გადაწყვეტილება 23619/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 02.10.2024
№ დოკუმენტი 23619/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

23619/2/2024

02 ოქტომბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---------“ (ს/ნ --------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 19.09.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ის 2.08.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23619/2/2024).

 

დავის საგანი:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;

2. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავლის დაკვალიფიცირება დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 21.05.2024 წლის №005-66 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 15.07.2024 წლის №16661 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 215 986,59 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 133 088

დღგ - 50 429

საშემოსავლო გადასახადი - 82 659

ჯარიმა - 65 393

საურავი - 17 505,59

 

პროცედურული გარემოებები

გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს საცალო ვაჭრობა საშინაო ფეხსაცმლით. საქონელი იმპორტირებულია ძირითადად ჩინეთიდან.

აუდიტის დეპარტამენტის 15.05.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.02.2024 წლამდე პერიოდი, ხოლო სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 22.03.2024 წლის საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 21.05.2024 წლის №005-66 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 15.07.2024 წლის №16661 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივანი საქონლის რეალიზაციას ახორციელებს საცალოდ ადგილობრივ ბაზარზე (გამოწერილია ფიზიკურ პირებზე უმნიშვნელო რაოდენობის ზედნადებები, კერძოდ მთლიანი ბრუნვის 1,2%). საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადამხდელთან საკონტროლო შესყიდვა ვერ განხორციელდა სავაჭრო ობიექტის არქონის გამო, რეალიზაცია ხორციელდება სასაწყობო ფართიდან (-----ა, უსასყიდლო იჯარა). სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა საბაზრო ღირებულების 198 204 ლარის სმფ-ის ნაშთი, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის ინვენტარიზაციით დადგენილია 0 ლარის ფულადი ნაშთი.

გადამხდელს გააჩნია ბუღალტრული პროგრამა „ინფო“, თუმცა აღრიცხავს და შესაბამისად ადეკლარირებს ბრუნვებს 10%-იანი ფასნამატით. საგადასახადო კოდექსის 49-ე და 73-ე მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, შემოწმებამ იხელმძღვანელა აუდირებული ფასნამატით ანალოგიურ საქონელზე, კერძოდ, ფეხსაცმელზე გავრცელდა 29%-იანი, ხოლო ბავშვის ფეხსაცმელზე - 55,88%-იანი ფასნამატი.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი საქონლის ნაშთის გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის და 160-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დაიბეგრა დღგ-ით შესაბამის პერიოდებში დეკლარირებული ბრუნვების ხვედრითი წილის გათვალისწინებით. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საჩივარში არ არის მითითებული სადავო საკითხები. გადასახადის გადამხდელს 2024 წლის 24 ივნისს გაეგზავნა №21-04/----- წერილი, რათა დაეზუსტებინა საჩივარი და მიეთითებინა სადავო საკითხები. მომჩივანი წერილს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო მიმდინარე წლის პირველ ივლისს და დაზუსტებული საჩივარი წერილით განსაზღვრულ ვადაში არ წარმოუდგენია.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესშიც არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი აღნიშნავს, რომ რევიზიის აქტის მიხედვით, ,,გადამხდელს გააჩნია ბუღალტრული პროგრამა ,,ინფო“. თუმცა რატომ დადგა ეს პროგრამა ეჭვის ქვეშ და რატომ გადავიდა საგადასახადო ორგანო დარიცხვის არაპირდაპირ მეთოდზე გაურკვეველია - აქტში არ არის მითითებული რა ფაქტობრივი გარემოება გახდა ამის საფუძველი. გადასახადის გადამხდელის ბუღალტრული პროგრამის მეშვეობით, სრულიად შესაძლებელია საგადასახადო ორგანომ თვალი მიადევნოს საქონლის შეძენის და რეალიზაციის პროცესს. შეძენის ყველა დოკუმენტი ასახულია გადასახადის გადამხდელის ბარათზე. დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის რეალიზაციის დასრულება - ასევე საკონტროლო-სალარო აპარატით და საბანკო ტერმინალით რეალიზაციას ასევე თვალყურს ადევნებს საგადასახადო ორგანო. გადასახადის გადამხდელს აქვს რეალიზაცია სასაქონლო ზედნადებებით. მცირე, მაგრამ - აქვს. რევიზიის აქტის მიხედვით, ავტორები მზად იყვნენ გამოეყენებინათ საკონტროლო შესყიდვის ფასნამატი, თუმცა როგორც აქტში ამბობენ ,,საგადასახადო მონიტორინგის მიერ გადამხდელთან საკონტროლო შესყიდვა ვერ განხორციელდა, სავაჭრო ობიექტის არქონის გამო“, (იხ. აქტი, გვ.9). თუ ერთჯერადი აქტით - საკონტროლო შესყიდვით დადგენილი ფასნამატის გამოყენება შესაძლებელია, მაშინ რატომ არ უნდა იქნას გამოყენებული სასაქონლო ზედნადებებით - დოკუმენტურად დადასტურებული ფასნამატი?! გარდა ამისა, გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა ინვენტარიზაცია. გაუგებარია, რატომ არ იქნა გამოყენებული ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი, მაშინ როდესაც დარიცხვის მიზნებისათვის რევიზიის აქტი იყენებს ამ ინვენტარიზაციის შედეგებს სმფ-ების ნაშთის ოდენობას საბაზრო ფასებით: ,,სმფ ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა საბაზრო ღირებულების 198204 ლარის სმფ ნაშთი“. რევიზიის აქტი თვითონ ამბობს, რომ ,,საგადასახადო მონიტორინგის მიერ გადამხდელთან საკონტროლო შესყიდვა ვერ განხორციელდა, სავაჭრო ობიექტის არქონის გამო, რეალიზაცია ხორციელდება სასაწყობო ფართიდან (------ა, უსასყიდლო იჯარა)“, (იხ. აქტი. გვ.9) შესაბამისად, ნათელია, რომ გადასახადის გადამხდელი ეწევა საბითუმო ვაჭრობას. ხოლო რევიზიის აქტით მიხედვით, ფასნამატი აღებულია საცალო ვაჭრობის ობიექტიდან: ,,აუდირებული ფასნამატით ანალოგიურ საქონელზე საცალო სარეალიზაციო ფასნამატი შეადგენს 29%-ს. შემოწმებით გამოყენებულია აუდირებული ფასნამატი“, (იხ. აქტი, გვ.5). ანუ, აღებულია იმ გადასახადის გადამხდელის ფასნამატი, რომელიც საცალო რეალიზაციას ეწევა - სურათი შესაბამისად, არაადეკვატურია, რადგან ეს ორი სიდიდე: ფასნამატი საცალოდ რეალიზაციისას და ფასნამატი საბითუმოდ რეალიზაციისას არ არის შესადარი სიდიდეები. გარდა ამისა, თვით რევიზიის აქტი შეიცავს წინააღმდეგობრივ ინფორმაციას. რევიზიის აქტის მე-9 გვერდის მიხედვით, ,,შემოწმებამ იხელმძღვანელა აუდირებული ფასნამატით ანალოგიურ საქონელზე, კერძოდ, საშინაო ფეხსაცმელზე გავრცელდა 29%, ხოლო ბავშვის ფეხსაცმელზე 55,88% ფასნამატი“, (იხ. აქტი, გვ.9). იგივე აქტის მე-5 გვერდის თანახმად, ,,აუდირებული ფასნამატით ანალოგიურ საქონელზე საცალო სარეალიზაციო ფასნამატი შეადგენს 29%-ს. შემოწმებით გამოყენებულია აუდირებული ფასნამატი“, (იხ. აქტი, გვ.5). გარდა ამისა, გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა ინვენტარიზაცია. გაუგებარია, რატომ არ იქნა გამოყენებული ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი, მაშინ როდესაც დარიცხვის მიზნებისათვის რევიზიის აქტი იყენებს ამ ინვენტარიზაციის შედეგებს: ,,სმფ ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა საბაზრო ღირებულების 198204 ლარის სმფ ნაშთი“, (იხ. აქტი, გვ.9). სამი წლის მანძილზე ერთი ფასნამატის გამოყენება, ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს. საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლი ადგენს საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასის განსაზღვრის პრინციპებს. იგივე კოდექსის, იგივე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი განისაზღვრება ბაზარზე ამ საქონლის/მომსახურების მიწოდების მომენტისათვის (ხოლო ასეთის არ არსებობის შემთხვევაში – რეალიზაციის მომენტის უახლოესი კალენდარული დღისათვის, რომელიც არა უმეტეს 30 კალენდარული დღით უსწრებს ან მოჰყვება ასეთი საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მომენტს) იდენტურ (მსგავს) საქონელზე/მომსახურებაზე დადებული გარიგების შესახებ, მათ შორის, საერთაშორისო და სხვა ბირჟებზე დაფიქსირებული ფასების შესახებ, ინფორმაციის საფუძველზე“. საგადასახადო ორგანოს პოზიცია ერთი ფასნამატი გაავრცელოს სამ წელზე მაშინ, როდესაც საგადასახადო კანონმდებლობა ამისათვის მხოლოდ 30 კალენდარულ დღეს ადგენს - ეწინააღმდეგება მოქმედ საგადასახადო კანონმდებლობას.

სამი წლის მანძილზე ერთი ფასნამატის გამოყენება, ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლი ადგენს საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასის განსაზღვრის პრინციპებს. იგივე კოდექსის, იგივე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი განისაზღვრება ბაზარზე ამ საქონლის/მომსახურების მიწოდების მომენტისათვის (ხოლო ასეთის არ არსებობის შემთხვევაში – რეალიზაციის მომენტის უახლოესი კალენდარული დღისათვის, რომელიც არა უმეტეს 30 კალენდარული დღით უსწრებს ან მოჰყვება ასეთი საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მომენტს) იდენტურ (მსგავს) საქონელზე/მომსახურებაზე დადებული გარიგების შესახებ, მათ შორის, საერთაშორისო და სხვა ბირჟებზე დაფიქსირებული ფასების შესახებ, ინფორმაციის საფუძველზე“.

საგადასახადო ორგანოს პოზიცია ერთი ფასნამატი გაავრცელოს სამ წელზე მაშინ, როდესაც საგადასახადო კანონმდებლობა ამისათვის მხოლოდ 30 კალენდარულ დღეს ადგენს - ეწინააღმდეგება მოქმედ საგადასახადო კანონმდებლობას.

ყველა ზემოაღნიშნული ფაქტორის გათვალისწინების შემთხვევაში, ნათელია, რომ:

დაუსაბუთებელია დარიცხვის არაპირდაპირ მეთოდზე გადასვლის საფუძვლები;

საგადასახდო ორგანოს მიერ გამოყენებული ფასნამატი არასწორია.

ყოველივე ზემოაღნიშნული მოწმობს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ არსებითადაა დარღვეული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რაც ზაკ-ის მე - 601 მუხლის თანახმად, ამ აქტის ბათილობის საფუძველია.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ სმფ-ის ინვენტარიზაცია ჩატარდა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 21.03.2024 წლის N61680 ბრძანების საფუძველზე 21.03.2024 წელს, საგადასახადო ორგანოს უფლება ჰქონდა დაერიცხა ჯარიმა გამოვლენილი სმფ-ის დანაკლისის 10%-ის ოდენობით, იმ თარიღით რა თარიღითაც ჩატარდა ინვენტარიზაცია -ანუ 21.03.2024წ. თარიღით, ხოლო გადასახადის გადამხდელს უნდა მისცემოდა საშუალება მოეხდინა დანაკლისის დეკლარირება 2024 წლის აპრილში - საკუთარ დეკლარაციაში და არ უნდა გადანაწილებულიყო დღგ-ის ბრუნვაზე შესაბამის პერიოდებზე ,,დეკლარირებული ბრუნვების ხვედრითი წილის გათვალისწინებით“ (იხ. აქტი, გვ.9) მთელ შესამოწმებელ პერიოდზე 2021 წლის 1 იანვრიდან!

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ საქონლის რეალიზაცია ხორციელდება საცალოდ ადგილობრივ ბაზარზე (გამოწერილია ფიზიკურ პირებზე უმნიშვნელო რაოდენობის ზედნადებები, კერძოდ მთლიანი ბრუნვის 1,2%), სასაწყობო ფართიდან (-----ა, უსასყიდლო იჯარა). საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადამხდელთან საკონტროლო შესყიდვა ვერ განხორციელდა სავაჭრო ობიექტის არქონის გამო, ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა საბაზრო ღირებულების 198 204 ლარის სმფ-ის ნაშთი, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის ნულოვანი ნაშთი. გადამხდელს გააჩნია ბუღალტრული პროგრამა „ინფო“, თუმცა აღრიცხავს და შესაბამისად ადეკლარირებს ბრუნვებს 10%-იანი ფასნამატით. შემოწმებით ირკვევა, რომ გადამხდელის მიერ ხელოვნურად/მკვეთრად შემცირებულია სარეალიზაციო ფასები, რაც შესაბამისად იწვევს გადასახადების შემცირებას. საგადასახადო კოდექსის 49-ე და 73-ე მუხლების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოწმებამ იხელმძღვანელა აუდირებული ფასნამატით ანალოგიურ საქონელზე, კერძოდ, ფეხსაცმელზე გავრცელდა 29%-იანი, ხოლო ბავშვის ფეხსაცმელზე 55,88%-იანი ფასნამატი. შემოწმებით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი საქონლის ნაშთის გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის და 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაიბეგრა დღგ-ით შესაბამის პერიოდებში დეკლარირებული ბრუნვების ხვედრითი წილის გათვალისწინებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მართლზომიერია.

მომჩივანმა, როგორც წარმოდგენილ საჩივარში, ასევე საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, რომ გაუგებარია, რატომ არ იქნა გამოყენებული ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი, მაშინ როდესაც დარიცხვის მიზნებისათვის რევიზიის აქტი იყენებს ამ ინვენტარიზაციის შედეგებს: ,,სმფ ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა საბაზრო ღირებულების 198 204 ლარის სმფ ნაშთი“. სამი წლის მანძილზე ერთი ფასნამატის გამოყენება, ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, მომჩივნის მონაწილეობით ინვენტარიზაციის შედეგების (ცხრილები) დამატებით შესწავლა და სათანადო საფუძველების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

2. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავლის დაკვალიფიცირება დირექტორზე გაცემულ ხელფასად

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 20.02.2024 წლის №3558 ბრძანების საფუძველზე 28.02.2024 წლის განხორციელდა გადამხდელის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია ნაღდი ფულის ნაშთი. საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების, შემოსავლების სამსახურის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანების და მასში 3.07.2023 წლის №15615 ბრძანებით გათვალისწინებული ცვლილებით დამტკიცებული ,,სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ დამატებით გამოვლენილი (არაპირდაპირი მეთოდით) შემოსავალი დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლო საანგარიშო პერიოდში დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების არგუმენტები მოცემულია პირველი დავის საგნის შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო ორგანოს პოზიციას არ ეთანხმება, მომჩივანი აღნიშნავს, რომ არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული დღგ-ით დასაბეგრი ბაზის გაზრდას და ამ საფუძველზე განსაზღვრული ნაღდი ფულის მოცულობას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 20.02.2024 წლის №3558 ბრძანების საფუძველზე 28.02.2024 წლის განხორციელდა გადამხდელის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია ნაღდი ფულის ნაშთი. საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანების და მასში 3.07.2023 წლის №15615 ბრძანებით გათვალისწინებული ცვლილებით დამტკიცებული ,,სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ დამატებით გამოვლენილი (არაპირდაპირი მეთოდით) შემოსავალი დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლო საანგარიშო პერიოდში დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

მომჩივანმა, როგორც წარმოდგენილ საჩივარში, ასევე საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, რომ არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული დღგ-ით დასაბეგრი ბაზის გაზრდას და ამ საფუძველზე განსაზღვრული ნაღდი ფულის მოცულობას.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ შემოწმების შედეგად დამატებით გამოვლენილი (არაპირდაპირი მეთოდით) შემოსავალის დაკვალიფიცირება დირექტორზე გაცემულ ხელფასად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლო საანგარიშო პერიოდში დაბეგვრა საშემოსავლო გადასახადით მართებულია. ამასთან, პირველი დავის საგანიდან გამომდინარე, მიღებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 15.07.2024 წლის №16661 ბრძანება;

3. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, მომჩივნის მონაწილეობით, ინვენტარიზაციის შედეგების (ცხრილები) დამატებით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;

2. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავლის დაკვალიფიცირება დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 15.05.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.02.2024 წლამდე პერიოდი, ხოლო სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 22.03.2024 წლის საანგარიშო პერიოდი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე და 73-ე მუხლების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოწმებით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი საქონლის ნაშთის გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების შესაბამისად, რეალიზებული საქონელი დაიბეგრა დღგ-ით შესაბამის პერიოდებში დეკლარირებული ბრუნვების ხვედრითი წილის გათვალისწინებით. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

ასევე, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №3558 ბრძანების საფუძველზე 2024 წლის 28 თებერვალს განხორციელდა გადამხდელის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია ნაღდი ფულის ნაშთი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101- ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე" შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული ,,სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ დამატებით გამოვლენილი შემოსავალი დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლო საანგარიშო პერიოდში დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №005-66 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის №16661 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ პირველი სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, მომჩივნის მონაწილეობით ინვენტარიზაციის შედეგების (ცხრილები) დამატებით შესწავლა და სათანადო საფუძველების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ხოლო, შემოწმების შედეგად დამატებით გამოვლენილი (არაპირდაპირი მეთოდით) შემოსავალის დაკვალიფიცირება დირექტორზე გაცემულ ხელფასად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლო საანგარიშო პერიოდში დაბეგვრა საშემოსავლო გადასახადით მართებულია.

ამასთან, პირველი დავის საგანიდან გამომდინარე, მიღებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“ .9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“2 „ა“ და „ბ“); 158(1); 159(1 „ა“ და „ბ“); 163(1 .2); 164(1);