გადაწყვეტილება №25236/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25236/2/2025
11 ივნისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---------ი“ (ს/ნ -----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.06.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------ის“ 30.05.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25236/2/2025).
დავის საგანი:
უცხოურ კომპანიებზე გადარიცხული თანხების ხელფასად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 31 მარტის №047-3 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 21 მაისის №10268 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 6 558 708.30 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 4 197 310
დღგ - 121
საშემოსავლო გადასახადი - 4 197 189
ჯარიმა - 2 109 583
საურავი - 251 815.30
ფაქტების აღწერა
საწარმოს საქმიანობაა ნაქსოვი და ტრიკოტაჟის ტანსაცმლის წარმოება. ნედლეულის უმეტესი ნაწილი იმპორტირებულია, ხოლო პროდუქციის რეალიზაცია ხდება ექსპორტზე.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 3 დეკემბრის №25360 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2022 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 დეკემბრამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 18 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
- შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას. ამასთან, მომჩივნის ახსნა-განმარტებით, კომპანიის მიერ წარდგენილი წლიური ფინანსური ანგარიშგებები იყო არასწორი. საგადასახადო ორგანოსთვის სრულად არ იქნა წარდგენილი საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლით მოთხოვნილი ინფორმაცია, რაზეც 2025 წლის 15 იანვარს შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №188610. შემოწმების პროცესში შესწავლილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციიდან, კერძოდ, საბანკო ამონაწერებიდან დადგინდა, რომ საწარმოს 2022 და 2023 წელს 4 უცხოურ კომპანიაზე გადარიცხული ჰქონდა ჯამში 8 219 646 ლარის ავანსი, საქონლის შეძენის დანიშნულებით, თითოეულ გადარიცხვაზე მითითებული იყო ინვოისის ნომერი და თარიღი, გადარიცხვების პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია შემოწმებისთვის არ წარუდგენია. შემოწმების დაწყებამდე არ დასტურდებოდა არარეზიდენტი მომწოდებლის მიერ შესაბამისი საქონლის გადასახადის გადამხდელისთვის მიწოდების ფაქტი. ასევე, გონივრულ (12 კალენდარული თვის) ვადაში არ დაბრუნებულა ავანსის თანხა. მომჩივანს შემოწმებისთვის არ წარუდგენია დოკუმენტაცია, რითიც დადასტურდებოდა აღნიშნული თანხის მოთხოვნის ფაქტი (სასამართლო სარჩელი, საფოსტო მიმოწერა და ა.შ). იმის გათვალისწინებით, რომ გონივრულ ვადაში, ასევე, საგადასახადო შემოწმების დანიშვნის თარიღისთვის, არ დასტურდებოდა არარეზიდენტი მომწოდებლების მიერ შესაბამისი საქონლის გადასახადის გადამხდელისთვის მიწოდების ან არარეზიდენტი მომწოდებლების მიერ ავანსის თანხის უკან დაბრუნების ფაქტი, გადახდილი ავანსი - 8 219 646 ლარი, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
- შემოწმებით დადგინდა, რომ სულ საწარმოს მიერ იმპორტირებული იყო 11 518 960 ლარის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა. გადასახადის გადამხდელის ცნობის მიხედვით, უცხოური კომპანიების მიმართ არსებული დავალიანება შეადგენდა 4 497 192 ლარს, ანუ დაფარული თანხა შეადგენდა 7 021 768 ლარს (11 518 960 - 4 497 192), თუმცა უცხოურ კომპანიებზე გადარიცხული თანხა შეადგენდა 17 273 606 ლარს (საწარმოს საწყისი დავალიანება წარდგენილი მონაცემებით და წარდგენილი ანგარიშგებით არ უფიქსირდებოდა). ამ თანხების სხვაობას - 10 251 838 ლარს (11 518 961 – 4 497 192 – 17 273 607) დაემატა ადგილობრივ ბაზარზე რეალიზებული სმფ-ის ღირებულება, რომლის ჩარიცხვაც საბანკო ანგარიშზე არ ფიქსირდებოდა და არც დებიტორებში იყო ასახული და გამოაკლდა საწარმოს საჭიროებისთვის, ნაღდი ანგარიშსწორებისთვის, გადახდილი თანხა - 1 619 643 ლარი და გაცემული დივიდენდი - 51 834 ლარი. მიღებული თანხა - 8 553 879 ლარი (საწარმოს მიერ უცხოურ კომპანიებზე ზედმეტად გადახდილი ის თანხა, რომლის შესახებ გადასახადის გადამხდელმა ვერ წარადგინა შესაბამისი ახსნა-განმარტება და რომელიც არ იყო ასახული დებიტორების შესახებ მიწოდებულ ინფორმაციაში), საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ჩაითვალა გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 31 მარტის №5999 ბრძანება და №047-3 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 6 558 708.30 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 25 აპრილს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2025 წლის 21 მაისის №10268 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 61-ე, 73-ე, 101-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე, შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, არარეზიდენტ კომპანიებზე გადარიცხული ავანსის თანხები და ზედმეტად გადახდილი თანხები, რომლის შესახებაც საგადასახადო ორგანოს ვერ წარუდგინა შესაბამისი ახსნაგანმარტება და რომელიც არ იყო ასახული დებიტორების შესახებ მიწოდებულ ინფორმაციაში, წარმოადგენს სახელფასო განაცემს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა საშემოსავლო გადასახადით მართლზომიერია, ხოლო გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
დარიცხვა არასწორია, ვინაიდან აღნიშნული თანხების მოთხოვნის უფლება საწარმოს ბუღალტრულად აქვს დაფიქსირებული. გარდა ამისა, არსებობს არაერთი მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება სადავო თანხის მოთხოვნის ფაქტი. ამასთან, საგადასახადო პრაქტიკით სადავო თანხები უნდა ყოფილიყო მიჩნეული სესხად. ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 21 მაისის №10268 ბრძანება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ საწარმოს საქმიანობაა ნაქსოვი და ტრიკოტაჟის ტანსაცმლის წარმოება. ნედლეულის უმეტესი ნაწილი იმპორტირებულია, ხოლო პროდუქციის რეალიზაცია ხდება ექსპორტზე. გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას. შემოწმების პროცესში შესწავლილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციიდან, კერძოდ, საბანკო ამონაწერებიდან დადგინდა, რომ საწარმოს 2022 და 2023 წელს უცხოურ კომპანიებზე გადარიცხული აქვს რამდენიმე მილიონი ლარი, საქონლის შეძენის დანიშნულებით, თითოეულ გადარიცხვაზე მითითებულია ინვოისის ნომერი და თარიღი, გადარიცხვების პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილი არ არის. შემოწმების დაწყებამდე არ დასტურდება არარეზიდენტი მომწოდებლის მიერ შესაბამისი საქონლის გადასახადის გადამხდელისთვის მიწოდების ფაქტი. ასევე, გონივრულ (12 კალენდარული თვის) ვადაში არ ხდება აღნიშნული ავანსის თანხის უკან დაბრუნება. მომჩივანს საგადასახადო ორგანოსთვის არ წარუდგენია დოკუმენტაცია, რითიც დასტურდება აღნიშნული თანხის მოთხოვნის ფაქტი (სასამართლო სარჩელი, საფოსტო მიმოწერა და ა.შ). ასევე, არ არის წარდგენილი დამოწმებული ურთიერთშედარების აქტები არარეზიდენტ კომპანიასთან. პირველადი საგადასახადო დოკუმენტების ჩანაწერებისა და შინაარსის გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ გონივრულ ვადაში, ასევე შემოწმების დანიშვნის თარიღისთვის, არ დასტურდება არარეზიდენტი მომწოდებლების მიერ შესაბამისი საქონლის მომჩივნისთვის მიწოდების ან არარეზიდენტი მომწოდებლების მიერ ავანსის უკან დაბრუნების ფაქტი, გადახდილი ავანსი, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის საფუძველზე, ჩაითვალა ხელფასად. ასევე, დებიტორული დავალიანება, რომლის გადახდის გონივრული ვადაც გასულია, „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების დანართი №11-ის გათვალისწინებით, ჩაითვალა ხელფასად. შესაბამისად, საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.
ამასთან, მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
აღსანიშნავია, რომ როგორც შემოსავლების სამსახურში, ასევე დავების განხილვის საბჭოში დავის განხილვისას, მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა საჩივრის განხილვის პროცესს და დამატებით წარმოედგინა არგუმენტაცია/მტკიცებულებები, თუმცა გადასახადის გადამხდელს მონაწილეობა არ მიუღია საჩივრის განხილვაში.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
უცხოურ კომპანიებზე გადარიცხული თანხების ხელფასად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №25360 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2022 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 დეკემბრამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას. ამასთან, მომჩივნის ახსნა-განმარტებით, კომპანიის მიერ წარდგენილი წლიური ფინანსური ანგარიშგებები იყო არასწორი. საგადასახადო ორგანოსთვის სრულად არ იქნა წარდგენილი საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლით მოთხოვნილი ინფორმაცია, რაზეც შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №188610.
ასვე,შემოწმების პროცესში შესწავლილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციიდან, კერძოდ, საბანკო ამონაწერებიდან დადგინდა, რომ საწარმოს 2022 და 2023 წელს 4 უცხოურ კომპანიაზე გადარიცხული ჰქონდა ჯამში 8 219 646 ლარის ავანსი, საქონლის შეძენის დანიშნულებით, თითოეულ გადარიცხვაზე მითითებული იყო ინვოისის ნომერი და თარიღი, გადარიცხვების პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია შემოწმებისთვის არ წარუდგენია. შემოწმების დაწყებამდე არ დასტურდებოდა არარეზიდენტი მომწოდებლის მიერ შესაბამისი საქონლის გადასახადის გადამხდელისთვის მიწოდების ფაქტი. ასევე, გონივრულ (12 კალენდარული თვის) ვადაში არ დაბრუნებულა ავანსის თანხა. მომჩივანს შემოწმებისთვის არ წარუდგენია დოკუმენტაცია, რითიც დადასტურდებოდა აღნიშნული თანხის მოთხოვნის ფაქტი . იმის გათვალისწინებით, რომ გონივრულ ვადაში, ასევე, საგადასახადო შემოწმების დანიშვნის თარიღისთვის, არ დასტურდებოდა არარეზიდენტი მომწოდებლების მიერ შესაბამისი საქონლის გადასახადის გადამხდელისთვის მიწოდების ან არარეზიდენტი მომწოდებლების მიერ ავანსის თანხის უკან დაბრუნების ფაქტი, გადახდილი ავანსი - 8 219 646 ლარი, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
ამასთან, შემოწმებით დადგინდა, რომ სულ საწარმოს მიერ იმპორტირებული იყო 11 518 960 ლარის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა. გადასახადის გადამხდელის ცნობის მიხედვით, უცხოური კომპანიების მიმართ არსებული დავალიანება შეადგენდა 4 497 192 ლარს, ანუ დაფარული თანხა შეადგენდა 7 021 768 ლარს, თუმცა უცხოურ კომპანიებზე გადარიცხული თანხა შეადგენდა 17 273 606 ლარს . ამ თანხების სხვაობას - 10 251 838 ლარს დაემატა ადგილობრივ ბაზარზე რეალიზებული სმფ-ის ღირებულება, რომლის ჩარიცხვაც საბანკო ანგარიშზე არ ფიქსირდებოდა და არც დებიტორებში იყო ასახული და გამოაკლდა საწარმოს საჭიროებისთვის, ნაღდი ანგარიშსწორებისთვის, გადახდილი თანხა - 1 619 643 ლარი და გაცემული დივიდენდი - 51 834 ლარი. მიღებული თანხა - 8 553 879 ლარი საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ჩაითვალა გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №5999 ბრძანება და №047-3 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 6 558 708.30 ლარი.აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც №10268 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“);