ბრძანება N 20189
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 20189
15 სექტემბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------ის“ (ს/ნ ---------)
(მის.:---------)
2025 წლის 29 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 4 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №72) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) 2025 წლის 29 ივლისის №97172/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 27 ივნისის №064-9 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ ფასნამატს. აცხადებს, რომ შემმოწმებელმა ფასნამატი გამოიყენა იმპორტის დროს საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის აფასებულ ღირებულებაზე. აღნიშნავს, რომ მისთვის დღემდე უცნობია რომელი კომპანიის ბრუნვები იქნა აღებული საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას და რამდენად არის აღნიშნული კომპანიის საქმიანობა გადამხდელის იდენტური, გაუგებარია თუ რატომ აიღო შემმოწმებელმა სხვა კომპანიის ფასნამატი და არ გამოიყენა საცალო რეალიზაციაზე გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი. მიუთითებს, რომ არსებობს არაერთი გადაწყვეტილება, სადაც გაცილებით ნაკლები აუდირებული ფასნამატი იქნა გამოყენებული, მაგალითად 12%. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გადამხდელი აცხადებს, რომ შემოწმებით არასწორად იქნა გაანგარიშებული საწარმოს ფასნამატი, რამაც განაპირობა არასწორი/ვირტუალური ფულის ნაშთის დადგენა და ასევე არასწორი ვირტუალური ფულის ნაშთის ე.წ „აგროსვა" და არარსებული ფულის 20%-ის ნაცვლად 25%-ით დაბეგვრა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 30 აპრილის №8143 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა შპს „------“-ის (ს/ნ ------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 3 ივნისიდან 2025 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 25 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 27 ივნისის №13817 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №064-9 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 339 439 ლარი, მათ შორის, გადასახადი 194 857 ლარი, ჯარიმა 97 454 ლარი და საურავი 47 129 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის მიხედვით, გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული აქვს ------ საოჯახო ელექტრო ტექნიკისა და ჭურჭლის იმპორტი, სულ ღირებულებით - 690 313,37 ლარი. გადამხდელს წარმოდგენილი აქვს დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაციები, სადაც საქონლის რეალიზაციით დასაბეგრი 18%-იანი ბრუნვა დაფიქსირებული აქვს 608 900 ლარის ოდენობით. შემოწმების პროცესში გადამხდელთან დაკავშირება ვერ განხორციელდა. გადამხდელს შემოწმებისათვის არ წარუდგენია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე მოთხოვნილი ინფორმაცია-დოკუმენტაცია, რის გამოც შედგა სამართალდარღვევის ოქმი №--------. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის მიხედვით, გადამხდელს არ უფიქსირდება დოკუმენტური რეალიზაცია, ასევე მის ობიექტში არ ჩატარებულა საკონტროლო შესყიდვა. შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, სმფ-ების ჩამოწერა/რეალიზაცია არ არის აღრიცხული საქონლის სახეობებისა და რაოდენობის ჭრილში, ვერ ხერხდება კონკრეტული ოპერაციების მიმდინარეობის კონტროლი. შესაბამისად, შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის შემოსავლები დათვლილ იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი გადასახადის გადამხდელთან საცალო რეალიზაციაზე დაფიქსირებული აუდირებული ფასნამატის გამოყენებით. შედეგად, დღგ-ში გამოვლინდა სხვაობები დეკლარირებულ მონაცემებთან შედარებით, საწარმოს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების ხელთ არსებული მონაცემების მიხედვით შედგა ფულადი საშუალებების მოძრაობის ანგარიში. შემოსავალში აღებულ იქნა შემოწმების შედეგად დადგენილი რეალიზაციის ოდენობა, გაწეულ ხარჯებში გათვალისწინებულ იქნა გადამხდელის მიერ იმპორტირებული პროდუქციის ღირებულება, გადახდილი გადასახადები, გაცემული ხელფასები და მიღებული შეძენების ანაზღაურებები. შემოწმებისათვის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადაცემულ იქნა ნაღდი ფულის ინვენტარიზაციის მასალები, სადაც დაფიქსირებულია, რომ გადამხდელის ფულის ნაშთი შეადგენს - 0 ლარს. გადამხდელს არ წარუდგენია ინფორმაცია დებიტორული და კრედიტორული დავალიანების ნაშთის შესახებ. გადამხდელის საქმიანობის შედეგად შემოსული თანხები, რომლის ეკონომიკური საქმიანობისათვის გახარჯვა არ დასტურდება, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რაც დაექვემდებარა დაბეგვრას გადახდის წყაროსთან. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული აქვს ------- საოჯახო ელექტრო ტექნიკისა და ჭურჭლის იმპორტი, სულ ღირებულებით - 690 313,37 ლარი. გადამხდელს შემოწმებისათვის არ წარუდგენია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე მოთხოვნილი ინფორმაცია-დოკუმენტაცია. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის მიხედვით, გადამხდელს არ უფიქსირდება დოკუმენტური რეალიზაცია. შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. ამდენად, შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის შემოსავლები დათვლილ იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი გადასახადის გადამხდელთან საცალო რეალიზაციაზე დაფიქსირებული აუდირებული ფასნამატის გამოყენებით. ამასთან, შემოწმების ხელთ არსებული მონაცემების მიხედვით შედგა ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიში. შემოსავალში აღებულ იქნა შემოწმების შედეგად დადგენილი რეალიზაციის ოდენობა, გაწეულ ხარჯებში გათვალისწინებულ იქნა გადამხდელის მიერ იმპორტირებული პროდუქციის ღირებულება, გადახდილი გადასახადები, გაცემული ხელფასები და მიღებული შეძენების ანაზღაურებები. შემოწმებით გადამხდელის საქმიანობის შედეგად შემოსული თანხები ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმებით შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები, რომლითაც დასტურდება, რომ ყველა იმპორტით შეძენილი საქონლის ღირებულება წარმოადგენს ინვოისში დაფიქსირებულ თანხას.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, ვინაიდან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საგადასახადო შემოწმების მიერ მართლზომიერად განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი გადასახადის გადამხდელთან საცალო რეალიზაციაზე დაფიქსირებული აუდირებული ფასნამატის გამოყენება. ასევე, მართლზომიერად განხორციელდა გადამხდელის საქმიანობის შედეგად შემოწმებით განსაზღვრული თანხების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და შესაბამისად დაბეგვრა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-----“-ის (ს/ნ ------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ ფასნამატს.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული აქვს უცხო ქვეყნიდან საოჯახო ელექტრო ტექნიკისა და ჭურჭლის იმპორტი. გადამხდელს არ უფიქსირდება დოკუმენტური რეალიზაცია, ასევე მის ობიექტში არ ჩატარებულა საკონტროლო შესყიდვა. შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, სმფ-ების ჩამოწერა/რეალიზაცია არ არის აღრიცხული საქონლის სახეობებისა და რაოდენობის ჭრილში, ვერ ხერხდება კონკრეტული ოპერაციების მიმდინარეობის კონტროლი. შესაბამისად, შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის შემოსავლები დათვლილ იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი გადასახადის გადამხდელთან საცალო რეალიზაციაზე დაფიქსირებული აუდირებული ფასნამატის გამოყენებით. შედეგად, დღგ-ში გამოვლინდა სხვაობები დეკლარირებულ მონაცემებთან შედარებით, საწარმოს დაერიცხა დღგ და ჯარიმა. შემოწმებისათვის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადაცემულ იქნა ნაღდი ფულის ინვენტარიზაციის მასალები, სადაც დაფიქსირებულია, რომ გადამხდელის ფულის ნაშთი შეადგენს - 0 ლარს. გადამხდელის საქმიანობის შედეგად შემოსული თანხები, რომლის ეკონომიკური საქმიანობისათვის გახარჯვა არ დასტურდება, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რაც დაექვემდებარა დაბეგვრას გადახდის წყაროსთან. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(5,9);158(1);159(1);163(1,2);164(1);101(1);154(1);