გადაწყვეტილება №17496/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№17496/2/2022
25.11.2022
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---------“ (ს/ნ ---------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 25.11.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------- 15.08.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №17496/2/2022).
დავის საგანი:
1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის ოდენობა და გაანგარიშებული სალაროს ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა; 2. 2019 წლის მაისის თვეში, გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარირებული მონაცემების კორექტირების ნაწილში დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლება, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 17.12.2021 წლის №024-115 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 26.07.2022 წლის №19800 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 38 666 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 23 685
დღგ - 11 195
საშემოსავლო გადასახადი - 12 490
ჯარიმა - 11 476
საურავი - 3 505
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა შერეული საქონლით. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.06.2021 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 14 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 16.12.2021 წლის №38968 ბრძანება და 17.12.2021 წლის №024-115 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 26.07.2022 წლის №19800 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის ოდენობა და გაანგარიშებული სალაროს ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელს, შესამოწმებელ პერიოდზე, ჯამურად ბიუჯეტში გადასახდელად დეკლარირებული აქვს სულ 1 044 ლარი დღგ. არ აქვს წარმოებული ბუღალტრული აღრიცხვა, ამასთან, 2018 წლის 30 აგვისტოს გამოუვლინდა სამართალდარღვევა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე11 ნაწილის, 2019 წლის 21 თებერვალს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-12 ნაწილის საფუძველზე, 2019 წლის 7 თებერვალს მიღებული აქვს გაფრთხილება საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის, ხოლო 2018 წლის 11 სექტემბერს გაფრთხილება საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე. გადასახადის გადამხდელის ობიექტზე განხორციელებულია მიმდინარე კონტროლის პროცედურები (საკონტროლო შესყიდვა) შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 22 ნოემბრის №34224 ბრძანების საფუძველზე. საგადასახადო შემოწმებით დამუშავდა საკონტროლო შესყიდვის შედეგები და საშუალო ფასნამატად განისაზღვრა დაახლოებით 16%. გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული საშუალო ფასნამატი კი წლების მიხედვით შეადგენს 5%-ს, 8%-ს და 7%-ს.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გათვალისწინებით, განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და შესაბამისად, დაკორექტირდა დღგ-ის დეკლარაციის მონაცემები. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
ამასთან, დადგინდა, რომ დირექტორს შესამოწმებელ პერიოდში მიღებული აქვს ხელფასი 5 487 ლარის ოდენობით. გადასახადის გადამხდელის მინდობილი პირის განმარტებით, გადასახადის გადამხდელს 2021 წლის პირველი ივნისის მდგომარეობით სალაროს ნაშთი არ უფიქსირდება. შემოწმების მიერ, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფულის ნაშთი, 2021 წლის პირველი ივნისის მდგომარეობით, განისაზღვრა 49 240 ლარით, რაც ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის თანახმად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და ამავე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და მავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, განმარტავს, რომ შემოწმებას შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე საკონტროლო შესყიდვის შედეგად განსაზღვრული ფასნამატის გამოყენება, ხოლო იმ კატეგორიის მიმართ რომელიც საკონტროლო შესყიდვაში დაფიქსირებული არ ყოფილა საშუალო ფასნამატის გამოყენება, შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ასევე, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმებით დარიცხვის საფუძვლად აღებულია ფასნამატი 16%-ის ოდენობით, რომელიც გამოთვლილია 2021 წლის 22 ნოემბერს ჩატარებული საკონტროლო შესყიდვის მონაცემების საფუძველზე. რენტაბელობის დონის გამოთვლის ცხრილი კვლავ არ წარედგინა შემოსავლების სამსახურის 26.07.2022 წლის №19800 ბრძანებასთან ერთად, რის გამოც ანალიზის გაკეთებაში ხელი ეშლება. სავარაუდოდ, შესყიდული საქონლის ღირებულება შედარებულია თვითღირებულებასთან (სასაქონლო ზედნადების საფუძველზე) და გამოყვანილია ჯამური რენტაბელობის %. ამგვარი მიდგომა არასწორად მიაჩნია. გამოდის, რომ ამ მეთოდის შესაბამისად ერთეულებში გამოხატული საქონლის რეალიზაცია მთლიან შესამოწმებელ პერიოდზე იმავე პროპორციით ხდებოდა, როგორც შესყიდვის აქტშია. ფაქტიურად კი ეს ძალზე შორსაა რეალობასთან. მაგალითად: - ლუდი ლოვენბრაუ 2.5 ლ შესყიდულია საშუალოდ 7.96 ლარად და რეალიზებულია 10 ლარად. შესაბამისად, რენტაბელობამ შეადგინა 25.63%. ამასთან, ლუდის ხვედრითი წონა მთლიან საკონტროლო შესყიდვაში შეადგენს (10/289.35=)3.45%, მაშინ როდესაც, 2021 წლის ნოემბრის თვის მთლიან შეძენებში (შეძენილია სულ 9 453.69 ლარის საქონელი) ამ ლუდის შესყიდვის წილმა (191.14 ლარი) შეადგინა (191.14/9453.69=)2.02%;
- პური ეკონომბატონი დაჭრილი შესყიდულია საშუალოდ 0.93 ლარად და რეალიზებულია 1.0 ლარად. შესაბამისად, რენტაბელობამ შეადგინა 10.74%. ამასთან, ამ პურის ხვედრითი წილი მთლიან საკონტროლო შესყიდვაში შეადგენს (1/289.35=)0.345%, ანუ 10-ჯერ ნაკლებს. მაშინ როდესაც, 2021 წლის ნოემბრის თვის მთლიან შეძენებში (შეძენილია სულ 9 453.69 ლარის საქონელი) ამ პურის შესყიდვის წილმა (279 ლარი) შეადგინა (279/9453.69+) 2.95% (ანუ ლუდის ხვედრით წილზე 46%-ით მეტი).
გაანგარიშების არამართებულობა ამ ორი მაგალითიდანაც აშკარაა: საქონელი, რომელიც 46%-ით მეტი იყიდება, საკონტროლო შესყიდვაში 10-ჯერ უფრო ნაკლებადაა წარმოდგენილი. რეალურად სწორედ პურისა და პირველადი მოხმარების საქონლის რეალიზაციაა ძირითადი.
ამასთან, 2021 წლის ნოემბრის მონაცემების გავრცელება წინა პერიოდებზე (2018, 2019 და 2020 წლები) არ მიაჩნია მართებულად. იგი არ შეესაბამება საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებს საბაზრო ფასის გამოთვლასთან დაკავშირებით. გაურკვეველია გათვალისწინებული იყო თუ არა, შემოწმების აქტის საფუძველზე დამატებით დარიცხული ბრუნვიდან გადასახდელი დღგ-ის თანხით 2022 წლის 1 ივნისისათვის გამოთვლილი ფულადი ნაშთის შემცირება.
შემოსავლების სამსახური სადავო გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ საკონტროლო შესყიდვით აღწერილი პროდუქცია დაინდეფიცირებულია 12 კატეგორიად და ფასნამატი გამოთვლილია თითოეული კატეგორიის მიხედვით ცალ-ცალკე, ხოლო იმ კატეგორიის მიმართ, რომელიც არ ყოფილა დაფიქსირებული საკონტროლო შესყიდვაში, გამოყენებულ იქნა საშუალო ფასნამატი (საკონტროლო შესყიდვაში დაფიქსირებული საქონლის ჯამური ღირებულება შეფარდებული ამ საქონლის თვითღირებულებასთან). უგულებელყოფილია საგადასახადო კოდექსის 267-ე მუხლის მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებას არ ერთვის გაანგარიშება საკონტროლო შესყიდვის აქტში დაფიქსირებული საქონლის ჯამურ ღირებულებასა და ამ საქონლის თვითღირებულებას შეფარდებით მიღებული საშუალო საბაზრო ღირებულების (16%-ის) შესახებ.
გაუგებარია როგორ მოხდა 49 240 ლარის გაანგარიშება, რომელიც ჩაითვალა გაცემულ ხელფასად და დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი. შესაბამისად, არ აქვს საშუალება შეაფასოს მისი რეალობა, რადგან მოთხოვნის მიუხედავად, შემოსავლების სამსახურმა კვლავ არ წარუდგინა აღნიშნულის შესახებ სადავო გადაწყვეტილებასთან ერთად.
უგულებელყოფილია საგადასახადო კოდექსის 267-ე მუხლის მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებას არ ერთვის გაანგარიშება სალაროს ნაშთის 2022 წლის 1 ივნისისათვის გამოთვლის შესახებ.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):
ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას:
ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას.
ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს.
ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა.
ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
მომჩივანს შესყიდული საქონლის ღირებულების თვითღირებულებასთან (სასაქონლო ზედნადების საფუძველზე) შედარების გზით ჯამური რენტაბელობის %-ის გამოყვანა არასწორად მიაჩნია. ამასთან, 2021 წლის ნოემბრის მონაცემების გავრცელება წინა პერიოდებზე არ მიაჩნია მართებულად. აღნიშნავს, რომ სადავო გადაწყვეტილებას არ ერთვის გაანგარიშება საკონტროლო შესყიდვის აქტში დაფიქსირებული საქონლის ჯამურ ღირებულებასა და ამ საქონლის თვითღირებულებას შეფარდებით მიღებული საშუალო საბაზრო ღირებულება 16%-ის შესახებ, სალაროს ნაშთის 2022 წლის 1 ივნისისათვის გამოთვლის შესახებ და რომ გაუგებარია როგორ მოხდა 49 240 ლარის გაანგარიშება.
აუდიტის დეპარტამენტი 16.09.2022 წლის №93811-21-14 წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში მომჩივნის არგუმენტებზე აღნიშნავს, რომ შემოწმების მიმდინარეობისას, საკონტროლო შესყიდვის შედეგებით იდენტიფიცირდა საქონელი კატეგორიების მიხედვით და ფასნამატი განისაზღვრა თითოეული კატეგორიის მიხედვით. მაგალითად, შემოწმებით დადგინდა რომ სიგარეტი სასაქონლო ზედნადებების მიხედვით შესყიდული პროდუქციის 23%-ია, ამ კატეგორიის შესაბამისი ფასნამატი კი საკონტროლო შესყიდვის მიხედვით დაახლოებით 6.7%, ალკოჰოლური სასმელები შესყიდული პროდუქციის 13%-ია დაახლოებით, ამ კატეგორიის შესაბამისი ფასნამატი 26.3%. ამასთან, გადასახადის გადამხდელს საჩივარში ნახსენები აქვს პურეული, რომელიც ასევე ცალკე კატეგორიად გამოიყო, რამაც სულ შეძენილი პროდუქციის დაახლოებით 11% მოიცვა, ამ კატეგორიის შესაბამისი ფასნამატი კი 11.64% და ა.შ. 2021 წლის 22 ნოემბრის საკონტროლო შესყიდვით აღწერილი პროდუქცია იდენტიფიცირდა 12 კატეგორიად და ფასნამატი განისაზღვრა თითოეული კატეგორიის მიხედვით ცალ-ცალკე, შესაბამისად რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაც განსაზღვრულია კატეგორიების მიხედვით სასაქონლო ზედნადებებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი და საბოლოო ნაშთების გათვალისწინებით, ხოლო იმ კატეგორიის მიმართ, რომელიც საკონტროლო შესყიდვაში დაფიქსირებული არ ყოფილა, გამოყენებულ იქნა საშუალო ფასნამატი (საკონტროლო შესყიდვაში დაფიქსირებული საქონლის ჯამური ღირებულება/ამ საქონლის თვითღირებულებაზე). ამასთან, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ შემოსავალს 855 892 ლარს, გამოაკლდა ამავე პერიოდში სასაქონლო ზედნადებების მიხედვით გაწეული ხარჯი 749 244 ლარის ოდენობით, ანგარიშფაქტურების მიხედვით მიღებული მომსახურება 29 217 ლარის ოდენობით, სხვადასხვა ხარჯები 945 ლარი, ბიუჯეტში გადახდილი თანხა 1 440 ლარი, გაცემული ხელფასი 24 556 ლარი და საბანკო ანგარიშებზე შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებული ნაშთი 1 250 ლარი, შედეგად სალაროს ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს განისაზღვრა 49 240 ლარის ოდენობით. ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი, ისევე როგორც სალაროს საბოლოო ნაშთის გაანგარიშება გაეგზავნა გადასახადის გადამხდელის მინდობილ პირს, ელექტრონულად 2021 წლის 3 დეკემბერს. გარდა ამისა, დირექტორს სატელეფონო გასაუბრების გზით ეცნობა, რომ საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას გამოვლენილი შედეგების გაანგარიშების ცხრილები გაიგზავნა მინდობილი პირის ელ. მისამართზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით და სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი გახდა დაბეგვრის ობიექტის დადგენა, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება მართებულია. ასევე მართებულია, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე საკონტროლო შესყიდვის შედეგად განსაზღვრული ფასნამატის, ხოლო იმ კატეგორიის მიმართ, რომელიც საკონტროლო შესყიდვაში დაფიქსირებული არ ყოფილა, საშუალო ფასნამატის გამოყენება და არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
ამგვარად, საქმესთან არსებული მასალების, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, ამდენად შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
2. 2019 წლის მაისის თვეში, გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარირებული მონაცემების კორექტირების ნაწილში დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლება, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელს, 2019 წლის მაისის თვეში წარდგენილი აქვს გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაცია, სადაც შევსებული აქვს მონაცემები და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზად მითითებული აქვს 920 ლარი, თუმცა საბოლოოდ სულ ბიუჯეტში გადასახდელმა, გადახდის წყაროსთან დაკავებულმა გადასახადმა შეადგინა 0 ლარი. ამასთან, საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა 2019 წლის მაისის თვეზე არ ფიქსირდება გადასახადის გადამხდელის ბარათზე. ამავე თვეზე წარდგენილია ინფორმაცია საანგარიშო პერიოდის მიხედვით გაცემული თანხებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ, სადაც დაკავებული საშემოსავლო გადასახადის თანხა განისაზღვრა 180.8 ლარით.
შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად, დაკორექტირდა 2019 წლის მაისის თვის გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაცია, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269- ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-7 ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
ამასთან, გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2019 წლის მაისის თვეში წარდგენილი გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციაში დასაბეგრ ბაზად მითითებული 920 ლარი გამოკლებულია არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავლიდან და გათვალისწინებულია სალაროს ნაშთის განსაზღვრისას.
მომჩივნის არგუმენტაცია
სადავო საკითხის ნაწილში გამოვლენილ სამართალდარღვევას ეთანხმება, თუმცა აღწერილი პროცედურა მიანიშნებს, რომ მიზანი არ ყოფილა გადასახადისგან თავის არიდება. შემოსავლების სამსახურმა არ გაიზიარა მათი არგუმენტი და მიზანშეუწონლად მიიჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. მიაჩნია, რომ ჯარიმის დარიცხვა მკაცრ სანქციას წარმოადგენს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
მომჩივანი სადავო საკითხის ნაწილში გამოვლენილ სამართალდარღვევას აღიარებს, თუმცა მიიჩნევს, რომ მიზანი არ ყოფილა გადასახადისგან თავის არიდება და რომ ჯარიმის დარიცხვა მკაცრ სანქციას წარმოადგენს.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი გამოყოფს ორ შემთხვევას, როდესაც შესაძლებელია გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერად მიჩნევა და მისი დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლება, უფრო კონკრეტულად გადასახადის გადამხდელი უნდა იყოს კეთილსინდისიერი ზოგადად და სამართალდარღვევის ფაქტის მიმართაც, ხოლო თავად სამართალდარღვევა გამოწვეული უნდა იყოს არცოდნით ან შეცდომით.
მომჩივანმა უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით და უხეში გაუფრთხილებლობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად. თუ გადასახადის გადამხდელის ქმედება გამოწვეულია დაუდევრობით ან უხეში გაუფრთხილებლობით, აღნიშნული ვერ იქნება სანქციისგან გათავისუფლების საფუძველი.
განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
ვინაიდან სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი სამართალდარღვევისათვის, ხოლო წარმოდგენილი არგუმენტით არ ვლინდება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრული საფუძვლები, ამდენად საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.