელი შეძენას ახორციელებს ----------, რასთან დაკავშირებითაც მიღებული აქვს ანგარიშ-ფაქტურები. საწარმო აღნიშნულ ვაგონებს შლის, აკომპლექტებს და ყიდის დეტალებად, უმეტესად აღდგენილ/დაკომპლექტებულ წყვილთვალებს.

შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას განხორციელებული აქვს რეალიზაცია, ნაწილი ადგილობრივ ბაზარზე, ნაწილი კი ექსპორტის გზით. შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული დასაბეგრი ბრუნვების ჯამი და შესაბამისად მიღებული თანხა შეადგენს 2 591 099 ლარს, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტებით დებიტორული მოთხოვნა პერიოდის ბოლოს არ გააჩნია, შემოწმების აქტით დადგენილი შემოსავალი შეადგენს 2 746 961 ლარს. აღნიშნული სხვაობით შესამცირებელია დასაბეგრი ბრუნვა და შესაბამისად მიღებული ფულადი სახსრების მოცულობა.

ამავე პერიოდში დოკუმენტურად შეძენილი საქონლისა და მომსახურების ღირებულება შეადგენს 1 278 372 ლარს. ამავე შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ ანაზღაურებული ხელფასის და მომსახურების თანხა შეადგენს 68 393 ლარს, ხოლო გაცემული დივიდენდი - 32 130 ლარს. შესაბამისად, შესამოწმებელი პერიოდის ანაზღაურებულმა ხარჯებმა შეადგინა 1 378 895 ლარი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სალაროს დადგენილი ნაშთი შეადგენს 1 360 845 ლარს, რომლის შემდგომი განკარგვაც უნდა მომხდარიყო, მაგრამ აუდიტის დეპარტამენტის მიერ დადგენილია ნაცვლად 1 360 845 ლარისა 1 517 275 ლარი, 432 071 ლარით მეტი მხოლოდ ამ მონაცემებზე დაყრდნობით, რაც იწვევს ბიუჯეტის კუთვნილი გადასახადების არასწორ განსაზღვრას, რაც საჭიროებს ხელახალ შესწავლას მომჩივნის უშუალო მონაწილეობით.

გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში ექსპორტის გზით რეალიზებული აქვს სულ 1 098 ტონა საქონელი (წყვილთვალები), რომლის ნაწილი (991 ტონა) ადგილობრივ ბაზარზე აქვს შეძენილი, ნაწილი იმპორტის გზით (107 ტონა). რაოდენობრივად კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში ექსპორტირებული აქვს დაახლოებით 877 ცალი წყვილთვალა, 54 ცალი ძელი და 106 ცალი გვერდითი ჩარჩო, ამავე პერიოდში საწარმოს დოკუმენტურად შეძენილი აქვს 193 ცალი წყვილთვალა იმპორტის გზით, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე დაახლოებით 830 ცალი წყვილთვალა, რომელთაგანაც ადგილობრივ ბაზარზე რეალიზებულია 180 ცალი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ დაახლოებით 200 ცალი წყვილთვალა შეძენილია ადგილობრივ ბაზარზე, მაგრამ კომპანიას არ აქვს მიღებული ზედნადები. ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტი მიუთითებს, რომ შემოსავლები და ხარჯები გაანგარიშებულია არაპირდაპირი მეთოდით, ითხოვს ზემოაღნიშნული საქონლის შეძენის ღირებულება გათვალისწინებულ იქნეს სალაროს ვირტუალური ნაშთის განსაზღვრისას „0256“ სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად და მხოლოდ ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მოხდეს სალაროში დადგენილი ვირტუალური ნაშთის შემდგომი განკარგვა.

როგორც უკვე აღინიშნა, საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს მეორადი მატარებლის ვაგონების და ვაგონის დეტალების შესყიდვა-რეალიზაცია, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე ექსპორტის გზით. ვაგონის შეძენის შემთხვევაში, კომპანია ახორციელებს ვაგონის დაჭრას, ექსპორტისთვის გათვალისწინებული საქონლის დაკომპლექტებას, ხოლო ნარჩენი ჯართის ადგილობრივ ბაზარზე მიწოდებას. ასევე, ახორციელებს მეორადი წყვილთვალების შეძენას, მათ გარემონტებას/დაკომპლექტებას და შემდგომ ექსპორტირებას. ზემოაღნიშნული მომსახურების მისაღებად შპს „----------“ სხვადასხვა პერიოდში ქირაობდა კომპანიებს ან შესაბამის სპეციალისტებს, რომლებიც ერთის მხრივ ეწევა დაჭრის მომსახურებას, ხოლო მეორეს მხრივ აკომპლექტებენ წყვილთვალებს და ამზადებენ საექსპორტოდ. ზემოაღნიშნულ მომსახურებებზე გადახდილი თანხები არ არის გამოქვითული ხარჯებიდან და არ არის გათვალისწინებული განკარგვადი ფულადი სახსრების განსაზღვრისას. ითხოვს მათი უშუალო მონაწილეობით მოხდეს საკითხის ხელახალი შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით მოხდეს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება.

ამასთან, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 29 მარტის №6980 ბრძანების შესაბამისად, ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში, წარდგენილ იქნა დოკუმენტური გაანგარიშება და გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მიღწეული იყო გარკვეული შეთანხმება გადაანგარიშების შედეგებზე, მაგრამ აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომზადებულ 2024 წლის 18 ივნისის დასკვნაში განსხვავებული შედეგებია აღნიშნული და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში გადაანგარიშება შესრულებული არ არის.

ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ 2025 წლის 16 იანვრის სხდომაზე აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან გაჟღერებული იყო გადაანგარიშების არ შესრულების მიზეზი, რაც მდგომარეობდა იმაში, რომ შესწავლისას დაადგინეს, რომ ექსპორტის გზით გატანილია წყვილთვალების, ძელის და ჩარჩოების იმაზე მეტი რაოდენობა, ვიდრე დოკუმენტურადაა შეძენილი, მაგრამ ვერ მოხდა დანაკლისი რაოდენობის ზუსტი თვითღირებულების განსაზღვრა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადაანგარიშება არ შესრულდა. მსჯელობისას შემოსავლების სამსახური განიხილავდა ასევე სიტუაციური სახელმძღვანელო „0256“-ის გამოყენებას მიღებული შემოსავლის 75%-ის ხარჯად განხილვისა და შესაბამისად სალაროში არსებული საბოლოო ვირტუალური ნაშთის კორექტირებას და შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ მიღებული იქნებოდა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება, მაგრამ როგორც შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 27 იანვრის №678 ბრძანებაშია მითითებული, გადასახადის გადამხდელის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ზემოაღნიშნული საკითხების უგულებელყოფამ გამოიწვია მეტად სავალალო შედეგი კომპანიისთვის. ითხოვს საკითხის ხელახალ შესწავლას მათი უშუალო მონაწილეობით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირებას.

ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის საფუძველზე, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გამოკვლევის წესს, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს.

ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდ წილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას.

მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ითხოვს გაუქმდეს გასაჩივრებული აქტები და შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს დაევალოს კომპანიის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება გადასახადისა და ჯარიმასაურავის სახით დარიცხული თანხების შემცირებით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 29 მარტის №6980 ბრძანებით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტაციის გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). ამასთან, კომპანია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდა შემოწმებით სს „----------“ შეძენილ ჯართზე მიღებული დღგ-ის ჩათვლის შემცირების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №001-272 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული ჯარიმისგან.

აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით დგინდება:

- შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 29 მარტის №6980 ბრძანების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დღგ-ის ნაწილში დაკისრებული ჯარიმა - 11 393 ლარი.

- გადაანგარიშების ეტაპზე, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შესწავლილ იქნა საწარმოს მიერ შეძენილი და რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, რომელთა შორის ზუსტი კავშირი ვერ იდენტიფიცირდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა.

აღსანიშნავია, რომ დავების განხილვის საბჭოს 13.12.2024 წლის №24375/2/2024 გადაწყვეტილებით, საჩივარი დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით). შემოსავლების სამსახურმა, საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, დამატებით შეისწავლა/გამოიკვლია სადავო საკითხი, თუმცა არ გამოვლინდა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები ან/და სამართლებრივი საფუძვლები, რაც შეიძლება გამხდარიყო გადაანგარიშების შედეგების კორექტირების საფუძველი.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 29.03.2024 წლის №6980 ბრძანება აღსრულებულია. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 29.03.2024 წლის №6980 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 29 მარტის №6980 ბრძანებით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტაციის გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). ამასთან, კომპანია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდა შემოწმებით შეძენილ ჯართზე მიღებული დღგ-ის ჩათვლის შემცირების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №001-272 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული ჯარიმისგან. აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით დგინდება: - შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 29 მარტის №6980 ბრძანების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დღგ-ის ნაწილში დაკისრებული ჯარიმა - 11 393 ლარი. - გადაანგარიშების ეტაპზე, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შესწავლილ იქნა საწარმოს მიერ შეძენილი და რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, რომელთა შორის ზუსტი კავშირი ვერ იდენტიფიცირდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა. აღსანიშნავია, რომ დავების განხილვის საბჭოს 13.12.2024 წლის №24375/2/2024 გადაწყვეტილებით, საჩივარი დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით). შემოსავლების სამსახურმა, საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, დამატებით შეისწავლა/გამოიკვლია სადავო საკითხი, თუმცა არ გამოვლინდა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები ან/და სამართლებრივი საფუძვლები, რაც შეიძლება გამხდარიყო გადაანგარიშების შედეგების კორექტირების საფუძველი.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის 29.03.2024 წლის №6980 ბრძანება აღსრულებულია. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).