ბრძანება N 25161
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 25161
11 ოქტომბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(მის.: ----------)
2023 წლის 4 სექტემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 25 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №100) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) №83394/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 აგვისტოს №081-154 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. კერძოდ,1. არ ეთანხმება დღგ-ის დარიცხვას და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციას. აცხადებს, რომ დამფუძნებლის მიერ კაპიტალიდან ქონების გამოტანა არ განიხილება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად, გამომდინარე იქიდან, რომ არის უსასყიდლო მიწოდება და აღნიშნულ ქონებაზე საწარმოს ჩათვლა არ აქვს მიღებული.
2. არ ეთანხმება საშემოსავლო და მოგების გადასახადის დარიცხვას. აცხადებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის საფუძველზე, კაპიტალში ქონების შეტანის მომენტისთვის (2019 წლისთვის) განსაზღვრული ფასი 3 წელი არ უნდა შეცვლილიყო და 2022 წელს ახალი ფასით აღარ უნდა განსაზღვრულიყო ქონების ღირებულება. შესაბამისად, არ წარმოიშვებოდა დაბეგვრის ობიექტი (სხვაობა დივიდენდის სახით).
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 ივნისის №14026 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდზე იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შენატანის დაბრუნების საფუძველზე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების დეკლარირების სისწორის განსაზღვრის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 28 ივლისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 1 აგვისტოს №18841 ბრძანება და 2 აგვისტოს №081-154 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 230 309 ლარი, მათ შორის, გადასახადი 155 131 ლარი, ჯარიმა 50 244 ლარი, საურავი 24 934 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. გადასახადის გადამხდელის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საკუთრებაში არსებული ფართის იჯარით გაცემა. კომპანიის დამფუძნებელმა და 100% წილის მესაკუთრემ, ---------- (პ/ნ ----------) 2019 წლის ოქტომბრის თვეში გაზარდა კომპანიის კაპიტალი კომერციული ფართის კაპიტალში შეტანის გზით, კერძოდ, შეტანილი იყო უძრავი ქონება, რომელიც მდებარეობს ---------- (ს.კ. ----------). ზემოაღნიშნული ფართი გამოტანილი იქნა საწესდებო კაპიტალიდან 2022 წლის აგვისტოს თვეში და დარეგისტრირდა ისევ ---------- სახელზე, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერებით. შემოწმების პროცესში ჩატარდა ქონების შეფასება შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ. შესაბამისი დასკვნით კაპიტალიდან გამოტანის თარიღში ქონების ღირებულება შეადგენდა 806 000 ლარს (დღგ-ის ჩათვლით). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა 2022 წლის აგვისტოში დამფუძნებელზე გადაცემული ქონების ღირებულებით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი. ამასთან, გადასახადის გადამხდელი არ იყო რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის დაეკისრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
2. შემოწმების პროცესში ჩატარდა ქონების შეფასება შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, შესაბამისი დასკვნით ქონების კაპიტალში შეტანის თარიღისთვის ღირებულება შეადგენდა 671 000 ლარს, ხოლო კაპიტალიდან გამოტანის მომენტში - 806 000 ლარს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის, 96-ე, 97-ე, 981 , 130-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, კაპიტალიდან შენატანის უკან დაბრუნების მომენტისა და კაპიტალში შენატანის განხორციელების მომენტისთვის ქონების საბაზრო ღირებულებებს შორის სხვაობა დაიბეგრა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებით. ასევე, დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველის ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება საწარმოს ან ამხანაგობის მიერ, შესაბამისად, პარტნიორისთვის ან ამხანაგობის წევრისთვის, წილის სანაცვლოდ საქონლის საკუთრებაში გადაცემა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დღგით დასაბეგრი თანხა არის საქონლის საბაზრო ფასი, დღგ-ის გარეშე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად,1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე; რეპო შეთანხმების, ფასიანი ქაღალდების გასესხებისა და ფინანსური გირავნობის შემთხვევაში გამყიდველის/გამსესხებლის მიერ მყიდველისგან/მსესხებლისგან მიღებული საკომპენსაციო თანხა, რომელიც არის ასეთი გარიგების მოქმედების პერიოდში ფასიანი ქაღალდებიდან რეალურად მიღებული დივიდენდი. ამასთანავე, დივიდენდს არ მიეკუთვნება:
ა) იურიდიული პირის ლიკვიდაციისას ან აქციის/წილის გამოსყიდვისას ფულადი ან ნატურალური ფორმით განხორციელებული გადახდა/განაცემი, რომელიც კაპიტალში (განთავსებულსა და საემისიოში) აქციონერის/პარტნიორის მიერ განხორციელებული შენატანის ოდენობას არ აღემატება;
ბ) იურიდიული პირის აქციონერზე/მოწილეზე განხორციელებული გადახდა ამავე იურიდიული პირის აქციის/წილის საკუთრებაში გადაცემით, გარდა რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული წილობრივი ფასიანი ქაღალდის გადაცემისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველის ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საკუთრებაში არსებული ფართის იჯარით გაცემა. კომპანიის დამფუძნებელმა 2019 წლის ოქტომბრის თვეში გაზარდა კომპანიის კაპიტალი კომერციული ფართის კაპიტალში შეტანის გზით, რომელიც 2022 წლის აგვისტოს თვეში უკან იქნა გამოტანილი იმავე პირის მიერ. შემოწმების პროცესში ჩატარდა ქონების შეფასება შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ. შესაბამისი დასკვნით ქონების კაპიტალში შეტანის თარიღისთვის ღირებულება შეადგენდა 671 000 ლარს, ხოლო კაპიტალიდან გამოტანის მომენტში - 806 000 ლარს. საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა 2022 წლის აგვისტოში დამფუძნებელზე გადაცემული ფართის ღირებულებით. ამასთან, შენატანის კაპიტალიდან უკან დაბრუნების მომენტისა და კაპიტალში შენატანის განხორციელების მომენტისთვის ქონების საბაზრო ღირებულებებს შორის სხვაობა დაიბეგრა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებით.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. კერძოდ,1. არ ეთანხმება დღგ-ის დარიცხვას და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციას.
2. არ ეთანხმება საშემოსავლო და მოგების გადასახადის დარიცხვას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საკუთრებაში არსებული ფართის იჯარით გაცემა. კომპანიის დამფუძნებელმა 2019 წლის ოქტომბრის თვეში გაზარდა კომპანიის კაპიტალი კომერციული ფართის კაპიტალში შეტანის გზით, რომელიც 2022 წლის აგვისტოს თვეში უკან იქნა გამოტანილი იმავე პირის მიერ. შემოწმების პროცესში ჩატარდა ქონების შეფასება შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ. შესაბამისი დასკვნით ქონების კაპიტალში შეტანის თარიღისთვის ღირებულება შეადგენდა 671 000 ლარს, ხოლო კაპიტალიდან გამოტანის მომენტში - 806 000 ლარს. საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა 2022 წლის აგვისტოში დამფუძნებელზე გადაცემული ფართის ღირებულებით. ამასთან, შენატანის კაპიტალიდან უკან დაბრუნების მომენტისა და კაპიტალში შენატანის განხორციელების მომენტისთვის ქონების საბაზრო ღირებულებებს შორის სხვაობა დაიბეგრა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებით. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს .
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 981(1); 130(1); 154(1„ზ“); 160(3„ვ“); 163(1); 282(1).