ბრძანება N 15128

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 28.06.2023
№ დოკუმენტი 15128
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 15128

28.06.2023

შპს „--------“ -ის (ს/ნ --------)

(მის.: ------------)

2023 წლის 23 მაისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 19 ივნისის სხდომაზე (ოქმი №67) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ --------) №87871/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 24 აპრილის №024-21 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადში დარიცხულ თანხებს და ითხოვს, ფულის ნაშთი რომელიც შემოწმებამ დირექტორზე გაცემულ ხელფასად დააკვალიფიცირა, დაიბეგროს 2022 წლის 5 აპრილის N8450 ბრძანებით დამტკიცებული პროცედურული სახელმძღვანელოს მე-10 მუხლის მიხედვით, არ არსებული ნაშთის გამოვლენის დღეს.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 მარტის N4713 და 4 აპრილის N7272 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „--------“-ის (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის ინვენტარიზაციის მიზნებისთის 2023 წლის 13 მარტის ჩათვლით პერიოდი. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 31 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 24 აპრილის №8833 ბრძანება და ამავე თარიღის №024-21 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 262 433 ლარი, მათ შორის, გადასახადი 148 411 ლარი, ჯარიმა 74 204 ლარი, საურავი 39 818 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

შემოწმებისათვის არსებული სააღრიცხვო დოკუმენტაციის, კერძოდ გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრულ პროგრამის (ორისი) მონაცემების ანალიზის საფუძველზე, ირკვევა, რომ საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში უფიქსირდება სალაროში ფულის უძრავი ნაშთი (მთელ შესამოწმებელ პერიოდში, რომელიც 2023 წლის 13 მარტის მდგომარეობით შეადგენს 593 707 ლარი). ამასთან, 2023 წლის 13 მარტს განხორციელდა შპს „--------"-ის (ს/ნ -------) სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც გადასახადის გადამხდელის სალაროში გამოვლინდა ნაღდი ფულის ნაშთი 0 (ნული) ლარის ოდენობით. კომპანიის დირექტორის და დამფუძნებელის წერილობითი ახსნა-განმარტებით, სხვაობა სალაროს ფაქტობრივ და ბუღალტრულ ნაშთებს შორის გაცემულია ხელფასად. ყოველივე აღნიშნულის (სააღრიცხვო დოკუმენტაციის მონაცემები და გადამხდელის მიერ მოწოდებული განმარტება) გათვალისწინებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოვლენილი სხვაობა დაკვალიფიცირდა სალაროზე პასუხისმგებელ პირზე დირექტორზე გაცემულ ხელფასად შესაბამისი პერიოდების მიხედვით. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154- ე მუხლების საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში ბუღალტრული პროგრამის ანალიზის საფუძველზე ფიქსირდება სალაროში ფულის უძრავი ნაშთი, რომელიც 2023 წლის 13 მარტის მდგომარეობით შეადგენს 593 707 ლარს, ამ პერიოდისთვის განხორციელებული სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურის შემდგომ დადგინდა, რომ გადამხდელს სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი არ ჰქონდა. კომპანიის დირექტორის და დამფუძნებელის წერილობითი ახსნა-განმარტებით სხვაობა სალაროს ფაქტობრივ და ბუღალტრულ ნაშთებს შორის გაცემულია ხელფასად. აღნიშნულის გათვალიწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სალაროს ფაქტობრივ და ბუღალტრულ ნაშთებს შორის სხვაობის ხელფასად დაკვალიფიცირება მართლზომიერია.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადში დარიცხულ თანხებს და ითხოვს, ფულის ნაშთი რომელიც შემოწმებამ დირექტორზე გაცემულ ხელფასად დააკვალიფიცირა, დაიბეგროს 2022 წლის 5 აპრილის N8450 ბრძანებით დამტკიცებული პროცედურული სახელმძღვანელოს მე-10 მუხლის მიხედვით, არ არსებული ნაშთის გამოვლენის დღეს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში უფიქსირდება სალაროში ფულის უძრავი ნაშთი (მთელ შესამოწმებელ პერიოდში, რომელიც 2023 წლის 13 მარტის მდგომარეობით შეადგენს 593 707 ლარი). ამასთან, 2023 წლის 13 მარტს განხორციელდა საწარმოს სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც გადასახადის გადამხდელის სალაროში გამოვლინდა ნაღდი ფულის ნაშთი 0 (ნული) ლარის ოდენობით. კომპანიის დირექტორის და დამფუძნებელის წერილობითი ახსნა-განმარტებით, სხვაობა სალაროს ფაქტობრივ და ბუღალტრულ ნაშთებს შორის გაცემულია ხელფასად. ყოველივე აღნიშნულის (სააღრიცხვო დოკუმენტაციის მონაცემები და გადამხდელის მიერ მოწოდებული განმარტება) გათვალისწინებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოვლენილი სხვაობა დაკვალიფიცირდა სალაროზე პასუხისმგებელ პირზე დირექტორზე გაცემულ ხელფასად შესაბამისი პერიოდების მიხედვით. შესაბამისად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136(3), 61(3), 73(4)(9"ბ"), 101(1), 154(1"ა")(2"ა").