ბრძანება N 20117

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 15.08.2023
№ დოკუმენტი 20117
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 20117

15 აგვისტო 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ის“ (ს/ნ ---)

(მის.: ---) 2023 წლის 16 მაისის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 31 ივლისის სხდომაზე (ოქმი №80) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2023 წლის 16 მაისის №81009/1/2023 და №81014/1/2023 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 აპრილის №149-3 და №149-4 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნებთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს და აცხადებს, რომ შემოწმების მიერ სასამართლოს გადაწყვეტილება არ იქნა აღსრულებული, მის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მითითებული სავალდებულო გამოკვლევები არ იქნა ჩატარებული. მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტები არის უკანონო და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 აპრილის №149-3 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ მისი მიღების მომენტისთვის არსებობდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება მიღებული 2022 წლის 14 თებერვალს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი საგადასახადო მოთხოვნა №049-27, დარიცხვის ბრძანებასთან და შემოწმების აქტთან ერთად, შესაბამისად 2023 წლის 13 აპრილის №149-3 საგადასახადო მოთხოვნა უკანონოა, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტი ვერ იმსჯელებს იმ გადაწყვეტილების აღსრულებაზე, რომელიც უკვე იყო ბათილი.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 19 დეკემბერს №53094 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „---ის“ (ს/ნ ---) გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2014 წლის 19 დეკემბერს შედგენილი იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2014 წლის 22 დეკემბერს №53304 ბრძანება და ამავე თარიღის №049-27 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 2 144 544 ლარი, მათ შორის, გადასახადი 800 525 ლარი, ჯარიმა 382 852 ლარი და საურავი 961 167 ლარი.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 22 დეკემბრის №049-27 საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2015 წლის 8 აპრილის №11507 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 8 აპრილის №11507 ბრძანება გადამხდელის მიერ გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2016 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის ბრძანება და დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელისთვის დარიცხული თანხების კორექტირება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, კერძოდ:

„საბჭოს მიაჩნია, რომ იმ შემთხვევაში, სადაც გამოძიებით დადგენილია სადავო შეძენის დოკუმენტების სიყალბე და ფიქტიური ოპერაციების განხორციელების ფაქტი, ამ შესყიდვის აქტებით გათვალისწინებული ხარჯის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში გათვალისწინების საფუძველი არ არსებობს. დანარჩენ შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს შეძენას, მაგრამ შეძენის დოკუმენტები არ აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებს ან არ არსებობს შეძენის დოკუმენტები, მაგრამ დასტურდება შეძენისა და ექსპორტზე გატანის ფაქტი, უნდა მოხდეს ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა და ამ ნაწილში დარიცხული თანხების კორექტირება.“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილები აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2017 წლის 1 თებერვალს შედგენილ იქნა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადამხდელს შეუმცირდა საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები სულ 246 669 ლარი, მათ შორის, გადასახადი 164 446 ლარი და ჯარიმა 82 223 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 3 თებერვლის №049-2 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 3 თებერვლის №049-2 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2017 წლის 30 მაისის №14449 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივარში მითითებული გარემოებების დასადასტურებლად აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გადამხდელის მონაწილეობით შეესწავლა წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განეხორციელებინა აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). ხოლო დანარჩენ ნაწილში გადამხდელის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შპს „---მა“ (ს/ნ ---) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 22 დეკემბრის №049-27 საგადასახადო მოთხოვნის, შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 8 აპრილის №11507 ბრძანების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 23 დეკემბრის №10160/2/15 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „---ს“ (ს/ნ ---) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 22 დეკემბრის №049-27 საგადასახადო მოთხოვნა, 2014 წლის 22 დეკემბრის ბრძანებასა და 2014 წლის 19 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტთან ერთად, ასევე, შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 8 აპრილის №11507 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება. დაევალა სსიპ შემოსავლების სამსახურს, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს „---ის“ (ს/ნ ---) მიმართ გამოცემა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი: „სასამართლოს მიაჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც კომპანიის საქმიანობა-ჯართის შესყიდვა და მიღებული პროდუქციის ექსპორტზე გატანა, სადავო არ არის, ამასთან ცნობილია ექსპორტის სასაქონლო ოპერაციას დაქვემდებარებული საქონლის ოდენობა, ხოლო აღნიშნული საქონლის მისაღებად საჭირო პროდუქციის-ჯართის მოპოვების კანონიერება სადავო არ გამხდარა, სასამართლოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანო უფლებამოსილი იყო, აღნიშნული ჯართის მოპოვების გამო გაწეული ხარჯის დადგენის მიზნით გამოეყენებინა არაპირდაპირი მეთოდი, ხოლო მის გამოყენებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ გადასახადის გადამხდელს გაყალბებული ჰქონდა შესყიდვის დოკუმენტები, არ ამართლებს საგადასახადო ორგანოს მიერ პირთა მიმართ უთანასწორო დამოკიდებულებას, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც პროდუქციის შესყიდვა/მოპოვება სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ან/და არ არის დადგენილი საქონლის უსასყიდლოდ მიღების ფაქტი. შესყიდვის აქტის სიყალბე ავტომატურად არ გულისხმობს ფიქტიურ გარიგებას ან უსაქონლო ოპერაციას.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მოსარჩელის მიერ ფიზიკური პირებისგან შეძენილი ჯართის ღირებულებით ერთობლივი შემოსავლებიდან გამოსაქვითი ხარჯების შემცირების ნაწილში, გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით და მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას. ადმინისტრაციულმა ორგანოებმა არ გამოიკვლიეს, რა ოდენობის ჯართის შესყიდვა იქნებოდა საჭირო ექსპორტს დაქვემდებარებული საქონლისთვის და მის მიმართ, საგადასახადო შემოწმების ფარგლებში, დაუსაბუთებლად არ გამოიყენეს საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას არაპირდაპირი მეთოდი. ამასთან, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების მიზნებისთვის აუცილებელია გაიმიჯნოს, პროდუქციის რომელ ნაწილში დგინდება დოკუმენტების გაყალბება. შემოწმებას საჭიროებს მოსარჩელის არგუმენტი იმის თაობაზე, ადმინისტრაციული ორგანოს დასაბუთებაში რამდენად არის გამოყენებული ის დოკუმენტები, რომელთა მიმართ ჩატარებულია ექსპერტიზა.

სალაროს ნაშთის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვასთან დაკავშირებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გამოყენება საგადასახადო ორგანოს მხრიდან საჭიროებს სათანადო მტკიცებულებებისა და დასაბუთების მაღალ სტანდარტს, რაც აშკარად დაადასტურებს განხორციელებული ოპერაციისთვის კვალიფიკაციის შეცვლის საჭიროებას. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანომ ვერ უზრუნველჰყო მითითებული ნორმის გამოყენების საჭიროების დასაბუთება, შესაბამისად, მის საფუძველზე დამატებით განხორციელებული დარიცხვა ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს.“

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.1. პუნქტი შპს „---ზე“ 2014 წლის 22 დეკემბრის №049-27 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული ქონების გადასახადის (832.33 ლარი) გაუქმების ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით შპს „---ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო დანარჩენ ნაწილში უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 14 თებერვლის განჩინებით უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილების და შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 30 მაისის №14449 ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 30 მარტს და 31 მარტს შედგენილ იქნა დასკვნები საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დავის შედეგად საბოლოო გადაწყვეტილების შესაბამისად გადამხდელს შეუმცირდა საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები, სულ 554 547 ლარი, მათ შორის გადასახადი 369 698 ლარი, ჯარიმა 184 849 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 აპრილის №149-3 და №149-4 საგადასახადო მოთხოვნები.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად ფიზიკურ პირებზე შედგენილ შესყიდვის აქტებზე (მათ შორის იმ პირებზეც, რომელზეც საგამოძიებო სამსახურის მიერ შედგენილია დაკითხვის ოქმები და დადგენილია შესყიდვის აქტების სიყალბე) გამოყენებული იქნა 2008-2010 წლებში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 104-ე და 2011 წლიდან მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილი, გამოსაქვითი ხარჯები დათვლილი იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საოპერაციო შემოსავლების და ხარჯების გათვალისწინებით, რამაც შესაბამისად გამოიწვია საგადასახადო შემოწმების აქტით მოგების გადასახადში დამატებით დარიცხული გადასახადის და ჯარიმის შემცირება წლების მიხედვით. სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად სადავო საკითხი შესწავლილი იქნა დამატებით, შესაბამისად ვერ იქნა დასაბუთებული/დადგენილი თითქმის 2 წლის მანძილზე საწარმოს სალაროში ფაქტიური ნაშთის არსებობა (ამასთან, შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ გადამხდელი არ ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას) და მხოლოდ ბუღალტრულად ფიქსირდება თანხების სალაროში არსებობის ფაქტი. შესაბამისად, არ არსებობს სალაროში ბუღალტრულად დაფიქსირებული თანხების სალაროს პასუხისმგებელ პირზე უპროცენტო სესხად განხილვის და სარგებლის ხელფასის სახით განაცემად მიჩნევის საფუძველზე საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირების საფუძვლები.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ:

ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები;

ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან;

გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება პროცენტების სახით მიღებული შემოსავლები, გარდა ფიზიკური პირის მიერ ბანკებსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში დეპოზიტებსა და ანაბრებზე ფულადი სახსრების განთავსებიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავლისა. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი საქონლის/მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდებისას ერთობლივ შემოსავალში ასახვას ექვემდებარება ამ საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად ფიზიკურ პირებზე შედგენილ შესყიდვის აქტებზე (მათ შორის იმ პირებზეც, რომელზეც საგამოძიებო სამსახურის მიერ შედგენილია დაკითხვის ოქმები) გამოსაქვითი ხარჯები დათვლილი იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საოპერაციო შემოსავლების და ხარჯების გათვალისწინებით, რამაც შესაბამისად გამოიწვია საგადასახადო შემოწმების აქტით მოგების გადასახადში დამატებით დარიცხული გადასახადის და ჯარიმის შემცირება წლების მიხედვით.

ხოლო სალაროს ნაშთის უპროცენტო სესხად განხილვასთან დაკავშირებით, ვერ იქნა დასაბუთებული/დადგენილი პირის სალაროში ფაქტიური ნაშთის არსებობა (ამასთან, შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ გადამხდელი არ ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას), შესაბამისად აღნიშნულ ნაწილში შემოწმების მიერ შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების გადაანგარიშება არ განხორციელდა. საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნებისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივრებში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, სასამართლოს გადაწყვეტილების და შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე და გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შინაარსი შეესაბამება სასამართლოს მიერ დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს და აცხადებს, რომ შემოწმების მიერ სასამართლოს გადაწყვეტილება არ იქნა აღსრულებული, მის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მითითებული სავალდებულო გამოკვლევები არ იქნა ჩატარებული.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 22 დეკემბრის №049-27 საგადასახადო მოთხოვნის, შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 8 აპრილის №11507 ბრძანების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 23 დეკემბრის №10160/2/15 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით საწარმოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 22 დეკემბრის №049-27 საგადასახადო მოთხოვნა, 2014 წლის 22 დეკემბრის ბრძანებასა და 2014 წლის 19 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტთან ერთად, ასევე, შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 8 აპრილის №11507 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება. დაევალა სსიპ შემოსავლების სამსახურს, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომჩივნის მიმართ გამოცემა.

 

გადაწყვეტილება

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნებისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივრებში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, სასამართლოს გადაწყვეტილების და შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე და გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შინაარსი შეესაბამება სასამართლოს მიერ დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136 (3); 73 (4,9); 100; 102; 105; 61.