გადაწყვეტილება №24294/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 21.01.2025
№ დოკუმენტი 24294/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24294/2/2024

21 იანვარი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს "-------" (ს/ნ "-------" )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,29.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "-------" -ს 17.11.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24294/2/2024).

 

დავის საგანი:

1. არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული სალაროს ნაშთი;

2. საბაზრო ფასით განსაზღვრულ ღირებულებასა და სასაქონლო ზედნადებში ასახულ ღირებულებას შორის სხვაობის დირექტორის ხელფასად განხილვა;

3. საგადასახადო მოთხოვნაში ასახული სანქციისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 24.06.2024 წლის №031-7 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 29.10.2024 წლის №23069 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 181 383,68 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 108 911

დღგ - 19 597

მოგების გადასახადი - 327

საშემოსავლო გადასახადი - 88 937

ქონების გადასახადი - 50

ჯარიმა - 53 113

საურავი - 19 359,68

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 13.06.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.01.2024 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 24.06.2024 წლის №031-7 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 29.10.2024 წლის №23069 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული სალაროს ნაშთი

ფაქტების აღწერა

არაპირდაპირი მეთოდით გამოანგარიშებული შემოსავლების, ხარჯების, დებიტორული და კრედიტორული დავალიანების, პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის, საბანკო ანგარიშის ამონაწერის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების გათვალისწინებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში დგინდება განკარგვადი თანხა 334 965 ლარის ოდენობით, რომელზეც გადასახადის გადამხდელს მინიჭებული არ აქვს კვალიფიკაცია. აღნიშნული თანხა მიღებულია ფიზიკური პირებისგან შესყიდვის აქტებით შესყიდული საქონლის საკომპენსაციო თანხის - 204 580 ლარის დაკლების შედეგად, ასევე შემოწმებით განსაზღვრული დამატებით დღგ-ით დაბეგრილი თანხის - 144 192 ლარის დამატების შედეგად. აღნიშნული თანხა ჩაითვალა 2023 წლის დეკემბრის თვეში დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

პირველ, მე-2, მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის თანახმად, გადამხდელი აცხადებს, რომ სატენდერო პირობების შესაბამისად, ვალდებული იყო მიეწოდებინა საკვები სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისათვის საკუთარი მაცივარ-ავტომობილებით. ამასთან აღნიშნავს, რომ კომპანიის საწყობი მდებარეობს დაბა აბასთუმანში, საიდანაც ხდებოდა დისტრიბუცია სხვადასხვა რეგიონებში, რაც დაკავშირებული იყო მაღალ ხარჯებთან. აღნიშნავს, რომ იყო შემთხვევები, როდესაც დოკუმენტურად ვერ იძენდა საწვავს, თუმცა ფაქტობრივად გავლილი მანძილების და საშუალო წვის დათვლის შემდგომ შესაძლებელია დადგინდეს საწვავის რეალური ხარჯი. გადამხდელი გამოთქვამს მზაობას აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საწვავის ხარჯვის დამადასტურებელი კალკულაციები სასაქონლო ზედნადებებში მითითებული მისამართების მიხედვით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების მიხედვით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდით საწვავის ხარჯის გათვალისწინების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საექსპერტო დასკვნა, რომლის მიხედვითაც დადასტურდება საწვავის ფაქტობრივი ხარჯის რეალობა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი. განსაზღვრული მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საწვავის ხარჯები განსაზღვროს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით (მ.შ ცალკეული მარკის სატრანსპორტო საშუალების საწვავის ხარჯვის ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით) და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც გადამხდელი ითხოვს სალაროს ნაშთის გაანგარიშებაში მივლინების დღიური ნორმების გათვალისწინებას, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც გადამხდელი ითხოვს სალაროში არსებული 103 000 ლარის გადაკვალიფიცირებას შპს „N1-ზე “ გაცემულ სესხად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

სალაროს ნაშთის არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშების დროს დამატებით უნდა იქნას გათვალისწინებული ის ფაქტი, რომ მომჩივანი სატენდერო პირობების თანახმად ვალდებულია მიაწოდოს საკვები პროდუქტები ძირითადად სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს ადგილზე საკუთარი ავტომობილებით, მათ შორის მაცივარი-ავტომობილებით. კომპანიის საწყობი მდებარეობს დაბა აბასთუმანში, საიდანაც ხდებოდა დისტრიბუცია ისეთ რეგიონებში, როგორიცაა რაჭა, კახეთი, გურია, იმერეთი და სამცხე-ჯავახეთი, რაც დაკავშირებულია დისტრიბუციის მაღალ ხარჯებთან. მიუხედავად იმისა, რომ შემმოწმებელმა გაითვალისწინა შეძენილი საწვავები ხარჯებში, რეალური ხარჯი წარმოადგენდა გაცილებით მეტს, ვინაიდან იყო შემთხვევები, როცა დოკუმენტურად ვერ ხერხდებოდა საწვავის შეძენა, თუმცა ფაქტობრივად გავლილი მანძილების და საშუალო წვის დათვლის შემდგომ შესაძლებელია იმის დადგენა რომ საწვავის ხარჯი შეადგენდა მეტს ვიდრე დოკუმენტურადაა შეძენილი.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივრით ითხოვდა რომ საწვავის დამატებითი ხარჯი არაპირდაპირი მეთოდით გათვალისწინებული ყოფილიყო კომპანიის სალაროს ნაშთის განსაზღვრაში.

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით, არაპირდაპირი მეთოდით საწვავის ხარჯის გათვალისწინების მიზნით, მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 დღეში აუდიტის დეპარტამენტში წარედგინა საექსპერტო დასკვნა, რომლის მიხედვითაც დადასტურდებოდა საწვავის ფაქტობრივი ხარჯის რეალობა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი.

აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მოხდა სხვადასხვა ექსპერტებთან გასაუბრება, მათ შორის სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, სადაც აღმოჩნდა, რომ მათ მტკიცებით ფორმაში საექსპერტო დასკვნის გაცემა შეუძლიათ მხოლოდ კონკრეტული მანქანის ფაქტობრივი წვის შესახებ 100 კმ-ზე, რაც არ მოდის სრულ შესაბამისობაში დავების საბჭოს მოთხოვნასთან, რომ საექსპერტო დასკვნით უნდა დგინდებოდეს საწვავის ჯამური ფაქტობრივი ხარჯვა. კერძო საექსპერტო ბიუროებმა კი განგვიცხადეს, რომ აღნიშნული მომსახურების ღირებულება მინიმუმ 8000 ლარის ხარჯთან იქნება დაკავშირებული, და არც მათ შეეძლებათ დასკვნის მტკიცებით ფორმაში გაცემა, რაც შესაძლოა გახდეს შემდგომში დავის საგანი. ასევე, საწვავის ხარჯის დამატებით გათვალისწინების შემთხვევაში, ჩვენი კალკულაციით შესამცირებელი საშემოსავლო გადასახადი შეადგენს დაახლოებით 5000 ლარს. შესაბამისად, დასკვნის, რომელიც საეჭვოა იქნება თუ არა დავების საბჭოს გადაწყვეტილების შინაარსის მქონე, მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მომჩივანი ითხოვს მიეცეს უფლება საექსპერტო დასკვნის გარეშე:

ა) მის მიერ გამოწერილი თითოეული სასაქონლო ზედნადებების დაწყება დასრულების მისამართებით განისაზღვროს განვლილი კილომეტრაჟი;

ბ) სასაქონლო ზედნადებში მითითებული ავტომობილის მარკით განისაზღვროს ინტერნეტ სივრცეში მოძიებული საშუალო წვა 100 კმ-ზე;

გ) განსაზღვრონ ინტერნეტ სივრცეში მოძიებული საქართველოში არსებული საშუალო ფასებით განვსაზღვროთ ყოველი დღის საწვავის ფასი.

აღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით გამოიანგარიშოს ჯამური საწვავის ხარჯი შემოწმების პერიოდში, რომელიც წარდგენილ იქნება აუდიტორთან გადაანგარიშებაში გასათვალისწინებლად.

როგორც ზემოთ აღნიშნა, აწარმოებს საკვები პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოს თითქმის ყველა რეგიონებში, რისთვისაც საჭიროა მძღოლი და მისი დამხმარე. შესაბამისად, შესრულებულ შორ რეისებზე პროდუქციის მიტანას აწარმოებდა 2 ადამიანი, რისთვისაც კომპანია აღნიშნულ პირებს სალაროდან უხდიდა მივლინების ყოველდღიურ ნორმებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ითხოვდა რომ მივლინების დღიური ნორმები გათვალისწინებულ ყოფილიყო სალაროს ნაშთის გაანგარიშებაში, თუმცა აღნიშნული საკითხი არ დაკმაყოფილდა შემოსავლების სამსახურის დავების საბჭოს მიერ.

მომჩივანი ითხოვს მიეცეს უფლება წარუდგინოს აუდიტორს მივლინების კალკულაციები და მოხდეს მისი გათვალისწინება სალაროს ნაშთის გაანგარიშებაში. აღნიშნული კალკულაციაც დაეყრდნობა სასაქონლო ზედნადებებში მითითებულ მისამართებსა და თარიღებს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის თანახმად, გადამხდელი აცხადებს, რომ სატენდერო პირობების შესაბამისად, ვალდებული იყო მიეწოდებინა საკვები სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისათვის საკუთარი მაცივარავტომობილებით. ამასთან აღნიშნავს, რომ კომპანიის საწყობი მდებარეობს დაბა აბასთუმანში, საიდანაც ხდებოდა დისტრიბუცია სხვადასხვა რეგიონებში, რაც დაკავშირებული იყო მაღალ ხარჯებთან. აღნიშნავს, რომ იყო შემთხვევები, როდესაც დოკუმენტურად ვერ იძენდა საწვავს, თუმცა ფაქტობრივად გავლილი მანძილების და საშუალო წვის დათვლის შემდგომ შესაძლებელია დადგინდეს საწვავის რეალური ხარჯი. გადამხდელი გამოთქვამს მზაობას აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საწვავის ხარჯვის დამადასტურებელი კალკულაციები სასაქონლო ზედნადებებში მითითებული მისამართების მიხედვით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდით საწვავის ხარჯის გათვალისწინების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საექსპერტო დასკვნა, რომლის მიხედვითაც დადასტურდება საწვავის ფაქტობრივი ხარჯის რეალობა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი. განსაზღვრული მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საწვავის ხარჯები განსაზღვროს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით (მ.შ ცალკეული მარკის სატრანსპორტო საშუალების საწვავის ხარჯვის ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით) და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების და საჩივრის ამ სადავო საკითხში დაკმაყოფილების საფუძველი.

მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ითხოვს სალაროს ნაშთის გაანგარიშებაში მივლინების დღიური ნორმების გათვალისწინებას.

მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე საკითხის ზეპირი განხილვისას აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტა, რომ მომჩივნისგან მოთხოვნილი იყო ნებისმიერი პირისთვის თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები, სალაროს შემოსავალ-გასავლის ორდერები, რომელიც მომჩივანს არც შემოწმების პროცესში და არც საჩივრის განხილვის ეტაპზე წარმოდგენილი არ აქვს.

სადავო საკითხზე მე-3 ეპიზოდთან დაკავშირებით, აუდიტორმა განმარტა, რომ მათ გადამხდელისგან მოითხოვეს დებიტორ-კრედიტორული დავალიანების შესახებ მონაცემები.მომჩივანს მიერ გაცემული და მიღებული სესხის ხელშეკრულებები, რომელთა წარმოდგენა არ მომხდარა შემოწმების პროცესში. შემმოწმებელმა განაცხადა, რომ მაგალითად,"-------"-ის მიერ შეტანილი თანხის ოდენობა არის 728 000 ლარი, ხოლო ანგარიშიდან გატანილი თანხა 1 388 300 ლარს შეადგენს.

სადავო საკითხზე მე-3 ეპიზოდთან დაკავშირებით, აუდიტორმა განმარტა, რომ მათ გადამხდელისგან მოითხოვეს დებიტორ-კრედიტორული დავალიანების შესახებ მონაცემები მომჩივანის მიერ გაცემული და მიღებული სესხის ხელშეკრულებები, რომელთა წარმოდგენა არ მომხდარა შემოწმების პროცესში. შემმოწმებელმა განაცხადა, რომ მაგალითად, "--------"-ის მიერ შეტანილი თანხის ოდენობა არის 728 000 ლარი, ხოლო ანგარიშიდან გატანილი თანხა 1 388 300 ლარს შეადგენს.

მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე საკითხის ზეპირ განხილვისას განაცხადა, რომ შემოწმების მიმდინარეობისას მომჩივნის მიერ არასრულად იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია. შესაბამისად მომჩივნის მიმართ 2024 წლის 28 თებერვალს, 20 მარტს და 3 აპრილს შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები №188746, №188754 და №188972. ამასთან, აქტის მომზადებამდე გაგზავნილია დოკუმენტი (საგადასახადო შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების აღწერა და სამართლებრივი შეფასება), აღნიშნულზე მომჩივნის მხრიდან პოზიციის წარმოდგენა არ მომხდარა.

იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ მომჩივანი საჩივრის განხილვის ეტაპზეც ვერ წარმოადგენს დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებულ რაიმე სახის მტკიცებულებას, რითაც საგადასახადო ორგანოს მიერ დასახელებული არგუმენტების და შემოწმების აქტით დადგენილი გარემოებების შეცვლის, დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა, საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილებში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. საბაზრო ფასით განსაზღვრულ ღირებულებასა და სასაქონლო ზედნადებში ასახულ ღირებულებას შორის სხვაობის დირექტორის ხელფასად განხილვა

ფაქტების აღწერა

საწარმოს დირექტორზე სასაქონლო ზედნადებით მიწოდებული საქონლის საკომპენსაციო თანხა შეადგენს 7 556 ლარს, ხოლო დირექტორის მამაზე (არადაქირავებული პირი) მიწოდებული საქონლის საკომპენსაციო თანხა შეადგენს 22 676 ლარს. ურთიერთდამოკიდებულ პირებზე მიწოდებული კონკრეტული საქონლის ღირებულება ნაკლებია სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების საფუძველზე მიწოდებული შესაბამისი საქონლის ღირებულებაზე. ურთიერთდამოკიდებულ პირებზე მიწოდებული საქონლის ღირებულება განისაზღვრა შესაბამის საანგარიშო პერიოდში საბიუჯეტო ორგანიზაციაზე მიწოდებული შესაბამისი საქონლის საკომპენსაციო თანხის მიხედვით. საგადასახადო კოდექსის 73-ე და 101-ე მუხლების საფუძველზე, საბაზრო ფასით განსაზღვრულ ღირებულებასა და სასაქონლო ზედნადებში ასახულ ღირებულებას შორის სხვაობა ჩაითვალა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად. საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე სასაქონლო ზედნადებებში მითითებულ საანგარიშო პერიოდებში საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შეეფარდა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-19 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-18 მუხლის მე-2 ნაწილზე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილზე, ამავე მუხლის მე-11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის

პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საწარმოს დირექტორზე და დირექტორის მამაზე მიყიდული აქვს საქონელი ტრანსპორტირების გარეშე. აუდიტორის მიერ შეფასებაშივეა აღწერილი, რომ აღნიშნული რეალიზაციებზე გაიზარდა ფასნამატი და გაუთანაბრდა საბიუჯეტო ორგანიზაციებზე მიწოდებული შესაბამისი საქონლის საკომპენსაციო თანხას.

სსკ მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი განისაზღვრება ბაზარზე ამ საქონლის/ მომსახურების მიწოდების მომენტისთვის იდენტურ (მსგავს) საქონელზე/მომსახურებაზე დადებულ გარიგების შესახებ ინფორმაციის საფუძველზე. იმ პირობებში, როცა ურთიერთდამოკიდებულ პირებზე მოხდა საქონლის რეალიზაცია ადგილზე, მიწოდების ხარჯების გაწევის გარეშე, არ შეიძლება იყოს შესადარი ასობით კილომეტრში მისაწოდებელი სააღმზრდელო დაწესებულებების ფასებთან. ასევე, მიწოდებული საქონლის შეძენა, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შეეძლოთ იმ ფასად, რა ფასადაც მომჩივანი ახორციელებს შეძენას.

შესაბამისად, ითხოვს, რომ საბაზრო ფასის განსაზღვრა მოხდეს არა დისტრიბუციის გზით მისაწოდებელი საქონლის ფასის შესაბამისად, არამედ ბაზარზე არსებული ფასის შესაბამისად. ხოლო, ბაზარზე არსებული ფასი მომჩივნის მოსაზრებით არის ის, რა ფასადაც განხორციელდა ურთიერთდამოკიდებულ პირებზე საქონლის მიწოდება, ვინაიდან აღნიშნული პროდუქცია ნაყიდია ძირითადად სუპერმარკეტებში, სადაც ნებისმიერისთვის ხელმისაწვდომია ის ფასი, რა ფასადაც განხორციელდა საწარმოს ურთიერთდამოკიდებულ პირებზე საქონლის მიწოდება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე საკითხის ზეპირ განხილვაზე განაცხადა, რომ ურთიერთდამოკიდებულ პირზე მიწოდებული იყო 30 232 ლარის ღირებულების საქონელი.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ საქონელი მიწოდებული იყო ტრანსპორტირების გარეშე. აუდიტორმა აღნიშნულზე განმარტა, რომ 16 828 ლარის ღირებულების საქონელი იყო ტრანსპორტირების სასაქონლო ზედნადებით მიწოდებული. ამასთან, ურთიერთდამოკიდებულ პირებზე საქონელი ძირითადად მიწოდებულია თვითღირებულებაზე დაბალი ფასით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო შემოწმებით მართლზომიერად განხორციელდა ურთიერთდამოკიდებულ პირებზე მიწოდებული საქონლის ღირებულების განსაზღვრა შესაბამის საანგარიშო პერიოდში საბიუჯეტო ორგანიზაციაზე მიწოდებული შესაბამისი საქონლის საკომპენსაციო თანხის მიხედვით. შესაბამისად, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. საგადასახადო მოთხოვნაში ასახული სანქციისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული 24.06.2024 წლის №031-7 საგადასახადო მოთხოვნით მომჩივანს დაერიცხა სულ 181 383,68 ლარი, მათ შორის, ჯარიმა 53 113 ლარი და საურავი 19 359,68 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე კოდექსის 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ვინაიდან, კომპანიის მენეჯმენტს არ ჰქონდა საკმარისი ცოდნა გაეკონტროლებინა ბუღალტერი, შეცდომების უმეტესობა გამოწვეულია ამ ფაქტიდან გამომდინარე. მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 7-ე ქვეპუნქტის შესაბამისად, ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.მომჩივანი ითხოვს მიეცეს უფლება წარუდგინოს აუდიტორს მივლინების კალკულაციები და მოხდეს მისი გათვალისწინება სალაროს ნაშთის გაანგარიშებაში.

2.გადამხდელი ითხოვს, რომ საბაზრო ფასის განსაზღვრა მოხდეს არა დისტრიბუციის გზით მისაწოდებელი საქონლის ფასის შესაბამისად, არამედ ბაზარზე არსებული ფასის შესაბამისად.

3.მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 7-ე ქვეპუნქტის შესაბამისად, ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.არაპირდაპირი მეთოდით გამოანგარიშებული შემოსავლების, ხარჯების, დებიტორული და კრედიტორული დავალიანების, პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის, საბანკო ანგარიშის ამონაწერის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების გათვალისწინებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში დგინდება განკარგვადი თანხა,რომელზეც გადამხდელს მინიჭებული არ აქვს კვალიფიკაცია. აღნიშნული თანხა მიღებულია ფიზიკური პირებისგან შესყიდვის აქტებით შესყიდული საქონლის საკომპენსაციო თანხის დაკლების შედეგად, ასევე შემოწმებით განსაზღვრული დამატებით დღგ-ით დაბეგრილი თანხის დამატების შედეგად. აღნიშნული თანხა ჩაითვალა 2023 წლის დეკემბრის თვეში დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე შეეფარდა ჯარიმა.

2.ურთიერთდამოკიდებულ პირებზე მიწოდებული კონკრეტული საქონლის ღირებულება ნაკლებია სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების საფუძველზე მიწოდებული შესაბამისი საქონლის ღირებულებაზე. ურთიერთდამოკიდებულ პირებზე მიწოდებული საქონლის ღირებულება განისაზღვრა შესაბამის საანგარიშო პერიოდში საბიუჯეტო ორგანიზაციაზე მიწოდებული შესაბამისი საქონლის საკომპენსაციო თანხის მიხედვით. საგადასახადო კოდექსის 73-ე და 101-ე მუხლების საფუძველზე, საბაზრო ფასით განსაზღვრულ ღირებულებასა და სასაქონლო ზედნადებში ასახულ ღირებულებას შორის სხვაობა ჩაითვალა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად.საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შეეფარდა ჯარიმა.

3.შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული საგადასახადო მოთხოვნით მომჩივანს დაერიცხა ჯარიმა და საურავი.

 

გადაწყვეტილება

1.საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილებში დაკმაყოფილების საფუძველი.

2.საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო შემოწმებით მართლზომიერად განხორციელდა ურთიერთდამოკიდებულ პირებზე მიწოდებული საქონლის ღირებულების განსაზღვრა შესაბამის საანგარიშო პერიოდში საბიუჯეტო ორგანიზაციაზე მიწოდებული შესაბამისი საქონლის საკომპენსაციო თანხის მიხედვით. შესაბამისად, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

3.საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

61(3),73(9),101,136(3),154,269(7).