გადაწყვეტილება №21706/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 12.03.2024
№ დოკუმენტი 21706/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 21706/2/2023

12 მარტი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: : შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 1.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----------“ 25.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21706/2/2023).

 

დავის საგანი:

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებზე გადახდილი მომსახურების ანაზღაურების ხელფასად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 ოქტომბრის №236-5 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 11 დეკემბრის №30932 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 125 144 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 66 977

დღგ - 4 591

საშემოსავლო გადასახადი - 62 386

ჯარიმა - 34 350

საურავი - 23 817

 

ფაქტების აღწერა

საწარმოს საქმიანობაა ტენდერების მეშვეობით სანიაღვრე სისტემების მოწყობის სამუშაოების ჩატარება, ასევე საყრდენი კედლების მოწყობა/რეაბილიტაცია, ბეტონის ფილების მოწყობის სამუშაოები და სხვა. კომპანია რიგ შემთხვევებში გამოდის ქვეკონტრაქტორის სახით და გარკვეულ სამუშაოებს უსრულებს კერძო კომპანიებს. ასევე, უფიქსირდება ტექნიკის იჯარით გაცემის და საქონლის მიწოდების ოპერაციები.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 აპრილის №7690 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 29 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, მომჩივნის მიერ წარდგენილი საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერების და საბუღალტრო პროგრამის დამუშავების შედეგად, ვლინდება, რომ კომპანია სამუშაოების შესრულებისას იყენებს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების შრომას. ამასთან, აღნიშნული მცირე მეწარმეების ნაწილი რეგისტრირებულნი არიან იმ პერიოდიდან, როდესაც იწყებენ შემოსავლების მიღებას შპს „---------“, ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ამ კომპანიისგან უფიქსირდებათ შემოსავლები (როგორც მცირე მეწარმეს) და რიგ შემთხვევებში შემოსავლის მიღების დასრულების შემდგომ იუქმებენ სტატუსს. შემოწმებით, ჩატარდა ანალიზი ფულადი სახსრების მოძრაობის კუთხით და დადგინდა, რომ ხარჯების დიდი ნაწილი გაცემულია მცირე მეწარმეებზე იმ პირობებში, როდესაც საწარმოს დამფუძნებელ/დირექტორზე მთლიან შესამოწმებელ პერიოდში დივიდენდის გაცემა არ ფიქსირდება და გაცემული ხელფასი შეადგენს 9 086 ლარს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით, რიგი მცირე მეწარმეების მიერ გაწეული მომსახურება დაკვალიფიცირდა დაქირავებით მუშაობად და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს დაერიცხა კუთვნილი გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 ოქტომბრის №25470 ბრძანება და №236-5 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 125 144 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 1 ნოემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 11 დეკემბრის №30932 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს ი/მ ---------- (პ/ნ ---------) გადახდილი მომსახურების ანაზღაურების თანხების ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 11 დეკემბრის №30932 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 73-ე, 101-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

წარდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ კონტრაქტორ პირებს მცირე ბიზნესის სტატუსი მინიჭებული ჰქონდათ კანონმდებლობის სრული დაცვით. შპს „--------“ თითოეულ მეწარმესთან გაფორმებული აქვს ხელშეკრულებები გარკვეული სამუშაოს შესრულებაზე, ხელშეკრულების ფარგლებში ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს მიხედვით გაფორმებულია მიღება-ჩაბარების აქტები და ამ აქტების მიხედვით კომპანიას ანაზღაურებული აქვს ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების ღირებულება. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების უმეტესობა 2013-2014 წლებიდან ახორციელებს დამოუკიდებელ სამეწარმეო საქმიანობას, ხოლო მცირე ბიზნესის სტატუსი შპს „----------“ ხელშეკრულების გაფორმებამდე ჰქონდათ მიღებული. ზემოთ მოყვანილ არგუმენტებზე დაყრდნობით, გადამხდელი მიიჩნევს, რომ სახეზეა ორი დამოუკიდებელი სამეწარმეო სუბიექტის ურთიერთობა და მომსახურების კონტრაქტის შრომით ურთიერთობად კვალიფიცირების სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.

საჩივარში დასმულ საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხვა განხორციელდა 5 მცირე მეწარმეზე გადახდილი თანხებიდან გამომდინარე. მათგან ერთ-ერთი, ი/მ ---------- (პ/ნ ----------), მცირე მეწარმედ რეგისტრირებულია 2020 წლის 1 ივნისს, ხოლო კომპანიასთან ეკონომიკური ურთიერთობა დაიწყო 2021 წლის აპრილის საანგარიშო პერიოდში. ამასთან, მეწარმე ადეკლარირებს სხვა კომპანიებისგან მიღებულ შემოსავალს. სხვა დანარჩენ შემთხვევაში (4 მცირე მეწარმე), პირებს შპს „----------“ ხელშეკრულების გაფორმებამდე დეკლარირებული მცირე მეწარმის შემოსავალი არ უფიქსირდებათ.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ი/მ -------- (პ/ნ ---------) გადახდილი მომსახურების ანაზღაურების თანხების ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი მიუთითებს მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე, საგადასახადო კოდექსის 83-ე, 88-ე მუხლებზე, საქართველოს მთავრობის №415 დადგენილებაზე და აღნიშნავს, რომ კანონით და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განისაზღვრა საქმიანობების ტიპი, რომელთა განხორციელებისას პირს არ მიენიჭება სტატუსი, ხოლო ნებისმიერი სხვა საქმიანობის განხორციელება ნებადართულია. თუ მივყვებით კანონმდებლის ლოგიკას, ისევე როგორც ინდ. მეწარმედ რეგისტრაცია და შემდგომ მცირე ბიზნესის სტატუსის რეგისტრაციაც ნებაყოფლობითია და შეზღუდულია სტატუსის მინიჭება მხოლოდ გარკვეული საქმიანობების განხორციელებისას. მცირე ბიზნესის სტატუსის მოპოვება თითოეულ პირს აძლევს საშუალებას სპეციალური დაბეგვრის რეჟიმში მოაქციოს თავისი სამეწარმეო საქმიანობა ანუ ისარგებლოს საგადასახადო პრეფერენციებით როგორც მცირე მეწარმემ. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირის რეგისტრაცია, სტატუსის მინიჭება და შემდგომ საქმიანობაც სრულიად დამოუკიდებელია და პირი თავად წყვეტს როგორ წარმართოს მისი სამეწარმეო საქმიანობა.

საგადასახადო შემოწმების დროს დარიცხვა განხორციელდა ძირითადად იმ პირებზე, რომლებთანაც უმეტესად თანამშრომლობდა კომპანია. მიუხედავად მომჩივნის მხრიდან წარდგენილი დოკუმენტაციისა, შემმოწმებლებმა მიიჩნიეს, რომ აღნიშნული პირები წარმოადგენდნენ დასაქმებულებს კომპანიაში და არ ეწეოდნენ სამეწარმეო საქმიანობას, არადა მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მათი უმეტესობა 2013-2014 წლებიდან საქმიანობენ როგორც მეწარმეები და ახორციელებენ დამოუკიდებელ სამეწარმეო საქმიანობას. ამასთან, მათმა უმეტესობამ მცირე მეწარმის სტატუსი მიიღო ბევრად უფრო ადრე ვიდრე საქმიან ურთიერთობას დაიწყებდნენ საწარმოსთან.

შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივრის განხილვის შედეგად მხოლოდ ერთ მეწარმე სუბიექტზე დარიცხული თანხების კორექტირება განხორციელდა იმ მოტივით, რომ მხოლოდ ერთ მეწარმე სუბიექტს უფიქსირდება კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებამდე დეკლარირებული მცირე მეწარმის შემოსავლები. ამასთან დაკავშირებით პირველ რიგში წარმოადგენენ --------- 2021 წლის მარტის დეკლარაციას, რომელსაც ცალსახად უფიქსირდება მომჩივანთან ურთიერთობის დაწყებამდე მცირე მეწარმის დეკლარირებული შემოსავალი. ასევე, წარმოადგენენ ----------- დეკლარაციებსაც, რომელსაც ცალსახად უფიქსირდება მცირე მეწარმედ საქმიანობა და დეკლარირებული შემოსავლები საწარმოს გარდა სხვა მეწარმე სუბიექტებისგან. დარჩენილი ორი მცირე მეწარმიდან, ---------- სამწუხაროდ დაკავშირება ვერ მოხერხდა, რადგან საზღვარგარეთ არის წასული სამუშაოდ. შესაბამისად, ვერ მოიძიეს მის მიერ ჩაბარებული მცირე მეწარმის დეკლარაციები, თუმცა მომჩივნის ინფორმაციით მასაც გარდა საწარმოსა სხვა კომპანიებთანაც უფიქსირდება საქმიანობა და დეკლარირებული მცირე მეწარმის შემოსავლები. ასევე, ----------- თავის საქმიანობას მცირე მეწარმის სტატუსით სრულიად კანონიერად ახორციელებდა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საწარმოსთან თანამშრომლობის შემდგომ ყველა მეწარმემ სხვაგან გააგრძელა საქმიანობა, რაც იმის ცალსახა დადასტურებაა, რომ მცირე მეწარმეების მიერ განხორციელებული საქმიანობა არ იყო ერთჯერადი და მათ მომსახურება გაუწიეს არაერთ სხვა იურიდიულ პირს. შესაბამისად, ყოვლად გაუგებარია შემოსავლების სამსახურის პოზიცია, რომელიც აპელირებს მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ მცირე მეწარმეებს პირველი დეკლარაცია მომჩივანთან საქმიანობის დაწყებისას აქვთ ჩაბარებული. მითუმეტეს, ---------- პირველი დეკლარაცია მომჩივანთან საქმიანობის დაწყებამდე აქვს ჩაბარებული.

მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მეწარმე პირები საქმიანობას ახორციელებდნენ საწარმოსთან საქმიანობის დაწყებამდეც. კომპანია აღნიშნულ პირებთან შევიდა სახელშეკრულებო ურთიერთობაში როგორც მცირე მეწარმეებთან და ყველა ოპერაციას ახორციელებდა ამ გარემოებების გათვალისწინებით. ყოვლად გაუგებარია თუ როგორ უნდა მოქცეულიყო კომპანია თავის მხრივ და როგორ უნდა ეიძულებინა პირისთვის სამეწარმეო საქმიანობის შეწყვეტა და შრომითი ურთიერთობის დაწყება. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ კომპანია საქმიანობას ახორციელებს განსაზღვრული ტენდერების ფარგლებში, რაც სამუშაო სპეციფიკის გათვალისწინებით არაპროგნოზირებადია და თავისუფალი სამეწარმეო პირობების საპირწონეს შეთავაზება მეწარმე სუბიექტებისთვის ფაქტობრივად შეუძლებელია. თავისი შინაარსით საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილი საგადასახადო ორგანოს აძლევს საშუალებას თავად განსაზღვროს კომპანიის მიერ განხორციელებული ოპერაციის ფორმა და შინაარსი, თუმცა მისი იმდაგვარი ინტერპრეტირება, რომ შესაძლებელია დამოუკიდებელი მეწარმე ფიზიკური პირის საქმიანობაში ეჭვის შეტანა, დაუშვებელია.

საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლით განსაზღვრულია ის კრიტერიუმები თუ რის საფუძველზე ენიჭება ინდ. მეწარმეს მცირე ბიზნესის სტატუსი. ამავე მუხლით განსაზღვრულია სტატუსის გაუქმების პირობები. შესაბამისად, მანამ სანამ პირი სარგებლობს სტატუსით კანონით განსაზღვრული პირობების ფარგლებში, დაუშვებელია მის საქმიანობაში ეჭვის შეტანა და მის კონტრაქტორ კომპანიაზე დამატებითი ვალდებულებების დაკისრება იმ პირობებში, როდესაც მცირე მეწარმეს სტატუსი არ გაუუქმა შემოსავლების სამსახურმა და თავის მხრივ ნაწარმოები დაბეგვრაც ძალაში დატოვა. ფაქტობრივად გამოდის, რომ ერთი და იგივე შემოსავალზე ორმაგი დაბეგვრა გაავრცელა შემმოწმებელმა.

რაც შეეხება დირექტორზე გაცემული ხელფასის არგუმენტს, ისიც არ გამომდინარეობს ფაქტობრივი მოცემულობიდან. კომპანიის დირექტორი წარმოადგენს საწარმოს 100% დამფუძნებელსაც, შესაბამისად, ახლად დაფუძნებული კომპანიის განვითარებისკენაა მიმართული და ახალი ხელსაწყო დანადგარების შეძენაში როგორც ინვესტირება, ასევე რეინვესტირება ხორციელდება. საწარმოს მიერ თითოეულ მცირე მეწარმესთან გაფორმებულია სამუშაოს შესრულების ხელშეკრულება. ხელშეკრულების ფარგლებში ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს მიხედვით გაფორმებულია მიღება-ჩაბარების აქტები და ამ მიღებაჩაბარების აქტების შესაბამისად კომპანია ახორციელებდა ხელშეკრულებით განსაზღვრული ღირებულების ანაზღაურებას.

ცალსახაა, რომ სახეზეა ორი დამოუკიდებელი სამეწარმეო სუბიექტის ურთიერთობა. შემოწმების აქტში აღნიშნული მეწარმე ფიზიკური პირები დამოუკიდებლად ახორციელებდნენ თავის საქმიანობას საწარმოსთან ურთიერთობამდეც და შემდგომაც. აღნიშნულიდან გამომდინარე, ყოვლად უსაფუძვლოა აუდიტის დეპარტამენტის შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურის ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც გადასახადის გადამხდელის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტი განმარტავს, რომ ---------- 2021 წლის მარტის დეკლარაცია შპს „----------“-თან ხელშეკრულების გაფორმებამდე არ არის წარდგენილი. ხელშეკრულება გაფორმებულია 2020 წლის აგვისტოს თვეში, ხოლო თანხის ანაზღაურება იწყება 2020 წლის ოქტომბრის საანგარიშო პერიოდიდან. ამასთან, სადავო მცირე მეწარმეებიდან რამდენიმე აგრძელებს საქმიანობას სხვა იურიდულ პირებთან როგორც მცირე მეწარმე, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევებში მნიშვნელოვანია აღინიშნოს მათ მიერ გაწეული მომსახურებების სახეები. მცირე მეწარმეების მიერ სრულდება ისეთი სამუშაოები, როგორიცაა ახალი სანიაღვრე არხების მოწყობა, ბორდიურების მოწყობა, ქუჩის შესახვევის რეაბილიტაცია სრულად, ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება, ქუჩის რეაბილიტაცია და სხვ. ზემოაღნიშნული სამუშაოები, როგორც წესი, მოითხოვს სპეციალურ ტექნიკას, სხვადასხვა სახის რესურსს, რომელიც აღემატება ერთი ადამიანის შრომას. აღნიშნულ მცირე მეწარმეებს არ უფიქსირდებათ დაქირავებული ფიზიკური პირები, საკუთრებაში ან იჯარით აღებული ძირითადი საშუალებები, შეძენილი საწვავი და სხვა მასალები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მცირე მეწარმეების მიერ შესრულებული სამუშაოები არ განსხვავდება სხვა დაქირავებით მომუშავე პირის სამუშაოსგან. შესაბამისად, ის დაკვალიფიცირდა როგორც დაქირავებით მუშაობა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებზე გადახდილი მომსახურების ანაზღაურების ხელფასად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმოს საქმიანობაა ტენდერების მეშვეობით სანიაღვრე სისტემების მოწყობის სამუშაოების ჩატარება, ასევე საყრდენი კედლების მოწყობა/რეაბილიტაცია, ბეტონის ფილების მოწყობის სამუშაოები და სხვა. კომპანია რიგ შემთხვევებში გამოდის ქვეკონტრაქტორის სახით და გარკვეულ სამუშაოებს უსრულებს კერძო კომპანიებს. ასევე, უფიქსირდება ტექნიკის იჯარით გაცემის და საქონლის მიწოდების ოპერაციები.

შემოწმებით დგინდება რომ, მცირე მეწარმეების მიერ სრულდება ისეთი სამუშაოები, როგორიცაა ახალი სანიაღვრე არხების მოწყობა, ბორდიურების მოწყობა, ქუჩის შესახვევის რეაბილიტაცია სრულად, ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება, ქუჩის რეაბილიტაცია და სხვ. ზემოაღნიშნული სამუშაოები, როგორც წესი, მოითხოვს სპეციალურ ტექნიკას, სხვადასხვა სახის რესურსს, რომელიც აღემატება ერთი ადამიანის შრომას. აღნიშნულ მცირე მეწარმეებს არ უფიქსირდებათ დაქირავებული ფიზიკური პირები, საკუთრებაში ან იჯარით აღებული ძირითადი საშუალებები, შეძენილი საწვავი და სხვა მასალები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მცირე მეწარმეების მიერ შესრულებული სამუშაოები არ განსხვავდება სხვა დაქირავებით მომუშავე პირის სამუშაოსგან. შესაბამისად, ის დაკვალიფიცირდა როგორც დაქირავებით მუშაობა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;73(9);101(1);154(1);