ბრძანება N 23605
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 23605
26 სექტემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2023 წლის 5 იანვრის და 4 თებერვლის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 7 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №92) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2023 წლის 5 იანვრის №77804/1/2023 და 4 თებერვლის №78844/1/2023 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 6 დეკემბრის №006-542 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და შემოწმებით განსაზღვრულ ფასნამატს. აცხადებს, რომ შემოწმებით განსაზღვრული ფასნამატი, გარკვეულ პერიოდში, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში თითქმის 5-ჯერ აღემატება დეკლარირებულ ფასნამატს, რაც ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და მსგავსი სხვაობა საკონტროლო შესყიდვითაც კი არ გამოვლენილა. აღნიშნავს, რომ საკონტროლო შესყიდვისას ყოველგვარი ე.წ. შევაჭრების გარეშე იქნა საქონელი შეძენილი. განმარტავს, რომ შემოწმებამ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებისას არა საკონტროლო შესყიდვით დადგენილი 64% და 72%-ის ფასნამატით ისარგებლა, არამედ ხანდაზმული (უმეტეს შემთხვევაში მოდიდან გამოსული) ინვენტარიზაციისას დაფიქსირებული ე.წ. გაუგებარი შეთავეზების ფასით. აცხადებს, რომ ინვენტარიზაციის შედეგებმა აჩვენა, რომ რეალურად მარაგები აღრიცხულია სწორად, მხოლოდ ჩამოწერა ხდება პერიოდული მარაგების მეთოდით (ფასს-ით დაშვებული) ფინანსური შედეგის გამოყვანის მიზნით, ანუ ჩამოწერილი ჯამური თვითღირებულება სწორია და არაიდენტიფიცირებული ნაშთები არ არსებობს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და აღნიშნული მეთოდით განსაზღვრულ ფასნამატს.
2. გადამხდელი არ ეთანხმება საინვოისო თანხასა და ანაზღაურებულად ჩათვლილ თანხას შორის სხვაობის განხილვას დირექტორებზე გაცემულ ანაზღაურებად. აცხადებს, რომ უზრუნველყო მომწოდებელი კომპანიებიდან დავალიანების თაობაზე არსებული ინფორმაციის დასტურების მიღება, რითაც ადასტურებს არარეზიდენტ მომწოდებლებთან შესამოწმებელ პერიოდზე მხარეთა შორის განხორციელებული ოპერაციების ფარგლებში კრედიტორული დავალიანების არ არსებობის და მიღებული საქონლის ღირებულების სრულად გადახდის ფაქტს. გადამხდელს წარმოდგენილი აქვს დოკუმენტები.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 11 თებერვლის №3280 და 30 ნოემბრის №30009 ბრძანებების საფუძველზე შპს „-------“ (ს/ნ -------) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 ოქტომბრამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 2 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 6 დეკემბრის №30801 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №006-542 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 466 367 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 275 018 ლარი, ჯარიმა 136 707 ლარი და საურავი 54 642 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
1. შპს „-------“ შემოწმების პროცესში წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა „ორისის“ მიხედვით, უფიქსირდება 893 419 ლარის თვითღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი. შემოწმების მიმდინარეობისას, ორგანიზაციაში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების როგორც სრული, ასევე შერჩევითი ინვენტარიზაცია, ასევე ჩატარებულ იქნა საკონტროლო შესყიდვა. ინვენტარიზაციების მონაცემების შესწავლის შედეგად აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები ან/და დანაკლისი არ გამოვლენილა. ზემოაღნიშნული მიმდინარე კონტროლის პროცედურებში დაფიქსირებული საბაზრო სარეალიზაციო ფასები არ შეესაბამება გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს. შემოწმების მიერ ვერ ხდება დაბეგვრის ობიექტის დადგენა, გადამხდელს არ აქვს დოკუმენტური რეალიზაცია, საქონლის ჩამოწერა განხორციელებულია ჯამურად წლის ბოლოს. გადამხდელს არ აქვს შესრულებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მოთხოვნები, შესაბამისად, შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დასაბეგრი ობიექტი განსაზღვრულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ: შესყიდული სასაქონლომატერიალური მარაგების, რეალიზაციების და საწყისი და საბოლოო სასაქონლო-მატერიალური მარაგების გათვალისწინებით, ინვენტარიზაციებისას დაფიქსირებული საბაზრო სარეალიზაციო ფასების საფუძველზე, დაკორექტირდა დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა პერიოდების მიხედვით. შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების მიხედვით, კერძოდ „დანართი №7“-ის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს გამოუვლინდა განკარგვადი თანხა, რომელიც ჩაითვალა შესაბამისი პერიოდის ბოლოს, საწარმოს მიერ დირექტორებზე გაცემულ ხელფასად, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლით დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
2. შპს „-------“ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენას ახორციელებს უცხოურ ბაზარზე. იმპორტირებულ საქონელზე გადასახადის გადამხდელს არა აქვს შესაბამისი საქონლის ღირებულების თანხის არარეზიდენტი მომწოდებლისთვის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (საგადახდო დავალება, ჩეკი, ქვითარი და ა.შ.), თუმცა გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნული საქონლის უსასყიდლოდ მიღების ან/და მისთვის დავალიანების პატიების ფაქტი დადგენილი არ არის. ასევე, შემოწმებისთვის წარდგენილია მხოლოდ საბაჟო დეკლარაცია, ინვოისი, სალაროს გასავლის ორდერი შეძენილი საქონლის ღირებულების თანხის არარეზიდენტი მომწოდებლისთვის სრულად ან ნაწილობრივ გადახდის თაობაზე. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების მიხედვით, კერძოდ „დანართი №8“-ის მიხედვით, იმის გათვალისწინებით, რომ სახეზეა ინვოისი და საბაჟო დეკლარაცია, რითიც დადასტურებულია შესაბამისი საქონლის შეძენა-იმპორტი, ასევე, ვინაიდან აღნიშნულის პარალელურად, როგორც მტკიცებულება, არსებობს სალაროს გასავლის ორდერი შესაბამისი დავალიანების სრულად ან ნაწილობრივ დაფარვის ნამდვილობის თაობაზე, იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებელისთვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის (ან თანხის ნაწილის) 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად. სხვაობა საინვოისო ღირებულებასა და ანაზღაურებულად განხილულ ღირებულებას შორის ჩაითვალა საწარმოს მიერ დირექტორებზე განხორციელებულ განაცემად და დაიბეგრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ: პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს ბუღალტრული აღრიცხვის მიხედვით უფიქსირდება 893 419 ლარის თვითღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი. მიმდინარე კონტროლის პროცედურებში დაფიქსირებული საბაზრო სარეალიზაციო ფასები არ შეესაბამება გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს. გადამხდელს არ აქვს დოკუმენტური რეალიზაცია. საქონლის ჩამოწერა განხორციელებულია ჯამურად წლის ბოლოს. ამდენად, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით, შესაბამისად საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, შემოწმებით მართლზომიერად განხორციელდა პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.
ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმების მიმდინარეობისას, საწარმოში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების, როგორც სრული, ასევე შერჩევითი ინვენტარიზაცია, ასევე ჩატარებულ იქნა საკონტროლო შესყიდვა. სრულ ინვენტარიზაციასა (11/07/2022) და შერჩევით ინვენტარიზაციას (20/10/2022) შორის დაფიქსირებული ფასები განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. შემოწმების მიერ, გამოყვანილ იქნა ე.წ. „გაძვირების კოეფიციენტი“, რომლითაც გაიზარდა ყველა კატეგორიის ფასი, რაც გამოყენებულ იქნა დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრისას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ფასნამატის გაანგარიშებისას მხოლოდ ე.წ. „გაძვირების კოეფიციენტის“ გამოყენება არ არის დასაბუთებული, შესაბამისად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატი გაიანგარიშოს როგორც სრული, ასევე შერჩევითი ინვეტარიზაციების შედეგად დადგენილი ფასების გათვალისწინებით და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენას ახორციელებს უცხოურ ბაზარზე. იმპორტირებულ საქონელზე გადასახადის გადამხდელს შემოწმების პროცესში არ ჰქონდა წარდგენილი შესაბამისი საქონლის ღირებულების თანხის არარეზიდენტი მომწოდებლისთვის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაზე, რომლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულია „კრედიტორული დავალიანების შესახებ“ მეთოდური მითითება.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელმა დავის წარმოების პროცესში წარმოადგინა დამატებით მტკიცებულებები იმპორტირებულ საქონელთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №8) შესაბამისად, შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატი გაიანგარიშოს როგორც სრული, ასევე შერჩევითი ინვეტარიზაციების შედეგად დადგენილი ფასების გათვალისწინებით და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №8) შესაბამისად, შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადამხდელი არ ეთანხმება
1. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და შემოწმებით განსაზღვრულ ფასნამატს.
2. საინვოისო თანხასა და ანაზღაურებულად ჩათვლილ თანხას შორის სხვაობის განხილვას დირექტორებზე გაცემულ ანაზღაურებად.
ფაქტობრივი გარემოებები
1. შემოწმების მიმდინარეობისას, ორგანიზაციაში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების როგორც სრული, ასევე შერჩევითი ინვენტარიზაცია, ასევე ჩატარებულ იქნა საკონტროლო შესყიდვა. ინვენტარიზაციების მონაცემების შესწავლის შედეგად აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები ან/და დანაკლისი არ გამოვლენილა; საბაზრო სარეალიზაციო ფასები არ შეესაბამებოდა გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს. შემოწმების მიერ ვერ ხდება დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შესაბამისად დასაბეგრი ობიექტი განსაზღვრულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით. გადასახადის გადამხდელს გამოუვლინდა განკარგვადი თანხა, რომელიც ჩაითვალა შესაბამისი პერიოდის ბოლოს, საწარმოს მიერ დირექტორებზე გაცემულ ხელფასად.
2. ორგანიზაცია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენას ახორციელებს უცხოურ ბაზარზე. იმპორტირებულ საქონელზე გადასახადის გადამხდელს არა აქვს შესაბამისი საქონლის ღირებულების თანხის არარეზიდენტი მომწოდებლისთვის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა აღნიშნული საქონლის უსასყიდლოდ მიღების ან/და მისთვის დავალიანების პატიების ფაქტი დადგენილი არ არის. შემოწმებისთვის წარდგენილია მხოლოდ საბაჟო დეკლარაცია, ინვოისი, სალაროს გასავლის ორდერი შეძენილი საქონლის ღირებულების თანხის არარეზიდენტი მომწოდებლისთვის სრულად ან ნაწილობრივ გადახდის თაობაზე. იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებელისთვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად. სხვაობა საინვოისო ღირებულებასა და ანაზღაურებულად განხილულ ღირებულებას შორის ჩაითვალა საწარმოს მიერ დირექტორებზე განხორციელებულ განაცემად.
გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5; 9); 101; 154; 159; 275;