ბრძანება N 20782

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 24.09.2025
№ დოკუმენტი 20782
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 20782

24 სექტემბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“-ის (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2025 წლის 31 ივლისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 11 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №75) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) 2025 წლის 31 ივლისის №97263/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 30 ივნისის №041-28 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შედეგად დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ არასწორად არის დათვლილი ფასნამატის პროცენტი, კომპანიის პროდუქციაზე ფასნამატი განსაზღვრულია 5-10%-ის ოდენობით და აღნიშნული გამოწვეულია ბაზარზე არსებული კონკურენციით.

2. მომჩივანი არ ეთანხმება დამატებით მიღებული შემოსავლების კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. აღნიშნავს, რომ უცხოელ მომწოდებლებზე თანხა სრულად არის გადახდილი და შეუძლია წარმოადგინოს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 7 მაისის №9002 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2024 წლის 30 აგვისტოდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 26 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 30 ივნისის №14263 ბრძანება და ამავე თარიღის №041-28 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 270 064 ლარი, მათ შორის გადასახადი 169 861 ლარი, ჯარიმა 90 868 ლარი და საურავი 9 335 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

1. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს საქმიანობის საგანს წარმოადგენდა საცალო ვაჭრობა ტანსაცმლით, ძირითადად მამაკაცის და ქალის მაისურებით, წინდებით, საცვლებით, სპორტული ორეულებით და ბავშვის ქურთუკებით, -------, -------. საწარმოს მინიჭებული აქვს არაკვალიფიციური სტატუსი. გადასახადის გადამხდელს 2025 წლის 7 მაისს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, გაეგზავნა შეტყობინება სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოდგენის შესახებ. გადამხდელი შეტყობინებას გაეცნო ელექტრონულად, თუმცა მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ წარუდგენია, რის გამოც განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის შესაბამისად. საწარმოში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 20 მაისის №10103 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა და 2025 წლის 13 ივნისს განესაზღვრა ფულის ნაშთი 693 ლარის ოდენობით. გადამხდელს არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, წარმოადგინა ახსნაგანმარტება, რომლის მიხედვითაც სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის შეადგენდა 97 880 ლარს. შემოწმება ჩატარდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციასა და საარქივო სამმართველოდან მიღებულ საბაჟო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით. საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი დეკლარირებული ბრუნვა შეადგენდა 252 335 ლარს, სასაქონლო ზედნადებით რეალიზებული იყო 129 208 ლარის პროდუქცია, რაც დეკლარირებული რეალიზაციის 51%- ს შეადგენდა. ამასთან, კომპანიაში 2025 წლის 19 თებერვალს და 2025 წლის 16 ივნისს ჩატარებულია საკონტროლო შესყიდვა. შესყიდულია მამაკაცის წინდა, მამაკაცის საცვალი და მაისური (საკონტროლო შესყიდვის ფასნამატი მამაკაცის წინდაზე არის 298.61%, მამაკაცის საცვალზე 357.51%, მაისურზე - 757%). კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში იმპორტირებული ჰქონდა -------, ------- და ------- სულ 325 578 ლარის ღირებულების სარეალიზაციოდ განკუთვნილი საქონელი. ადგილობრივი შეძენები არ განუხორციელებია. გადასახადის გადამხდელს 2025 წლის მარტის თვის მოგების გადასახადის დეკლარაციაში დაფიქსირებული ჰქონდა სასაქონლო მატერიალური ფასეულობის ნაშთი 53 924 ლარი, 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით. 2024 წლის საანგარიშო პერიოდში შეძენილი ჰქონდა 161 979 ლარის (დღგ-ის გარეშე) სარეალიზაციოდ განკუთვნილი საქონელი, ხოლო, 2025 წლის იანვრიდან-აპრილამდე პერიოდში 163 599 ლარის. 2024 წლის დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენდა 138 646 ლარს, ხოლო 2025 წლის იანვრიდან აპრილამდე პერიოდის 113 689 ლარს. 2024 წლის დეკლარირებული ფასანამატი შეადგენდა 28.31%-ს. 2025 წლის 5%-ს. დოკუმენტური რეალიზაცია განხორციელებული იყო რამოდენიმე დასახელების (მამაკაცის და ქალის მაისური, მამაკაცის საცვალი, ბავშვის ქურთუკი, ბავშვის შარვალი, სპორტული ორეული) 129 208 ლარის ღირებულების საქონელზე და ფასნამატი შეადგენდა მამაკაცის და ქალის მაისურზე - 2024 წელს-727.43%-ს, 2025 წელს- 471.32% (რაც მთლიანი შეძენის 10.15% და 12.83%-ს შეადგენდა), მამაკაცის საცვალზე 2024 წელს - 150.74%-ს%, 2025 წელს - 186.51%-ს (მთლიანი შეძენის 7%-ს 2024 წელს და 86.26%-ს 2025 წელს შეადგენს), მამაკაცის წინდაზე 2025 წელს - 21,32%-ს.

შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად და პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოწმების მიერ გავრცელებული საშუალო შეწონილი დოკუმენტური ფასნამატი გამოვიდა 201% (მათ შორის 2024 წლის - 153, 39%, 2025 წლის - 223.41%). სხვაობას დეკლარირებულსა და შემოწმებით დადგენილ მონაცემებს შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 163-ე და 164-ე მუხლების საფუძველზე დაერიცხა დღგ და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შედეგად დათვლილი შემოსავალი სრულად ჩაითვალა კომპანიის მიერ მიღებულად, ხოლო, ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი გადახდილად. საწარმოს მიერ იმპორტირებული საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად ჩაითვალა ანაზღაურებულად და გათვალისწინებულ იქნა არარეზიდენტი მომწოდებლის (-------, -------)-ის მიმართ არსებული კრედიტორული დავალიანება 39 478 ლარის ოდენობით. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად, შესწავლილ იქნა ფულადი სახსრების მოძრაობა და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს სალაროში განკარგვადი თანხა 455 380 ლარი, მიჩნეულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. აღნიშნული განაცემი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 2025 წლის 11 სექტემბერს 15:45 საათზე, გადამხდელის მონაწილეობით. გადამხდელს ეცნობა საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით. ამასთან, სატელეფონო კომუნიკაციისას თანხმობა განაცხადა საჩივრის მისი მონაწილეობის გარეშე განხილვაზე.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების შედეგებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა კანონმდებლობით დადგენილი წესით და კომპანიის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები.

შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს საქმიანობის საგანს წარმოადგენდა საცალო ვაჭრობა ტანსაცმლით, ძირითადად მამაკაცის და ქალის მაისურებით, წინდებით, საცვლებით, სპორტული ორეულებით და ბავშვის ქურთუკებით, -------, -------. კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში იმპორტირებული ჰქონდა -------, ------- და ------- სულ 325 578 ლარის ღირებულების სარეალიზაციოდ განკუთვნილი საქონელი. ადგილობრივი შეძენები არ განუხორციელებია. შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელის რპთ-ზე გავრცელებული საშუალო შეწონილი დოკუმენტური ფასნამატი გამოვიდა 201%, მათ შორის 2024 წელს - 153,39%, 2025 წელს - 223,41%). სხვაობა დეკლარირებულსა და შემოწმებით დადგენილ მონაცემებს შორის დაიბეგრა დღგ-ით.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამ მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, შემოწმების მიერ განხორციელდა ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზი, კერძოდ არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი შემოსავლები ჩაითვალა მიღებულად, ხოლო ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი გადახდილად, ამასთან, საწარმოს მიერ იმპორტირებული საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად ჩაითვალა ანაზღაურებულად, გათვალისწინებულ იქნა არარეზიდენტი მომწოდებლის მიმართ არსებული კრედიტორული დავალიანება და სალაროში ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი ფულის ნაშთი. შედეგად, ნაშთად დარჩენილი თანხა მიჩნეულ იქნა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ, დამატებით მიღებული ფულადი სახსრების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა მართლზომიერია, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შედეგად დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებები.

2. დამატებით მიღებული შემოსავლების კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა კანონმდებლობით დადგენილი წესით და კომპანიის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში იმპორტირებული ჰქონდა საქონელი. ადგილობრივი შეძენები არ განუხორციელებია. შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელის რპთ-ზე გავრცელებული საშუალო შეწონილი დოკუმენტური ფასნამატი გამოვიდა 201%. სხვაობა დეკლარირებულსა და შემოწმებით დადგენილ მონაცემებს შორის დაიბეგრა დღგ-ით.

2. შემოწმების მიერ განხორციელდა ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზი, კერძოდ არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი შემოსავლები ჩაითვალა მიღებულად, ხოლო ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი გადახდილად, ამასთან, საწარმოს მიერ იმპორტირებული საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად ჩაითვალა ანაზღაურებულად, გათვალისწინებულ იქნა არარეზიდენტი მომწოდებლის მიმართ არსებული კრედიტორული დავალიანება და სალაროში ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი ფულის ნაშთი, რაც მიჩნეულ იქნა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154; 102(5); 159