ბრძანება N 9402
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 9402
01.05.2023
შპს „-----------“ (ს/ნ --------)
(მის.: --------------)
2023 წლის 24 მარტის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 6 აპრილს გამართულ სხდომაზე (ოქმი №36) განიხილა შპს „---------“ (ს/ნ ---------) №79909/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 17 მარტის №007-50 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველზე დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. კერძოდ, არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრული ფასნამატის ოდენობას 109%-ს, რომელიც გავრცელდა ყველა პროდუქტზე. ითხოვს, დარიცხული გადასახადისა და ჯარიმის შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 11 ნოემბრის №28314 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ ---------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 11 ნოემბრიდან 2023 წლის 8 თებერვლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 15 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 17 მარტის №5216 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №007-50 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 167 569 ლარი, მათ შორის გადასახადი 103 638 ლარი, ჯარიმა 52 414 ლარი და საურავი 11 517 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შპს „----------“ (ს/ნ ---------) საქმიანობას წარმოადგენს თუნუქის ფურცლებით ფიტინგების (სანიაღვრე მილების, მუხლების, სავენტილაციო ქუდების და სხვა) წარმოება, რეალიზაცია და მონტაჟი. კომპანია არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას ელექტრონული ან სხვა რაიმე ფორმით. არ აღრიცხავს შემოსავალს და ხარჯს და არ გააჩნია მზა პროდუქციის კალკულაციები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებამ კომპანიის შემოსავლის გაანგარიშებისას გამოიყენა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით განსაზღვრული არაპირდაპირი მეთოდი, ვინაიდან პირს არ აქვს სრულყოფილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია და სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და გადამხდელის პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის (მიღებული და გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების და საგადასახადო ანგარიშფაქტურების) დამუშავების და ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში გამოწერილი აქვს 15 ერთეული სასაქონლო ზედნადები. შემოწმებამ, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით გაშიფრა რეალიზაციისას კონკრეტული მზა პროდუქციისთვის საჭირო ნედლეულის/მასალების ოდენობები. შედეგად, დადგინდა მზა პროდუქციის თვითღირებულება. წარმოების ფასნამატის დასადგენად რეალიზაციის ერთეულის ფასი შეუპირისპირდა გაშიფრული რპთის ერთეულის ფასს და დადგინდა წარმოების ფასნამატი 109%, რომელიც გავრცელდა შეძენილ ნედლეულზე/მასალაზე (საბოლოო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის გათვალისწინებით) და დაანგარიშდა კომპანიის შემოსავლები შესამოწმებელ პერიოდში. აღნიშნულმა გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა. პირს დაერიცხა კუთვნილი გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად, კომპანიის შემოსავლები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოწმებით, გადასახადის გადამხდელის განმარტების საფუძველზე, ყველა შეძენა ჩაითვალა გადახდილად, ხოლო, ყველა რეალიზაცია ანაზღაურებულად. ასევე, აღნიშნულ გაანგარიშებაში გათვალისწინებულ იქნა ბიუჯეტში გადახდილი და ბიუჯეტიდან დაბრუნებული თანხები. შესაბამისად, შემოწმების მიერ, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში დადგენილი აღურიცხავი ნაღდი ფული განხილულ იქნა კომპანიის ანგარიშვალდებული პირისათვის გადახდილ ხელფასად/მასთან გათანაბრებულ განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. პირს დაერიცხა გადასახადი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ შემოწმებით გამოყენებული მზა პროდუქციის კალკულაცია, თვითღირებულება და შესაბამისად ფასნამატიც გამოყვანილია გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისივე ახსნა-განმარტების საფუძველზე.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად დგინდება, რომ კომპანია არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას ელექტრონული ან სხვა რაიმე ფორმით. არ აღრიცხავს შემოსავალს და ხარჯს, ასევე არ გააჩნია მზა პროდუქციის კალკულაციები. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა და მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები, შესაბამისად, მართლზომიერია შემოწმების მიერ, კონკრეტული მზა პროდუქციის თვითღირებულებაზე შესაბამისი დოკუმენტური ფასნამატის გავრცელება. ასევე, მართლზომიერია შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით მიღებულსა და გადასახადის გადამხდელის მიერ აღიარებულ შემოსავლებს შორის სხვაობის საწარმოს დაქირავებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად განხილვა.
აგრეთვე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველზე დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. კერძოდ, არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრული ფასნამატის ოდენობას 109%-ს, რომელიც გავრცელდა ყველა პროდუქტზე. ითხოვს, დარიცხული გადასახადისა და ჯარიმის შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმებამ კომპანიის შემოსავლის გაანგარიშებისას გამოიყენა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით განსაზღვრული არაპირდაპირი მეთოდი, ვინაიდან პირს არ აქვს სრულყოფილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია და სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. წარმოების ფასნამატის დასადგენად რეალიზაციის ერთეულის ფასი შეუპირისპირდა გაშიფრული რპთის ერთეულის ფასს და დადგინდა წარმოების ფასნამატი 109%, რომელიც გავრცელდა შეძენილ ნედლეულზე/მასალაზე (საბოლოო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის გათვალისწინებით) და დაანგარიშდა კომპანიის შემოსავლები შესამოწმებელ პერიოდში. აღნიშნულმა გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა. პირს დაერიცხა კუთვნილი გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოწმების მიერ, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში დადგენილი აღურიცხავი ნაღდი ფული განხილულ იქნა კომპანიის ანგარიშვალდებული პირისათვის გადახდილ ხელფასად/მასთან გათანაბრებულ განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. პირს დაერიცხა გადასახადი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 49(1), 61(3), 136(3), 73, 158(1),159(1), 163, 164(1), 101(1), 154(1)"ა".