გადაწყვეტილება №25315/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.07.2025
№ დოკუმენტი 25315/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25315/2/2025

02 ივლისი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს -----ი (ს/ნ ------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.06.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ის 13.06.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №----/2/2025).

 

დავის საგანი:

ფულის ნაშთის, რომლის არსებობაც საწარმოში ვერ დადასტურდა, დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 3.04.2025 წლის №036-3 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 23.05.2025 წლის №10581 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 139 276.53 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 90 059.30

ჯარიმა - 45 029.50

საურავი - 4 187.73

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელი მონაწილეობას იღებს სახელმწიფო ტენდერებში, საამშენებლო/სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად. კომპანიის სახელზე საკონტროლო-სალარო აპარატი არ არის რეგისტრირებული, ასევე, არ აქვს განხორციელებული საბაჟო პროცედურები.

აუდიტის დეპარტამენტის 7.02.2025 წლის №2033 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის, 1.01.2022 წლიდან 1.01.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 31.03.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხზე ირკვევა შემდეგი:

6.02.2025 წლის №1808 ბრძანების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელთან ჩატარებული სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურის მიხედვით 7.02.2025 წლის მდგომარეობით სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს 0 ლარს.

შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელის შემოსავალი (18%-იანი დასაბეგრი ბრუნვა) განისაზღვრა გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების მიხედვით. აღნიშნულის შესაბამისად, დაანგარიშდა ფულის მოძრაობა, სადაც ხარჯად გათვალისწინებულია დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, ბიუჯეტში გადახდები და სხვა დადასტურებული განაცემები. შედეგად სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი დადგინდა 360 273 ლარი, რისი საწარმოში არსებობაც ვერ დასტურდება, აღნიშნული თანხა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 3.04.2025 წლის №6400 ბრძანება და ამავე თარიღის №036-3 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 23.05.2025 წლის №10581 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, ამასთან, აღნიშნავს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესში და საქმის ზეპირ განხილვაზე არ წარუდგენია ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ეკონომიკური საქმიანობას ახორციელებს მხოლოდ ------ის რეგიონში. შემოწმების პერიოდში დირექტორის მიერ მიცემულია განმარტება, რომ სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე არ საჭიროებდა დამატებით მუშახელის დასაქმებას, ვინაიდან თვითონ დირექტორი, როგორც მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი, უწევდა მომსახურებას საკუთარ საწარმოს. გაწეულ მომსახურებაზე შესაბამისი დოკუმენტაცია შემმოწმებელს მიაწოდა, თუმცა არ იქნა გათვალისწინებული.

ზემოთ მოყვანილი არგუმენტებისა და ფაქტების აღწერიდან გამომდინარე, ითხოვს სადავო საკითხის ხელახლა შესწავლას, რადგან მცირე მეწარმე უწევდა მომსახურებას კომპანიას და სწორედ მასზეა თანხები გაცემული ნაღდი ანგარიშსწორებით, ვინაიდან კომპანია (დირექტორის სახით) და მცირე მეწარმე, ორივე ერთი და იგივე პიროვნებაა, გამოუცდელობისა და არ ცოდნის გამო თანხების მოძრაობა არ იყო ჯეროვნად და დოკუმენტურად დროულად ასახული საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად.

ითხოვს მიეცეს გონივრული ვადა და დაერთოს ნება, მოახდინოს მცირე მეწარმე - ---------ზე ნაღდი ანგარიშსწორებით მიღებული თანხების შემოსავლად აღიარება და შესაბამის პერიოდებში მათი დეკლარირება, ხოლო კომპანიის ნაღდი ფულის ნაშთი იქნას აღიარებული როგორც მცირე მეწარმეზე გადახდილი თანხები. ამასთან, წარმოადგენს კომპანიასა და მცირე მეწარმეს შორის გაწეულ მომსახურებაზე შესაბამის დოკუმენტაციას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით:

4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირ განხილვაში მონაწილეობის მიღების მიზნით მომჩივანთან (დირექტორი), საჩივარში მითითებულ ტელეფონის ნომერზე, განხორციელდა დაკავშირება, რომელსაც განხილვაში მონაწილეობის სურვილი არ გამოუთქვამს.

მომჩივანი საჩივარში განმარტავს, რომ სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე არ საჭიროებდა დამატებით მუშახელის დასაქმებას, ვინაიდან თვითონ დირექტორი, როგორც მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი, უწევდა მომსახურებას საკუთარ საწარმოს და სწორედ მასზეა თანხები გაცემული ნაღდი ანგარიშსწორებით. გამოუცდელობისა და არ ცოდნის გამო თანხების მოძრაობა არ იყო ჯეროვნად და დოკუმენტურად დროულად ასახული საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად. წარმოადგენს კომპანიასა და მცირე მეწარმეს შორის გაწეულ მომსახურებაზე შესაბამის დოკუმენტაციას და ითხოვს მიეცეს გონივრული ვადა და დაერთოს ნება, მოახდინოს მცირე მეწარმე ნაღდი ანგარიშსწორებით მიღებული თანხების შემოსავლად აღიარება და შესაბამის პერიოდებში მათი დეკლარირება, ხოლო კომპანიის ნაღდი ფულის ნაშთი აღიარებულ იქნას, როგორც მცირე მეწარმეზე გადახდილი თანხები.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 25.06.2025 წლის №----21-14 წერილი, სადაც მომჩივნის არგუმენტებზე მითითებულია შემდეგი:

გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ ის არ იყენებს დაქირავებით მომუშავე პირებს და საწარმოს დირექტორი/დამფუძნებელი, როგორც მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი საკუთარ საწარმოს უწევს მომსახურებას. შესრულებული სამუშაოს სპეციფიკიდან და მოცულობიდან გამომდინარე შემოწმების მიერ არამართლზომიერად იქნა მიჩნეული ერთ ადამიანს, დამოუკიდებლად, სხვა დამხმარე პირ(ებ)ის გარეშე შეესრულებინა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები. ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ საწარმოს დირექტორი და მცირე მეწარმე ერთ და იგივე პირია. ამასთან, აღნიშნული პირის მიერ წარდგენილი მცირე მეწარმის თვიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები არის ნულოვანი.

შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელის შემოსავალი (18%-იანი დასაბეგრი ბრუნვა) განისაზღვრა გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების მიხედვით. გადასახადის გადამხდელთან ჩატარებული სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურის შედეგად 7.02.2025 წლის მდგომარეობით სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს 0 ლარს. შემოწმების შედეგად სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი დადგინდა 360 273 ლარი, რისი საწარმოში არსებობაც ვერ დასტურდება.

აღნიშნული გარემოებებიდან, მხარეთა არგუმენტებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

ფულის ნაშთის, რომლის არსებობაც საწარმოში ვერ დადასტურდა, დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის №2033 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის, 1.01.2022 წლიდან 1.01.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხზე ირკვევა რომ,6.02.2025 წლის №1808 ბრძანების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელთან ჩატარებული სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურის მიხედვით 7.02.2025 წლის მდგომარეობით სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს 0 ლარს.

შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელის შემოსავალი (18%-იანი დასაბეგრი ბრუნვა) განისაზღვრა გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების მიხედვით. აღნიშნულის შესაბამისად, დაანგარიშდა ფულის მოძრაობა, სადაც ხარჯად გათვალისწინებულია დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, ბიუჯეტში გადახდები და სხვა დადასტურებული განაცემები. შედეგად სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი დადგინდა 360 273 ლარი, რისი საწარმოში არსებობაც ვერ დასტურდება, აღნიშნული თანხა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა №6400 ბრძანება და №036-3 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის №10581 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(4.9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“);