გადაწყვეტილება №27546/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 24.06.2026
№ დოკუმენტი 27546/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

24 ივნისი 2026

N 27546/2/2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ,,-----" (ს/ნ ----- )

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 18.06.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ,, -----" 10.06.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 27546/2/2026).

 

დავის საგანი:

საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევისათვის, ჩადენილი განმეორებით, დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 28.04.2026 წლის N EL313558 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. საბაჟო დეპარტამენტის 28.04.2026 წლის N EL313561 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

3. საბაჟო დეპარტამენტის 28.04.2026 წლის N EL313563 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

4. საბაჟო დეპარტამენტის 28.04.2026 წლის N EL313564 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

5. საბაჟო დეპარტამენტის 28.04.2026 წლის N EL313565 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

6. საბაჟო დეპარტამენტის 28.04.2026 წლის N EL313566 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

7. საბაჟო დეპარტამენტის 28.04.2026 წლის N EL313568 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

8. საბაჟო დეპარტამენტის 28.04.2026 წლის N EL313569 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

9. საბაჟო დეპარტამენტის 28.04.2026 წლის N EL313570 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

10. საბაჟო დეპარტამენტის 28.04.2026 წლის N EL313574 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

11. საბაჟო დეპარტამენტის 28.04.2026 წლის N EL313576 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

12. საბაჟო დეპარტამენტის 28.04.2026 წლის N EL313578 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

13. შემოსავლების სამსახურის 04.06.2026 წლის N 12210 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 72 000 ლარი (თითოეული ოქმით 6 000 ლარი).

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები:

05.04.2026 წლის N -----/----- რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო გამშვები პუნქტიდან „-----“ კომპანიის საბაჟო საწყობის (-----) დანიშნულებით გაგზავნილია N ------ სარკინიგზო ვაგონებში განთავსებული მსუბუქი ავტომობილებით დატვირთული კონტეინერები.

22.04.2026 წელს კომპანიამ მიმართა საბაჟო დეპარტამენტს დასახელებული რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობის კონტროლიდან მოხსნის თხოვნით.

საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ საქმის გარემოებათა შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ დარღვეულ იქნა დანიშნულების ადგილზე წარდგენილი საქონლის გამოცხადების ელექტრონულად დადასტურების ვალდებულება, კერძოდ კომპანიის მიერ რკინიგზის ელექტრონულ აღრიცხვის მოწმობაზე შესაბამისი აღნიშვნა გაკეთებულია 06.04.2026 წელს. შესაბამისად, საქონლის გამოცხადების ელექტრონულად დადასტურების ვალდებულების შესრულების დროს წარმოადგენდა არა უგვიანეს იმავე დღის 24:00 საათი. გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში ასახული ინფორმაციით გაირკვა, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოცხადების ელექტრონულად დადასტურება განხორციელებულია 07.04.2026 წლის 00:14 სთ-ზე.

საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელს, მომჩივანს, მისთვის დადგენილი ვალდებულების/სანებართვო პირობის დარღვევისათვის დაეკისრა პასუხისმგებლობა საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, რაზეც შედგენილია საბაჟო დეპარტამენტის 28.04.2026 წლის N EL313558, N EL313561, N EL313563, N EL313564, N EL313565, N EL313566, N EL313568, N EL313569, N EL313570, N EL313574, N EL313576 და N EL313578 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები და სანქციის სახით თითოეული საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით მომჩივანს შეეფარდა 6 000 ლარი (ჯამში 72 000 ლარის ოდენობით).

აღნიშნული ოქმები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 04.06.2026 წლის N 12210 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი N 3) მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, „ლიცენზიებისა და ნებართვების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ფ“ ქვეპუნქტზე, „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის N 455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტზე, ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 176-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევის ფაქტებს, რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო აქტებით საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად (განმეორებით ჩადენილი) დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

მომჩივნის მოთხოვნაზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გათვალისწინებით დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები და დაკისრებული პასუხისმგებლობები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

„საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის მე-13 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად ელექტრონული მოწმობით გადაადგილებული საქონლის დანიშნულების ადგილზე წარდგენის დადასტურება ხდება საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების დღის 24 საათამდე საბაჟო საწყობის მიერ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე (www.rs.ge) გადასახადის გადამხდელის პირადი გვერდიდან გამოცხადების ელექტრონული დადასტურებით.

აღნიშნულ შემთხვევაში, ელექტრონული მოწმობით გადაადგილებული თორმეტი ვაგონი კომპანიის ტერიტორიაზე შევიდა 06.04.2026 წელს 23:15 საათზე. მოქმედი ნორმის შესაბამისად, ელექტრონული დადასტურება უნდა განხორციელებულიყო იმავე დღის 23:59 საათამდე, თუმცა, განხორციელდა მცირე დაგვიანებით, რის საფუძველზეც შედგა შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმები.

აღსანიშნავია, რომ გამოცხადების პროცედურა ფაქტობრივად დაიწყო 7 აპრილის 00:13 საათიდან, რაც ცხადყოფს, რომ დაგვიანება იყო მინიმალური და განპირობებული იყო მხოლოდ ტექნიკური და ოპერაციული პროცესების ხანგრძლივობით და არა განზრახი დაყოვნებით.

მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად ადგილი ჰქონდა საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობის დარღვევას, აღნიშნული დარღვევა არ ყოფილა გამოწვეული განზრახი და მართლსაწინააღმდეგო ქმედებით. კომპანია წარმოადგენს შედარებით ახალ ოპერატორს ბაზარზე (ოპერირება დაწყებულია 2025 წელს), რის გამოც შიდა ოპერაციული პროცესების, მათ შორის კონტროლისა და კომუნიკაციის მექანიზმების, ინსტიტუციონალიზაცია და დახვეწა კვლავ მიმდინარეობს.

წინამდებარე შემთხვევაში დარღვევა გამოწვეულია ოპერაციულ დონეზე დაშვებული ფაქტობრივი შეცდომით, რომელიც უკავშირდება კონკრეტული სამუშაო პროცესის არასწორ დაგეგმარებას. კერძოდ, კომპანიის ტერმინალთან მდებარეობს რკინიგზის მახარისხებელი, საიდანაც ხორციელდება ვაგონების მიღება. აღნიშნული პროცესის ფარგლებში, ტერმინალიდან ლოკომოტივის გასვლის, ასევე ვაგონების ჩაბმისა და გამოგზავნის დრო არ ექვემდებარება კომპანიის დამოუკიდებელ კონტროლს და დაკავშირებულია რკინიგზის ოპერაციულ რეჟიმთან. ვაგონების ჩაბმის შემდეგ, ლოკომოტივს ტერმინალამდე მისასვლელად, საქართველოს რკინიგზის მიერ დადგენილი უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად, სჭირდება საშუალოდ 45-60 წუთი. ტერმინალზე შემოსვლის შემდეგ იწყება ვაგონებიდან კონტეინერების გადმოტვირთვისა და საკონტეინერო ეზოში განთავსების პროცესი, რის შემდეგაც ხორციელდება კონტეინერების ნომრებისა და საბაჟო ლუქების შესაბამისობის გადამოწმება. აღნიშნული ოპერაციების დასრულების შემდეგ ხდება ელექტრონული გამოცხადება.

მოცემულ შემთხვევაში, ღამის ცვლაში, მაღალი დატვირთვის პირობებში (ერთდროულად 12 ვაგონის მიღება), საოპერაციო გუნდის თანამშრომლებმა ვერ მოახდინეს ზემოაღნიშნული პროცესების სრული ციკლის ხანგრძლივობის სათანადო გათვლა, რის შედეგადაც ობიექტურად ვერ მოხერხდა კანონით განსაზღვრულ ვადაში ჩატევა. შესაბამისად, დაგვიანება განპირობებული იყო არა განზრახი ქმედებით, არამედ ოპერაციული დაგეგმარების შეცდომით და სამუშაო პროცესის ხანგრძლივობის არასწორი შეფასებით.

მიუხედავად აღნიშნულისა, თანამშრომლები მოქმედებდნენ კეთილსინდისიერად და იმ რწმენით, რომ სრულად და სწორად ასრულებდნენ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განზრახვის არსებობას.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ტვირთი კომპანიის მხრიდან დროულად იქნა მიღებული საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე, აგრეთვე არ მომხდარა მისი გადაადგილების დამალვა, არასწორი დეკლარირება, საბაჟო ლუქის ახსნა, საბაჟო კონტროლის განხორციელებისთვის ხელის შეშლა, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ტვირთის გადაადგილების მცდელობა ან რაიმე სახის მიზანმიმართული დარღვევა. შესაბამისად, დარღვევა ატარებს ფორმალურ - პროცედურულ ხასიათს და არ გამოუწვევია ზიანი სახელმწიფო ბიუჯეტისთვის.

მიუხედავად ფორმალური განმეორებითობისა, მოცემული გარემოებები ერთობლიობაში მიუთითებს, რომ საქმე გვაქვს ფაქტობრივ, უნებლიე შეცდომასთან და არა განზრახ სამართალდარღვევასთან.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ დაკისრებული სანქციის ოდენობა (ჯამურად 72,000 ლარი) აშკარად არაპროპორციულია დარღვევის ხასიათთან და სიმძიმესთან მიმართებით. იმ პირობებში, როდესაც დაგვიანება იყო მინიმალური (რამდენიმე ათეული წუთის ფარგლებში) და არ მოჰყოლია რაიმე ნეგატიური შედეგი, ასეთი ოდენობის სანქცია წარმოადგენს არათანაზომიერ და გადაჭარბებულ ფინანსურ ტვირთს მომჩივნისთვის.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ თავად მოპასუხე ორგანოს მიერ წარდგენილი ინფორმაციის თანახმად, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში („Oracle“) ასახული მონაცემებით დადგენილია, რომ გამოცხადების ელექტრონული დადასტურება განხორციელდა 07.04.2026 წლის 00:14 საათზე. შესაბამისად, სადავო არ არის გარემოება, რომ დარღვევა გამოიხატა რამდენიმე წუთიან დაგვიანებაში.

მიუხედავად აღნიშნულისა, გასაჩივრებული ბრძანება არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რატომ არ იქნა გამოყენებული საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილება. ბრძანებაში მხოლოდ ზოგადად არის მითითებული, რომ მისი გამოყენება „მიზანშეწონილად არ მიიჩნია“ შემოსავლების სამსახურმა, თუმცა არ არის განმარტებული, რომელი კონკრეტული ფაქტობრივი ან სამართლებრივი გარემოება გამორიცხავს მოცემულ შემთხვევაში სამართალდარღვევის შეცდომით/არცოდნით ჩადენილად შეფასებას.

მომჩივნის პოზიციით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ემსჯელა და შეეფასებინა ყველა ის გარემოება, რომელიც წარდგენილი იყო საჩივარში, მათ შორის: დაგვიანების უკიდურესად მცირე ხანგრძლივობა, დარღვევის ფორმალურ-პროცედურული ხასიათი, სახელმწიფო ბიუჯეტისთვის ზიანის არარსებობა, საბაჟო კონტროლის მიზნების სრულად უზრუნველყოფა და ფაქტობრივი შეცდომის არსებობა. აღნიშნული გარემოებების შეფასების გარეშე გაკეთებული შეფასება, რომ საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენება „მიზანშეწონილი არ არის“, ვერ ჩაითვლება სათანადოდ დასაბუთებულ ადმინისტრაციულ გადაწყვეტილებად.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მომჩივანს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სადავო ბრძანება არ არის საკმარისად დასაბუთებული და წარმოადგენს საქმის გარემოებების არასრულყოფილი შეფასების საფუძველზე მიღებულ ადმინისტრაციულ აქტს. ასევე, საქმის გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე მომჩივანი გათავისუფლდეს დაკისრებული საბაჟო სანქციისგან.

 

დავების განხილვის საბჭო:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი N 3) მე10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დანიშნულების ადგილზე საქონლის წარდგენა დასტურდება საბაჟო საწყობის, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის, „ოქროს სიის“ მონაწილის საწყობის, საქართველოს საბაჟო კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტორიზაციის მფლობელი ეკონომიკური ოპერატორის საწყობის (კუთვნილი საქონლის შემთხვევაში) ან შენახვის სხვა ადგილის მფლობელის მიერ – მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (დამღა, ხელმოწერა, თარიღი და დრო). საბაჟო საწყობი, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი, „ოქროს სიის“ მონაწილე, ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია, მოწმობის დამოწმების დღის 24 საათამდე, „eCustoms“-ში ელექტრონულად დაადასტუროს გამოცხადება.

„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის N 455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია უზრუნველყოს საქართველოს საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულება.

საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის თანახმად:

1. საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება (იმავე სანებართვო პირობის დარღვევა), ჩადენილი განმეორებით, იწვევს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას.

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

მომჩივანი მიუთითებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად ადგილი ჰქონდა საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობის დარღვევას, აღნიშნული დარღვევა არ ყოფილა გამოწვეული განზრახი და მართლსაწინააღმდეგო ქმედებით. წინამდებარე შემთხვევაში დარღვევა გამოწვეულია ოპერაციულ დონეზე დაშვებული ფაქტობრივი შეცდომით, რომელიც უკავშირდება კონკრეტული სამუშაო პროცესის არასწორ დაგეგმარებას. კერძოდ, კომპანიის ტერმინალთან მდებარეობს რკინიგზის მახარისხებელი, საიდანაც ხორციელდება ვაგონების მიღება. აღნიშნული პროცესის ფარგლებში, ტერმინალიდან ლოკომოტივის გასვლის, ასევე ვაგონების ჩაბმისა და გამოგზავნის დრო არ ექვემდებარება კომპანიის დამოუკიდებელ კონტროლს და დაკავშირებულია რკინიგზის ოპერაციულ რეჟიმთან. ვაგონების ჩაბმის შემდეგ, ლოკომოტივს ტერმინალამდე მისასვლელად, საქართველოს რკინიგზის მიერ დადგენილი უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად, სჭირდება საშუალოდ 45-60 წუთი. ტერმინალზე შემოსვლის შემდეგ იწყება ვაგონებიდან კონტეინერების გადმოტვირთვისა და საკონტეინერო ეზოში განთავსების პროცესი, რის შემდეგაც ხორციელდება კონტეინერების ნომრებისა და საბაჟო ლუქების შესაბამისობის გადამოწმება. აღნიშნული ოპერაციების დასრულების შემდეგ ხდება ელექტრონული გამოცხადება. სადავო არ არის გარემოება, რომ დარღვევა გამოიხატა რამდენიმე წუთიან დაგვიანებაში. მომჩივნის პოზიციით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ემსჯელა და შეეფასებინა ყველა ის გარემოება, რომელიც წარდგენილი იყო საჩივარში, მათ შორის: დაგვიანების უკიდურესად მცირე ხანგრძლივობა, დარღვევის ფორმალურ - პროცედურული ხასიათი, სახელმწიფო ბიუჯეტისთვის ზიანის არარსებობა, საბაჟო კონტროლის მიზნების სრულად უზრუნველყოფა და ფაქტობრივი შეცდომის არსებობა. შემოსავლების სამსახურის მიერ სადავო ბრძანება არ არის საკმარისად დასაბუთებული და წარმოადგენს საქმის გარემოებების არასრულყოფილი შეფასების საფუძველზე მიღებულ ადმინისტრაციულ აქტს.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის N 473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

განსახილველ შემთხვევაში, საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი არგუმენტები და დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც სანქციის შეფარდება ეფუძნება, მოითხოვს დამატებით შესწავლას/შეფასებას შემოსავლების სამსახურის მიერ.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის 04.06.2026 წლის N 12210 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 04.06.2026 წლის N 12210 ბრძანება;

3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად, დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევისათვის, ჩადენილი განმეორებით, დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

დადგენილია, რომ კომპანიამ საქონელი დაგვიანებით დაადასტურა, საბაჟო ორგანომ სამართალდარღვევის შედეგად მომჩივანს დააკისრა ჯარიმა, ხოლო კომპანიის საჩივარი ადმინისტრაციული წესით არ დაკმაყოფილდა, რის შემდეგაც დავა გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება:

საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

დასაბუთება:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 163(11); 176(2);.