ბრძანება N 22937

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 18.09.2023
№ დოკუმენტი 22937
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 22937

18 სექტემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ ------- (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2023 წლის 16 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 5 სექტემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №91) განიხილა ი/მ ------- (ს/ნ -------) №83080/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 ივლისის №136-5 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. მიიჩნევს, რომ არ არსებობს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველი. განმარტავს რომ შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა ხდებოდა საბუღალტრო პროგრამა FMG-ში, რომელიც სრულად იძლევა თითოეული პროდუქტის მიხედვით ფასნამატის დადგენის საშუალებას. მომჩივანი აქვე განმარტავს, რომ მათ ობიექტზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ საკონტროლო შესყიდვა განხორციელდა ოთხჯერ და მხოლოდ პირველ შემთხვევაში მიიღო პირმა გაფრთხილება.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით გაანგარიშებულ ფასნამატს. აცხადებს, რომ ფასნამატი დაანგარიშებულია მცდარად, შესაბამისად, არასწორადაა დარიცხული დღგ.

მომჩივანი ითხოვს შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება/შემცირებას, როგორც გადასახადის, ასევე ჯარიმა/საურავის ნაწილში.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 მარტის №6556 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ------- (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 30 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 20 ივლისის №17712 ბრძანება და ამავე თარიღის №136-5 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 20 696 ლარი, მათ შორის, გადასახადი 13 097 ლარი, ჯარიმა 5 874 ლარი, საურავი 1 725 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

ი/მ ------- გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2010 წლის 12 იანვარს, ხოლო დღგ-ის გადამხდელია 2010 წლის 1 დეკემბრიდან. მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ადგილობრივ ბაზარზე საქონლის (ფქვილი, ქატო, შაქარი, მარილი) საბითუმო შეძენა/რეალიზაცია. დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 2%-ს. შემოწმებით შესწავლილ იქნა მეწარმის სააღრიცხვო დოკუმენტაცია (საგადასახადო ელ. ანგარიშ-ფაქტურები; სასაქონლო ზედნადებები; საბანკო ამონაწერები; საკონტროლო-სალარო აპარატის ამონაწერი). რეალიზებული პროდუქციის 91%-ს შეადგენს შაქარი, 7%-ს ფქვილი, ხოლო 1%-ს ქატო და მარილი. რეალიზაციის 25% არის დოკუმენტური, ხოლო 75% წარმოადგენს საცალოდ გაყიდულ პროდუქციას. რეალიზებული საქონლის ღირებულების ანაზღაურება ხორციელდება ნაღდი ანგარიშსწორებით. გადასახადის გადამხდელი ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას, თუმცა არ ხორციელდება საქონლის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით ჩამოწერა, კერძოდ: დასახელებების მიხედვით, საცალოდ რეალიზებულ პროდუქციაზე შეუძლებელია მყიდველის იდენტიფიცირება და ფასნამატის დადგენა. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი ერთხელ არის დაჯარიმებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნის დარღვევის გამო. პირის მიერ გამოწერილი რეალიზაციის დოკუმენტების შესწავლის/ანალიზის შედეგად დგინდება დეკლარირებულზე მეტი ოდენობის ფასნამატი. ი/მ ------- დღგ-ით დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისათვის გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი, კერძოდ, შემოწმების მიერ, შეძენილი სასაქონლო მარაგების თვითღირებულება, სახეობების მიხედვით, დაკავშირებული იქნა რეალიზებული საქონლის ღირებულებასთან, რის შედეგადაც დადგენილი იქნა დოკუმენტით იდენტიფიცირებული ფასნამატი, კერძოდ: დოკუმენტური ფასნამატი სახეობების მიხედვით შაქარზე შეადგენს 3%-ს, ფქვილზე 4%-ს, ქატოზე 7%-ს, ხოლო მარილზე 9%-ს. საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელებული იქნა შესაბამისი პერიოდების მიხედვით დადგენილი დოკუმენტური ფასნამატი. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების შესაბამისად, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შესაბამისად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის მიხედვით დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის თანახმად:

1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ზოგადი ანალიტიკური პროცედურები.

2. ზოგადი ანალიტიკური პროცედურები გულისხმობს პირის შესახებ ინფორმაციის შეკრებას, ანალიზს და ამ ანალიზის საფუძველზე გადასახადების ადმინისტრირების ღონისძიებების დაგეგმვასა და ოპტიმიზაციას, მათ შორის, გადასახადით დასაბეგრი ობიექტის თაობაზე ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს, ასევე, საგადასახადო დავალიანებისა და ზედმეტობის წარმოშობის მიზეზების შესწავლას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელი ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას, თუმცა არ ახორციელებს საქონლის ჩამოწერას საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით, კერძოდ: საქონლის დასახელებების მიხედვით. საცალოდ რეალიზებული პროდუქციაზე შეუძლებელია მყიდველის იდენტიფიცირება და ფასნამატის დადგენა, შესაბამისად, ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოებია კანონმდებლობით დადგენილის წესის დარღვევით. ამასთან, რეალიზებული საქონლის დიდი ნაწილი (75%) წარმოადგენს საცალოდ გაყიდულ პროდუქციას. აღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულ იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, შეძენილი სასაქონლო მარაგების თვითღირებულება სახეობების მიხედვით დაკავშირებული იქნა რეალიზებული საქონლის ღირებულებასთან, რის შედეგადაც დადგინდა დოკუმენტით იდენტიფიცირებული ფასნამატი, რაც გავრცელდა საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე, შესაბამისი პერიოდების მიხედვით და შესაბამისად, პირს განესაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.

იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დარღვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მოთხოვნები, ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოებია კანონმდებლობით დადგენილის წესის დარღვევით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, შემოსავლების სამსახურა მიაჩნია, რომ შეძენილი და რეალიზებული სასაქონლო მარაგების დაკავშირების შედეგად დადგენილი დოკუმენტური ფასნამატის საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელება და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ამდენად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ ------- (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და შემოწმებით გაანგარიშებულ ფასნამატს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ადგილობრივ ბაზარზე საქონლის (ფქვილი, ქატო, შაქარი, მარილი) საბითუმო შეძენა/რეალიზაცია. დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 2%-ს. გადასახადის გადამხდელი ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას, თუმცა არ ხორციელდება საქონლის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით ჩამოწერა, კერძოდ: დასახელებების მიხედვით, საცალოდ რეალიზებულ პროდუქციაზე შეუძლებელია მყიდველის იდენტიფიცირება და ფასნამატის დადგენა. პირის მიერ გამოწერილი რეალიზაციის დოკუმენტების შესწავლის/ანალიზის შედეგად დგინდება დეკლარირებულზე მეტი ოდენობის ფასნამატი. გადამხდელის დღგ-ით დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისათვის გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი, კერძოდ, შემოწმების მიერ, შეძენილი სასაქონლო მარაგების თვითღირებულება, სახეობების მიხედვით, დაკავშირებული იქნა რეალიზებული საქონლის ღირებულებასთან, რის შედეგადაც დადგენილი იქნა დოკუმენტით იდენტიფიცირებული ფასნამატი. საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელებული იქნა შესაბამისი პერიოდების მიხედვით დადგენილი დოკუმენტური ფასნამატი. შემოწმებით, პირს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ამდენად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 159; 163; 275