გადაწყვეტილება №24043/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 19.11.2024
№ დოკუმენტი 24043/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24043/2/2024

19 ნოემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---------“ (ს/ნ „---------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,18.10.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“ 2.10.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24043/2/2024).

 

დავის საგანი:

შემოწმებით განსაზღვრული ფასნამატის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 25.06.2024 წლის №261-5 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 4.09.2024 წლის №19832 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 359 630,26 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 227 636

დღგ - 54 507

მოგების გადასახადი - (-2 041)

საშემოსავლო გადასახადი - 175 170

ჯარიმა - 112 282

საურავი - 19 712,26

 

ფაქტების აღწერა

გადამხდელის საქმიანობაა იმპორტირებული ფეხსაცმლით და ტანსაცმლით ვაჭრობა. გადამხდელად რეგისტრირებულია 12.10.2021 წელს, ამავე თარიღში რეგისტრირებულია დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად.

აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 19 აპრილის №9118 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდების სრული კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 21.06.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

კომპანია არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას ელექტრონული ფორმით. ასევე არ ახორციელებდა საქონლის რაოდენობრივ ჩამოწერას. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაანგარიშდა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით გათვალისწინებული არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ: დამუშავდა კომპანიის პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია (სასაქონლო ზედნადებები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და საბაჟო დეკლარაციები), შეძენილ და რეალიზებულ საქონელს მიენიჭა კატეგორიები, დაუკავშირდა ერთმანეთს უახლოესი თარიღის და დასახელების მიხედვით, რეალიზებული და შეძენილი საქონლის ერთეულის ფასების შეპირისპირებით დადგინდა დოკუმენტური ფასნამატი, კატეგორიების მიხედვით, საშუალოდ 30%. რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების დასადგენად გამოყენებული იქნა გადამხდელის მიერ მიწოდებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი და საბოლოო ნაშთები, შემოწმებით გაიმიჯნა საცალო რპთ. აღნიშნულზე გავრცელდა კომპანიის დოკუმენტური ფასნამატი, კატეგორიების მიხედვით. შედეგად, დადგინდა კომპანიის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რომელიც აღემატებოდა გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს. დამატებით გამოვლენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად. კომპანიას დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

კომპანიის სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობა ასევე გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ: შემოწმებით დადგენილ შემოსავალს გამოაკლდა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, ასევე გაცემული ხელფასები და მიღებული მომსახურება (მათ შორის სატრანსპორტო), გაანგარიშებაში გათვალისწინებულ იქნა ასევე ბიუჯეტში გადახდილი და ბიუჯეტიდან უკან დაბრუნებული თანხები და გადამხდელის მიერ მიწოდებული სალაროს ნაშთების ოდენობები. გადამხდელის მხრიდან ასევე წარდგენილ იქნა ინფორმაცია დებიტორ-კრედიტორების შესახებ და შედარების აქტები იმპორტირებულ საქონელზე გადახდილი უცხოელ მომწოდებლებთან. შედეგად, დადგინდა სალაროში დაუდეკლარირებელი ფული, რომელიც შემმოწმებელთა მიერ განხილულ იქნა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს. კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

შემოწმების აქტის საფუძველზე 2024 წლის 25 ივნისს გამოიცა №14875 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა ამავე თარიღის №261-5 საგადასახადო მოთხოვნა.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2024 წლის 4 სექტემბრის №19832 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე მითითებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან, გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, ასევე, არ ახდენს საქონლის რაოდენობრივ ჩამოწერას და შესაბამისად, სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განხორციელდა მართლზომიერად. კერძოდ, დამუშავდა კომპანიის პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, შეძენილ და რეალიზებულ საქონელს მიენიჭა კატეგორიები, დაუკავშირდა ერთმანეთს უახლოესი თარიღის და დასახელების მიხედვით. შედეგად, რეალიზებული და შეძენილი საქონლის ერთეულის ფასების შეპირისპირებით დადგინდა დოკუმენტური ფასნამატი კატეგორიების მიხედვით, საშუალოდ 30%. გადამხდელის მიერ მოწოდებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი და საბოლოო ნაშთების მიხედვით დადგინდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, შემოწმებით გაიმიჯნა საცალოდ რპთ, რაზედაც გავრცელდა კომპანიის დოკუმენტური ფასნამატი კატეგორიების მიხედვით. შედეგად, დადგინდა კომპანიის დამატებული ღირებულებით დასაბეგრი ბრუნვა, რომელიც აღემატება გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს. შესაბამისად, დამატებით გამოვლენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად. ასევე, არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშდა კომპანიის სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობა. შემოწმებით დადგენილ შემოსავალს გამოაკლდა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, გაცემული ხელფასები და მიღებული მომსახურება,გაანგარიშებაში გათვალისწინებულ იქნა ბიუჯეტში გადახდილი და ბიუჯეტიდან უკან დაბრუნებული თანხები, გადამხდელის მიერ მოწოდებული სალაროს ნაშთების ოდენობები, წარმოდგენილი ინფორმაცია დებიტორ-კრედიტორების შესახებ და შედარების აქტები იმპორტირებულ საქონელზე გადახდილი უცხოელ მომწოდებლებთან. შედეგად, დადგინდა სალაროში ფულის ნაშთი, რომელიც ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საზოგადოების საშუალო ფასნამატი შეადგენს 5%-ს, საქონლის რეალიზება ხდება, როგორც სასაქონლო ზედნადების მეშვეობით, ისე ზედნადების გარეშე, მომჩივანი ითხოვს მათი მონაწილეობით მოხდეს რეალიზებული საქონლის თვითღირებულებების და გამოწერილი სასაქონლო ზედნადებით სარეალიზაციო ფასების განსაზღვრა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამ მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს; ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

მომჩივნის არგუმენტებიდან გამომდინარე არ დგინდება, რომ პირი აწარმოებდა ბუღალტერიას კანონმდებლობით დადგენილი ფორმით, აგრეთვე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ ხდებოდა საქონლის რაოდენობრივი ჩამოწერა, აღნიშნულის გათვალისწინებით ფასნამატის გაანგარიშებისთვის შეძენილი და რეალიზებული საქონლის კატეგორიებად დაყოფა, უახლოესი თარიღების და დასახელებების მიხედვით ერთმანეთთან დაკავშირება, ხოლო შემდგომ დოკუმენტური ფასნამატის კატეგორიების მიხედვით განსაზღვრა მართლზომიერია.

შემმოწმებელთა მიერ საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებისთვის დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების, ბიუჯეტში გადახდილი და უკან დაბრუნებული თანხების და გადამხდელის მიერ მიწოდებული სალაროს ნაშთების, დებიტორ-კრედიტორების შესახებ ინფორმაციის და იმპორტირებული საქონლისთვის გადახდილ თანხებთან დაკავშირებული შედარების აქტების გათვალისწინების შედეგად განისაზღვრა სალაროში არსებული ფულადი სახსრები, რომლის არსებობის ან გახარჯვის მტკიცებულებები მომჩივანს არ წარუდგენია. შესაბამისად, აღნიშნული თანხის, ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული ნომრების შინაარსიდან გამომდინარე და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების და შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 4 სექტემბრის №19832 ბრძანების გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავითაღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს მათი მონაწილეობით მოხდეს რეალიზებული საქონლის თვითღირებულებების და გამოწერილი სასაქონლო ზედნადებით სარეალიზაციო ფასების განსაზღვრა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

დადგინდა კომპანიის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რომელიც აღემატებოდა გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს. დამატებით გამოვლენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად. კომპანიას დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.

შემოწმებით დადგენილ შემოსავალს გამოაკლდა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, ასევე გაცემული ხელფასები და მიღებული მომსახურება,გაანგარიშებაში გათვალისწინებულ იქნა ასევე ბიუჯეტში გადახდილი და ბიუჯეტიდან უკან დაბრუნებული თანხები და გადამხდელის მიერ მიწოდებული სალაროს ნაშთების ოდენობები. გადამხდელის მხრიდან ასევე წარდგენილ იქნა ინფორმაცია დებიტორ-კრედიტორების შესახებ და შედარების აქტები იმპორტირებულ საქონელზე გადახდილი უცხოელ მომწოდებლებთან. შედეგად, დადგინდა სალაროში დაუდეკლარირებელი ფული, რომელიც შემმოწმებელთა მიერ განხილულ იქნა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს. კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების და შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 4 სექტემბრის №19832 ბრძანების გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73(5,9),101,154.