ბრძანება N 5378
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 5378
13 მარტი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ს“ (ს/ნ ---)
მის.: ( ---) 2024 წლის 17 იანვრის
საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 22 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №18) განიხილა შპს „---ს“ (ს/ნ ---) 2024 წლის 17 იანვრის №86855/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 დეკემბრის №006-650 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რეალიზებულად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ კომპანიის ნაშთად არსებული ღორების რეალიზებულად განხილვისთვის გამოყენებულია არაპირდაპირი მეთოდი, თუმცა შემოწმების აქტი არ შეიცავს აღნიშნულის თაობაზე არც სამართლებრივ ნორმას და არც სამართლებრივ დასაბუთებას, რომლის გათვალისწინებითაც გაუგებარია არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლები. მისი არგუმენტაციით, მხოლოდ საწარმოს მიერ ბუღალტრული აღრიცხვის პირობების დარღვევა არ ქმნის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების სამართლებრივ საფუძველს. ასევე, მიუთითებს, რომ შპს „---ს“ წინააღმდეგ კომპანია აწარმოებს სასამართლო დავას დებიტორული დავალიანების ამოღების მიზნით. აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმებას წარუდგინეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც შპს „---ს“ საკუთრებაში არსებული ღორები განთავსებული არიან შპს "----ს" ტერიტორიაზე, რომელთა დაბრუნებაზე მიმართული აქვთ საგამოძიებო ორგანოებისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიუთითებს, რომ ღორები ირიცხება მათ საკუთრებაში და მათი რეალიზებულად განხილვა და საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არის არამართლზომიერი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის ბათილობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 ივლისის №16986 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---ის“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 18 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 19 დეკემბრის №31968 ბრძანება და ამავე თარიღის №006-650 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 75 105 ლარი, მათ შორის, გადასახადი 46 752 ლარი, ჯარიმა 23 376 ლარი და საურავი 4 977 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით,საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
შპს „---ს“ საქმიანობას წარმოადგენს ცოცხალი ღორების იმპორტი ---ან. შემოყვანილი ღორების განთავსება, კვება (მათ მიერ მიწოდებული საკვებით) დაკვლა-გასუფთავება და რეალიზაცია ხდებოდა შპს „---ს“ (ს/ნ ---) ტერიტორიაზე. 2022 წლის ოქტომბერში კომპანიის მიერ შპს „---“ რეალიზებულია 19000 კგ ცოცხალი ღორი 136 800 ლარის ღირებულებით, აღნიშნული თანხა საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს აქვს დებიტორულ დავალიანებაში, რაზეც მიმართული აქვს სასამართლოსთვის და არსებობს 2023 წლის 28 სექტემბრის მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რითაც შპს „---ის“ საჩივარი დაკმაყოფილდა. 2022 წლის ნოემბერში კიდევ შემოყვანილია 305 ცოცხალი ღორი, რომელიც კვლავ განთავსდა შპს „---ს“ ტერიტორიაზე, აქედან 158 ცოცხალი ღორი დაკლული და რეალიზებულია, გადამხდელის განმარტებით დარჩენილი ღორების მდგომარეობასთან დაკავშირებით არ ფლობენ ინფორმაციას, რადგან შპს „---“ უარს აცხადებს მათთან თანამშრომლობასა და ინფორმაციის მიწოდებაზე.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გადამხდელს არ გააჩნია დოკუმენტური მტკიცებულებები, აქედან გამომდინარე, შემოწმების მიერ აღნიშნული ცოცხალი ღორები ჩაითვალა რეალიზებულად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის საფუძველზე დაიბეგრა დღგ-ით. ასევე, აღნიშნული თანხა ჩაითვალა მიღებულად, მიჩნეულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულებისა და საშემოსავლო გადასახადები და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები. ხოლო მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შემოყვანილი ღორების განთავსება, კვება, დაკვლა-გასუფთავება და რეალიზაცია ხდებოდა შპს „---ს“ ტერიტორიაზე. საწარმოს მიერ 2022 წლის ნოემბერში შემოყვანილია 305 ცოცხალი ღორი, რომელიც განთავსდა შპს „---ს“ ტერიტორიაზე. შემოწმებით დადგინდა, რომ 158 ცოცხალი ღორი დაკლული და რეალიზებულია, ხოლო დარჩენილი ღორების შესახებ შემოწმებას ინფორმაცია არ მიუღია. ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ახსნა-განმარტებით ირკვევა, რომ შპს „---“ დარჩენილი ღორების მდგომარეობასთან დაკავშირებით არ ფლობს ინფორმაციას, რადგან შპს „---“ უარს აცხადებს მათთან თანამშრომლობაზე და ინფორმაციის მიწოდებაზე. იქიდან გამომდინარე, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნდა დოკუმენტური მტკიცებულებები, საგადასახადო შემოწმების მიერ ღორები ჩაითვალა რეალიზებულად, თანხა მიღებულად, რაც მიჩნეულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა შესაბამისი გადასახადებით.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლითაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნდა და შემოწმებისთვის არ მიუწოდებია დოკუმენტური მტკიცებულებები აღნიშნული ღორების ნაშთად არსებობასთან დაკავშირებით, ხოლო მეორე მხარის (შპს ,,----“) განმარტებით, მის ტერიტორიაზე არ არის განთავსებული საწარმოს საკუთრებაში არსებული ღორები, აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ მტკიცდება მის ბუღალტრულ პროგრამაში ნაშთად არსებული ღორების რეალობა, მათი რეალიზებულად განხილვა და საგადასახადო ვალდებულებების არაპირდარი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რეალიზებულად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 18 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 19 დეკემბრის №31968 ბრძანება და ამავე თარიღის №006-650 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 75 105 ლარი, მათ შორის, გადასახადი 46 752 ლარი, ჯარიმა 23 376 ლარი და საურავი 4 977 ლარი.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 8 (22); 73 (4, 5, 9); 159; 163; 164; 101; 154.