გადაწყვეტილება №17924/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№17924/2/2022
8.12.2022
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ---------- (ს/ნ -----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 8.12.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----------ის 4.10.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №17924/2/2022).
დავის საგანი:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და შემოწმებით დადგენილი ფასნამატი;
2. მომსახურების პროცენტის რეალიზაციაში ჩართვა;
3. კომპანიის საკუთრებაში არსებული მოძრავი ძირითადი საშუალებების ურთიერთდამოკიდებულ კომპანიებზე უსასყიდლოდ მიწოდებად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2021 წლის №006-1012 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 5.09.2022 წლის №23021 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 560 472 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 285 607
დღგ - 92 391
საშემოსავლო გადასახადი - 193 522
ქონების გადასახადი - (-306)
ჯარიმა - 143 057
საურავი - 131 808
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სარესტორნო მომსახურება.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.07.2021 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 22.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 27.12.2021 წლის №40946 ბრძანება და ამავე თარიღის №006-1012 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 18.02.2022 და 2.05.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 5.09.2022 წლის №23021 ბრძანებით საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- პირველ სადავო საკითხთან (არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრასთან) დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შეისწავლოს ფასნამატის გაანგარიშების საკითხი და ტექნიკური უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების სათანადო კორექტირება (შემცირება);
- მე-4 სადავო საკითხთან (ნაღდი ფულის გაანგარიშებისას სხვადასხვა ხარჯის გაუთვალისწინებლობასთან) დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა სალაროს ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხი შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
- მე-5 სადავო (დღგ-ის ჩათვლის) საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;
ბ) ბრძანების სარეზოლუციო ნაწილით განსაზღვრული მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და დღგის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 5.09.2022 წლის №23021 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და შემოწმებით დადგენილი ფასნამატი
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
კომპანიას უფიქსირდება რეგისტრირებული საკონტროლო-სალარო აპარატი ქ. --------- მიმდებარე ტერიტორიაზე. საგადასახადო შემოწმების პროცესში გადამხდელმა წარადგინა ახსნა-განმარტება, რომლის მიხედვით საწარმოს არ გააჩნია საბუღალტრო აღრიცხვის პროგრამა, დეკლარირებას ახორციელებს ექსელის ცხრილის მიხედვით ჯამურად მხოლოდ თანხობრივ ჭრილში, ხოლო საქონელს წლის ჭრილში ჯამურად ჩამოწერდა თანხობრივად. ახსნა-განმარტებით ასევე ირკვევა, რომ ვერ ხერხდება მენიუების, კალკულაციების და ჩამოწერების დოკუმენტაციის მოძიება, გადამხდელმა წარადგინა მხოლოდ კერძებისათვის საჭირო ნედლეულის შესყიდვის აქტები.
გადამხდელი საქმიანობას ახორციელებდა იჯარით აღებულ ფართში, აღნიშნული ფართი გადამხდელმა დატოვა 2021 წლის მარტის თვეში და კომპანიის ბალანსზე არსებული ძირითადი საშუალებები გადანაწილდა დამფუძნებლის კუთვნილ სხვა მოქმედ კომპანიებზე, რომლებიც ახორციელებენ ასევე სარესტორნო მომსახურებას.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულების გაანგარიშებისას შემოწმების მიერ გამოყენებულია არაპირდაპირი მეთოდი, კერძოდ, წარმოებული პროდუქციის ფასნამატის ანალიზისთვის შემოწმების მიერ გამოყენებულია გადამხდელის მიერ წარდგენილი სხვა ანალოგიური სახის კვების ობიექტში კერძების წარმოებისას გამოყენებული კალკულაციები, გაანგარიშდა კერძების და სასმლის ფასნამატები სახეობების მიხედვით. აღნიშნული მეთოდით, გამოყვანილია საშუალო შეწონილი ფასნამატი, რამაც კერძებისთვის შეადგინა 131%, ხოლო სასმლისთვის - 216%. გადამხდელის მიერ სასაქონლო ზედნადებითა და შესყიდვის აქტებით შეძენილ საქონელზე გავრცელებულია კატეგორიის შესაბამისი ფასნამატი. არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები შესამოწმებელ პერიოდზე გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად, რის შედეგადაც გაიზარდა საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები.
ასევე, შესწავლილია ფულის მოძრაობა. არაპირდაპირი მეთოდით მიღებული ფულადი სახსრები შემცირდა დოკუმენტითა და შესყიდვის აქტებით შეძენილი საქონლისა და მომსახურების ღირებულებით, გაცემული ხელფასებით, საიჯარო გადასახდელებით, ბიუჯეტში გადარიცხული გადასახადებით და საბანკო ხარჯებით. ამგვარად გაანგარიშებული ყოველი თვის ბოლოს ნაღდი ფული ნაშთი განხილულია კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაბეგრილია გადახდის წყაროსთან.
გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ ვინაიდან პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია და მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებათა განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განხორციელდა მართლზომიერად. რაც შეეხება ფასნამატის გაანგარიშებას, წარმოებული პროდუქციის ფასნამატის ანალიზისთვის შემოწმების მიერ გამოყენებულია გადამხდელის მიერ წარდგენილი სხვა ანალოგიური სახის კვების ობიექტში კერძების წარმოებისას გამოყენებული კალკულაციები, რომელთა საფუძველზეც გაანგარიშდა კერძების და სასმელის ფასნამატები სახეობების მიხედვით. აღნიშნული მეთოდით გამოყვანილია საშუალო შეწონილი ფასნამატი, რამაც კერძებზე შეადგინა 131%, ხოლო სასმელებზე 216%. გადამხდელის მიერ სასაქონლო ზედნადებითა და შესყიდვის აქტებით შეძენილ საქონელზე გავრცელებულია კატეგორიის შესაბამისი ფასნამატი.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო შემოწმების მიერ გაანგარიშებული ფასნამატი სასმელზე შეადგენს 216%, ხოლო შემოწმების გაანგარიშების ცხრილებში გამოყენებულია 236%, რაც წარმოდგენს ტექნიკურ შეცდომას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შეისწავლოს ფასნამატის გაანგარიშების საკითხი და ტექნიკური უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების სათანადო კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
ფასანამატის ანალიზისთვის დათვლილია კომპანიის საქმიანობის პროცესში გამოყენებული კალკულაციები, კალკულაციებზე დაყრდნობით გაანგარიშებულია ყველაზე გაყიდვადი დასახელების კერძები და სასმელები, რაზეც მიღებული საშუალო შეწონილი ფასნამატი კერძების შემთხვევაში არ აღემატება 100%-ს, ხოლო სასმელების შემთხვევაში კი 170%-ს. აღსანიშნია, რომ გარკვეული დასახელების საქონელი (მაგალითად რძე, ღვინო, სიგარეტი სოუსი და ა.შ.) შემოწმების შედეგად რეალიზაციაში ჩართულია როგორც სასმელი, თუმცა რძე სრულად, ხოლო ღვინის გარკვეული ნაწილი, გამოიყენება კერძების წარმოებაში, რიგ შემთხვევებში კერძის/სასმლის კატეგორია მინიჭებული აქვს ძირითად საშუალებებს და ისეთ საქონელს, რომლებიც სამეურნეო დანიშნულებისთვისაა განკუთვნილი.
ამასთან, საგადასახადო შემოწმების აქტში აუდიტორის შეფასების მიხედვით სასმელების მიმართ გამოყენებული საშუალო ფასნამატი შეადგენს 216%-ს, ხოლო საგადასახადო შემოწმების გაანგარიშებაში ცხრილში გამოყვანილი საშუალო ფასნამატი კი 236%-ს, რაც წარმოადგენს ტექნიკურ ხარვეზს. აღნიშნულმა გამოიწვია დღგ-ით და გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაზრდა.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე ითხოვს: გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელთან მოხდეს ფასნამატის გაანგარიშების ცხრილების შესწავლა; ნედლეულზე (რძის ნაწარმი, ნაბეღლავი, სოუსი, ყავა, ღვინო და ა.შ.) რომლის გამოყენებაც ხდება წარმოებაში გავრცელდეს კერძებზე მიღებული საშუალო შეწონილი ფასნამატი; სიგარეტებზე გავრცელდეს შესაბამისი ფასნამატი; ძირითადი საშუალებები და სამეურნეო დანიშნულების საქონელი ამოღებულ იქნას რეალიზაციის სიიდან და მიღებული შედეგების გათვალისწინებით მოხდეს დღგ-ის, გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის თანხების და შესაბამისი სანქციების კორექტირება/შემცირება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით:
4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელმა ვერ შეძლო საბუღალტრო აღრიცხვის წარმოების სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება, გადამხდელმა წარადგინა მხოლოდ კერძებისათვის საჭირო ნედლეულის შესყიდვის აქტები. აღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო ვალდებულების გაანგარიშებისას შემოწმებისას გამოყენებულია არაპირდაპირი მეთოდი, კერძოდ, წარმოებული პროდუქციის ფასნამატის ანალიზისთვის შემოწმების მიერ გამოყენებულია გადამხდელის მიერ წარდგენილი სხვა ანალოგიური სახის კვების ობიექტში კერძების წარმოებისას გამოყენებული კალკულაციები, რის შედეგადაც გაანგარიშდა კერძების და სასმლის ფასნამატი სახეობების მიხედვით.
მომჩივანი ითხოვს მის წარმომადგენელთან ერთად მოხდეს ფასნამატის გაანგარიშების ცხრილების შესწავლა, ასევე ითხოვს ნედლეულზე, რომლის გამოყენებაც ხდება წარმოებაში, გავრცელდეს კერძებზე მიღებული საშუალო შეწონილი ფასნამატი, სიგარეტებზე გავრცელდეს შესაბამისი ფასნამატი და ძირითადი საშუალებები და სამეურნეო დანიშნულების საქონელი ამოღებულ იქნას რეალიზაციიდან.
შემოსავლების სამსახურის 5.09.2022 წლის №23021 ბრძანებით სადავო საკითხთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შეისწავლოს ფასნამატის გაანგარიშების საკითხი და ტექნიკური უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების სათანადო კორექტირება (შემცირება). ასევე, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა სალაროს ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხი შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მომჩივანი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით, რის გამოც შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართებულია და ამ ნაწილში არ არსებობს შემოსავლების სამსახურის მიერ სადავო ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
2. მომსახურების პროცენტის რეალიზაციაში ჩართვა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადამხდელი მიუთითებს, რომ 2018-2021 წლების შემოსავლებში და დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში ჩართულია ე.წ. მომსახურების პროცენტიდან მიღებული თანხები.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
მომჩივანი აღნიშნავს, რომ მომსახურების ღირებულებაზე პროცენტის დამატება კომპანიამ დაიწყო 2020 წლის სექტემბრიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ საანგარიშო პერიოდებში, როდესაც არ არსებობდა ე.წ. მომსახურების პროცენტი, ითხოვს შემოწმებით დარიცხული თანხების შემცირებას. საკითხის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ე.წ. მომსახურების პროცენტიდან მიღებული თანხები არ არის ჩართული რეალიზაციაში არცერთ საანგარიშო პერიოდში. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება.
ზემოაღნიშნულის და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს სადავო საკითხთან დაკავშირებით მიაჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მათი დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომსახურების ღირებულებაზე პროცენტის დამატება დაიწყო 2020 წლის სექტემბრიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს, იმ საანგარიშო პერიოდში როცა არ არსებობდა ე.წ. მომსახურების პროცენტი შემცირდეს შემოწმების მიერ ზედმეტად დარიცხული მომსახურების თანხა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საჩივარში მითითებულია, რომ კომპანიამ მომსახურების ღირებულებაზე პროცენტის დამატება დაიწყო 2020 წლის სექტემბრიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს, იმ საანგარიშო პერიოდში როცა არ არსებობდა ე.წ. მომსახურების პროცენტი შემცირდეს შემოწმების მიერ ზედმეტად დარიცხული მომსახურების თანხა.
მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ ე.წ. მომსახურების პროცენტიდან მიღებული თანხები არ არის ჩართული რეალიზაციაში არცერთ საანგარიშო პერიოდში.
საჩივარს არ ახლავს მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტის გათვალისწინების და ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. კომპანიის საკუთრებაში არსებული მოძრავი ძირითადი საშუალებების ურთიერთდამოკიდებულ კომპანიებზე უსასყიდლოდ მიწოდებად განხილვა ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
კომპანიის ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონება განხილულია უსასყიდლოდ მიწოდებად და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა იმ საანგარიშო პერიოდში (2021 წლის მარტი), როდესაც მოხდა იჯარით აღებული ფართის ხელშეკრულების გაწყვეტა და კუთვნილი ძირითადი საშუალებების სხვა ურთიერთდამოკიდებულ საწარმოზე გადაცემა.
შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ კომპანია საქმიანობას ახორციელებდა იჯარით აღებულ ფართში, იჯარით აღებული ფართის ხელშეკრულების შეწყვეტის პერიოდში, 2021 წლის მარტის თვეში განხორციელდა კომპანიის ბალანსზე არსებული ძირითადი საშუალებების გადანაწილება დამფუძნებლის კუთვნილ სხვა მოქმედ საწარმოებზე, რომლებიც ახორციელებენ ასევე სარესტორნო მომსახურებას. საგადასახადო შემოწმებით, კომპანიის ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონება განხილულია უსასყიდლოდ მიწოდებად, რის საფუძველზეც გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, იჯარით აღებული ფართის ხელშეკრულების შეწყვეტის თვეში (2021 წლის მარტი), კუთვნილი ძირითადი საშუალებების სხვა ურთიერთდამოკიდებულ საწარმოზე გადაცემის საანგარიშო პერიოდში. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი მიუთითებს 2021 წელს საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებებზე, კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილსა და 160-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და ითხოვს გადასახადის გადამხდელთან ერთად მოხდეს აღნიშნული საკითხის შესწავლა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
ამავე კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად:
1. საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.
3. ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება დასაბეგრი პირის მიერ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდება, თუ მას ამ საქონელზე ან მასზე გაწეულ ხარჯზე დღგ სრულად ან ნაწილობრივ აქვს ჩათვლილი. ამასთანავე, საქონლის გადაცემა/გამოყენება ნიმუშის ან მცირე ღირებულების საჩუქრის სახით, არ განიხილება ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად.
ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამავე კოდექსის 164-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“−„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის შესყიდვის ფასი ამ ან ანალოგიურ საქონელზე, ან თუ ასეთი არ არსებობს − მისი წარმოების ფასი, რომელიც შესაბამის შემთხვევებში დგინდება საქონლის გამოყენების, გასხვისების, დასაკუთრების (მფლობელობაში დარჩენის) ან დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების მომენტში.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ კომპანია საქმიანობას ახორციელებდა იჯარით აღებულ ფართში, იჯარით აღებული ფართის ხელშეკრულების შეწყვეტის პერიოდში, 2021 წლის მარტის თვეში განხორციელდა კომპანიის ბალანსზე არსებული ძირითადი საშუალებების გადანაწილება დამფუძნებლის კუთვნილ სხვა მოქმედ საწარმოებზე, რომლებიც ახორციელებენ ასევე სარესტორნო მომსახურებას. საგადასახადო შემოწმებით, კომპანიის ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონება განხილულია უსასყიდლოდ მიწოდებად, რის საფუძველზეც იჯარით აღებული ფართის ხელშეკრულების შეწყვეტის თვეში (2021 წლის მარტში) კუთვნილი ძირითადი საშუალებების სხვა ურთიერთდამოკიდებულ საწარმოზე გადაცემის საანგარიშო პერიოდში გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით ძირითად საშუალებებზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისი დღგ-ის თანხები სრულად არის ჩათვლებში გათვალისწინებული.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულება განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.