ბრძანება N 12959

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 09.06.2023
№ დოკუმენტი 12959
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 12959

09.06.2023

---ის (პ/ნ ---)

(მის.---) 2023 წლის 19 მაისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 2 ივნისის სხდომაზე (ოქმი №60) განიხილა ---ის (პ/ნ ---) №81118/1/2023 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 15 მაისის №EL209623 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორის განმარტებით, ახორციელებს სამკერვალო საქმიანობას და ძაფების შესახებ საბაჟო კონტროლის ზონაში თვითონ განაცხადა. მომჩივანი მიუთითებს, რომ ძაფების ღირებულება რეალურად არის 400 ლარი. აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 11 მაისს ---ის (პ/ნ --) მიერ №11112/C10704 საბაჟო დეკლარაციით საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში წინასწარ დეკლარირებულ იქნა 612.01 ლარის საბაჟო ღირებულების 86 კგ. სხვადასხვა დასახელების საქონელი. აღნიშნული დეკლარაციისთვის მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალება „eCustoms“- ის მიერ განისაზღვრა „წითელი დერეფანი“.

გაფორმების ეკონომიკური ზონა „---ს“ უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმება და საქონლის ფიზიკური დათვალიერება, რომლის შედეგადაც აღმოჩნდა არადეკლარირებული საქონელი - 50 ცალი საკერავი ძაფი, რომლის საბაჟო ღირებულებამ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს მიერ 2023 წლის 15 მაისის N004332/2023 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად შეადგინა 577 თურქული ლირა, რაც აღემატება დეკლარირებული საბაჟო ღირებულების 5 პროცენტს.

ვინაიდან, არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულება დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულების 5 პროცენტს აღემატებოდა, საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-13 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით გათავისუფლების საფუძველი არ არსებობდა და ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, გაფორმების ეკონომიკური ზონა „---ს“ უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 15 მაისს შედგენილ იქნა №EL209623 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც ---ს დაეკისრა პასუხისმგებლობა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და შეეფარდა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილი ადგენს, რომ დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, საბაჟო კონტროლი გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს. საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილია, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;

გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე მუხლის მე-13 პუნქტის მიხედვით, პირს საბაჟო დეკლარაციაში/რეექსპორტის დეკლარაციაში არასწორი მონაცემის შეტანისთვის ამ კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ:

ა) საბაჟო დეკლარაციაში/რეექსპორტის დეკლარაციაში ცვლილება შეტანილ იქნა ამ კოდექსის 90-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად;

ბ) საქონლის გაშვებამდე შემოწმებისას აღმოჩენილი არადეკლარირებული საქონლის (გარდა მალულად გადაადგილებული საქონლისა, ამ კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული საქონლისა და ამავე კოდექსის 169-ე მუხლით გათვალისწინებული ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საბაჟო ღირებულება 15 000 ლარს არ აჭარბებს და დეკლარირებული საბაჟო ღირებულების 5 პროცენტს არ აღემატება.

ამავე კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილია, რომ ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით ან/და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

დადგენილია, რომ შემოწმების შედეგად აღმოჩნდა არადეკლარირებული საქონელი - 50 ცალი საკერავი ძაფი, რომლის საბაჟო ღირებულებამ 2023 წლის 15 მაისის N004332/2023 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად შეადგინა 577 თურქული ლირა. შესაბამისად, მომჩივნის მხირიდან ადგილი აქვს ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-15 ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის ჯარიმის ნაცვლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ სამართალდარღვევისთვის გამოყენებული სანქცია უნდა შეესაბამებოდეს ჩადენილი ქმედების სიმძიმეს და მიყენებული ზიანის მოცულობას. კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი სამართალდარღვევის ადეკვატური უნდა იყოს. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შეფარდებული ჯარიმის ნაცვლად, გამოყენებულ უნდა იქნეს გაფრთხილება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ---ის (პ/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. 2023 წლის 15 მაისის №EL209623 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმა შეიცვალოს გაფრთხილებით;

3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს განახორციელოს შესაბამისი კორექტირება მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

მომჩივანი ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის მოხსნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულება დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულების 5 პროცენტს აღემატებოდა, გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 15 მაისს შედგენილ იქნა №EL209623 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც პირს დაეკისრა პასუხისმგებლობა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და შეეფარდა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

მოცემულ შემთხვევაში სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შეფარდებული ჯარიმის ნაცვლად, გამოყენებულ უნდა იქნეს გაფრთხილება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302 (6);

საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 163 (1,11,15); 168 (3).