ბრძანება N 12958
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 12958
09.06.2023
---ის მოქალაქე ----ის (პას/ნ ----)
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 2 ივნისის სხდომაზე (ოქმი №60) განიხილა ---ს (----) №85802/21-11 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 17 მაისის №EL209809 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
მომჩივანი განმარტავს, რომ საბაჟო გამშვები პუნქტი „---ს“ ჩაკეტვის გამო, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ვერ შეძლო სატრანსპორტო საშუალების ქვეყნიდან გაყვანა. თავად იმყოფებოდა საზღვარგარეთ, ხოლო მინდობილმა პირმა ვერ აიღო ქართული ნომრები. აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის მოხსნას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 17 მაისს ---ის ---ის მოქალაქე ----მა მიმართა სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი ---ს ---ში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (VIN: ---) დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცევის მიზნით. მონაცემთა ბაზაში ასახული ინფორმაციის საფუძველზე, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ დადგენილ იქნა, რომ მითითებული ავტოსატრანსპორტო საშუალება საქართველოში შემოყვანილია 2023 წლის 13 თებერვალს ---ის მიერ და საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან მის გატანამდე ვადა განსაზღვრული იყო 2023 წლის 14 მაისი, რისი შესრულებაც არ ფიქსირდება. გამომდინარე იქიდან, რომ ზემოაღნიშნულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე (VIN: ---) გამოცხადების ვადა დარღვეული იყო 3 კალენდარული დღით, გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტზე, გაფორმების ეკონომიკური ზონა ,,---ის“ უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 17 მაისს შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი №EL209809, რომლითაც ---ს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 150 ლარის ოდენობით.
2023 წლის 17 მაისს ზემოაღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება (VIN: ---) მოექცა დროებით შემოტანის პროცედურაში ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით 69605/02491127.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე3 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქის, რომელიც იმავდროულად საქართველოს მოქალაქეა) მიერ შემოტანილი, უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების, მისი მისაბმელის ან ნახევრად მისაბმელის, ავტობუსის ან მოტოციკლეტის (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია), აგრეთვე ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული, კანონმდებლობით განსაზღვრულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი რაოდენობისა და ღირებულების საქონლის გაფორმების ადგილამდე მიტანის ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან მის გატანამდე ვადა შეადგენს 90 კალენდარულ დღეს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა. დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტებს, რაც გამოიხატა მომჩივნის მიერ სატრანსპორტო საშუალების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან მის გატანამდე ვადის დარღვევაში.
აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით (165-ე მუხლი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო ოქმით მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმა მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მიმართ გამოცემული სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ----ის (პას/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
მომჩივანი ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის მოხსნას.
ფაქტობრივი გარემოებები
ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გამოცხადების ვადა დარღვეული იყო 3 კალენდარული დღით, გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტზე, გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 17 მაისს შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი №EL209809, რომლითაც მომჩივანს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 150 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302 (6);
საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 163 (1); 165
,,საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანება.