გადაწყვეტილება №19786/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19786/2/2023
05 ივლისი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 29.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---------- 25.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19786/2/2023).
დავის საგანი:
დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 31.12.2021 წლის №057-36 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 3.05.2023 წლის №9644 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 624 080 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 315 256
დღგ - 306 171
საშემოსავლო გადასახადი - 9 085
ჯარიმა - 225 346
საურავი - 83 478
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საწარმოს საქმიანობაა სახელმწიფო შესყიდვის გზით გაფორმებული კონტრაქტების საფუძველზე სამშენებლო-სარემონტო მომსახურების გაწევა.
30.12.2021 წლის შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2018 წლიდან 1.01.2021 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ მომსახურებებზე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, შედგენილია მიღება-ჩაბარების აქტები და ფორმა №2-ები, ამასთან დამკვეთის მიერ წარმოებს შესრულებული სამუშაოების ექპერტიზა, რის საფუძველზეც ხდება ანგარიშსწორება. შემოწმების პროცესში დამუშავებული და გაანალიზებული იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამა ,,ორისის’’, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და სახელმწიფო შესყიდვის სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის მონაცემები, რის შედეგადაც გამოვლინდა სხვაობები დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 31.12.2021 წლის №057-36 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 30.06.2022 წლის №16905 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. 16.09.2022 წლის №17203/2/2022 გადაწყვეტილებით, საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურის 3.05.2023 წლის №9644 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 160-ე მუხლზე, 161-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 171-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 179-ე მუხლზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში პირდაპირ არის მითითებული, რომ საჩივრის განხილვა უნდა მომხდარიყო მომჩივნის მონაწილეობით, რაც შემოსავლების სამსახურის მიერ არ მომხდარა.
აქტში დაფიქსირებულია, რომ საწარმოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვების გზით გაფორმებული კონტრაქტების საფუძველზე საამშენებლო სარემონტო მომსახურეობის გაწევა. ზემოთაღნიშნულ მომსახურეობებზე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, შედგენილია მიღება ჩაბარების აქტები და ფორმა 2, რის საფუძველზეც ხდება ანგარიშსწორება. საწარმოს მიერ ყველა შესრულებულ სამუშაოებზე გამოწერილია ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურები, აღნიშნული ფაქტურები მიბმულია დეკლარაციაზე და წარდგენილია შემოსავლების სამსახურში, გამომდინარე იქედან, რომ ყველა დაკვეთა, სამუშაოს შესრულების ბოლო მიმღები იყო სახელმწიფო სტრუქტურები და თანხების განაღდება მათი მხრიდან ხდებოდა ანგარიშ-ფაქტურის წარდგენის საფუძველზე, ასე, რომ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები ამ ნაწილში არ შემცირებულა, ასევე ანალოგიურად იწერებოდა ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები და საგადასახადო ანგარიშფაქტურები მასალების და ნედლეულის რეალიზაციაზე და აღნიშნული დოკუმენტებით მიღებული შემოსავლები დაბეგრილია საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, ხოლო შემოწმებამ იხელმძღვანელა ტენდერზე დადებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ღირებულებებით, აღნიშნული თანხებიდან გაანგარიშებული იქნა დღგ-ის თანხები და დამატებით დაერიცხა გადასახადები, არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სამი ტენდერის ხელშეკრულებები გააუქმა დამკვეთმა და შესაბამისად არც შეუსრულებია სამუშაოები (ხელშეკრულების გაუქმების წერილები თან ერთვის საჩივარს). ასევე, საიდან და რა გაანგარიშებით გამოიყვანა დამატებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები უცნობია, რის გამოც მომჩივანს სურს აღნიშნული საკითხის მისი მონაწილეობით შესწავლა და გაანალიზება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბჭო მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საგადასახადო კოდექსის ნორმებზე, კერძოდ:
საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ: ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.
საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის თანახმად:
1. დასაბეგრი ოპერაციის თანხა კორექტირდება შემდეგი გარემოებების დადგომისას:
ა) გაუქმებულია დასაბეგრი ოპერაცია, მათ შორის, ხელახალი რეგისტრაციის დროს დღგ-ის გადამხდელად წინა რეგისტრაციის გაუქმებისას მიწოდებად განხილული საქონლის არსებულ ნაშთზე;
ბ) შეცვლილია დასაბეგრი ოპერაციის სახე;
გ) ფასების შემცირების ან სხვა მიზეზით შეცვლილია ოპერაციაზე ადრე შეთანხმებული კომპენსაციის თანხა, გარდა ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული ცვლილებისა;
დ) საქონელი/მომსახურება სრულად ან ნაწილობრივ უბრუნდება დღგ-ის გადამხდელს.
2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ერთ-ერთი გარემოების დადგომისას დასაბეგრი ოპერაციის თანხა კორექტირდება, თუ გადამხდელის მიერ:
ა) საგადასახადო ორგანოში წარდგენილია ან/და დღგ-ის დეკლარაციაში ასახულია დღგ-ის ანგარიშფაქტურა, რომელშიც დღგ-ის თანხა არასწორად არის აღნიშნული;
ბ) დღგ-ის დეკლარაციაში არასწორად არის აღნიშნული დღგ-ის თანხა;
გ) გამოწერილია დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურა, რომელშიც დღგ-ის თანხა არასწორად არის აღნიშნული.
4. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირების დროს, თუ კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის შედეგად დასაბეგრი ოპერაციის თანხა იცვლება, შესაბამისი კორექტირება უნდა განხორციელდეს კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გაანგარიშების ცხრილები გადამხდელთან გაგზავნილია ელექტრონულ ფოსტაზე 8.11.2021 წელს, გასავლელად და საკუთარი პოზიციის წარმოსადგენად. გადამხდელის მიერ სატელეფონო კომუნიკაციისას გამოთქმულია ცხრილების ერთად გავლის სურვილი, თუმცა მისი მხრიდან არც ელექტრონულ ფოსტაზე და არც პირადად აუდიტის დეპარტამენტში ვიზიტის სახით არ მომხდარა შენიშვნების წარმოდგენა და გადაგზავნილი ცხრილების გავლა. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში შეწყვეტილი ხელშეკრულებები გათვალისწინებულია საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებისას.
რაც შეეხება შესამოწმებელი პერიოდის შემდეგ შეწყვეტილ ხელშეკრულებებს, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ აღნიშნული საკითხი ხელახლა შესწავლილია და არ არსებობს შემოსავლების სამსახურის 3.05.2023 წლის №9644 ბრძანების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს საქმიანობაა სახელმწიფო შესყიდვის გზით გაფორმებული კონტრაქტების საფუძველზე სამშენებლო-სარემონტო მომსახურების გაწევა.შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ მომსახურებებზე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, შედგენილია მიღება-ჩაბარების აქტები და ფორმა №2-ები, ამასთან დამკვეთის მიერ წარმოებს შესრულებული სამუშაოების ექპერტიზა, რის საფუძველზეც ხდება ანგარიშსწორება. შემოწმებით გამოვლინდა სხვაობები დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში.საწარმოს დაერიცხა გათვალისწინებული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;
160;161(1);171(1);179;