ბრძანება N 18010

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.08.2025
№ დოკუმენტი 18010
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 18010

11 აგვისტო 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ ----- (ს/ნ -----) (მის.: -----)

2025 წლის 15 ივლისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 24 ივლისს გამართულ სხდომაზე (ოქმი N 59) განიხილა ი/მ ----- (ს/ნ -----) N 96838/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 30 ივნისის N 056-26 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ბუღალტრულ ნაშთსა და ფაქტობრივ ნაშთს შორის სხვაობის რეალიზებულად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, კერძოდ, არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ ბუღალტრულ ნაშთს. აცხადებს, რომ ინვეტარიზაციისას დადგენილი ფაქტობრივი ნაშთი უნდა შეუდარდეს მისი ჩატარების თარიღისთვის არსებულ ბუღალტრულ ნაშთს. ვარაუდობს, რომ შემოწმებამ არ გაითვალისწინა მაისის სალაროს თანხები. აღნიშნავს, რომ დანაკლისი რომც ყოფილიყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით ითვლება საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად მისი აღმოჩენის მომენტში. თუნდაც იმ ფაქტის დაშვებით, რომ მარტის ბრუნვა მაისის თვეში დაიბეგრა, ამ შემთხვევაშიც პირის მიმართ უნდა გამოყენებულიყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივანი ითხოვს ბუღალტრული ნაშთის გაანგარიშებისას მაისის ბრუნვაში საკონტროლო - სალარო აპარატის მაჩვენებლის სრულად გათვალისწინებას, მის შესაბამისად გამოვლენილი სხვაობის თანხის, დარიცხული გადასახადის და ჯარიმის შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 25 აპრილის N 7637 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ----- (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის 11 დეკემბრიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 27 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 30 ივნისის N 14266 ბრძანება და ამავე თარიღის N 056-26 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 90 162 ლარი, მათ შორის გადასახადი 58 371 ლარი, ჯარიმა 29 186 ლარი და საურავი 2 605 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

პირი გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა 2023 წლის 11 დეკემბერს, ხოლო 2024 წლის 10 იანვრიდან არის დღგ-ის გადამხდელი. გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის ძირითადი სფეროა სურსათით ვაჭრობა -----. გადასახადის გადამხდელს არ აქვს ბუღალტრული აღრიცხვა. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის N 9506 ბრძანების საფუძველზე 2025 წლის 14 მაისს ჩატარებულ იქნა გადასახადის გადამხდელის სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციის შედეგად მეწარმის საქონლის ფაქტობრივი ნაშთი 2025 წლის 14 მაისის მდგომარეობით შეადგენს 440 963 ლარს (თვითღირებულებით). ამასთან, გადასახადის გადამხდელის საქონლის ბუღალტრული ნაშთებისა და რპთ-ის განსაზღვრის მიზნით, შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახდების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია, მათ შორის, გადასახადის გადამხდელის მფლობელობაში არსებული საკონტროლო - სალარო აპარატით მიღებული შემოსავლები. შემოწმების მიერ ინვენტარიზაციის მასალებზე დაყრდნობით გაანგარიშდა შესამოწმებელი პერიოდის რპთ და ერთობლივი შემოსავალი. ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციით დადგენილ იქნა ფასნამატი, რომელიც თანხვედრაშია დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატთან და შეადგენს 10-11%-ს (ფასნამატი განისაზღვრა საქონლის კატეგორიების მიხედვით). შესაბამისად, შემოწმების მიერ განსაზღვრულ ნაშთსა და ბუღალტრულ ნაშთს შორის სხვაობაზე (305 098 ლარი) დაყრდნობით დაკორექტირდა გადამხდელის 2025 წლის რპთ, რაზეც გავრცელდა ინვენტარიზაციის ფასნამატი კატეგორიების მიხედვით და მიღებული სხვაობა მიჩნეულ იქნა გადამხდელის მიერ წინა პერიოდში რეალიზებულად. მის მიერ წარდგენილი ბრუნვის პროპორციულად შემოწმების მიერ გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა (გათვალისწინებულ იქნა გათავისუფლებული ბრუნვის წილი).

ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის მიხედვით, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):

ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას:

ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;

ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის.

გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;

ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა;

ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სასაქონლო - მატერიალური ფასეულობის შემადგენლობაში შეიტანოს თავის საკუთრებაში არსებული დამუშავებული ან ნაწილობრივ დამუშავებული საქონელი, მისი ადგილმდებარეობის მიუხედავად, კერძოდ, ნედლეული ან/და მასალები (გარდა კაპიტალიზებადი ხარჯებისა), რომლებიც შეძენილია შემდგომი რეალიზაციისათვის ან საქონლის წარმოებისათვის/ მომსახურების გაწევისათვის.

2. დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) განსაზღვრისას საანგარიშო პერიოდის დასაწყისისთვის არსებული სასაქონლო - მატერიალური ფასეულობის ღირებულება აკლდება, ხოლო საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის არსებული სასაქონლო - მატერიალური ფასეულობის ღირებულება ემატება ერთობლივ შემოსავალს.

3. სასაქონლო - მატერიალური ფასეულობის აღრიცხვისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია წარმოებული ან შეძენილი საქონლის ღირებულება აღრიცხვაში ასახოს ამ საქონლის წარმოებაზე გაწეული ხარჯების (გარდა საამორტიზაციო ანარიცხებისა) ან შეძენის ფასად. ამასთანავე, გადასახადის გადამხდელი საქონლის ღირებულებაში შეიტანს მისი შენახვისა და ტრანსპორტირების ხარჯებს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს რეალიზებული საქონელი სრულად არ ჰქონდა ასახული და დაბეგრილი შესაბამის საანგარიშო პერიოდში დღგ-ით. ვინაიდან, გადამხდელის მიერ არ იყო შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, შემოწმებით დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვითაც, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, ხოლო მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ მართლზომიერია შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, შემოწმების მიერ განსაზღვრულ ნაშთსა და ბუღალტრულ ნაშთს შორის სხვაობაზე (305 098 ლარი) დაყრდნობით დაკორექტირდა რპთ, რომელზეც გავრცელდა ინვენტარიზაციის ფასნამატი კატეგორიების მიხედვით და მიღებული სხვაობა მიჩნეულ იქნა გადამხდელის მიერ წინა პერიოდში რეალიზებულად, მის მიერ წარდგენილი ბრუნვის პროპორციულად (გათვალისწინებულ იქნა გათავისუფლებული ბრუნვის წილი).

ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფრომაციის თანახმად, საგადასახადო შემოწმების ბრძანების გამოცემის შემდეგ - 2025 წლის პირველ მაისს გადასახადის გადამხდელმა საკონტროლო - სალარო აპარატში დააფიქსირა 400 301 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) საქონლის რეალიზაცია. აღნიშნული შემოსავალი მეწარმემ ჩართო მაისის თვის საანგარიშო პერიოდის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში (მაისის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 481 938 ლ). მაშინ როდესაც შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის საკონტროლო - სალარო აპარატით დღიური რეალიზაცია შეადგენს საშუალოდ 8000 ლარს (დღგ-ის ჩათვლით), ხოლო შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის ბრუნვა შეადგენს საშუალოდ 150 000 ლარს. დასახელებული გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ მიჩნეულ იქნა, რომ გადასახადის გადამხდელმა მოსალოდნელი დანაკლისის გამოვლენისა და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისგან თავის არიდების მიზნით ხელოვნურად გაზარდა მაისის თვის დღგით დასაბეგრი ბრუნვა. კერძოდ, სმფ-ის დანაკლისის გამოვლენისგან თავის არიდების მიზნით მეწარმემ ამობეჭდა 2025 წლის პირველ მაისს 400 301 ლარის ღირებულების ჩეკები. ჩატარებული ანალიზის შედეგად, შემოწმებამ მიიჩნია, რომ რეალურად ზემოაღნიშნული საქონლის რეალიზაცია განხორციელდა წინა საანგარიშო პერიოდებში, რომელიც გადამხდელის მიერ არ იქნა დეკლარირებული.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ დადგენილ იქნა ბუღალტრული ნაშთი 01.04.2025 წლის (შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს) მდგომარებით, რამაც შეადგინა 697 231 ლარი (01.01.2025 წლის საწყის ნაშთს დაემატა შესამოწმებელ პერიოდში შეძენა და შემცირდა იანვრიდან აპრილამდე რპთ-ით), ასევე ინვენტარიზაციის შედეგების გათვალისწინებით დადგენილ იქნა ფაქტიური ნაშთი 392 133 ლარი (14.05.2025 წ. ინვენტარიზაციით გამოვლენილ სმფ-ების თვითღირებულება შემცირდა სმფ-ის შეძენით 01.04.2025-14.05.2025 პერიოდში და დაემატა აპრილისა და 1 მაისიდან 14 მაისამდე რპთ). გამოვლინდა სხვაობა ბუღალტრულ და ფაქტიურ ნაშთებს შორს 305 098 ლარის ოდენობით, რომელიც მიჩნეულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში - 2025 წლის იანვარში, თემერვალსა და მარტში რეალიზებულად, კატეგორიების მიხედვით დადგენილი ფასნამატით. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტთან, სმფ-ების ინვენტარიზაციის თარიღისთვის განსაზღვრული ფაქტობრივი ნაშთის ამავე თარიღის მდგომარეობით არსებულ ბუღალტრულ ნაშთთან შედარებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 14 მაისის N 9506 ბრძანებით, 2025 წლის 14 მაისს ჩატარდა სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის ბრძანებით შემოწმებულ იქნა 2023 წლის 11 დეკემბრიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებას უნდა დაედგინა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებული სმფ-ის ნაშთი, რომელიც განისაზღვრა ინვენტარიზაციისას აღწერილი სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთის, შეძენილი სმფ-ებისა და დეკლარირებული მონაცემების საფუძველზე. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სმფების ნაშთის დადგენა და მის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.

ამასთან, გადამხდელის არგუმენტთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმის ნაცვლად ამავე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ჯარიმის გამოყენებასთან მიმართებით შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს რეალიზებული საქონელი სრულად არ ჰქონდა ასახული და დაბეგრილი შესაბამის საანგარიშო პერიოდში დღგ-ით. ვინაიდან გადამხდელის მიერ არ იყო შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, შემოწმებით დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირება, რისთვისაც გათვალისწინებულია პირის დაჯარიმება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ხოლო მომჩივნის მოთხოვნა გამოყენებულ იქნას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული 10%-იანი ჯარიმა, ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან აღნიშნული ჯარიმა გამოიყენება საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით.

ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების, მათ შორის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ჯარიმის განსაზღვრა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ი/მ ----- ----- (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ ბუღალტრულ ნაშთს, ითხოვს ბუღალტრული ნაშთის გაანგარიშებისას მაისის ბრუნვაში საკონტროლო-სალარო აპარატის მაჩვენებლის სრულად გათვალისწინებას, მის შესაბამისად გამოვლენილი სხვაობის თანხის, დარიცხული გადასახადის და ჯარიმის შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, შემოწმების მიერ განსაზღვრულ ნაშთსა და ბუღალტრულ ნაშთს შორის სხვაობაზე დაყრდნობით დაკორექტირდა რპთ, რომელზეც გავრცელდა ინვენტარიზაციის ფასნამატი კატეგორიების მიხედვით და მიღებული სხვაობა მიჩნეულ იქნა გადამხდელის მიერ წინა პერიოდში რეალიზებულად, მის მიერ წარდგენილი ბრუნვის პროპორციულად (გათვალისწინებულ იქნა გათავისუფლებული ბრუნვის წილი).

 

გადაწყვეტილება:

, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების, მათ შორის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ჯარიმის განსაზღვრა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება:

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი: 275-ე მუხლის მე-2 ნაწილი.