ბრძანება N 15459
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 15459
01 ივლისი 2024
ბრძანება
შპს „------“-ის (ს/ნ „------“)
(მის.: „------“)
2024 წლის 26 იანვრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 26 ივნისის სხდომაზე (ოქმი №69) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 19 ივნისის №22561/2/2024 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „-------“-ის (ს/ნ „------“) №87219/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №021-116 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, გაანგარიშებული ფასნამატით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებას. განმარტავს, რომ ხშირია საწარმოს მიერ პროდუქციის რეალიზაცია მინუსიანი ფასნამატით, რაც ზოგიერთ შემთხვევაში იმპორტირებული პროდუქციის დეფექტურობით არის გამოწვეული. შემოწმების მიერ ფასნამატის განსაზღვრისას არ არის გათვალისწინებული აღნიშნული ტიპის რეალიზაციები, ასევე, არ არის გათვალისწინებული მასალის დაჭრის დროს არსებული დანაკარგები (1-2%). პირი ითხოვს აღნიშნული არგუმენტების გათვალისწინებით შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულების კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 ივლისის №18493 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს ,,--------”-ის (ს/ნ „------“) კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 13 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის საფუძველზეც გამოიცა 2023 წლის 26 დეკემბრის №33001 ბრძანება და ამავე თარიღის №021-116 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 151 772 ლარი, მათ შორის გადასახადი 92 074 ლარი, ჯარიმა 27 389 ლარი, საურავი 32 309 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2024 წლის 23 თებერვალს №3966 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 19 ივნისის №22561/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 23 თებერვალს №3966 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 19 ივნისის №22561/2/2024 გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ:
„მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა (დასკვნა) ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანია ადგილობრივ ბაზარზე თუნუქის სახურავის რეალიზაცია. გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში სარეალიზაციოდ განკუთვნილი საქონლის შეძენას ახორციელებს ძირითადად ჩინეთიდან იმპორტის სასაქონლო ოპერაციებით. ამასთანავე, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში გააჩნია ადგილობრივი შეძენა 4,8%-ის ოდენობით. გადასახადის გადამხდელს შემოწმებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი აქვს საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებული ინფორმაცია-დოკუმენტაცია, მათ შორის, ელექტრონული ბუღალტრული პროგრამა „ორისი“, ამონაწერები საბანკო ანგარიშებიდან, საქონლის შეძენის ინვოისები და სხვა სახის გაანგარიშებები. აღნიშნულის ანალიზის თანახმად დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენას და რეალიზაციას ახორციელებს კილოგრამებში. ამასთანავე, აღნიშნული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა შეიცავს გარკვეულ ხარვეზებს, რომლის შესაბამისადაც, შემოწმების მიერ შეუძლებელი აღმოჩნდა საგადასახადო ვალდებულებების სრული გაანალიზება, კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ არასრულადაა აღრიცხული საქონლის რეალიზაციები, ამასთანავე, გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნულ რეალიზაციებზე სრულად არ არის განხორციელებული საქონლის ჩამოწერები, ასევე, რიგ შემთხვევებში ბუღალტრულ პროგრამაში ჩამოწერილია სასაქონლომატერიალური ფასეულობები თვითღირებულებით (რამდენიმე შემთხვევაში ათეულობით ტონა), ხოლო აღნიშნული ჩამოწერების შესაბამისი რეალიზაციები ბუღალტრულ პროგრამაში ასახული არ არის. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ გასაყიდად უვარგისი საქონლის ჩამოწერის მიზნით გადასახადის გადამხდელს განცხადებით არ მიუმართავს შემოსავლების სამსახურისათვის.
ამასთანავე, შემოწმების დაწყებამდე 2022 წლის 5 ოქტომბრის N25376 ბრძანების საფუძველზე გადასახადის გადამხდელთან ჩატარებულია მიმდინარე კონტროლის პროცედურა-სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა" ქვეპუნქტის, 49-ე და 136-ე მუხლების მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდით.
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, შემოწმების მიერ გაანალიზდა გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტები. აღნიშნულის ანალიზის თანახმად დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს გააჩნია დოკუმენტურად დადასტურებული რეალიზაციები (25%). შემოწმების მიერ, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, გაანგარიშდა დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატი. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, შემოწმების მიერ განხორციელდა შესამოწმებელი პერიოდების დეკლარირებული ბრუნვებიდან დოკუმენტური რეალიზაციის თვითღირებულების გაანგარიშება, შესაბამისი პერიოდების დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატის შესაბამისად. ამასთანავე, აღნიშნულ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილი, რეალიზებული და ნაშთად არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ანალიზის მიხედვით დგინდება, რომ ინვენტარიზაციამდე პერიოდზე გადასახადის გადამხდელის მიერ შემცირებულია დეკლარირებული ბრუნვები. ინვენტარიზაციის შემდგომ პერიოდზე, შესამოწმებელი პერიოდის ბოლო თარიღამდე, შემოწმების მიერ განხორციელდა შესაბამისი პერიოდის დოკუმენტური ფასნამატისა და შეძენა-რეალიზაციის ანალიზი, რის საფუძველზეც გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ბრუნვები კორექტირებას არ დაექვემდებარა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციამდე პერიოდზე, გადასახადის გადამხდელის მიერ წინა საანგარიშო პერიოდების დაუდეკლარირებელ რეალიზებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთზე, შემოწმების მიერ გავრცელებულ იქნა შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატი, საშუალო 10.2%-ის ოდენობით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე და 2021 წლიდან მოქმედი 159-ე, 163-ე და 164-ე მუხლების თანახმად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:
ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/ მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა შეიცავს გარკვეულ ხარვეზებს, რომლის მიხედვით შემოწმების მიერ შეუძლებელი აღმოჩნდა საგადასახადო ვალდებულებების სრული გაანალიზება, კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ არასრულადაა აღრიცხული საქონლის რეალიზაციები, ამასთანავე, აღნიშნულ რეალიზაციებზე სრულად არ არის განხორციელებული საქონლის ჩამოწერები, ასევე, რიგ შემთხვევებში ბუღალტრულ პროგრამაში ჩამოწერილია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები თვითღირებულებით (რამდენიმე შემთხვევაში ათეულობით ტონა), ხოლო აღნიშნული ჩამოწერების შესაბამისი რეალიზაციების ასახვა ბუღალტრულ პროგრამაში არ ფიქსირდება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდით.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივარში წარმოდგენილ განმარტებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ ხშირია საწარმოს მიერ პროდუქციის რეალიზაცია მინუსიანი ფასნამატით, რაც ზოგიერთ შემთხვევაში იმპორტირებული პროდუქციის დეფექტურობით არის გამოწვეული და შემოწმების მიერ ფასნამატის განსაზღვრისას არ არის გათვალისწინებული აღნიშნული ტიპის რეალიზაციები.
ასევე, შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომელიც მის მიერ წარდგენილ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, კერძოდ, გადამხდელის განმარტებით, კომპანია სათუნუქე მასალის შეძენას ახდენს ძირითადად ჩინეთიდან და შეკვეთასა და მიწოდებას შორის დროის ხანგრძლივობა მერყეობს 3-დან 7- თვემდე. შეკვეთასა და შემოტანას შორის არის დროის ხანგრძლივი პერიოდი და სავალუტო კურსის მკვეთრმა ცვლილებამ გავლენა მოახდინა საქონლის თვითღირებულებაზე. ამასთან, 2022 წლის 21 თებერვალს შემოსული მასალის შეკვეთა მოხდა წელიწადზე მეტი ხნით ადრე და აღნიშნული ტვირთი თითქმის 3 თვე გაურკვეველ ტრანსპორტირების რეჟიმში იყო და შემოსვლის დროს აღენიშნებოდა დეფექტები, რის გამოც რეალიზაციით მიღებული შემოსავალი ნაკლებია ჩამოწერილი საქონლის თვითღირებულებაზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 5 ოქტომბრის №25376 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული ინვენტარიზაციით დადგენილი მონაცემები (ფასნამატი) გაავრცელოს უახლოეს/მომიჯნავე პერიოდებზე დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე, მაგრამ არანაკლებ დეკლარირებული მონაცემებისა და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „--------“-ის (ს/ნ „--------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 5 ოქტომბრის №25376 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული ინვენტარიზაციით დადგენილი მონაცემები (ფასნამატი) გაავრცელოს უახლოეს/მომიჯნავე პერიოდებზე დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე, მაგრამ არანაკლებ დეკლარირებული მონაცემებისა და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, გაანგარიშებული ფასნამატით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების მიერ, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციამდე პერიოდზე, გადამხდელის მიერ წინა საანგარიშო პერიოდების დაუდეკლარირებელ რეალიზებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთზე, შემოწმების მიერ გავრცელებულ იქნა შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატი, საშუალო 10.2%-ის ოდენობით.2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე და 2021 წლიდან მოქმედი 159-ე, 163-ე და 164-ე მუხლების თანახმად, გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 5 ოქტომბრის №25376 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული ინვენტარიზაციით დადგენილი მონაცემები გაავრცელოს უახლოეს/მომიჯნავე პერიოდებზე დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე, მაგრამ არანაკლებ დეკლარირებული მონაცემებისა და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(5),159,163,164.