ბრძანება N 2078

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 07.02.2025
№ დოკუმენტი 2078
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 2078

07 თებერვალი 2025

ბრძანება

შპს „--------“-ის (ს/ნ „--------“)

(მის.: „--------“)

2025 წლის 11 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 23 იანვრის სხდომაზე (ოქმი №5) განიხილა შპს „--------“-ის (ს/ნ „--------“) 2025 წლის 11 იანვრის №93617/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 24 დეკემბრის №021-94 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება კომპანიის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით და სპეც. ტექნიკით გადაზიდვის მომსახურებაზე შემოწმებით დარიცხულ თანხებს და აცხადებს, რომ გაურკვეველია, როგორ მოხდა ტრანსპორტირების ფასის განსაზღვრა;

2. არ ეთანხმება კომპანიის მიერ სხვადასხვა მისამართებზე მიტანილი საქონლის რეალიზებულად განხილვას და აცხადებს, რომ ყველა ეს მიღებული საქონელი აღრიცხვის პროგრამაში საბუღალტრო ჩანაწერებით ასახულია კომპანიის სასაქონლო მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის ანგარიშებზე და შესაბამისი გახარჯვის დოკუმენტებით (ფორმა 2-ები) ჩამოწერილია კუთვნილი მიმართულებების შესაბამისად;

3. არ ეთანხმება ხელფასის სახით დირექტორზე გადარიცხული თანხის დაბეგვრას და აცხადებს, რომ დანიშნულებაში ხელფასი მითითებულია არასწორად, სინამდვილეში თანხა გაცემულია სალაროში შესატანად და მონაწილეობას იღებს სალაროს თანხის მოძრაობაში, კერძოდ, შეტანილია სალაროში შემოსავლის სახით და შემდეგ ის გახარჯულია სხვადასხვა სამეურნეო საჭიროებისათვის.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 4 ივნისის №13177 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივანის (ს/ნ „--------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 11 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი,გამოიცა 2024 წლის 23 დეკემბრის №26928 ბრძანება და 24 დეკემბრის №021-94 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 116 803 ლარი, მათ შორის, გადასახადი 61 415 ლარი, ჯარიმა 30 347 ლარი და საურავი 25 041 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა ქ. „--------“-ში, „--------“ ქუჩა №19-ში და სამშენებლო მომსახურების გაწევა. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის ბალანსზეა სპეც. ტექნიკა და ავტომობილები. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ აღნიშნული ტექნიკით გაწეულია მომსახურება და არ არის გამოწერილი შესაბამისი დოკუმენტები. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა სასაქონლო ზედნადებები, კერძოდ, ტრანსპორტირების დაწყების და დასრულების ადგილები (სატვირთოების სახელმწიფო ნომრებით), რის საფუძველზეც გაანგარიშდა გადაზიდვის მასშტაბები. შემოწმების მიერ გაანგარიშებულ მანძილზე გავრცელებულ იქნა საბაზრო ღირებულებები, კერძოდ, სატვირთო მანქანა კმ - 10 ლარი (მინიმუმ 120 ლარი), სამარშუტო ტაქსი კმ - 1,5 ლარი (მინიმუმ 50 ლარი), რომელიც შესაბამისობაშია საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის საფუძველზე განსაზღვრულ საბაზრო ფასებთან. ამასთან, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რაც გამოწერილი იყო შპს „---- -ზე“, გათვალისწინებულ იქნა გადაზიდვის მომსახურებაზე გაანგარიშებაში. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ და ასევე, ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. შესამოწმებელ პერიოდში კომპანია სამშენებლო მომსახურებას უწევს შპს „----- -ს “ „--------“-ის მუნიციპალიტეტ სოფელ „--------“-ში და შპს „-------“-ზე „--------“მუნიციპალიტეტ სოფელ „--------“-ში. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, კერძოდ, სასაქონლო ზედნადებების დამუშავების შედეგად ირკვევა, რომ კომპანიას სამშენებლო-სარემონტო მასალები მიტანილი აქვს სხვადასხვა მისამართებზე (90% - ქ. „--------“-ში, „--------“№3, ხანდაზმულ პერიოდში დასრულებული პროექტის მისამართი). შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 159-ე და 160-ე მუხლების საფუძველზე, აღნიშნული საქონელი ჩაითვალა რეალიზებულად, რის საფუძველზეც გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

3. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის, საბანკო ამონაწერებისა და შემოწმების ხელთ არსებული სხვა ინფორმაციის დამუშავების შედეგად დგინდება, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში საბანკო გადარიცხვის გზით გაცემული აქვს ხელფასი ფ/პ "------"-ზე (დირექტორი) და არ აქვს ასახული შესაბამისი პერიოდის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და ასევე, ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

ხოლო, მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით:

 შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის ბალანსზე არსებული სპეც. ტექნიკით და ავტომობილებით გაწეულია მომსახურება და არ არის გამოწერილი შესაბამისი დოკუმენტები. შემოწმებით გაანგარიშდა გადაზიდვის მასშტაბები და გაანგარიშებულ მანძილზე გავრცელებულ იქნა საბაზრო ღირებულებები.

 შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას სამშენებლო-სარემონტო მასალები მიტანილი აქვს სხვადასხვა მისამართებზე (90% - ქ. „--------“-ში, „--------“№3, ხანდაზმულ პერიოდში დასრულებული პროექტის მისამართი). შემოწმებით, აღნიშნული საქონელი ჩაითვალა რეალიზებულად.

გადასახადის გადამხდელი სადავო საკითხებთან დაკავშირებით განმარტავს შემდეგს:

1) გაურკვეველია, როგორ მოხდა ტრანსპორტირების ფასის განსაზღვრა შემოწმების მიერ. ამასთან, ერთი ტრანსპორტირებით გადაზიდული ტვირთი შეძენილია ორი სასაქონლო ზედნადებით, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს ორივე ზედნადებზე ცალ-ცალკე აქვს გაანგარიშებული ტრანსპორტირების ღირებულება. მიუთითებს, რომ კომპანიას შპს „------ თან“ დადებული ჰქონდა სიტყვიერი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც თვის ბოლოს ხდებოდა გაანგარიშება განხორციელებული გადაზიდვების შესახებ და ამის შემდეგ იწერებოდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომლის ნამდვილობასაც ადასტურებს ორივე მხარე. გაურკვეველია, რატომ მოხდა გაწერილი და დოკუმენტურად დადასტურებული ფასების ცვლილება.

2) ყველა მიღებული საქონელი აღრიცხვის პროგრამაში საბუღალტრო ჩანაწერებით ასახულია კომპანიის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის ანგარიშებზე და შესაბამისი გახარჯვის დოკუმენტებით (ფორმა 2-ები) ჩამოწერილია კუთვნილი მიმართულებების შესაბამისად. ამასთან, ზედნადებებში შეცდომით არის ჩარჩენილი ძველი მისამართი, რაც გამოწვეულია პანდემიის პერიოდში არსებული შეზღუდვების დროს ტექნიკური პრობლემებით. ასევე, მიწოდებად ჩათვლილია ისეთი ზედნადებები განსხვავებული მისამართის გამო, რომლებიც დაკავშირებულია ავტოსატრანსპორტო ტექნიკის რემონტთან.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ არის წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში – შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში საბანკო გადარიცხვის გზით გაცემული აქვს ხელფასი ფ/პ "-------"-ზე (დირექტორი) და არ აქვს ასახული შესაბამისი პერიოდის გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციაში.

გადასახადის გადამხდელის განმარტებით, გადარიცხვის დანიშნულებაში ხელფასი მითითებულია არასწორად, სინამდვილეში თანხა გაცემულია სალაროში შესატანად, მონაწილეობას იღებს სალაროს თანხის მოძრაობაში და გახარჯულია სხვადასხვა სამეურნეო საჭიროებისათვის.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ არის წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „------“-ის (ს/ნ „--------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქუჩა №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადამხდელი არ ეთანხმება კომპანიის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით და სპეც. ტექნიკით გადაზიდვის მომსახურებაზე შემოწმებით დარიცხულ თანხებს.

2. გადამხდელი არ ეთანხმება კომპანიის მიერ სხვადასხვა მისამართებზე მიტანილი საქონლის რეალიზებულად განხილვას.

3. მომჩივანი არ ეთანხმება ხელფასის სახით დირექტორზე გადარიცხული თანხის დაბეგვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა და სამშენებლო მომსახურების გაწევა. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის ბალანსზეა სპეც. ტექნიკა და ავტომობილები. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ აღნიშნული ტექნიკით გაწეულია მომსახურება და არ არის გამოწერილი შესაბამისი დოკუმენტები. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა სასაქონლო ზედნადებები, კერძოდ, ტრანსპორტირების დაწყების და დასრულების ადგილები,რის საფუძველზეც გაანგარიშდა გადაზიდვის მასშტაბები. შემოწმების მიერ გაანგარიშებულ მანძილზე გავრცელებულ იქნა საბაზრო ღირებულებები, რომელიც შესაბამისობაშია სსკ-ის მე-18 მუხლის საფუძველზე განსაზღვრულ საბაზრო ფასებთან.გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ და ჯარიმა.

2.სასაქონლო ზედნადებების დამუშავების შედეგად ირკვევა, რომ კომპანიას სამშენებლო-სარემონტო მასალები მიტანილი აქვს სხვადასხვა მისამართებზე.შემოწმებით,სსკ-ის 73-ე, 159-ე და 160-ე მუხლების საფუძველზე, აღნიშნული საქონელი ჩაითვალა რეალიზებულად, რის საფუძველზეც გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ და ჯარიმა.

3.გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის, საბანკო ამონაწერებისა და შემოწმების ხელთ არსებული სხვა ინფორმაციის დამუშავების შედეგად დგინდება, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში საბანკო გადარიცხვის გზით გაცემული აქვს ხელფასი დირექტორზე და არ აქვს ასახული შესაბამისი პერიოდის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და ასევე, ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

შემოსავლების სამსახურმა მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(5),101,154,159,163,168.