გადაწყვეტილება №24868/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24868/2/2025
19 მარტი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.03.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---ის“ 5.03.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24868/2/2025).
დავის საგანი:
არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 23 დეკემბრის №085-30 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 19 თებერვლის №2961 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 185 582.40 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 102 299
დღგ - 38 769
საშემოსავლო გადასახადი - 63 530
ჯარიმა - 50 138
საურავი - 33 145.40
ფაქტების აღწერა
საწარმოს საქმიანობაა იმპორტირებული ხახვის საცალო და საბითუმო რეალიზაცია. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 11 მარტის №5264, 4 ივნისის №13200 და 19 სექტემბრის №20593 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2021 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 მარტამდე, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2024 წლის 13 მარტის ჩათვლით. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 18 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენდა 414 709 ლარს. შემოწმების მიმდინარეობისას კომპანიის უფლებამოსილი პირის მიერ მიწოდებული იქნა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა „ინფო ბუღალტერია", ასევე საბანკო ანგარიშიდან ამონაწერები. წარდგენილი საბუღალტრო ჩანაწერების მიხედვით, რეალიზებული პროდუქციის საშუალო ფასნამატი შეადგენდა 16%- ს, ბუღალტრულ ჩანაწერებში საცალო რეალიზაციის ნაწილში საქონლის ჩამოწერა ხდებოდა დღის/თვის ბოლოს ერთიანად და არა ყოველი ოპერაციის მიხედვით. ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის შესაბამისად, თვეების ჭრილში, საქონლის ფასნამატი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან და მერყეობდა 10-20%-ის ფარგლებში. ვინაიდან შემოწმების ხელთ არსებული მონაცემებით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, ამასთან, დოკუმენტურად დადასტურებული შემოსავლის თვითღირებულება იყო არაარსებითი, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საცალო რეალიზაციის ნაწილში შემოსავლის გაანგარიშება განხორციელდა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე. კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდით და საცალო რეალიზაციის თვითღირებულებაზე გავრცელდა ტერიტორიული ნიშნით შერჩეული სხვა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ პირებთან ჩატარებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად დადგენილი ფასნამატი (2021 წელს - 95%, ხოლო 2022-2023-2024 წლებზე - 64%). შედეგად, გაიზარდა დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 215 386 ლარით (დღგ-ის გარეშე). კომპანიას დაერიცხა დღგ და განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე. შემოწმების მიერ დამატებით დადგენილი შემოსავალი 254 156 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე), საგადასახადო კოდექსის 101-ე, 73-ე, 154-ე, 81-ე მუხლებისა და შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითების მიხედვით, ჩაითვალა საწარმოს დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275- ე და 291-ე მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 23 დეკემბრის №26900 ბრძანება და №085-30 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 185 582.40 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 20 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2025 წლის 19 თებერვლის №2961 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, 158-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 101-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე, შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საცალო რეალიზაციის ნაწილში არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით შემოსავლის გაანგარიშება მართლზომიერია. ამასთან, საცალო რეალიზაციაზე ტერიტორიული ნიშნით შერჩეული სხვა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ პირებთან ჩატარებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად დადგენილი ფასნამატის გავრცელება, რამაც გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა, შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან.
ასევე, შემოწმების მიერ დამატებით დადგენილი შემოსავალი, ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, წარმოადგენს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა მართლზომიერია. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
ბუღალტრული აღრიცხვის მიზნებისთვის პროდუქტი სპეციფიკური ხასიათისაა, მისი ფასი ცვალებადია და კომპანიაც მეტწილად ერგება ბაზარზე არსებულ სიტუაციას. სხვა სოფლის მეურნეობის პროდუქტებისგან განსხვავებით ხახვზე დაწესებული ფასნამატი მერყეობს 10-20%-იან დიაპაზონში, იცვლება პერიოდების, სეზონების მიხედვით, ფასი ცვალებადია ხშირად თვეების ჭრილშიც. არ ეთანხმება შემმოწმებლის მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემები და მომჩივნის მიერ დადგენილი ფასნამატი შეესაბამება საბაზრო პირობებს. რაც შეეხება შემმოწმებლის მიერ დადგენილ ფასნამატს, აღნიშნული ფასნამატი არარეალურია. კომპანიას 64%-იანი ფასნამატი ხახვის პროდუქციაზე არასდროს ჰქონია და ბაზარზეც არ ფიქსირდება ამხელა ფასნამატი. ამასთან, შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია 2024 წლის 13 მარტის ჩათვლით საანგარიშო პერიოდზე. აღნიშნული ინვენტარიზაციის ფარგლებში შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მიერ კორექტირებულ იქნა მომჩივნის მიერ დადგენილი ფასნამატი, თუმცა არც ერთი თვის ჭრილში კორექტირებული ფასნამატის ოდენობას 64%-სთვის არ მიუღწევია. მეტიც, ბევრად ნაკლები იყო. ამდენად, თავად შემოსავლების სამსახურის მიერაც ჩაითვალა, რომ ხახვის პროდუქციაზე 15-20%-ზე მაღალი ფასნამატის დაწესება არარეალური იყო. ამდენად, ხახვის პროდუქციაზე 64%-იანი და მით უფრო 95%-იანი ფასნამატის დაწესებას არ ეთანხმება, რადგან არ შეესაბამება საბაზრო პირობებს და ითხოვს ამ ნაწილში თავიდან იქნას განხორციელებული ბაზრის კვლევა. რაც შეეხება პროდუქციის ჩამოწერას, უმეტეს შემთხვევაში ხახვის რეალიზაცია ხორციელდება საცალოდ, ფიზიკურ პირებზე და დღის განმავლობაში ფასის ცვლილება არ ხდება. ამდენად, ვინაიდან ერთი ოპერაციის შემდეგ ჩამოწერა თუ დღის ბოლოს მოხდება მთელი დღის მანძილზე რეალიზებული პროდუქციის ჩამოწერა სხვაობას არ იწვევს, სიმარტივისთვის ახორციელებენ საქონლის ჩამოწერას დღის ბოლოს. აღნიშნული დადგენილი პრაქტიკაა მსგავსი სპეციფიკის საქონლის რეალიზაციისას. გარდა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა „ინფო ბუღალტერიისა“, აღნიშნული ინფორმაცია აღრიცხულია საწარმოს ინტერსებისთვის ექსელის ფაილში და მოთხოვნის შემთხვევაში მზად არის წარმოადგინოს აღნიშნული მასალაც.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, არ ეთანხმება ფასნამატის დადგენის მიზნებისთვის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და აღნიშნულის საფუძველზე ამდენად მაღალი ფასნამატის გავრცელებას, რომლის შედეგადაც არარეალურად გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ ეთანხმება ასევე გაზრდილი ბრუნვის ხელფასად კვალიფიკაციასაც. რამდენადაც მოხდა შემმოწმებლების მიერ დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა და შესაბამისად ჯარიმებისა და საურავების დაკისრება, ამდენი შემოსავალი მთელი მისი ფუნქციონირების პერიოდშიც არ უფიქსირდება კომპანიას და ამდენად, აღნიშნული რაოდენობის საგადასახადო ვალდებულება უბრალოდ უუნაროს ხდის საწარმოს, რომ გააგრძელოს ეკონომიკური საქმიანობა, რადგანაც კომპანიის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით შეუძლებელია ამ ოდენობის საგადასახადო ვალდებულების დაფარვა.
ზემოთხსენებულისა და იმის გათვალისწინებით, რომ საწარმო წარმოადგენს კეთილსინდისიერ გადასახადის გადამხდელს, რომელიც ყოველთვის თანამშრომლობს შემოსავლების სამსახურთან, ითხოვს გაუქმდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნა და განხორციელდეს დამატებით შესწავლა, რაც შემოსავლების სამსახურის მიერ არ განხორციელებულა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო: საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა.
შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობის გარეშე. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი. საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 19 თებერვლის №2961 ბრძანება;
3. საჩივარი დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების ხელთ არსებული მონაცემებით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, ამასთან, დოკუმენტურად დადასტურებული შემოსავლის თვითღირებულება იყო არაარსებითი, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საცალო რეალიზაციის ნაწილში შემოსავლის გაანგარიშება განხორციელდა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე. კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდით და საცალო რეალიზაციის თვითღირებულებაზე გავრცელდა ტერიტორიული ნიშნით შერჩეული სხვა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ პირებთან ჩატარებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად დადგენილი ფასნამატი (2021 წელს - 95%, ხოლო 2022-2023-2024 წლებზე - 64%). შედეგად, გაიზარდა დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 215 386 ლარით (დღგ-ის გარეშე). კომპანიას დაერიცხა დღგ და განესაზღვრა ჯარიმა. შემოწმების მიერ დამატებით დადგენილი შემოსავალი 254 156 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე), საგადასახადო კოდექსისა და შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითების მიხედვით, ჩაითვალა საწარმოს დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 (1, ბ).