გადაწყვეტილება №19295/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19295/2/2023
4 მაისი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 4.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 31.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19295/2/2023).
დავის საგანი:
ნაღდი ფულის დანაკლისის განსაზღვრა და ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 21.10.2022 წლის №007-284 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 13.03.2023 წლის №4673 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 103 899,01 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 63 664
მოგების გადასახადი - 30 557
საშემოსავლო გადასახადი - 33 107
ჯარიმა - 34 333
საურავი - 5 902,01
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ფიზიკური პირებისგან მწვანილის და ბოსტნეულის შეძენა და შემდგომი რეალიზაცია.
აუდიტის დეპარტამენტის 30.09.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2019 წლიდან 1.02.2022 წლამდე პერიოდი.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, არ ფლობს სააღრიცხვო დოკუმენტაციას სრულად, ვერ მოხდა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენა, რის გამოც გადასახადის გადამხდელს №187834 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
გადასახადის გადამხდელის მხრიდან შესამოწმებელ პერიოდზე წარმოდგენილია ფიზიკურ პირებთან გაფორმებული შესყიდვის აქტები არასრულ პერიოდზე (მისი განმარტებით 2019 წლის შესყიდვის აქტები დაკარგულია). წარმოდგენილი აქტები არ შეესაბამება საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის მოთხოვნებს. ზუსტად ვერ იდენტიფიცირდება საქონლის შესყიდვების თარიღი. ასევე შესყიდვის აქტები შედგენილია თვის ჭრილში და ვერ ხერხდება ყოველი შეძენის იდენტიფიცირება.
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია შესყიდვის აქტებში მითითებული პირებისგან. აღნიშნული პირები წერილობითი განმარტებით აცხადებენ, რომ თანამშრომლობენ კომპანიასთან, თუმცა ვერ ადასტურებენ საქონლის მიწოდების დროს, რაოდენობასა და ღირებულებას. ასევე, რიგ შემთხვევებში აცხადებენ, რომ შესყიდვის აქტში მითითებული ღირებულების საქონლის მიწოდებას ერთი თვის ჭრილში ადგილი არ ჰქონია.
ყოველივე ზემოაღნიშნულის და იმის გათვალისწინებით, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით ვერ მოხდა იდენტური საქმიანობის განმახორციელებელი მეწარმეების მიერ გამოყენებული ფასნამატის მიხედვით საქონლის თვითღირებულების განსაზღვრა და ვერ იქნა მოპოვებული ინფორმაცია სრულფასოვანი დოკუმენტი მინიმალური შესყიდვის ფასებთან დაკავშირებით საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. შემოწმებამ იხელმძღვანელა 25%-იანი რენტაბელობიდან გამომდინარე (სიტუაციური სახელმძღვანელო №0256), რის მიხედვითაც განისაზღვრა რეალიზებული საქონლის თვითღირებულება.
განკარგვადი თანხების განკარგვის თაობაზე შესაბამისი ახსნა-განმარტების წარმოუდგენლობის გამო, განხორციელდა ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზი, რომლის მიხედვითაც გათვალისწინებულ იქნა გადამხდელის დებიტორულ/კრედიტორული დავალიანებები (მოწოდებული ინფორმაცია შემოწმების მიერ გადამოწმებული იქნა მეორე მხარეებთან), რომლითაც გადამხდელის დებიტორულ/კრედიტორული დავალიანებები ჩაითვალა ანაზღაურებულად, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ნაშთად არსებული თანხა ჩაითვალა ნაღდი ფულადი სახსრების დანაკლისად, რომელიც საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, განხილულ იქნა ანგარიშვალდებულ პირზე - საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 21.10.2022 წლის №007-284 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 13.03.2023 წლის №4673 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, ასევე აუდიტის დეპარტამენტიდან მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი ფიზიკურ პირებთან გაფორმებული შესყიდვის აქტებით ვერ იდენტიფიცირდება საქონლის შესყიდვის თარიღები, შედგენილია თვის ჭრილში და ვერ ხერხდება ყოველი შეძენის იდენტიფიცირება, რის გამოც შემოწმების მიერ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. ამასთან, საწარმოს ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზისას გათვალისწინებულ იქნა გადამხდელის დებიტორულ/კრედიტორული დავალიანებები, რომელიც ჩაითვალა ანაზღაურებულად, ამასთან, საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშება განხორციელდა სრულად საბანკო ამონაწერების საფუძველზე. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ნაშთად არსებული თანხის ფულადი სახსრების დანაკლისად ჩათვლა და დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა მართლზომიერია.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
შესაბამის სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიის საქმიანობაა ფიზიკური პირებისგან ბოსტნეულის შეძენა და შემდგომი რეალიზაცია, რაც ხორციელდება მხოლოდ იურიდიულ პირებზე. ფიზიკური პირებისგან შეძენის დროს შედგენილია შესყიდვის აქტები, რომელიც ჩაბარებულია შემოსავლების სამსახურში, მაგრამ მაინც გამოყენებულია არაპირდაპირი მეთოდი.
შემოსავლების სამსახურის მიერ, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, მოხდა შესყიდვის აქტებში წარმოდგენილ ფიზიკური პირებთან დაკავშირება და ინფორმაციის გამოკითხვა, რა დროსაც პირველი კითხვა გლეხებთან იყო შემდეგი: თქვენ იცით, რომ გადასახადი გეკუთვნით? შესაბამისად, გამოკითხვაზე მყოფი პირებიდან არც ერთმა არ თქვა მიწოდებული საქონლის რაოდენობა, მაგრამ წერილით დაადასტურა, რომ მართლა კომპანიასთან თანამშრომლობდნენ.
მთავარი არგუმენტებია შესყიდვის აქტები, რომელიც განხილვაში არ მიიღეს, შედარების აქტი, სადაც შპს ------- (ს/ნ -------) დავალიანება კომპანიის მიმართ 2019 წლიდან შეადგენს 65 600 ლარს, რაც არ არის გათვალისწინებული ფულის მოძრაობის ანალიზის დროს. აღნიშნულიდან გამომდინარე დირექტორის სარგებლად აღიარებულ თანხაზე დარიცხული გადასახადი და ჯარიმა არ შეესაბამება სისწორეს.
მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს ჯარიმა და საურავი და აღნიშნავს, რომ საკითხის შესწავლის შემდეგ დარჩენილ საშემოსავლო გადასახადს დაფარავს სრულად.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, არ ფლობს სააღრიცხვო დოკუმენტაციას სრულად. შესამოწმებელ პერიოდზე წარდგენილია ფიზიკურ პირებთან გაფორმებული შესყიდვის აქტები არასრულ პერიოდზე. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი შესყიდვის აქტები არ შეესაბამება საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის მოთხოვნებს. ზუსტად ვერ იდენტიფიცირდება საქონლის შესყიდვების თარიღი. შესყიდვის აქტები შედგენილია თვის ჭრილში და ვერ ხერხდება ყოველი შეძენის იდენტიფიცირება. შესყიდვის აქტებში მითითებული პირები წერილობითი განმარტებით აცხადებენ, რომ თანამშრომლობენ კომპანიასთან, თუმცა ვერ ადასტურებენ საქონლის მიწოდების დროს, რაოდენობასა და ღირებულებას. რიგ შემთხვევებში აცხადებენ, რომ შესყიდვის აქტში მითითებული ღირებულების საქონლის მიწოდებას ერთი თვის ჭრილში ადგილი არ ჰქონია.
ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზის დროს გათვალისწინებული იქნა გადასახადის გადამხდელის დებიტორული და კრედიტორული დავალიანებები (წარდგენილი ინფორმაცია გადამოწმებული იქნა მეორე მხარეებთან). დებიტორული და კრედიტორული დავალიანებები ჩაითვალა ანაზღაურებულად, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გამოვლინდა ნაშთი.
საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ რეალიზებული საქონლის თვითღირებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა მართლზომიერია. ამასთან, ვინაიდან განკარგვადი თანხების შესახებ საგადასახადო ორგანოსთვის ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარდგენილი არ არის, საბჭო მიიჩნევს, რომ აღნიშნული თანხის სახელფასო განაცემად ჩათვლა მართლზომიერია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადამხდელი არ ეთანხმება ნაღდი ფულის დანაკლისის განსაზღვრას და ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ფიზიკური პირებისგან მწვანილის და ბოსტნეულის შეძენა და შემდგომი რეალიზაცია. გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, არ ფლობს სააღრიცხვო დოკუმენტაციას სრულად.
გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი ფიზიკურ პირებთან გაფორმებული შესყიდვის აქტებით ვერ იდენტიფიცირდება საქონლის შესყიდვის თარიღები, შედგენილია თვის ჭრილში და ვერ ხერხდება ყოველი შეძენის იდენტიფიცირება, რის გამოც შემოწმების მიერ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
ამასთან, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ნაშთად არსებული თანხა ჩაითვალა ფულადი სახსრების დანაკლისად და განხილული იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
გადაწყვეტილება
საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ რეალიზებული საქონლის თვითღირებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა მართლზომიერია. ამასთან, ვინაიდან განკარგვადი თანხების შესახებ საგადასახადო ორგანოსთვის ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარდგენილი არ არის, საბჭო მიიჩნევს, რომ აღნიშნული თანხის სახელფასო განაცემად ჩათვლა მართლზომიერია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 72; 73; 101; 154; 275
სიტუაციური სახელმძღვანელო 0256