ბრძანება N 2543
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 2543
06 თებერვალი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ის“ (ს/ნ ---)
(მის.:---) 2026 წლის 8 იანვრის
საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 5 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №11) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2026 წლის 8 იანვრის №99820/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 8 დეკემბრის №071-17 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით დამატებით გამოვლენილი სატრანსპორტო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლის განსაზღვრას. განმარტავს, რომ ორ განხორციელებულ რეისზე, ერთსა და იმავე პერიოდში, ერთი და იგივე ქვეყანაში (თურქეთში), ერთი და იგივე მანქანით, გამოყენებულ იქნა განსხვავებული ფასი. აცხადებს, რომ ასეთი შემთხვევები სხვადასხვაა. გადამხდელისთვის გაუგებარია ფასწარმოქმნის დროს რითი იხელმძღვანელა აუდიტორმა და რა მიდგომა გამოიყენა. აცხადებს, რომ შესამოწმებელ პერიოდში სრულად დაადეკლარირა შემოსავლი. ბუღალტრულ პროგრამაშიც გაშიფრული იყო მის მფლობელობაში არსებული მანქანების რეისების რაოდენობა და რეისებიდან მიღებული შემოსავალი. გადამხდელისთვის ასევე გაუგებარია აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან რა გახდა საფუძველი იმის, რომ თითქოს სატრანსპორტო საშუალებები დატვირთული კვეთდნენ საზღვარს.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 30 იანვრის №1028 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა შპს „---ის“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 29 იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 3 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 8 დეკემბრის №26973 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №071-17 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით 06 თებერვალი 2026 N 2543 გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 48 031 ლარი, მათ შორის, გადასახადი 28 860 ლარი, ჯარიმა 14 430 ლარი და საურავი 4 741 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს საერთაშორისო და ადგილობრივი სატვირთო გადაზიდვების მომსახურება. საერთაშორისო გადაზიდვას ახორციელებს ძირითადად თურქეთის ტერიტორიაზე. უფიქრსირდება ასევე რუსეთის, აზერბაიჯანის და სომხეთის ტერიტორიაზე მომსახურების გაწევაც. აღნიშნული პირის შემოსავლის მიღება და ხარჯების გაწევა ხორციელდება როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით. გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა ბუღალტრული პროგრამა ორისი. შემოწმება ნაწილობრივ დაეყრდნო გადამხდელის ბუღალტრულ მონაცემებს. შემოწმების მიერ ასევე დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები (მიღებული/გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და საბაჟო საზღვრის კვეთები).
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე გამოირკვა, რომ გადასახადის გადამხდელი ახორციელებდა დამატებით სატრანსპორტო მომსახურებებს, რაზეც შესაბამისი წესით გამოწერილი ინვოისი ან/და საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტი შემოწმებისათვის წარმოდგენილი არ არის, მათ შორის არც საბანკო ამონაწერებში ფიქსირდება ჩარიცხვები. შესაბამისად, იმ სატრანსპორტო მომსახურებებზე, რომლებზეც გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შემოსავლის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი, ღირებულება გაანგარიშდა დოკუმენტურად დადასტურებული შემოსავლისა და შესაბამისი საზღვრის კვეთების მიხედვით. აღნიშნული მეთოდის შესაბამისად გაანგარიშდა დამატებით განხორციელებული სატრანსპორტო გადაზიდვების შედეგად მიღებული ჯამური შემოსავალი. ვინაიდან, გადასახადის გადამხდელმა შემოწმების მიმდინარეობისას წარმოადგინა ბუღალტრული პროგრამა ორისი, სადაც შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული საწვავის ხარჯები აქვს ჩამოწერილი (რაც ასევე დადასტურებულია დოკუმენტურად), დამატებით გამოვლენილი შემოსავლიდან, გამოქვითულ იქნა საწვავის ხარჯი სწორედ იმ პროპორციით, რაც გადამხდელის მიერ არის დაფიქსირებული. გარდა ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა, გადამხდელს ბუღალტრულად უფიქსირდება დებიტორული და კრედიტორული ნაშთები.
შემოწმების მიერ მოთხოვნილ იქნა შედარების აქტები აღნიშნულ პირებთან და გამოვლინდა გარკვეული სხვაობები, რამაც ასევე მოახდინა გავლენა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზზე და გაიზარდა შემოსავალი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 49- ე მუხლების გათვალისწინებით, მომზადდა ფულის მოძრაობის ანალიზი და შემოწმებით მიღებული სხვაობა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით დაბეგრილ იქნა გადახდის წყაროსთან. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას: ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, გადასახადის გადამხდელი ახორციელებდა დამატებით სატრანსპორტო მომსახურებებს, რაზეც შესაბამისი წესით გამოწერილი ინვოისი ან/და საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტი შემოწმებისათვის წარდგენილი არ არის, მათ შორის არც საბანკო ამონაწერებში ფიქსირდება ჩარიცხვები.
შემოწმებით, იმ სატრანსპორტო მომსახურებებზე, რომლებზეც გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი შემოსავლის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი, სატრანსპორტო მომსახურების ღირებულება გაანგარიშდა დოკუმენტურად დადასტურებული შემოსავლისა და შესაბამისი საზღვრის კვეთების მიხედვით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის თანახმად, გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით გამოვლენილი დამატებითი რეისებიდან მიღებული შემოსავლის განსაზღვრას. განმარტავს, რომ შემოწმებით ორ განხორციელებულ რეისზე, ერთსა და იმავე პერიოდში, ერთი და იგივე ქვეყანაში (თურქეთში), ერთი და იგივე მანქანით, გამოყენებულ იქნა განსხვავებული ფასი. აღნიშნავს, რომ ასეთი შემთხვევები სხვადასხვაა. აცხადებს, რომ ბუღალტრულ პროგრამაში გაშიფრულია მის მფლობელობაში არსებული მანქანების რეისების რაოდენობა და რეისებიდან მიღებული შემოსავალი. გადამხდელისთვის გაუგებარია აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან რა გახდა საფუძველი იმის, რომ სატრანსპორტო საშუალებები დატვირთული კვეთდნენ საზღვარს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სატრანსპორტო რეისების რაოდენობის და მიღებული შემოსავლის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციოანალიტიკური დეპარტამენტიდან გამოითხოვოს გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების/დაქირავებული პირების (მძღოლების) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) სატრანსპორტო რეისების რაოდენობის და მიღებული შემოსავლის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტიდან გამოითხოვოს გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების/დაქირავებული პირების (მძღოლების) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით დამატებით გამოვლენილი სატრანსპორტო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლის განსაზღვრას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს საერთაშორისო და ადგილობრივი სატვირთო გადაზიდვების მომსახურება. შემოწმება ნაწილობრივ დაეყრდნო გადამხდელის ბუღალტრულ მონაცემებს. შემოწმების მიერ ასევე დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები (მიღებული/გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და საბაჟო საზღვრის კვეთები).
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე გამოირკვა, რომ გადასახადის გადამხდელი ახორციელებდა დამატებით სატრანსპორტო მომსახურებებს, რაზეც შესაბამისი წესით გამოწერილი ინვოისი ან/და საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტი შემოწმებისათვის წარმოდგენილი არ არის, მათ შორის არც საბანკო ამონაწერებში ფიქსირდება ჩარიცხვები. შესაბამისად, იმ სატრანსპორტო მომსახურებებზე, რომლებზეც გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შემოსავლის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი, ღირებულება გაანგარიშდა დოკუმენტურად დადასტურებული შემოსავლისა და შესაბამისი საზღვრის კვეთების მიხედვით. აღნიშნული მეთოდის შესაბამისად გაანგარიშდა დამატებით განხორციელებული სატრანსპორტო გადაზიდვების შედეგად მიღებული ჯამური შემოსავალი.
შემოწმების მიერ მოთხოვნილ იქნა შედარების აქტები და გამოვლინდა გარკვეული სხვაობები, რამაც ასევე მოახდინა გავლენა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზზე და გაიზარდა შემოსავალი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მომზადდა ფულის მოძრაობის ანალიზი და შემოწმებით მიღებული სხვაობა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სატრანსპორტო რეისების რაოდენობის და მიღებული შემოსავლის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციოანალიტიკური დეპარტამენტიდან გამოითხოვოს გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების/დაქირავებული პირების (მძღოლების) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,5,9); 101 (1); 154 (1).