ბრძანება N 24550

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 05.10.2023
№ დოკუმენტი 24550
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 24550

05 ოქტომბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------ - ს “ (ს/ნ "------")

(ფაქტ. მის.:"------")

2023 წლის 14 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 18 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №97) განიხილა შპს „------ - ს “ (ს/ნ "------") 2023 წლის 14 აგვისტოს №83037/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 ივნისის №259-23 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1.გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, მათ შორის შემოწმების მიერ გაანგარიშებულ ფასნამატს. აღნიშნავს, რომ შემოწმების აქტით დოკუმენტური რეალიზაცია მერყეობს 4%-ის ფარგლებში, ამასთან, დოკუმენტურ რეალიზაციად არ თვლის ექსპორტის ოპერაციას და აღნიშნული არ იღებს ფასნამატის გაანგარიშებაში მონაწილეობას, რადგან დეკლარირებულ მონაცემებზე დაყრდნობით დოკუმენტური რეალიზაციის წილი შეადგენს 17%- ს, აუდიტის მიერ კოლოსალურად გაზრდილი ბრუნვის გათვალისწინებით - 10%-ს. შემმოწმებლის მიერ გამოყენებულია უცხო ობიექტის ფასნამატი, რომელიც თვისობრივად განსხვავდება შპს „------ -ს “ საქმიანობისგან, რადგან დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატი საშუალოდ 10%-ის ფარგლებში მერყეობს, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის მიერ დადგენილი საშუალო ფასნამატი 78%-ია. ასევე, არის მითითებული რა მოცულობის „რპთ“ არის დადგენილი შემმოწმებლის მიერ, რაც საჭიროებს დაზუსტებას. გადამხდელი ასევე მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ განხორციელებულია მიმდინარე კონტროლის ღონისძიება - ინვენტარიზაცია, რის საფუძველზეც უნდა ჩაითვალოს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტით მოხდა დანაკლისის გამოვლენა და გადამხდელს უნდა მიეცეს რეკომენდაცია მისი აღმოჩენის მომენტში მოახდინოს მისი დეკლარირება საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით.

2. გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავლების გათვალისწინებით გამოანგარიშებული განკარგვადი თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირებას. აღნიშნავს, რომ საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხის გადაანგარიშება უნდა განხორციელდეს არაპირდაპირი მეთოდით გადაანგარიშებული თანხის შესაბამისად. აღნიშნულის შემდგომ, სალაროში არსებული ვირტუალური ნაშთის განკარგვა უნდა განხორციელდეს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 08 ივლისის №22708 ბრძანების შესაბამისად, მასში შესული ცვლილებების გათვალისწინებით, ამასთანავე სრულად უნდა იქნეს გათვალისწინებული არარეზიდენტ მომწოდებლებზე გადახდილი თანხები ვირტუალური სალაროს ნაშთის გაანგარიშებისას.

3. გადამხდელი ითხოვს სანქციისაგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 16 მარტის №5151 და 30 მაისის №11930 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „------- -ს “ (ს/ნ "------" ) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 12 ივლისიდან 2023 წლის 1 მაისამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2023 წლის 24 მაისის ჩათვლით პერიოდი. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 26 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 30 ივნისის №15506 ბრძანება და ამავე თარიღის №259-23 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 742 495 ლარი, მათ შორის, გადასახადი 480 914 ლარი, ჯარიმა 240 557 ლარი და საურავი 21 024 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

1. შპს „--------“ რეგისტრირებულია 2022 წლის 12 ივლისს. ამავე თარიღიდან არის რეგისტრირებული დღგ-ს გადამხდელადაც. საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს ტანსაცმლით (მ.შ. საბავშვო) და ფეხსაცმლით ვაჭრობა. საქონლის იმპორტს გადასახადის გადამხდელი ახორციელებს თურქეთიდან და ჩინეთიდან. გადასახადის გადამხდელს ასევე უფიქსირდება ექსპორტის და რეექსპორტის შემთხვევებიც. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაციების მიხედვით დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 1 460 303 ლარს, ხოლო დღგ-ის ჩათვლის უფლებით განთავისუფლებული ბრუნვა - 164 904 ლარს. დოკუმენტური რეალიზაცია მერყეობს 4%-ის ფარგლებში. გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარმოდგენილია მხოლოდ საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერი. ვინაიდან გადასახადის გადამხდელმა არ წარმოადგინა ინფორმაცია შესამოწმებელი საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის ნაშთად არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულოებების შესახებ, სმფ-ს ნაშთი პერიოდის ბოლოსთვის ჩაითვალა 0 ლარი. საწარმოს ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს კანონმდებლობით დადგენილი წესით. შემოწმება დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებს და საარქივო სამმართველოდან მიღებულ საბაჟო დოკუმენტაციას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, აგრეთვე ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დამუშავებულ იქნა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული შეძენები (საბაჟოზე წარდგენილი ინვოისებით), შედეგად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების 5 ჯგუფზე, დადგენილ იქნა დოკუმენტური ფასნამატები, რომლითაც განისაზღვრა დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულება. კერძოდ, შეძენილი საქონლის ღირებულება დაკავშირებულ იქნა იმავე საქონლის უახლოესი პერიოდის დოკუმენტურ სარეალიზაციო ფასთან და თითოეული საქონლის ჯგუფის მიხედვით გამოთვლილ იქნა ფასნამატი. აღნიშნულის გათვალისწინებით, დადგინდა საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, რომელზეც გავრცელდა "------"-ს ტერიტორიაზე მსგავს საქონელზე დადგენილი საცალო ვაჭრობის ფასნამატები და დაანგარიშდა რეალიზებული საქონლიდან მისაღები შემოსავლები. დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი კი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. გამოვლენილ სხვაობაზე გადასახადის გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე, 163-ე და 164-ე მუხლების მიხედვით, დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარმოდგენილია მხოლოდ საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერი. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 20 მარტის №5347 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა. გადასახადის გადამხდელთან დაკავშირება ვერ განხორციელდა, რის გამოც 2023 წლის 20 მარტის მდგომარეობით სალაროში ნაღდი ფულის ნაშთად ჩაითვალა 0 ლარი. საწარმოს ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს კანონმდებლობით დადგენილი წესით. შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციების მიხედვით დეკლარირებულმა გაცემულმა ხელფასმა შეადგინა 375 ლარი. გადამხდელს არ უფიქსირდება დივიდენდის გაცემა. შემოსავლების სამსახურის საარქივო სამმართველოს მიერ მოწოდებულ მასალებში ფიქსირდება საქონლის შეძენის ინვოისები, თუმცა იმპორტირებულ საქონელზე გადასახადის გადამხდელს არა აქვს შესაბამისი საქონლის ღირებულების თანხის არარეზიდენტი მომწოდებლისთვის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. გადახდის ფაქტი არ დასტურდება საბანკო ანგარიშების ამონაწერითაც. გადასახადის გადამხდელი არ იყო ჩართული შემოწმების პროცესში. შესაბამისად, შემოწმებისთვის არ წარმოუდგენია წერილობითი ახსნა-განმარტება შეძენილი საქონლის ღირებულების თანხის არარეზიდენტი მომწოდებლისთვის სრულად ან ნაწილობრივ გადახდის შესახებ, სალაროს გასავლის ორდერი ან რაიმე სახის მტკიცებულება თანხის გადახდასთან დაკავშირებით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის შესახებ მეთოდური მითითების დანართი №8-ზე („კრედიტორული დავალიანების შესახებ“) დაყრდნობით იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისთვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად. ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გაანგარიშებულ იქნა საწარმოს განკარგვადი ფულადი სახსრები (1 310 624 ლარი), რომელზეც გადასახადის გადამხდელს არ აქვს მინიჭებული კვალიფიკაცია. ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის შესახებ მეთოდური მითითების დანართი №7-ის („შემოწმების არაპირდაპირი მეთოდით გამოანგარიშებული განკარგვადი თანხების დაბეგვრის შესახებ“) მიხედვით, აღნიშნული თანხა ჩაითვალა შემოწმების ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გამოვლენილ სხვაობაზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომ გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისად შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები.

შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაციების მიხედვით დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 1 460 303 ლარს, ხოლო დღგ-ის ჩათვლის უფლებით განთავისუფლებული ბრუნვა - 164 904 ლარს. დოკუმენტური რეალიზაცია მერყეობს 4%-ის ფარგლებში. ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის არ არის წარდგენილი ინფორმაცია შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის ნაშთად არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულოებების შესახებ, სმფ-ს ნაშთი პერიოდის ბოლოსთვის ჩაითვალა 0 ლარი. დამუშავებულ იქნა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული შეძენები (საბაჟოზე წარდგენილი ინვოისებით), შედეგად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების 5 ჯგუფზე, დადგენილ იქნა დოკუმენტური ფასნამატები, რომლითაც განისაზღვრა დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულება. კერძოდ, შეძენილი საქონლის ღირებულება დაკავშირებულ იქნა იმავე საქონლის უახლოესი პერიოდის დოკუმენტურ სარეალიზაციო ფასთან და თითოეული საქონლის ჯგუფის მიხედვით გამოთვლილ იქნა ფასნამატი. აღნიშნულის გათვალისწინებით, დადგინდა საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, რომელზეც გავრცელდა "-------"- ს ტერიტორიაზე მსგავს საქონელზე დადგენილი საცალო ვაჭრობის ფასნამატები და დაანგარიშდა რეალიზებული საქონლიდან მისაღები შემოსავლები. დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი კი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამ მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე განხორციელდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა. გადასახადის გადამხდელთან დაკავშირება ვერ განხორციელდა, რის გამოც 2023 წლის 20 მარტის მდგომარეობით სალაროში ნაღდი ფულის ნაშთად ჩაითვალა 0 ლარი. გადამხდელს არ უფიქსირდება დივიდენდის გაცემა. შემოსავლების სამსახურის საარქივო სამმართველოს მიერ შემოწმებისთვის მიწოდებულ მასალებში ფიქსირდება საქონლის შეძენის ინვოისები, თუმცა იმპორტირებულ საქონელზე გადასახადის გადამხდელს არა აქვს შესაბამისი საქონლის ღირებულების თანხის არარეზიდენტი მომწოდებლისთვის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად, იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისთვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმებით გაანგარიშებული საწარმოს განკარგვადი ფულადი სახსრების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა მართლზომიერია, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 2 2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, −იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის თანახმად, პირის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა, – იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში, ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია, საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----- -ს “ (ს/ნ "------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ფასნამატს.

2.გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავლების გათვალისწინებით გამოანგარიშებული განკარგვადი თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირებას.

3. გადამხდელი ითხოვს სანქციისაგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს ტანსაცმლით და ფეხსაცმლით ვაჭრობა.შემოწმება დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებს და საარქივო სამმართველოდან მიღებულ საბაჟო დოკუმენტაციას.დამუშავებულ იქნა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადამხდელის მიერ განხორციელებული შეძენები,შედეგად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების 5 ჯგუფზე, დადგენილ იქნა დოკუმენტური ფასნამატები, რომლითაც განისაზღვრა დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულება. კერძოდ, შეძენილი საქონლის ღირებულება დაკავშირებულ იქნა იმავე საქონლის უახლოესი პერიოდის დოკუმენტურ სარეალიზაციო ფასთან და თითოეული საქონლის ჯგუფის მიხედვით გამოთვლილ იქნა ფასნამატი.დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი კი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. გამოვლენილ სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა.

2.გადამხდელს არ უფიქსირდება დივიდენდის გაცემა.გაანგარიშებულ იქნა საწარმოს განკარგვადი ფულადი სახსრები,რომელზეც გადამხდელს არ აქვს მინიჭებული კვალიფიკაცია.აღნიშნული თანხა ჩაითვალა შემოწმების ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გამოვლენილ სხვაობაზე მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

1.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

2.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით გაანგარიშებული საწარმოს განკარგვადი ფულადი სახსრების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა მართლზომიერია, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

3.საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

8(22),73(5,9)101,136,154,160,164,269(7).