ბრძანება N 7328
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 7328
05.04.2023
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(ფაქტ. მის.: ---------- )
(იურ. მის.: ---------- )
2023 წლის 9 თებერვლის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 22 მარტის სხდომაზე (ოქმი №29) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) №23963/21-11 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 26 დეკემბრის №006-636 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი ითხოვს დარიცხული თანხების გაუქმებას და აღნიშნავს, რომ დარიცხვა ძირითადად გამოწვეულია მცირე მეწარმეებზე გაცემული თანხების, ასევე საწესდებო კაპიტალის შემცირების შედეგად შემცირებული თანხის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრით. განმარტავს, რომ ვერ მოახერხა მცირე მეწარმეების მოძიება, საბუთებზე ხელმოწერა და შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 23 ივნისის N15944 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 6 სექტემბრიდან 2022 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 21 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 21 დეკემბრის №2061 ბრძანება და 26 დეკემბრის №006-636 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 117 748 ლარი, მათ შორის, გადასახადი 66 346 ლარი, ჯარიმა 33 173 ლარი, საურავი 18 229 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა კომპანიის ფულადი სახსრების მოძრაობა, კერძოდ, დოკუმენტური ხარჯი/შემოსავალი, საბანკო ამონაწერები, სალაროში ფულადი სახსრების მოძრაობა (ანგარიშვალდებულ პირებთან მიმართებაში), სახელფასო განაცემები და სხვა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე, მე-8, 49-ე, 61-ე მუხლების გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით. შემოწმების შედეგად 2020, 2021 და 2022 წლების საანგარიშო პერიოდების ბოლოსთვის გამოვლინდა სხვაობა შემოწმების მიერ დადგენილ და ფაქტობრივად კომპანიაში არსებულ ფულად სახსრებს შორის. გამოვლენილი სხვაობა ჩათვლილ იქნა დირექტორზე სახელფასო განაცემად საანგარიშო პერიოდების ბოლოს და საქართველოს 154-ე მუხლის მიხედვით დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
გადასახადის გადამხდელს ბუღალტრულად ნაშთად ერიცხება დებიტორული დავალიანების ნაშთი სს "----------" 14 536 ლარის ოდენობით, თუმცა საბანკო ამონაწერის მიხედვით აღნიშნული თანხა მიღებული აქვს. შემოწმების მიერ ზემოაღნიშნული თანხა ჩათვლილ იქნა დირექტორზე სახელფასო განაცემად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის საფუძველზე, შპს „----------“ დირექტორი დაფუძნებიდან 2020 წლის ნოემბრის თვის საანგარიშო პერიოდამდე იყო “----------" (პ/ნ ----------), ხოლო შემდგომი პერიოდიდან კომპანიის დირექტორია "----------" (პ/ნ ----------). გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ბუღალტრული პროგრამის შესწავლის შედეგად დგინდება, რომ 2020 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდში სალაროდან გაცემულია თანხები "----------"-ზე, როგორც ანგარიშვალდებულ პირზე. შემოწმების შედეგად არ დასტურდება აღნიშნული განაცემით კრედიტორული დავალიანების დაფარვა ან/და თანხის სალაროში უკან დაბრუნება. შემოწმების მიერ აღნიშნული განაცემი განისაზღვრა როგორც დივიდენდის გაცემა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 და 130-ე მუხლების თანახმად, გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულება შესაბამისი გადასახადების ნაწილში.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამავე კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ზ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:
ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს;
ზ) რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური განმარტავს იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, მართლზომიერად განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, გაანგარიშდა ფულადი სახსრების მოძრაობა, 2020, 2021 და 2022 წლების საანგარიშო პერიოდების ბოლოსთვის გამოვლინდა შემოწმებით დადგენილ და ფაქტობრივად კომპანიაში არსებულ ფულად სახსრებს შორის სხვაობა, ასევე, სს "----------" ბუღალტრულ ნაშთად რიცხული დებიტორული დავალიანების, რომლის მიღება ფიქსირდება საბანკო ამონაწერის მიხედვით, საწარმოს დირექტორზე სახელფასო განაცემად განხილვა და შესაბამისად დაბეგვრა განხორციელდა მართლზომიერად. ხოლო, შემოწმების მიერ ბუღალტრული პროგრამის შესწავლის შედეგად 2020 წლის დეკემბრის თვეში შესაბამის პერიოდის ანგარიშვალდებულ პირზე სალაროდან გაცემულია თანხის, რომლითაც არ დასტურდება კრედიტორული დავალიანების დაფარვა ან/და თანხის სალაროში უკან დაბრუნება, დივიდენდის სახით განაცემად განხილვა და დაბეგვრა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება საწესდებო კაპიტალის შემცირების შედეგად შემცირებული თანხის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. ითხოვს დარიცხული თანხების გაუქმებას
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების შედეგად საანგარიშო პერიოდების ბოლოსთვის გამოვლინდა სხვაობა შემოწმების მიერ დადგენილ და ფაქტობრივად კომპანიაში არსებულ ფულად სახსრებს შორის. გამოვლენილი სხვაობა ჩათვლილ იქნა დირექტორზე სახელფასო განაცემად საანგარიშო პერიოდების ბოლოს და საქართველოს 154-ე მუხლის მიხედვით დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა სსკ-ის კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით. ასევე შემოწმების შედეგად არ დასტურდება აღნიშნული განაცემით კრედიტორული დავალიანების დაფარვა ან/და თანხის სალაროში უკან დაბრუნება. შემოწმების მიერ აღნიშნული განაცემი განისაზღვრა როგორც დივიდენდის გაცემა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 და 130-ე მუხლების თანახმად, გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულება შესაბამისი გადასახადების ნაწილში.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73, 97(1 „ა“); 981(1);101(1); 130; 154; 275;