გადაწყვეტილება №23223/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23223/2/2024
02 ოქტომბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------ი (ს/ნ ----------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი/საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.09.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ის 7.06.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23223/2/2024).
დავის საგანი:
1. ინვენტარიზაციების შედეგების გათვალისწინებით საქონლის დოკუმენტის გარეშე რეალიზებულად ჩაითვალა და გაზრდილი ბრუნვის საფუძველზე მიღებული შემოსავლის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
2. საჩივრის განუხილველად დატოვება არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 1.05.2024 წლის №074-12 საგადასახადო მოთხოვნა;
2. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 17.10.2023 წლის №------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
3. შემოსავლების სამსახურის 27.05.2024 წლის №12131 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 40 111,59 ლარი (აუდიტის დეპარტამენტის 1.05.2024 წლის №074-12 საგადასახადო მოთხოვნა).
გადასახადი - 26 004
დღგ - 10 436
საშემოსავლო გადასახადი - 15 568
ჯარიმა - 12 801
საურავი - 1 306.59
დარიცხული თანხა: ჯარიმა - 35 192,98 ლარი (სსკ-ის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 17.10.2023 წლის №--------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი).
პროცედურული გარემოებები
კომპანიის საქმიანობაა ხე-მასალის შეძენა რეალიზაცია, როგორც საბითუმოდ ასევე საცალოდ. გადამხდელს საწარმოო ობიექტი და სასაწყობე მეურნეობა განთავსებული აქვს-----ის რაიონის სოფელ ---------ში.
აუდიტის დეპარტამენტის 12.12.2023 წლის №31241 და 12.02.2024 წლის №2919 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2.03.2021 წლიდან 1.01.2024 წლამდე საანგარიშო პერიოდების საგადასახადო შემოწმება.
შემოწმების შედეგები აისახა 24.04.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 1.05.2024 წლის №10239 ბრძანება და №074-12 საგადასახადო მოთხოვნა, რაც საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 17.10.2023 წლის №--------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან ერთად 15.05.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 27.05.2024 წლის №12131 ბრძანებით საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 1.05.2024 წლის №074-12 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა, ხოლო, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 17.10.2023 წლის №--------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით დარჩა განუხილველი.
შემოსავლების სამსახურის 27.05.2024 წლის №12131 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. ინვენტარიზაციების შედეგების გათვალისწინებით საქონლის დოკუმენტის გარეშე რეალიზებულად ჩაითვალა და გაზრდილი ბრუნვის საფუძველზე მიღებული შემოსავლის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდში ეკონომიკური საქმიანობა ნაწარმოები აქვს საბუღალტრო პროგრამაში. გადამხდელის მიერ წარდგენილი რეპორტებით შესაძლებელია გაიმიჯნოს რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებები, პროგრამულად დაფიქსირებული საშუალო შეწონილი ფასნამატი შეადგენს 7%-ს. 2023 წლის ოქტომბერში გადასახადის გადამხდელთან ჩატარებულია სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის შედეგების მიხედვითაც გამოვლინდა აღურიცხავი საქონელი 70 386 ლარის ოდენობით. გადამხდელს აღნიშნული აღურიცხავი საქონელი არ აქვს აღრიცხული წარდგენილ საბუღალტრო გატარებებში. ამასთან, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს - 2023 წლის დეკემბერში, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განმეორებით ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და საქონლის ნაშთი დაფიქსირდა მხოლოდ ფიცარი, რომლის მოცულობამ შეადგინა 18.5მ3 . ინვენტარიზაციების შედეგების, პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტებისა და საბუღალტრო გატარებების გათვალისწინებით შესწავლილია საქონლის მოძრაობა ინვენტარიზაციის დაწყების თარიღამდე და აღნიშნულის გათვალისწინებით დოკუმენტის გარეშე რეალიზებულად ჩაითვალა 62 571 ლარის ოდენობით (საბაზრო ღირებულების) საქონელი. ამდენად, შემოწმების შედეგად გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი მიჩნეულია დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, ამავე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 168-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, ინვენტარიზაციების შედეგების, პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტებისა და საბუღალტრო გატარებების გათვალისწინებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა საქონლის მოძრაობა ინვენტარიზაციის დაწყების თარიღამდე. შესწავლის შედეგების გათვალისწინებით დოკუმენტის გარეშე რეალიზებულად ჩაითვალა 62 571 ლარის საბაზრო ღირებულების საქონელი. ამდენად, შემოწმების შედეგად გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, ხოლო რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი მიჩნეულ იქნა დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად. ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
ინვენტარიზაციის შედეგებს არ ეთანხმება ვინაიდან გამოყენებულია ერთ კუბურ მეტრ ხის მასალაზე საბაზრო ღირებულება 850 ლარი, როდესაც საბაზრო ღირებულება არ აღემატება 780 - 800 ლარს, რაც დასტურდება გამოწერილი ზედნადებებით. რამაც შემდგომში კამერალური საგადასახდო შემოწმების დროსაც პოვა ასახვა და გაზარდა დამატებით დასარიცხი თანხების ოდენობა. ითხოვს დარიცხული თანხების შემცირებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით:
4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
მომჩივანი განმარტავს, რომ ინვენტარიზაციის შედეგებს არ ეთანხმება ვინაიდან გამოყენებულია ერთ კუბურ მეტრ ხის მასალაზე საბაზრო ღირებულება 850 ლარი, როდესაც საბაზრო ღირებულება არ აღემატება 780 - 800 ლარს, რაც დასტურდება გამოწერილი ზედნადებებით.
დადგენილია, რომ ინვენტარიზაციების შედეგების, პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტებისა და საბუღალტრო გატარებების გათვალისწინებით შესწავლილია საქონლის მოძრაობა ინვენტარიზაციის დაწყების თარიღამდე და აღნიშნულის გათვალისწინებით დოკუმენტის გარეშე რეალიზებულად ჩაითვალა 62 571 ლარის ოდენობით (საბაზრო ღირებულების) საქონელი. ამდენად, შემოწმების შედეგად გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი მიჩნეულია დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად.
აღსანიშნავია, რომ მომჩივანი ერთ კუბურ მეტრ ხის მასალაზე საბაზრო ღირებულებას არ ეთანხმებოდა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 6.10.2023 წლის №ბ-13412/2023 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების ცალკეულ სახეობათა (ხე-ტყის მასალა - ფიცარი) შერჩევითი ინვენტარიზაციის შედეგებისას (რაზეც შედგენილია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 17.10.2023 წლის №--------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი), რაც 17.11.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 12.12.2023 წლის №31289 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რაც ასევე გასაჩივრდა და ძალაში დარჩა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 22.02.2024 წლის №21662/2/2023 (რეგ. 22.04.2024წ. №03/-------) გადაწყვეტილებით.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. საჩივრის განუხილველად დატოვება არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 6.10.2023 წლის №ბ-13412/2023 ბრძანების საფუძველზე კომპანიის ეკონომიკური საქმიანობის ფაქტობრივად განხორციელების ადგილზე (-----ის რაიონი, სოფ. -------) ჩატარდა სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების ცალკეულ სახეობათა (ხე-ტყის მასალა - ფიცარი) შერჩევითი ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები საბაზრო ღირებულებით - 70 385,95 ლარის ოდენობით, რაზეც საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 17.10.2023 წელს შედგენილია №---------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაეკისრა ჯარიმა 35 192.98 ლარის ოდენობით.
აღნიშნული ოქმი 17.11.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 12.12.2023 წლის №31289 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 22.02.2024 წლის №21662/2/2023 (რეგ. 22.04.2024წ. №03/-----) გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ პუნქტის თანახმად, შემოსავლების სამსახური არ არის უფლებამოსილი განიხილოს აღნიშნული საჩივარი, შესაბამისად გადასახადის გადამხდელის საჩივარი საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 17.10.2023 წლის №-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით დარჩა განუხილველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
სადავო საკითხზე არგუმენტი არ არის წარმოდგენილი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
მომჩივანი სადავო აქტად მიუთითებს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 17.10.2023 წლის №------ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს, რაც 17.11.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 12.12.2023 წლის №31289 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც 20.12.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში და 22.02.2024 წლის №21662/2/2023 (რეგ. 22.04.2024წ. №03/------) გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით ამ ნაწილში საჩივრის საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით განუხილვლად დატოვება მართებულია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. ინვენტარიზაციების შედეგების გათვალისწინებით საქონლის დოკუმენტის გარეშე რეალიზებულად ჩაითვალა და გაზრდილი ბრუნვის საფუძველზე მიღებული შემოსავლის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
2. საჩივრის განუხილველად დატოვება არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის №31241 და №2919 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2.03.2021 წლიდან 1.01.2024 წლამდე საანგარიშო პერიოდების საგადასახადო შემოწმება.
შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №10239 ბრძანება და №074-12 საგადასახადო მოთხოვნა, რაც საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან ერთად წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის №12131 ბრძანებით საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის №074-12 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა, ხოლო, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით დარჩა განუხილველი.
შემოსავლების სამსახურის №12131 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ ინვენტარიზაციების შედეგების გათვალისწინებით საქონლის დოკუმენტის გარეშე რეალიზებულად ჩაითვალა და გაზრდილი ბრუნვის საფუძველზე მიღებული შემოსავლის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის ნაწილში გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ამასთან,საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ნაწილში,სვინაიდან არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით ამ ნაწილში საჩივრის საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით განუხილვლად დატოვება მართებულია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(4.9„ბ“); 101(1); 154(1 „ა“.2 „ა“და „ბ“); 158(1); 159(1„ა“ და „ბ“); 163(1.2); 164(1); 301( „ზ“);