ბრძანება N 25864

დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 10.11.2026
№ დოკუმენტი 25864
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 25864

10 ნოემბერი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2026 წლის 11 ოქტომბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 22 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №95) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2026 წლის 11 ოქტომბრის №104989/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 17 აგვისტოს №006-358 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

შემოსავლების სამსახურის 2026 წლის პირველი მაისის №9645 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2026 წლის პირველი მაისის №9645 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივრები, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკვშირებით:

ა) ბარტერული ოპერაციის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის საჩივრებში მითითებული არგუმენტების, ასევე „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 112-ე მუხლის 46-ე ნაწილის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

ბ) წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული ავანსების ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ საჩივრებზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

გ) ურთიერთდამოკიდებულ პირზე მიწოდებული ქონების ღირებულების განსაზღვრის მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, უძრავი ქონების საბაზრო ფასის განსაზღვრის თაობაზე;

დ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე შედგენილი საექსპერტო დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივრებზე თანდართული), ასევე, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების/შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;”

შემოსავლების სამსახურის 2026 წლის პირველი მაისის №9645 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2026 წლის 27 ივლისს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს 2025 წლის 26 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, დამატებით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 554 232 ლარით, მათ შორის, გადასახადი 370 134 ლარი და ჯარიმა 184 098 ლარი.

აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 17 აგვისტოს №006-358 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა 6 426 484 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 3 544 477 ლარი

დღგ - 1 059 822

საშემოსავლო გადასახადი - 2 484 654

ჯარიმა - 1 816 124

საურავი - 1 065 881 საკითხი

 

N1.

 

აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით:

გადაანგარიშების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა შპს „-------" (სნ -------), შპს „-------"-თან (სნ -------), შპს „-------" (სნ -------) და შპს „-------" (სნ -------) გაფორმებული სესხის ხელშეკრულებები და ურთიერთშედარების აქტები, აღნიშნული ინფორმაციის მიხედვით შესამოწმებელ პერიოდში ჩამოთვლილ კომპანიებზე გაცემულია სესხი ან/და დაბრუნებულია სესხის ძირი/პროცენტი, ჯამში 4 526 787 ლარის ოდენობით. გადაანგარიშებისას აღნიშნული ხელშეკრულებები/შედარების აქტები არ იქნა გათვალისწინებული რადგან ეჭვქვეშ დგება ზემოაღნიშნული სესხების/პროცენტების გაცემის/დაბრუნების რეალობა (აღნიშნული საწარმოები წარმოადგენენ შპს „-------" (სნ -------) ურთიერთდამოკიდებულ საწარმოებს და 2021-2023 წლების საანგარიშო პერიოდებში (თანხის გაცემის პერიოდში) არ უფიქსირდებათ აქტიური ეკონომიკური საქმიანობა). შესაბამისად, ზემოაღნიშნული საკითხის მიხედვით არ განხორციელდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხების შემცირება.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების ეტაპზე აღებული/გაცემული სესხების შესახებ წარდგენილი მტკიცებულებების არ გათვალისწინებას. მიიჩნევს, რომ მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და წინა საგადასახადო შემოწმების მასალებით ნათლად დასტურდება აღებული/გაცემული სესხების რეალობა და საჭიროება, შესაბამისად, ამ თანხებით უნდა შემცირდეს ხელფასად დაკვალიფიცირებული თანხების ოდენობა.

 

შემოსავლების სამსახური:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამ მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ პოზიციაზე, რომლის თანახმად, არ ეთანხმება გადაანგარიშების ეტაპზე აღებული/გაცემული სესხების შესახებ წარდგენილი მტკიცებულებების არ გათვალისწინებას. მიიჩნევს, რომ მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და წინა საგადასახადო შემოწმების მასალებით ნათლად დასტურდება აღებული/გაცემული სესხების რეალობა და საჭიროება, შესაბამისად, ამ თანხებით უნდა შემცირდეს ხელფასად დაკვალიფიცირებული თანხების ოდენობა. ასევე, არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას, რომ ჩამოთვლილ ურთიერთდამოკიდებულ კომპანიებს ეკონომიკური საქმიანობა არ უფიქსირდებათ. ამის გადამოწმება მარტივად არის შესაძლებელი. გადამხდელი საჩივარში წარმოადგენს გაანგარიშებას ხელფასის სახის განაცემად დასაკვალიფიცირებელი თანხების თაობაზე და მიუთითებს, რომ წარმოდგენილი ციფრები ეყრდნობა წინა შემოწმების შედეგებს, ელექტრონულ და მატერიალურ დოკუმენტაციას.

გადამხდელი მიუთითებს საგადასახადო შემოწების აქტთან დაკავშირებით წარმოდგენილ საჩივარში მითითებულ გარემოებებზე და განმარტავს, რომ შესამოწმებელ პერიოდამდე და შემოწმების პერიოდში აღებული აქვს შიდა ჯგუფის სესხები. შესამოწმებელ პერიოდში სრულადაა დაფარული, როგორც 2022 წლამდე აღებული სესხის ძირის ნაშთი და სესხზე დარიცხული პროცენტი, ისე 2022 წლიდან აღებული სესხები. მიუხედავად ამისა, შემოწმებით ფულის ნაშთის გაანგარიშებისას სესხები განაშთულია ნაწილობრივ მხოლოდ შესამოწმებელ პერიოდში მიღებული სესხებით, ხოლო წინა პერიოდში მიღებული და წინა შემოწმებით ნაშთად დაფიქსირებული სესხები საერთოდ არ არის გათვალისწინებული. გადამხდელი აცხადებს, რომ შემოწმებამდე პერიოდში აღებული შიდა ჯგუფური სესხების არსებობა/ნამდვილობა დასტურდება წინა შემოწმების აქტის დანართით (რომელიც თან ახლავს წინა შემოწმების აქტს და ატვირთულია გადამხდელის ელექტრონულ გვერდზე). ხოლო მათ მიერ წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომლის თანახმადაც კომპანიას გადახდილი აქვს აღნიშნული სასესხო ვალდებულებები. ამასთან, მიუთითებს გაცემული სესხებზეც, რომელთა დაბრუნება შესამოწმებელ პერიოდში არ მომხდარა (მიუთითებს, რომ აღნიშნულზე წარდგენილია მტკიცებულება). შესაბამისად, გადამხდელი მიიჩნევს, რომ გათვალისწინებული უნდა იყოს ზემოაღნიშნული არგუმენტები და შემცირდეს ხელფასად დაკვალიფიცირებული თანხების ოდენობა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აღნიშნული სადავო საკითხის ნაწილში შემოსავლების სამსახურის 2026 წლის პირველი მაისის №9645 ბრძანება არ არის აღსრულებული, შესაბამისად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტებისა და წარდგენილი მტკიცებულებების (მათ შორის, გადაანგარიშების ეტაპზე) გათვალისწინებით დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საკითხი N2.

 

აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით:

გადაანგარიშების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა უძრავი ქონების შეფასების ანგარიში. ანგარიში (საექსპერტო დასკვნა) შედგენილია ი/მ ------- (პნ -------) მიერ, დასკვნა მომზადებულია 2026 წლის 4 ივნისს, შეფასების პერიოდად განსაზღვრულია 2020 წელი. ანგარიშის მიხედვით 695 კვ.მ საპარკინგე ფართების (ავტოსადგომების) საბაზრო ღირებულება შეადგენს 104 400 ლარს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განხორციელებული გარიგების საგადასახადო შეფასებისას მნიშვნელობა ენიჭება გარიგების საბაზრო ფასის დადგენას, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს ობიექტურ, დასაბუთებულ და გადამოწმებად გარემოებებს. წარმოდგენილი ექსპერტის დასკვნა არ შეიცავს ისეთ დასაბუთებასა და შედარებით ანალიზს, რომელიც დაადასტურებდა, რომ 695 კვ.მ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება შეადგენს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ ფასზე დაახლოებით ათჯერ ნაკლებ თანხას. ექსპერტის დასკვნაში გამოყენებული შეფასების მეთოდოლოგია და შედარებადი მონაცემები არ იძლევა წარმოდგენილი ღირებულების სარწმუნოდ მიჩნევის საფუძველს. აღნიშნულიდან გამომდინარე წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნა არ იქნა გათვალისწინებული გადაანგარიშების პროცესში და ამ ნაწილში აქტით დარიცხული თანხები კორექტირებას (შემცირებას) არ ექვემდებარება.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი არ ეთანხმება ურთიერთდამოკიდებულ პირზე, ------- მიწოდებული ქონების ღირებულების კორექტირებას და აღნიშნულის მიხედვით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ განსახილველი ქონების მიმართ განსაზღვრული ღირებულება არ შეესაბამება რეალურ ღირებულებას, ხოლო მათ მიერ წარმოდგენილი უძრავი ქონების შეფასების დოკუმენტი ასახავს ქონების რეალურ საბაზრო ფასს. დასკვნაში ექსპერტს მითითებული აქვს შემდეგი: „ბაზრის რეტროსპექტიული ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ პერიოდში, უშუალოდ კამანის ქუჩაზე ან მიმდებარე არეალში, ღია წყაროებით (სარეკლამო განცხადებები, უძრავი ქონების პორტალები), ანალოგიური საპარკინგე ფართების გასაყიდი, საჯარო შეთავაზებები არ ფიქსირდება. ამიტომ, გამოყენებულ იქნა ალტერნატიული წყარო - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბაზა. კვლევისას იდენტიფიცირებულ იქნა, 2020 წლის კამანის ქუჩასა და მის სიახლოვეს (მსგავსი ლოკაციური და ინფრასტრუქტურული მახასიათებლების მქონე არეალში) რეალურად განხორციელებული ტრანზაქციები - ნასყიდობის ოფიციალური ხელშეკრულებები. მოძიებული ხელშეკრულებებიდან, შერჩეულ იქნა საუკეთესო ანალოგები, რომელთა ფასებიც დაკორექტირდა სტანდარტული მეთოდოლოგიით (ფართის, ზუსტი მდებარეობის, პარკინგის ტიპის მიწისქვეშა/მიწისზედა მიხედვით).“ ამასთან, გადამხდელი მიუთითებს, რომ წარმოდგენილ დასკვნას თან ერთვის ექსპერტის მიერ კვლევის პროცესში მოძიებული შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულებები. საგულისხმოა, რომ ქონების ღირებულების განსაზღვრაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მისი დანიშნულება. განსახილველი ფართი წარმოადგენს კორპუსის 0 ნიშნულზე განთავსებულ ღია ავტოსადგომისთვის განკუთვნილ ფართს. შემოწმების პროცესში აღნიშნული ღია ავტოსადგომისთვის განკუთვნილი ფართი შეფასდა როგორც კომერციული ფართი, რაც არასწორია. შესაფასებელი ფართი, რომ ნამდვილად ავტოსადგომია და არა კომერციული ფართი, აღნიშნულზე მიუთითებს ------- მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2023 წლის 29 მარტის სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული Nშ-77/23 დადგენილება, სადაც მითითებულია, რომ შეთანხმებული არქიტექტურული პროექტით გათვალისწინებული +0.00 ნიშნულზე ავტოსადგომისთვის განკუთვნილ სივრცეში მოწყობილია კაპიტალური კედლები, რაც ჩაითვალა შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის დარღვევად და კომპანიას დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელი მიიჩნევს, რომ მათ მიერ წარმოდგენილი საშემფასებლო დასკვნა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან და ექსპერტის დასკვნაში გამოყენებული შეფასების მეთოდოლოგია და შედარებადი მონაცემები იძლევა წარმოდგენილი ღირებულების სარწმუნოდ მიჩნევის საფუძველს. მიუხედავად არგუმენტებისა, მზადყოფნას გამოთქვამს ახალი /ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნის წარდგენაზე. ითხოვს, წარმოდგენილი მტკიცებულების გათვალისწინებით განხორციელდეს ამ ნაწილში დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება დღგ-ისა და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში.

 

შემოსავლების სამსახური:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/ საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების დასკვნაში ასახულ და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადაანგარიშების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა უძრავი ქონების შეფასების ანგარიში, რომლის მიხედვითაც, შეფასების პერიოდად განსაზღვრულია 2020 წელი. ანგარიშის მიხედვით 695 კვ.მ საპარკინგე ფართების (ავტოსადგომების) საბაზრო ღირებულება შეადგენს 104 400 ლარს. წარმოდგენილი ექსპერტის დასკვნა არ შეიცავს ისეთ დასაბუთებასა და შედარებით ანალიზს, რომელიც დაადასტურებდა, რომ 695 კვ.მ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება შეადგენს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ ფასზე დაახლოებით ათჯერ ნაკლებ თანხას. ექსპერტის დასკვნაში გამოყენებული შეფასების მეთოდოლოგია და შედარებადი მონაცემები არ იძლევა წარმოდგენილი ღირებულების სარწმუნოდ მიჩნევის საფუძველს. აღნიშნულიდან გამომდინარე წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნა არ იქნა გათვალისწინებული გადაანგარიშების პროცესში. გარდა ამისა, აღნიშნული უძრავი ქონება 2025 წლის 21 ნოემბერს შეფასებული აქვს ბანკს (იპოთეკის ხელშეკრულება), ბანკის მიერ შეფასებული ქონების ღირებულება საგრძნობლად განსხვავდება გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ დასკვნაში დაფიქსირებული მონაცემისგან.

ამასთან, მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია საჩივარში დაფიქსირებული პოზიციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ნაწილში შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტებისა და წარდგენილი მტკიცებულებების (მათ შორის, გადაანგარიშების ეტაპზე) გათვალისწინებით დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

შემოსავლების სამსახურის 2026 წლის პირველი მაისის №9645 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადაანგარიშების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა სესხის ხელშეკრულებები და ურთიერთშედარების აქტები, აღნიშნული ინფორმაციის მიხედვით შესამოწმებელ პერიოდში ჩამოთვლილ კომპანიებზე გაცემულია სესხი ან/და დაბრუნებულია სესხის ძირი/პროცენტი. გადაანგარიშებისას აღნიშნული ხელშეკრულებები/შედარების აქტები არ იქნა გათვალისწინებული რადგან ეჭვქვეშ დგება ზემოაღნიშნული სესხების/პროცენტების გაცემის/დაბრუნების რეალობა (აღნიშნული საწარმოები წარმოადგენენ ურთიერთდამოკიდებულ საწარმოებს და 2021-2023 წლების საანგარიშო პერიოდებში (თანხის გაცემის პერიოდში) არ უფიქსირდებათ აქტიური ეკონომიკური საქმიანობა). შესაბამისად, ზემოაღნიშნული საკითხის მიხედვით არ განხორციელდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხების შემცირება.

გადაანგარიშების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა უძრავი ქონების შეფასების ანგარიში. ანგარიშის მიხედვით საპარკინგე ფართების (ავტოსადგომების) საბაზრო ღირებულება შეადგენს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ ფასზე დაახლოებით ათჯერ ნაკლებ თანხას. ექსპერტის დასკვნაში გამოყენებული შეფასების მეთოდოლოგია და შედარებადი მონაცემები არ იძლევა წარმოდგენილი ღირებულების სარწმუნოდ მიჩნევის საფუძველს. აღნიშნულიდან გამომდინარე წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნა არ იქნა გათვალისწინებული გადაანგარიშების პროცესში და ამ ნაწილში აქტით დარიცხული თანხები კორექტირებას (შემცირებას) არ ექვემდებარება.

 

გადაწყვეტილება

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტებისა და წარდგენილი მტკიცებულებების (მათ შორის, გადაანგარიშების ეტაპზე) გათვალისწინებით დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 19; 73(5, 9); 101; 154;